ძიება

ქეთოს ბლოგი

ამერიკანო წიწაკით please…

კატეგორია

ყოველ-დღიური ამბები

image

გამჭვირვალე კარიკატურა შემომცქერის სარკიდან.
უკვე აღარც კი მახსოვს
მისი ნამდვილი მე,
მხოლოდ ყავის სურნელით ერთნაირად გალეშილი დღეები.
მალე გაზაფხულიც მოვა
გახლეჩილი ბროწეულივით მადისაღმძვრელი.
თუმცა იმისთვის სარკიდან რომ შემომცქერის ესეც სულერთია,
დღითიდღე ხომ ისეთი გამჭვირვალე ხდება რომ
ფერებსაც ვეღარ ირეკლავს,
ხოდა გაზაფხულიც რაღად უნდა,
ჰაერი კი ზამთარშიც უფეროა.
მისთვის, სარკიდან რომ შემომცქერის სიკვდილიც უაზროა,
იმიტომ რომ ის უკვე მოკვდა.
ისე შეუმჩნევლად, რომ თვითონაც ვერ მიხვდა.
უბრალოდ ერთ დღესაც სარკეში საკუთარი ანარეკლის ნაცვლად გამჭვირვალე კარიკატურა დახვდა ცინიკური მზერით.
ჯერ შეეშინდა,
უსულობის, უგულობის, უყველაფრობის…
მერე ნელ-ნელა შეეჩვია,
ისე ძალიან აღარ აფრთხობდა
ის მეორე, სარკიდან რომ თავხედურად მიშტერებოდა.
ბოლოს საერთოდაც მოეწონა გამჭვირვალე არსება სხვა სამყაროდან.
ის არავის ელოდება, არავინ სჭირდება და ხურდა ფულივით დაუნანებლად არიგებს უემოციო ღიმილს .
მას არავინ ენატრება.
ის ხომ უბრალოდ კარიკატურაა
გამჭვირვალე ჰაერივით.
ის მე მგავს.

image

ჩემი ცხოვრება – ერთი დიდი ქაოსი. Facebook სტატუსებით, საიტები და ჯგუფები, რომლებიც  დაჟინებით მამატებენ მათ რიგებში. ტესტები, უამრავი ტესტები, რომლებიც ხან მილიონერობას მპირდებიან, ხან საკუთარი ხასიათის ამოცნობას და აუცილებლად  ზუსტი 100%იანი შედეგებით:  „ აირჩიე ამ ნამცხვრებიდან ერთ-ერთი და გაიგებ რა გელის მომავალში“ „გადადი ლინკზე და გეტყვით როგორი ხასიათი გაქვს“;  – „დაელოდეთ, რეკლამა გაქრება 6 წამში“  6-5-4-3-2-1-….   „სწორად გამოიყენე დრო, არც ჩამორჩე და არც გაუსწრო“-  ვიღაცამ  მითხრა ერთხელ,   „კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა“, – მიყვარს ანდაზები.  ფოტოები,  სელფები მეგობრებთან ერთად ან მათ გარეშე, „მე ეს პროფილი მაქვს კარგი, აქედან გადამიღე, აბა ყველანი ვიღიმებით“, ვთამაშობთ ბედნიერებას, არაუშავს, სულ რამდენიმე წამით.  მერე ლაიქები, ბევრი  like, მერე რა თუ სულაც არ მოსწონს ვიღაცას დღეში ხუთჯერ ჩემი სელფის დალაიქება, თითქოს ყველა ვალდებულება აქ ინაცვლებს. ჩემი ბლოგი –  სადაც თითქოს საკუთარი აზრების გაგებასა და გადმოცემას ვცდილობ, თუმცა ვხვდები რომ ეს ისევ სხვისთვის დაწერილი ამბავია, შეიძლება არც ისე კარგად, მაგრამ ვითომ განსხვავებულად და ჩემებურად, არადა ესეც საკუთარი თავის პიარია:  „ნახე რა კარგი ვარ“ ან „შემომხედეთ, ეს მე ვარ, გამიცანით“.  და ყველაზე მთავარი –  ადამიანები, ადამიანები თავისი პრობლემებით, მოთხოვნებით, ვალდებულებებით, ჩვევებითა და რჩევებით. ერთნაირები და განსხვავებულები, სვეცკები და გოიმები, ჩემიანები, სხვისიანები, უამრავი კლიშე და  სხვაზე მიწებებული იარლიყი, განათლებული იდიოტები გულუბრყვილო სულელები, ვიღაცა ჩემნაირია? არა, რას ამბობ მე ერთადერთი ვარ და განუმეორებელი… დამოუკიდებლობა – „რასაც მინდა იმას გავაკეთებ“ (?) „უკვე დიდი გოგო ვარ!“  დაწყებული და არდამთავრებული ან  გადადებული  საქმეები. რიტმი, ცხოვრების რიტმს უნდა აყვე, მერე რა თუ ნელ-ნელა საკუთარ თავს კარგავ, მერე რა…

