ხის ძირას ვიჯექი შუაგულ თბილისში… ჩიტების ჭიკჭიკი მესმოდა, მანქანების ხმა და ადამიანების ლაპარაკი, ვიგრძენი რომ ჩემს წინ ვიღაცამ ჩაიარა, დაჟინებულმა მზერამ შუბლი ამიწვა, გვერდით ბავშვი ატიტინდა, ღრმად შევისუნთქე ფიჭვის სურნელით გაჟღენთილი ჰაერი და ნელ-ნელა გავახილე თვალი, თითქოს მთელს სხეულში გაფენილი სიმყუდროვის გაფანტვის შემეშინდა, აუზის გარშემო მწვანე მდელო მოფენილი იყო ხალხით- თუმცა ერთმანეთს არავინ აწუხებდა, უმეტესობა ფესტივალზე ნაყიდი წიგნების კითხვით იყო გართული, მათ შორის მეც, მიხაროდა რომ მწირი ფინანსების მიუხედავად ორი წიგნის ყიდვა მოვახერხე, ჩემი ნადავლით ხელში გამოვედი წიგნის ბაზრობიდან ლილოს რომ მაგონებდა ხალხის სიმრავლით, გავიძრე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და გავიფიქრე – ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველამ არ გავიარე რაა მამული 🙂 ჰოდა, გავიარე, ახლა კი ვიჯექი, ლია სტურუას პარიზულ გრძნობათა აბსურდში ვიძირებოდი და თან თვალს აქეთ-იქით ვაპარებდი ჩოხელის მსგავსად ცოცხალი მოთხრობების აღმოჩენის იმედით. რამდენიმე აღმოვაჩინე, ერთი კეპიანი იყო, მეორე – ნაბახუსევი, მესამე – მხატვარს გავდა. მე კი ვიჯექი ფიჭვის ძირას და ვფიქრობდი, რომ ადამიანების მსგავსად, ბედნიერებაც სხვადასხვანაირი არსებობს, საერთოდ, ყველაფერი შედარებითია – სიხარული, სიყვარული, ტკივილი – ყველა გრძნობა, ყველაფერი შედარებითია და არაფერია სრულყოფილი, მათ შორის არც ბედნიერება, ხანდახან ვერც აღვიქვამთ რომ სწორედ ესაა ბედნიერება, ეს მომენტი – წამის მეათასედი, რომელსაც ხანდახან ჩვენს თავსაც არ ვაგრძნობინებთ, ან ვუკრძალავთ ვგრძნობდეთ, შედეგების გვეშინია ალბათ, ისე გამოდის, რომ აქაც, ისევ ჩვენს თავს ვუფრთხილდებით, თუმცა ყველა ბედნიერებისკენ ისე გამწარებულები მივრბივართ როგორც ხარი წითელი ნაჭრისკენ, ხშირად კი ბედისწერა ცხვირწინ გაგვიქრობს ხოლმე ჩვენს ბედნიერების პერსპექტივას. ან საერთოდ,ვისთვის რა არის ბედნიერება? ვინ იცის…
ნაბახუსევმა მოთხრობამ თვალი გამოაპარა ჩემსკენ და მიღიმის 🙂 ალბათ, ახლა მისი ბედნიერება ერთი ბოთლი ლუდია, თვალი ავარიდე, არ მომინდა ჩემი სივრცის გარღვევა ფერადი ალკოჰოლური ფიქრებით.
P.S
ფიჭვის ხის ძირას ვიჯექი, ვუყურებდი წიწვები როგორ ეცემოდა წყალში და წრეებს ქმნიდა… მე ბედნიერი ვიყავი… მშვიდად ბედნიერი…
ესეც ჩემი კეპიანი მოთხრობა 🙂 საინტერესოდ იკითხებოდა.
