ImageImage

ამბობენ 21ე საუკუნეში ურთიერთობები შეიცვალაო, რა ვიცი, მე მაინც მგონია რომ კაცობრიობა მხოლოდ ტექნიკური თვალსაზრისით მიდის წინ – წერილები მესიჯებმა შეცვალა, წიგნი-კომპიუტერმა, ადამიანები-დანადგარებმა, თორემ ურთიერთობებში ახალი არაფერია, უბრალოდ ადრე რაც ხდებოდა იმის დაკანონება ხდება ახლა. არ გეგონოთ ამის მომხრე ვიყო, ლგბტეების ფანი არ ვარ, თუმცა არც მოსისხლე მტერი, არც პროფილს ვუყურებ ყოველ ხუთშაბათს და მაია ასათიანის უკაცრავად და ბოდვაზე არ ვაგებ მომდევნო კვირის თემას, არც იმას ვადევნებ თვალს როგორ ერთობა “სვეცკი ნაროდი”, და როგორი ურთიერთობა აქვს თინა მახარაძეს თავის ბოიფრენდთან თუ ვინცაა, პირიქით, სულ მიკვირს რატომაა ასეთი სისულელეებით გამოტენილი ყველა ტელევიზია და ჟურნალ-გაზეთი? ეხლა არ დამიწყოთ მოთხოვნა ასეთიაო, ხალხს პროფილი უყვარსო და კიდევ თურქული სერიალები. რა ვიცი, ჭკვიანი ბიძიები და დეიდები ტელევიზორიდან სულ იმას ამბობენ მედია ქმნის საზოგადოებრივ აზრსო, ჰოდა, მანდ ვარ მეც, აზრს კი არა, საზოგადოებას ქმნის, მითუმეტეს ისეთ ადგილებში სადაც ინფორმაციის მიღების და გართობის ალტერნატიული საშუალება არაა. შეგახსენებთ, რომ ქართველი დიასახლისები, ვისზეც ძირითადად გათვლილია მსგავსი ტიპის პროექტები, ისეთივე გატაცებით უყურებდნენ ბრაზილიურ და მექსიკურ სერიალებს, როგორც ახლა თურქულს და დარწმუნებული ვარ, თუ რაიმე ნორმალურ ფილმს ან გადაცემას შესთავაზებენ იმითაც დაინტერესდებიან, შეიძლება თავიდან გაუჭირდეთ, მაგრამ არამგონია რუსთაველზე აქცია მოაწყონ და შიმშილობა გამოაცხადონ ან facebook-ზე გვერდი შექმნან თურქული სერიალების დაბრუნების მოთხოვნით. თუ არა და, თქვენც ხომ იცით ქართული ანდაზა “დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო” ჰოდა, გვეყოლება თურქულ სერიალებზე გაზრდილი თაობა. აქვე დიდი მადლობა ჩემს მშობლებს, რომლებიც ვერ იტანენ სერიალებს და მეც არ მაყურებინებდნენ როცა პატარა ვიყავი. რა თქმა უნდა, მაშინ ეს ჩემში პროტესტს იწვევდა, იმიტომ რომ როცა ეზოში ბავშვები ლაპარაკობდნენ ხუანზე და კასანდრაზე მე ვერაფერს ვამბობდი და ჩუმად ვიბოღმებოდი მშობლებზე, სამაგიეროდ ახლა ვეუბნები მადლობას.
რაც შეეხება ჟურნალ გაზეთებს აქ ცოტა უკეთესი მდგომარეობაა, თუმცა სიყვითლე ჭარბობს, როგორც ყველგან, არ მიყვარს ყვითელი ფერი, არც წითელი, საბჭოთა კავშირს მახსენებს და პიონერების ყელსახვევებს და კიდევ ტიტებს, ტიტები კიდევ ცხრა აპრილს.
ჰოდა, წითელზე გამახსენდა, რამდენიმე დღის წინ, როგორც ყოველთვის მაშინ რომ გავიღვიძე თქვენთვის რომ უკვე შუადღეა, ვიფიქრე გამოსაფხიზლებლად ფეისბუქზე შევირბენ მეთქი, ვაი იმ შერბენას, რას ხედავს ჩემი თვალები: სავაში გაგიგიათ ალბათ – თურქი მარიო ჩიმარო, გეცოდინებათ, შანსი არაა, თუ არა და კითხეთ დედებს, ბებიებს ან მეზობლებს, ან დაგუგლეთ ბოლოს და ბოლოს, მაგრამ არა მგონია დაგჭირდეთ. ჰოდა ეს ჩვენი თურქი მაჩო საქართველოში ჩამოსულა და ქართველი ფანები დახვდნენ, ქალები რა თქმა უნდა, თან აი იმ თაობის სულ ახალგაზრდების ლანძღვაში რომ არიან და აი იმას რომ იხსენებენ – “ზოგად უნარებში ბავშვებს იმას ასწავლიან რომ რაკი ბილეთი გაქვს ადგილი არავის არ უნდა დაუთმო”, მაგრამ მესმის თაობებს შორის ბრძოლა და ა.შ. თან ყველა თაობაში მოიძებნებიან მუდმივად ყველაფრით უკმაყოფილო ადამიანები.
ჰოდა, რას ვამბობდი, იმ ავბედით დილას, ამ კონწიალს და ხვევნა კოცნას რომ ვუყურებდი გამოვფხიზლდი კი არა, ელდა მეცა და ისე შემრცხვა და იმ ქალების ნაცვლად მე გავწითლდი, თან ვერ ვიგებდი ჩემი ინსტინქტებისთვის გასაქანი მიმეცა და ბოლო ხმაზე მეხარხარა თუ ეროვნული ღირსებებიდან გამომდინარე მეთქვა – რა გეშველება საქართველო? ან რამე ამის მსგავსი, ბოლოს, გონებას მოვუხმე და ავირჩიე მესამე გზა, რაციონალური განსჯის საფუძველზე უემოციოდ შემეფასებინა ეს მოვლენა – ემოციურად აღტყინებული ინდივიდებისაგან შემდგარი ჯგუფი და უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილი ამავე ჯგუფის აღტაცების ობიექტი.
თუმცა, მიუხედავად საკუთარი თავისათვის შთაგონებული პრაგმატიზმისა და რაციონალიზმისა, დიდხანს მაინც ვერ გავუძელი ამ მარაზმს.
მოკლედ, მე რომ მკითხოთ, თურქული სერიალები, პროფილი და ეს ლგბტეების თემაც ძალით შემოგდებული და შემოჩეჩებული უფრო მგონია, ვიდრე ის, რაც ხალხს რეალურად აღელვებს და აინტერესებს.

ესეც სავაში, ბევრი რომ არ ეძებოთ

Image

Image

Image

 

ამ ფოტოების ნახვის შემდეგ, თურქული სერიალების მოთხოვნით facebook-გვერდის შექმნას არ გამოვრიცხავ.

და ბოლოს

Image