image

ბოლოს და ბოლოს,  როგორია თანამედროვე ქართული საზოგადოება?ეს კითხვა რამდენიმე დღეა ტვინს მიბურღავს, მითუმეტეს რომ ხშირად მიწევს მასზე დაფიქრება თუ გავითვალისწინებ იმას, რომ  ჯგერენაიას ლექციებზე გვინდა-არგვინდა საკუთარი სამშობლოს ბედ-იღბლის გულშემატკივარნი თუ უბრალოდ ლექციაზე თავის და ცოდნის  გამოჩენის მსურველნი ყველა არსებულ და არარსებულ თეორიაზე დაუზარელად ვიხსენებთ  ქართული რეალობის ამსახველ  მაგალითებს და პარალელებს ვავლებთ, ძირითადად ძალაუფლების ჭრილში. მოკლედ,  ამ გაგიჟებულ, facebook-სტატუსებისა და კაცის კვლით საიქიოს მაძიებელი ტერორისტების სამყაროში ყველა თავისებურად ცდილობს თავის დამკვიდრებას, ერთი სელფს იღებს, მეორე კიდევ პარიზის ქუჩებს ბომბავს. და  ჩვენ რას ვაკეთებთ ამ დროს? ჩვენ გულმოდგინედ, ბეჯითად ვუწყობთ ფეხს დასავლეთს.  ვიღაც მუსულმანმა საფრანგეთში თვალები აიხვია და ქუჩაში ჩახუტებას ითხოვს? ჩვენც გვყავს მუსულმანები რა პრობლემაა. Facebook-ზე ფონად საფრანგეთის დროშა დააყენეს? ჩვენც დავაყენებთ და მერე ბევრს ვიკამათებთ სწორად მოვიქეცით თუ არა.  ჩვენ ჩვენს თავს დემოკრატებს ვუწოდებთ, ევროკავშირისკენ მივისწრაფით და  ნატოსთანაც ვთანამშრომლობთ – ვთანამშრომლობთ რა, ნატომ  „შენ რომ ჩემთვის რკო არ მოგიტანიაო?“  ჰოოდა აჰა თქვენ  მაპიო, სამაგიეროდ ავღანეთში და ერაყში ჯარების გაგზავნა თქვენზეაო, მოკლედ ესაო, ისაო, თუ არა და მოვიდა პუტინიო.  ვოტ ტაკ! მერე ერთი-ორმა „სწავლულმა“ უი რა მაგარი რაღაც ყოფილა ეს მაპიო, ჩვენც სირაქლემას პოზები მოვირგეთ და „აბა, აბაა, რაც მაგრები ვართ ქართველები ვართო“. ჰოდა ასე ტექნიკურად დამუშავებულ და ასათიანი-ჯაჯნიძის შოუებით თავგამოტენილი  საზოგადოების ერთ ნაწილს საერთოდ არანაირი აზრი არ გააჩნია, სულაც ფეხებზე კიდია მაპიც, ევროკავშირიც და პუტინიც თავისი ორეულებით. მეორე ნაწილი ფიქრობს  რომ  ქართველი ადამიანი ბუნებით დემოკრატია, მოგვყავს მაგალითები წარსულიდან , ძირითადად ვიხსენებთ ილიას და მის თანამედროვეებს(აქედან ნახევარს მხოლოდ “კაცია ადამიანი?!”აქვს წაკითხული ), უფრო შორს თუ წავალთ დავით აღმაშენებელს და თამარ მეფესაც კი. ბოლო დროს აქტიური პროპაგანდა მიდის იმაზე რომ ე.წ. „ქართული მენტალიტეტი“, რომელშიც ძირითადად მოიაზრებენ პატრიარქატსა და ამავე დროს  “ქალის კულტს“ რაც თავისი მხრივ გამოიხატება სადღეგრძელოებში  „ნამდვილი ქართველი მანდილოსნების“ ქება-დიდებით( აუცილებლად ფეხზე წამოდგომით),  სულაც არაა ქართული და კომუნისტების შემოჩეჩებულიაო, უფროს თაობას რომ კითხო დასავლეთმა გარყვნა თანამედროვე ახალგაზრდობა და ფეისბუქმა კიდევ გამოაშტერა, ზუსტად იმიტომ აღარ ახსოვთ ქართული ღირებულებებიო, და საერთოდაც ეს დემოკრატია საჩვენო საქმე არა არისო, ეგ კიარა ზოგიერთმა მეფე გვინდაო(უუი, უი, უი!!! ( მეჯლისები და კარნავალები პარლამენტში არ გვეყოფა ცალკე მაგისთვის რომ არ ვხარჯოთ ფული ბიუჯეტიდან? მე შენ გეტყვი და მიგვიწვევენ 🙂 )  მოკლედ, როგორც მამაჩემი იტყოდა „ჩიორტ ივო ზნაეტ“ ვინ საით უბერავს.
P.S. აი  ესაა თანამედროვე ქართული საზოგადოება. დემოკრატიულის რა გითხრათ, მაგრამ სოციოლოგებისათვის საინტერესო საკვლევი კია.