დღეს ჩემი დაბადების დღეა…
ალბათ გამონაკლისი არ ვარ და ბევრი ადამიანის მსგავსად არ მიყვარს საკუთარი დაბადების დღე, თუმცა მთლად ასეც არაა, უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა რომ…აი როგორ აგიხსნათ – კი, მიხარია თითქოს, მაგრამ თან მოწყენილიც ვარ, თითქოს რაღაც განსაკუთრებულს ველი და თან რაციონალური განსჯის საფუძველზე ვასკვნი რომ სისულელეა ასე ფიქრი, ეს ხომ ერთი ჩვეულებრივი დღეა. ჰოდა დავფიქრდი რატომ ხდება ასე, რატომ ვარ არეულ-დარეული? არადა თითქოს რა ხდება ისეთი? უბრალოდ 24 წლის წინ ამქვეყნად კიდევ ერთი პატარა, წითელი, მჩხავანა ბავშვი გაჩნდა ჩემი სახით, ერთით მეტი საზრუნავი ჩემს მშობლებისთვის, ალბათ მომაბეზრებელი არსება და ოჯახის ზედმეტი წევრი ჩემი უფროსი დისთვის. რა არის ამაში განსაკუთრებული ვითომ? ყოველდღე ხომ ათასობით ბავშვი იბადება, მაგრამ ადამიანები ხომ ეგოისტები ვართ(ბევრისგან განსხვავებით მე ამას ვაღიარებ), ჰოდა როგორ გამოვტოვებდით საკუთარი დღის აღნიშვნას,საკუთარი თავის სხვებისთვის დამადლებას და მოლოცვას იმისა რომ ვარსებობთ, არადა კაცმა არ იცის რიგ შემთხვევებში მისალოცია თუ პირიქით. ამ დღეს, მე პირადად, შინაგანი მოლოდინი მაქვს ხოლმე რაღაც განსაკუთრებულისა, თუმცა 24 წლიანი გამოცდილების ფონზე შემიძლია ვთქვა რომ არაფერი გამორჩეული არ ხდება, ხან აღვნიშნავ ხან არა, ეს ბოლო ორი წელია ამასაც ვეღარ ვახერხებ და ძირითადად Facebook – ით და ტელეფონით ვიღებ მილოცვებს, ასე რომ ვირტუალური ბუშტები, ტორტები და გულები არ მაკლია (აქვე მადლობა მათ გამომგზავნებს, გამახალისეთ♥), თუ აღვნიშნავ და რა უნდა მოხდეს, ჰააჰააა, ვინმე მთვრალ სტუმარს ფხალიანი თეფში ბალიშად მოეჩვენოს და ზედ დაიძინოს, არა, ვაჭარბებ, ასეთი სტუმრები არ მყავს ხოლმე 🙂 ყველაზე უჩვეულო რამ რაც ჩემს დაბადების დღეზე მახსოვს, ესაა ერთ-ერთი თაყვანისმცემელი, რომელმაც სპეციალურად მომაკითხა დილით, სამსახურშიც წამიყვანა, თუმცა არ მომილოცა, არ ვიცი დაიბნა და დაავიწყდა( წინა დღით ახსოვდა) თუ შეეცადა ორიგინალური ყოფილიყო, ფაქტია, თავი სამუდამოდ დამამახსოვრა ამ უცნაური საქციელით. ყველაზე კარგი საჩუქარი კი წმინდა გიორგის ხატია, რომელსაც დღემდე ვინახავ და ძალიან ძვირფასია ჩემთვის, და ბლოკნოტი ჩემი ჩანაწერებისთვის, რომელიც დღეს მივიღე იკოსგან 🙂 კიდევ ადამიანების სითბო, რა თქმა უნდა, თუმცა ახლა მაინც შარის ხასიათზე ვარ და მგონი ჩემები მალე დაივიწყებენ ჩემს იუბილარობას, პრინციპში რაღა დარჩა, სულ რამდენიმე საათი.
წეღან ხომ გითხარით ჩავფიქრდი დაბადების დღის ტრადიციაზე მეთქი, მერე გადავქექე ინტერნეტ სამყარო რამე სახალისოსა და საინტერესოს აღმოჩენის მიზნით და ვნახე რომ მაგალითად ტაილანდში, ყველა ადამიანი ახალ წელს აღნიშნავს დაბადების დღეს, გაიმარტივეს ცხოვრება, საჩუქრებზე ნაკლები ფული ეხარჯებათ, აბა ჩვენ მაგას არასოდეს გავაკეთებთ, კაი, ვთქვათ აღვნიშნეთ ახალ წელს, მაშინვე ჩნდება პრობლემა – ჩვენ ხომ ორი ახალი წელი გვაქვს როდის უნდა გვქონდეს დაბადების დღე? 31-ში თუ 14-ში? ალბათ ორივე დღეს, სუფრა მაინც იშლება და ჩვენი რა მიდის? მე ის მიკვირს დაბადების დღეს ერთხელ რომ აღვნიშნავთ წელიწადში. ისე, სიმართლე ვთქვა, არ ვემხრობი მე მაგ ტრადიციას, ერთი დღე ხომ უნდა გქონდეს ვისაც არავის გაუყოფ და მარტო შენი იქნება, ეს საერთო დაბადების დღეები რა უბედურებაა, საერთო ტორტი და საერთო სანთლები, საერთო ფეიერვერკი (თუ ფოერვერკი) და სართო სურვილები აი ისეთი “მშვიდობა მთელს მსოფლიოში” და მსგავსი სიბრძნეები რომელსაც ახდენა არ უწერია. არც მგონია ვინმე რეალურად ნატრობდეს მაგას გულით, დარწმუნებული ვარ გულში ამბობენ “ღმერთო მილიონი მომეცი” ან “მანქანით სიარული არ მაწყენდა, არაფერი განსაკუთრებული, იყოს BMW x6”, ან “სახლი ქალაქის ცენტრში”… აი ასეთი ეგოისტები ვართ ადამიანები. დღეს კი მსგავსი ეგოისტის დაბადების დღეა 🙂 ასეა თუ ისე ეს მაინც ჩემი დღეა 🙂
ყველას ძალიან დიდი მადლობა მოლოცვისთვის, მიუხედავად იმისა გულწრფელი იყო თუ არა, გულით ნათქვამი სურვილები იყო თუ მოვალეობის მოხდის მიზნით მოწერილი “გილოცავ”( მერე რა,მეც მიმილოცია ასე 🙂 ცოდვა გამხელილი სჯობს) მადლობა რომ გახსოვართ (დაილოცოს Facebook-ი, მეც მშველის ხოლმე:-) ) ყველაზე დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს და ჩემს ოჯახს, დედას რომ გამაჩინა(ოსკარზე მგონია თავი) და სოფოს გვირილებისთვის ♥მიყვარხართ♥
♥თქვენი იუბილარი ქეთო♥
ღამეა…
ირგვლივ კატების კრუსუნი და ელექტრონის სინათლე…
მარტოობის სუნი სარკმელში მოცოცავს,
მე კი უაზროდ ვაწვალებ მუზებს რითმებში,
გაურკვევლობას ვფუთავ იდუმალებით,
რომ არ შენიშნო ჩემი სისუსტე როცა მიყურებ…
იშლება ზღვარი…
თვალებზე ძილი მეკიდება და სიზმარში მიმათრევს,
ჩემი ოცნება თან მიმაქვს საგზლად…
მთხრობელი: – “არ შეიძლება, კაცმა ფიქრით ყვირილი გაიგონოს? ანდა ისე იგრძნოს რაიმე, დაუნახავად და მოუსმენლად?”
მკითხველი: – იცი, სანამ შენი ამბავის კითხვას დავიწყებდი, მანამდეც მიფიქრია ამაზე, რომ თუ გრძნობ ადამიანს, მაშინ მისი სულის ყვირილსაც გაიგებ. ან იქნებ ვგრძნობთ, ვიცით, მაგრამ საკუთარ თავს არ ვუტყდებით, ვატყუებთ და მერე, როცა სიტყვით გაცხადდება აღმოვაჩენთ რომ თურმე გულის გულში ყველაფერი გვცოდნია, მაგრამ ალბათ ასე უფრო იოლია ცხოვრება, ზედმეტი ფიქრისა და ვალდებულებების გარეშე, ზედმეტი ემოციით, ზედმეტი ცრემლით. შენც ხომ ამჩნევ, რომ ფიქრიც კი სერიალებივით უაზრო და ხელოვნური გაგვიხდა? როგორც კი ფიქრისას შემთხვევით “საფიქრალს” წამოვედებით, მაშინვე სხვა ფიქრთა ნაკადს ვუერთდებით, (ბოდიში ამდენი ტავტოლოგიისთვის). ჰო, არადა ვცხოვრობთ, თითქოს კარგად, “არაფერი არ გვაკლია” იდასნაირების თვალში, თუმცა მხოლოდ ერთი შეხედვით, იქნებ სწორედ ის მთავარი გვაკლია, იქნებ მთელი ჩვენი ცხოვრების სიტკბო სწორედ ჩვენი ჯვრის ტარების სიმძიმეშია, იმ ცრემლში, რისი მიზეზიც, შენს შემთხვევაში, საყვარელი ქალის დაღუპვით და საკუთარი თავის აღმოჩენით გამოწვეული გრძნობაა. ან იქნებ სიკვდილი ალამაზებს, აღრმავებს და თავისი ტრაგიზმით მეტ მნიშვნელობას სძენს მოვლენებს და ადამიანებს?
