დახეული ჯინსი და შავი ლაქი ფრჩხილებზე…

სხვებისთვის მოგონილი თავდაჯერებულობით შემოსილი დავდივარ ნაცნობ ქალაქში და მინდა არ გამომრჩეს არავის თვალები, ვეძებ ნიშანს სიცოცხლის… ციგნის ბავშვი ითხოვს მოწყალებას და ტირის წართმეულ სათამაშოს. გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა, სასწორის პინას ხურდა ფულით გაკეთებულ სიკეთეს ვამატებ. უცხო სახეზე ნაცნობ ცოდვებს ვხედავ და თვალს ვარიდებ. დილიდან აყოლოლ მოუსვენრობას მზეში ვადნობ.

ქუჩის მუსიკოსი აწვალებს ფანდურს გაუგებარი სიმღერით, სახლისკენ მიმავალ გზაზე ჩნდებიან ლანდები წარსულიდან, ქარს მოაქვს ახლადგამომცხვარი პურის სუნი და ნოსტალგია ბავშვობის.

ერთი, ორი, სამი, ოთხი,ხუთი, ექვსი, შვიდი – ვითვლი კიბეებს და ვფიქრობ მატყუარა გვირილებზე…