“სხვა სხვის ომში გმირიაო”, კიდევ “სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო”, “ბრმამ ბრმას უთხრა ჭიტაო” ( 🙂  )და ხალხიც ბრძენია ხანდახან… ჰოდა, რისი თქმა მინდოდა ამით, აღარ მიხსენოთ 17 მაისი, ამოვიდა ყელში რა, ყველა ამაზე წერს, ლაპარაკობს, განიხილავს, ზოგი ეწინააღმდეგება, ზოგი ემხრობა, და ასე ძიძგილაობენ ჯერჯერობით მხოლოდ ვირტუალურად და სიტყვების შრიალ-ფრიალით. იმედია ამით შემოიფარგლებით! მაგრამ მოდი ჩვენ, საზოგადოების თითოეულმა წევრმაც მოვუხმოთ ჩვენს მოქალაქეობრივ შეგნებასა და პასუხისმგებლობას და ნუ გავამძაფრებთ დაძაბულობას, ნუ გამოვალთ მაღალფარდოვანი განცხადებებით, ნუ გავასწორებთ მიწასთან ნურც მღვდლებს და ნურც ლგბტეებს. ნუ მოვხარშავთ ყველას ერთ ქვაბში. სხვის ომში გმირობაზე ნუ დავდებთ თავს, ჩვენს ომს მივხედოთ საკუთარ ვნებებთან. მითუმეტეს,  ისეთ სტატიებს ვკითხულობ და ისეთ გამოსვლებს ვუსმენ,  რომ მათი ავტორები უცოდველები მგონია და მომენტალურად პროტესტის გრძნობა მიჩნდება მათ მიერ გაკრიტიკებული ადამიანებისა თუ რაიმე ჯგუფის მიმართ.

 არადა, დავიჯერო სულ ჩვენ ვართ მართლები?  თუ მთავარია პათეტიკურად და ცოტა ემოციურად დაწერილი სტატია სკანდალური სათაურით? აი, თუნდაც ის, რასაც ახლა ვწერ, ზემოთ ჩამოთვლილი სისულელეები მეც გამიკეთებია, გულისამრევად პათეტიკური პოსტიც  დამიწერია, სხვებიც გამიკრიტიკებია და მიბრძენია კიდეც, არც სხვისთვის გამიგიჟებია თავი,  თუნდაც დღეს, სიონში ვიყავი და ეზოში იყო პაწაწინა შავტუხა კნუტი, ისეთი გამხდარი რომ ფერდები ერთმანეთზე ქონდა მიკრული და სულ იწვა, ამ კნუტმა ყველა იქ მყოფის ყურადღება მიიპყრო და თანაგრძნობაც დაიმსახურა, თუმცა მხოლოდ სიტყვიერი. სულ ესე არ ხდება თუნდაც ადამიანებთან დაკავშირებითაც? უი, საწყალი, რა ცოდოა, არ ვინანებთ სიტყვებს, თუმცა, რეალურად არაფერს ვაკეთებთ დასახმარებლად, მათ შორის მეც არაფერი გამიკეთებია, ხომ გახსოვთ კატებთან და განსაკუთრებით შავ კატებთან ვერ ვმეგობრობ 🙂 მიუხედავად ამისა, ბოლოს ამ პაწაწუნა, შავ ბეწვის გორგალს მაინც გამოუჩნდა პატრონი -უსახლკარო ქალი, რომელიც სავარაუდოდ ხალხის მიერ გაღებული მოწყალებით ცხოვრობს, და ამ ადამიანმა ისეთი დიდი სითბო გამოიჩინა კნუტის მიმართ, რომ მეც კი გავთბი 🙂  და სიამოვნებით მოვისმინე მისი  კატების (კიდევ ორი მოიყვანა) ბიოგრაფია და თვისებები ♥ Image

ხანდახან ვფიქრობ რომ ასეთ ადამიანებს გიჟებს ტყუილად ვეძახით, ხშირად ჩვენ უფრო უჭკუოდ ვიქცევით, გონებას აყოლილნი  უარვყოფთ ადამიანურ გრძნობებს და ვერც კი ვიგებთ ისე ვკარგავთ ნაწილ-ნაწილ, წერტილ-წერტილ ჩვენს ადამიანურობას.  

 ასე რომ,  დახეულჯინსიანო ახალგაზრდებო, საარსებო წყაროს რიგში მდგარო გაბრაზებულო პენსიონერებო, “გაცისფერების” მოწინააღმდეგე მღვდლებო, საკუთარი განსხვავებულობის ფრიალით აღტყინებულო ლგბტეებო, ჩემებო! ქართველებო! ვიყოთ უბრალოდ ადამიანები! ნუ გავიმეტებთ ერთმანეთს,  ყველაფერი ხომ მაინც ჩვენს გარშემო ტრიალებს, სიკეთეც, ბოროტებაც, ჩვენს სამყაროში ხომ  არაფერი არ იკარგება.

პ.ს.

არ მინდოდა ეს პათეტიკა, აღმაფრენა და მაღალფარდოვანი საუბრები, მაგრამ მაინც შემომეპარა 🙂 

მშვიდობიანი დღეების იმედით

დროებით გენშვიდობებით ♥

თქვენი ქეთო ♥