მთხრობელი: -“ეჭვი მეც მიღრღნიდა გულს: ახლა როცა მთელს ქვეყანას ზურგი შევაქციე და მხოლოდ მერცია მინდოდა, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის მოკვდა, აღარ იყო, შეუძლებელი და მიუწვდომელი გახდა, მაგრამ ცოცხალი რომ დარჩენილიყო და კარგად ვყოფილიყავით, ალბათ, ბოლოს მაინც მთელ ქვეყანას გავუწევდი ანგარიშს და ყველაზე ადვილად ისევ მერციას გავიმეტებდი, როგორც რაღაც უკანონოს, საშიშსა და ზედმეტს… მერცია რომ მოკვდა, ჩემი ცოლის მიმართ ყოვლად აუტანელმა გაღიზიანებამ და ბრაზმა შემიპყრო, მაგრამ ჩემი ცოლი რომ მომკვდარიყო…ასე არა, მაგრამ ალბათ, მაინც მერციას დავადანაშაულებდი და ახლა მის მიმართ გავღიზიანდებოდი… ან ეგებ ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდა მოხდეს?…”
მკითხველი: -არ ვიცი, იქნებ ეს ყველაფერი შვებაა შენი სულისათვის, შვება და ტკივილი. და მაინც, ყველაფერი ასე უნდა მომხდარიყო, შენ უნდა შეგყვარებოდა მერცია, მას კი შენ… მერე რა, რომ შენ ორი შვილი და ცოლი გყავს რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ღალატობ და ეს არც გაწუხებს, მერე რა, რომ თქვენს შორის სხვაობა 15 წელი იყო, მერე რა, რომ შენ ფიქრობდი მერცია შენი მადლობელი უნდა ყოფილიყო იმისათვის რომ მასთან, უკანონო შვილის დედასთან, ასეთ ცოდვილთან იყავი… შენ უნდა შეგყვარებოდა მერცია მთელი სულით, შემდეგ უარი გეთქვა მასზე, სწორედ იმიტომ რომ შემდეგ მისით გეცხოვრა მთელი შენი დარჩენილი წლები და შეხვედროდი ძილის ქვეყანაში მას და ლაზარეს, რომ ისევ გენახა ბავშვობის მთვარე, ისევ შეგეგრძნო ემოციის სიმძიმე, შეგეწყვიტა გულგარეთ ცხოვრება და სულ გეფიქრა: “ნუთუ იცოდა მაშინ?…” უნდა შეგეგრძნო მისი მეგობრის მიერ ნათქვამი საყვედურის სიმძიმე და გულში დათანხმებოდი: ” მე მძულს ის ცხოვრება სადაც სწორედ მერციაა ზედმეტი… ბოლო დღეებში სულ თქვენზე ლაპარაკობდა… მისი თვალები რომ მახსენდება, ღმერთო ჩემო, ბოლოს მაინც სულ თვალებად იქცა, სულ კარს იყო მიშტერებული, ყოველ გაღებაზე, ვიცი გული უსკდებოდა-რაღაც მინდოდა მეთქვაო” – უნდა მოგესმინა ეს და მერე კი, მთელი ცხოვრება ამ ერთ კითხვაზე გეძებნა პასუხი…
მთხრობელი: – “არ იცოდა, მაინც ჯიუტად ვებღაუჭებოდი ამ აზრს, არ შემეძლო დამეშვა რომ იცოდა და არაფერი მაგრძნობინა…რა უბრალოდ ხდება ყველაფერი: ყველაფერს ხალისი სჭირდება და ყველაფრის ხალისი შეიძლება დაკარგოს კაცმა. ყველას მიმართ გულგრილი ვიყავი, სერიოზულად არავინ მაინტერესებდა, ჰო, რაღაც გულგარეთ ვცხოვრობდი, მაგრამ იმასაც ვგრძნობდი, რომ გულისხმმიერებაც შემეძლო… თუკი ამის ხალისი გამიჩნდებოდა… აბა ვინ დაიჯერებდა რომ მის საოცარ სიახლოვეს ვგრძნობდი ხოლმე, განსაკუთრებით – საღამოობით… რა უნდა ეთქვა, ღმერთო ჩემო, რა უნდა ეთქვა?’
მკითხველი: -რა უნდა ეთქვა? ნუთუ ვერ ხვდები? უბრალოდ უნდოდა ეთქვა “მიყვარხარ”…
P.S.
