​თბილისი… კარგია თბილისი აგვისტოში, ამბობენ ჩამოსულებისგან ცარიელდება და მხოლოდ “ნაღდი” თბილისელები რჩებიანო, რატომღაც მე შემოვრჩი თბილისურ ქუჩებს და სიცხეს, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ზემოთხსენებულ კატეგორიას მივეკუთვნები 😄 იმასაც ამბობენ ამ დროს თბილისში ისეთი გოგოები დადიან მთელი წელი რომ სახლში იმალებიან, კანი აქვთ სულ თეთრი, თეთრი, მზერა კი არაამქვეყნიური, ფერიებივით ქუჩებში დაფარფატებენ და მზეს ირეკლავენო,..  რა გითხრათ აბა, მე ჯერ ასეთი არავინ შემხვედრია, მხოლოდ სიცხით გათანგულ ჩვეულებრივ მოკვდავებს ვაწყდები, ჩემთან სამსახურში რომ შემოირბენენ ხოლმე, ამოისუნთქებენ, მერე ერთ ჭიქა წყალს დალევენ და თან აღნიშნავენ, რა გენაღვლებათ, ზაფხული თქვენთვის არ არის და ზამთარიო, მერე ცალყბად გაიღიმებენ და მიდიან. ხანდახან ისეთ ბიჭებსაც ვხედავ ახალგაზრდობა რომ უდუღთ ძარღვებში, მზეზე გარუჯული კანი ბრიჯაოსფრად უბზინავთ და ისე, უმიზეზოდ ებედნიერებათ ცხოვრება. კიდევ კატებს, ძალიან ბევრ კატებს, დადიან თავისთვის, დასუნსულობენ, ამაყად შემომანათებენ ეშმაკურ თვალებს და ტანის გრაციოზული რხევით მშორდებიან, მე კიდევ ჯიუტად ვცდილობ შევამოწმო ბავშვობის  „თარსი კატა, შავი კატა“ … ჰოდა, რას გეტყვით იცით? არ ყოფილა მართალი! ისევე როგორც ბავშვობის ბევრი ილუზია. გავიზარდე! გაიზარდე კი არა დაბერდიო მითხრეს გუშინ, 26 წელი უკვე ბევრიაო, ნუ კაი ჯანდაბას 30 წლამდე კიდევ გაქვს დრო და აბა შენ იციო, ამაში რაც იგულისხმება კი მიხვდებოდით თქვენც 🙂 რომ გითხრათ სერიოზულად მივიღეთქო მოგატყუებთ, კი მიცნობთ, მაგდენად მაინც. თან  მე რომ მკითხოთ არც რჩევის მომცემი იყო „მთლა“ კომპეტენტური მაგ საკითხში 😄 თვალებში ჭინკები დაუხტოდა და თან სულმოუთქმელად მიხსნიდა რა მშვენიერია ცხოვრება როცა გული სულ ახალგაზრდაა და შენც მთლად დალაგებული რომ არ ხარ 😄 მიყვარს ბედნიერი ადამინების ყურება:) თუნდაც შუბლზე ეწეროს „ფრთხილად, მე გიჟი ვარ“ 😄 მისი რა გითხრათ, აი ჩემი თბილისური აგვისტო კი სიმშვიდეა, ძალიან ბევრი წიგნი, ძალიან ბევრი ყავა და ამოჩემებული საქანელიდან დანახული თბილისის უვარსკვლავო ცა.

ჰოდა, რა ვიცი, წერა გააგრძელეო… მეც ვწერ,.. არაფერზე და სულ ყველაფერზე.

თბილისური აგვისტოს სიმშვიდეს გისურვებთ 

სიყვარულით,

 თქვენი ქეთო

P.S. #ესტრიპაჩობაფოტომომიტევეთ 😄😄😄❤❤❤😚😚😚🙈🙈🙈