ვკითხულობდი და ვფიქრობდი რამდენი ადამიანის ემოცია, აღელვება, დაფიქრება შეძლო ამ პატარა წიგნმა. ვკითხულობდი და ყელში ბურთი მეჩხირებოდა არა მერციასა და მისი ტრაგიკული სიყვარულის გამო, არა მოღალატე ცოლებისა და ქმრების გამო, არამედ იმიტომ რომ ვერ ვამჩნევთ როგორ კვდება ადამიანი ჩვენს გვერდით, იქნებ ფიზიკურად არა, მაგრამ სულიერად… ვერ ვამჩნევთ ან არ ვიმჩნევთ… ვკითხულობდი და ვცდილობდი თვალებში მოწოლილი ემოცია შემეჩერებინა, თუმცა მერციას სიტყვები გამახსენდა: ” ამბობენ, ვინც ვერ ტირის, მალე ბერდებაო…”
და ბოლოს ” ამბრნი, უმბრნი და არაბნი” – წაიკითხეთ ვისაც გჯერათ სიყვარულის, ვისაც არ გჯერათ სიყვარულის, ვინც ფიქრის შიშით ცხოვრობთ, ვინც ეძებთ სინამდვილეს, ვისაც გიტირიათ “ნაჩუქარი ცრემლებით”, ეს წიგნი ყველასთვისაა, მათთვისაც კი, ვისაც “სიზმარიც კი არ აქვს…”
სიყვარულით
თქვენი ქეთო ❤
ალბათ გახსოვთ,ერთ-ერთ პოსტში შეგპირდით ლიფტის შესახებ დავწერ მეთქი, ჰოოდა, აი ვასრულებ კიდეც პირობას. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ (გარკვევის პროცესში ვარ), უკვე 2 კვირის განმავლობაში ყოველდღე მიწევს ერთ-ერთი ორგანიზაციის ლიფტით, ჩემს ენაზე კი, ვერტიკალურად მოძრავი კატაფალკით გადაადგილება, რასაც პირადად მე, მწარე გამოცდილებიდან გომდინარე, სულ ვერიდებოდი. თუ ახლა წარმოიდგინეთ ტრადიციული, საბჭოთა საქართველოს ლიფტები, რომლებიც მხოლოდ კარის შეფერილობით და სარგებლობის ღირებულებით განსხვავდება ერთმანეთისგან, ძალიან ცდებით. აქ შესვლისას არც სუნთქვის შეკავება მოგიწევთ, არც მშრალი ადგილის ძებნა, არც ხურდის მოძიება ჯიბეში ან გახვრეტილი ხუთთეთრიანით მოძრაობა, არც იმას უნდა ელოდო რომ სართულებს შორის გაიჭედები და თუ გაგიმართლა ვიღაც მაინც გაიგებს და ამოგიყვანს, კითხვის მოყვარულებსაც უნდა გაგიცრუოთ იმედი, windows-ის გადაყენება, ტაქსის გამოძახება, პიცა ადგილზე მიტანით, გასაღებით ამოკაწრული სასიყვარულო ისტორიები,სახელებით ჩანაცვლებული მათემატიკური მაგალითები, ხანდახან ერთუცნობიანი განტოლებები, ვიღაც ჯუმბერას დედის მოკითხვა ან ლამზირას ღირსშესანიშნაობების ხოტბის შესხმა და მსგავსი სიბრძნე სანთლით რომ ეძებოთ ვერ ნახავთ. ბევრი ჩემნაირისათვის, ვისაც საკმაო გამოცდილება აქვს ტრადიციული ლიფტების ყველა “სიკეთისა”, პირიქით, ამ ახალ ლიფტს ბევრი პლიუსი აქვს, მაგალითად, საკმაოდ ფართოა, ჩემი დაკვირვებით დაახლოებით 8-10ადამიანი ეტევა (გააჩნია იდივიდის სხეულში ცხიმების რაოდენობას),მდედრობითი სქესის და განსაკუთრებით, მოწოდებით ფუფალების გულის გასახარად კედლებში სარკეებია ჩადგმული, ასე რომ თუ ასანთის მარცვალივით არ ხართ ჩაკვეხებული ამ ლითონის ყუთში და თუ რომელიმე შენი თანამგზავრი ბუს თვალებით არ გიყურებს, შეგიძლია მაკიაჟიც შეისწორო. გადაადგილება ხდება საშვების მეშვეობით, რაც თავისთავად ამცირებს შემთხვევითი ადამიანების მოხვედრის შანსს რომელიმე სართულზე. მისი მონათესავე, უფრო სწორად წინამორბედებისგან განსხვავებით, არც დამახასიათებელი ხმით გამოირჩევა – ნაზად და თითქმის შეუმჩნევლად ზუზუნებს თავისთვის. სამაგიეროდ, მისი დაძვრისას ასე მგონია კოსმოსურ სადგურზე ვარ და მეც კოსმონავტივით ჰაერში დავიწყებ ფრენას ჩემი ჩანთიან-ფეხსაცმლიანად( ზუსტად 8 სმ-იანი ქუსლით 🙂 ცოტა უხერხული იქნება). თან თუ გავითვალისწინებ იმას, რომ ჩემი ჩანთა ილუზიონისტის ქუდივითაა და კაცმა არ იცის იქიდან რა გადმოვარდება – კალამი, პარფიუმერია, წიგნი და საფულე მესმის, მაგრამ კიდევ ერთი ფეხსაცმელი, მაისური, ხანდახან თმის უთო, ყავა, ტელეფონის დამტენი, შარფი, ათასნაირი ფლაერი, ქვითრები და ავტობუსის ბილეთები და შესაძლოა ტანსაცმლის საკიდიც კი?.. სულაც არ გამიკვირდება ერთხელ კურდღელიც ამოვიყვანო ყურებით. კაი, დავუბრუნდები თემას, ვაი და ზედმეტი შევიდა ვინმე, ისე კივის ეს ჩვენი ლიფტი, როგორც მშობიარე ქალი და სანამ ვინმე არ გამოვა არის ასე გაჯორებული და კივის და კივის. მერე, შესაბამისი ზომების მიღების შემდეგ, როგორც იქნა მიაღწევს დანიშნულების ადგილს და გაჩერებისასაც იგივე კოსმონავტის გრძნობა… ყველაზე მთავარი რაცაა, ველოდები იმაზე დიდხანს ვიდრე ნებისმიერ მარშუტკას ან ავტობუსს და ბოლოს უკვე რომ მომბეზრდება და მზად ვარ 10 სართულის კიბეები ფეხით ავიარო, მობრძანდება, თუ გამიმართლა და ქვემოთ ე.წ. მინუსში არ მიდის,ასევე თუ გამიმართლა და ჩემი ადგილია, ჩემს ბედნიერ სახეს კი ვხედავ ხოლმე ლიფტის სარკეებში.
ერთხელ გაფუჭდა ჩვენი ერთი რაში(სულ ორია) და ისეთი რიგი იდგა რომ მეგონა ან პენსიების დარიგების დღე იყო ან აქციას აწყობდნენ ლეიბორისტები. მეორედ კატეგორიული უარი განაცხადა მე-15 სართულზე ავეყვანე, ვნახოთ მომავალში რა სიურპრიზს ამზადებს. ისე, იმ ადამიანებისთვის ვისაც საკუთარი უკეთესობის აღნიშვნა უყვარს და სხვისთვის ჭკუის სწავლება,შეგონებები და ა.შ. ეს ლიფტი მთლად სახარბიელო არაა, შენიშვნების გაკეთების ნაკლებ შესაძლებლობას აძლევს უკიდურესად აღშფოთებულებსაც კი. ეს ხომ ისეთი მულტი სურნელოვანი და “ინფორმაციული” არაა როგორც საბჭოეთის გადმონაშთები, რითაც უკვე ორჯერ გავიჭედე სართულებს შორის, ერთხელ ღრმა ბავშვობაში, მეორედ დაახლოებით ერთი წლის წინ რუსთავში, მაღაზიაში ჩავედი და დავრჩი საეჭვო სისქის მავთულებზე ჩამოკიდებულ ხის ყუთში ჩემი ფანტით ხელში, ფრიად მნიშვნელოვანი წარწერებით გარსშემორტყმული, სადღაც კუთხეში მბჟუტავი ყვითელი ნათურით და არც ისე მყარ იატაკზე მდგარი. ხომ არის კარგი დასაწყისი საშინელებათა ფილმისთვის? თან თუ გავითვალისწინებთ რომ ღამე იყო, საბედნიეროდ შემთხვევით წაღებულმა ტელეფონმა მიშველა და ჩემმა მეზობელმა. ამიტომ ალბათ გასაგებია ჩემი არც ისე კარგი დამოკიდებულება ლიფტების მიმართ. არ გეგონოთ, არ ვაფასებ ტექნიკურ განვითარებას და ვწუწუნებ, უბრალოდ ბავშვობაში გადატანილი სტრესის შედეგია 🙂
P.S.
ლიფტის მსგავსი მექანიზმის შექმნას ჩვ.წღ-მდე მესამე საუკუნეში არქიმედეს მიაწერენ, ჩვენთან, საქართველოში შევარდნაძის დროს გაკეთებულა, შემდეგ კი, ეს მაშინდელი ინოვაცია, ჩვენი ცხოვრების ბნელ და სურნელოვან კუთხედ გადაიქცა…
საჭმლის ნარჩენებში ნაპოვნი ჭეშმარიტება…
სადღეგრძელოში დამტკიცებული სიყვარული…
ღვინით გაზომილი ერთგულება…
სხვისი – შენი ცხოვრება…
სანაგვეზე გადაგდებული ზნეობა…
მორალზე მოქადაგე პოლიტიკოსები…
ეკლესიაზე მოღადავე კაი ტიპები…
ლიბერალიზმს ამოფარებული უვიცები…
საკუთარი აზრის არმქონე პოპულისტები…
გმირის მაძიებელი ბრბო…
საბერძნეთში წასული დედები…
გზავნილების იმედზე მცხოვრები ხალხი…
“მაპის” ხათრით დაკარგული ტერიტორიები…
და ისევ ნეგატივში დანახული ხვალ…
აზრის ძიებაში დრო გამიხუნდა თურმე,
გრძნობების რჩევაში სიტყვები შემომეფლანგა,
ვეღარ ვსტუმრობ ნაცნობ მისამართებს,
ვერც უცნობ ბილიკებს,
ერთფეროვნების მოლოდინში
ფიქრები მეღლება…
ყოველდღიურობის ელფერი დამკრავს
და შავ-თეთრი კადრივით დავდივარ,
ხანდახან კონიაკისფერი სურნელით ვფერადდები,
ბევრს ვიცინი და ბევრს ვლაპარაკობ,
თვალდახუჭული ფრაზებს ვიხსენებ ლექსებიდან,
მოთხრობად ქცეულ ადამიანებს ვეძებ ქუჩაში,
აი, მაგალითად,გუშინ..
წიგნის პერსონაჟი დავინახე… გამოპარულა…
ჰოდა, გვირილები მაჩუქა იდუმალი ღიმილით…
“სხვა სხვის ომში გმირიაო”, კიდევ “სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო”, “ბრმამ ბრმას უთხრა ჭიტაო” ( 🙂 )და ხალხიც ბრძენია ხანდახან… ჰოდა, რისი თქმა მინდოდა ამით, აღარ მიხსენოთ 17 მაისი, ამოვიდა ყელში რა, ყველა ამაზე წერს, ლაპარაკობს, განიხილავს, ზოგი ეწინააღმდეგება, ზოგი ემხრობა, და ასე ძიძგილაობენ ჯერჯერობით მხოლოდ ვირტუალურად და სიტყვების შრიალ-ფრიალით. იმედია ამით შემოიფარგლებით! მაგრამ მოდი ჩვენ, საზოგადოების თითოეულმა წევრმაც მოვუხმოთ ჩვენს მოქალაქეობრივ შეგნებასა და პასუხისმგებლობას და ნუ გავამძაფრებთ დაძაბულობას, ნუ გამოვალთ მაღალფარდოვანი განცხადებებით, ნუ გავასწორებთ მიწასთან ნურც მღვდლებს და ნურც ლგბტეებს. ნუ მოვხარშავთ ყველას ერთ ქვაბში. სხვის ომში გმირობაზე ნუ დავდებთ თავს, ჩვენს ომს მივხედოთ საკუთარ ვნებებთან. მითუმეტეს, ისეთ სტატიებს ვკითხულობ და ისეთ გამოსვლებს ვუსმენ, რომ მათი ავტორები უცოდველები მგონია და მომენტალურად პროტესტის გრძნობა მიჩნდება მათ მიერ გაკრიტიკებული ადამიანებისა თუ რაიმე ჯგუფის მიმართ.
არადა, დავიჯერო სულ ჩვენ ვართ მართლები? თუ მთავარია პათეტიკურად და ცოტა ემოციურად დაწერილი სტატია სკანდალური სათაურით? აი, თუნდაც ის, რასაც ახლა ვწერ, ზემოთ ჩამოთვლილი სისულელეები მეც გამიკეთებია, გულისამრევად პათეტიკური პოსტიც დამიწერია, სხვებიც გამიკრიტიკებია და მიბრძენია კიდეც, არც სხვისთვის გამიგიჟებია თავი, თუნდაც დღეს, სიონში ვიყავი და ეზოში იყო პაწაწინა შავტუხა კნუტი, ისეთი გამხდარი რომ ფერდები ერთმანეთზე ქონდა მიკრული და სულ იწვა, ამ კნუტმა ყველა იქ მყოფის ყურადღება მიიპყრო და თანაგრძნობაც დაიმსახურა, თუმცა მხოლოდ სიტყვიერი. სულ ესე არ ხდება თუნდაც ადამიანებთან დაკავშირებითაც? უი, საწყალი, რა ცოდოა, არ ვინანებთ სიტყვებს, თუმცა, რეალურად არაფერს ვაკეთებთ დასახმარებლად, მათ შორის მეც არაფერი გამიკეთებია, ხომ გახსოვთ კატებთან და განსაკუთრებით შავ კატებთან ვერ ვმეგობრობ 🙂 მიუხედავად ამისა, ბოლოს ამ პაწაწუნა, შავ ბეწვის გორგალს მაინც გამოუჩნდა პატრონი -უსახლკარო ქალი, რომელიც სავარაუდოდ ხალხის მიერ გაღებული მოწყალებით ცხოვრობს, და ამ ადამიანმა ისეთი დიდი სითბო გამოიჩინა კნუტის მიმართ, რომ მეც კი გავთბი 🙂 და სიამოვნებით მოვისმინე მისი კატების (კიდევ ორი მოიყვანა) ბიოგრაფია და თვისებები ♥
ხანდახან ვფიქრობ რომ ასეთ ადამიანებს გიჟებს ტყუილად ვეძახით, ხშირად ჩვენ უფრო უჭკუოდ ვიქცევით, გონებას აყოლილნი უარვყოფთ ადამიანურ გრძნობებს და ვერც კი ვიგებთ ისე ვკარგავთ ნაწილ-ნაწილ, წერტილ-წერტილ ჩვენს ადამიანურობას.
ასე რომ, დახეულჯინსიანო ახალგაზრდებო, საარსებო წყაროს რიგში მდგარო გაბრაზებულო პენსიონერებო, “გაცისფერების” მოწინააღმდეგე მღვდლებო, საკუთარი განსხვავებულობის ფრიალით აღტყინებულო ლგბტეებო, ჩემებო! ქართველებო! ვიყოთ უბრალოდ ადამიანები! ნუ გავიმეტებთ ერთმანეთს, ყველაფერი ხომ მაინც ჩვენს გარშემო ტრიალებს, სიკეთეც, ბოროტებაც, ჩვენს სამყაროში ხომ არაფერი არ იკარგება.
პ.ს.
არ მინდოდა ეს პათეტიკა, აღმაფრენა და მაღალფარდოვანი საუბრები, მაგრამ მაინც შემომეპარა 🙂
მშვიდობიანი დღეების იმედით
დროებით გენშვიდობებით ♥
თქვენი ქეთო ♥
სულ მინდა ხოლმე წიგნის წაკითხვის შემდეგ ჩემი “ემოციური რეცენზია” თქვენც გაგიზიაროთ, თან იცით როგორი ემოციური? ენის წვერზე რომ გადგას სათქმელი და ისეთი შეგრძნება რომ გაქვს თუ არ თქვი მოკვდები ან მინიმუმ ღამე ვერ დაიძინებ, ახლა ალბათ ფიქრობთ დაწერე მერე ვინ გიშლისო 🙂 ჩემო კარგებო და საყვარლებო, ყველაფერს ხო თავისი მიზეზი აქვს…
მიზეზი N 1: დრო! ალბათ გახსოვთ წავიწუწუნე უსაქმურად ვარ მეთქი, ჰოდა, აღარ ვარ, მოკლედ, არ გაცდიან ადამიანს ცოტა დასვენებას, გინდა თუ არა წამოდი იმუშავეო 🙂 ეს ხუმრობით 🙂 ისე, მიხარია ჩემი ცხოვრების ახალი ფურცელი, იმედია საინტერესო რამეებს ჩავწერ და წაკითხვა თუ არა თვალის გადავლება მაინც მომინდება ხოლმე ხშირ-ხშირად 🙂 ჰოდა, რას ვამბობდი, ამდენ გადარბენა-გადმორბენაში ორი კვირა ვკითხულობდი ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო წიგნს, თან ისეთს ხშირად რომ უბრუნდები, ბულგაკოვის “ოსტატი და მარგარიტა”, თან იცით სად ვკითხულობდი? ძირითადად მეტროში და მარშუტკებში და ამ უკანასკნელით მგზავრობის დროს ბოლოს უკვე ცუდად ვხდებოდი. მოკლედ, რომ შევაჯამოთ, პირველი მიზეზი არის დროის უქონლობა.
მიზეზი N 2: სხვა რაღაცეებზე ლაქლაქის სურვილი. რას ვგულისხმობ იცით? პოსტის დასაწერად რომ ვიცლი ძირითადად უკვე ღამის 11-12 საათია და ამ დროს ძირითადად იმაზე მინდა ვიბოდიალო, რაც დღის განმავლობაში მოხდა საინტერესო, განვიხილო, ჩემი აზრი გამოვთქვა მეკითხება თუ არა 🙂 უბრალოდ განვიტვირთო სიტყვების კორიანტელში.
მიზეზი N 3: გაინტერესებთ? უკვე იმდენ განხილვას ვკითხულობ ყველა წიგნზე რომ მერე ვფიქრობ მეტისმეტი ხომ არაა, ეს ჩემი “ემოციური რეცენზიები” ვიღას სჭირდება მეთქი…
ძირითადად ესაა მიზეზები, კიდევ პატარ-პატარა რაღაცეებს თუ არ ჩავთვლით რისი დაწერაც მეზარება, იმიტომ რომ მეძინება.
თუმცა, იცით რა, ამ მიზეზებს რომ გადავხედე…მე მაინც დავწერ! თქვენ რას იტყვით?
მე თქვენთან ერთად შევქმნი ჩემი წიგნების ქალაქს, ემოციური რეცენზიებით მობინადრეებს, იერარქია თქვენთვის მომინდვია. და რაც მთავარია დავარქმევ კანუდოსს ♥
♥სიყვარულით♥
თქვენი ქეთო ♥
შენი აზრი