25 წლის ვარ!
არ ვარ გათხოვილი და ჯერჯერობით არც ვგეგმავ!!!
მაქვს ერთი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი( მეორე გზაშია 🙂 )
რამდენიმე სერთიფიკატი, მათ შორის, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს( ჩემთვისაც კი), IT ინჟინერია 😀
სამსახური, რომელიც ხანდახან მომწონს კიდეც,
ოჯახი, რომელიც ძალიან მიყვარს მიუხედავად მათი „აუტანლობისა“ 😀
მეგობრები – ჩემი ყველაზე დიდი შენაძენი,
ტელეფონი, რომელზეც ვგიჟდები 🙂
ბლოგი, რომელიც ამ ბოლო დროს დღიურს უფრო გავს…
და კიდევ რამდენიმე ანგარიშგასაწევი ადამიანი, რომლებიც რაღა დაგიმალოთ და ხანდახან თავს მაბეზრებენ.

ხო, მე უკვე დიდი გოგო ვარ და ხანდახან ოცნებაც მავიწყდება, მაგრამ კარგად ვიცი რომ ბავშვი მოხუცშიც კი ცოცხლობს, ამიტომ მაპატიეთ თუ ხანდახან ბავშვივით ვიქცევი ან როგორც დედაჩემი იტყოდა უპასუხისმგებლოდ.. ნუ მომთხოვთ ყოველთვის ვიყო „დიდი გოგო“ , ნუ მომთხოვთ ვიტვირთო პასუხისმგებლობები, რომლებიც თავისი სიმძიმით იმდენად მიჯაჭვულს მხდის მიწაზე რომ ცაში ახედვის სურვილიც კი აღარ მიჩნდება.
ბედნიერება ყოველდღიურ წვრილმანებშია, ამიტომ არაუშავს თუ დღეს ჩემი კარადა დასალაგებელია, საფულე ცარიელი… მერე რა თუ „გრაფი მონტე კრისტო“ დღემდე ჩემი საყვარელი წიგნია… სულელურ მელოდიებზე ცეკვაც მიყვარს სარკის წინ :D:D და როგორც ბავშვობაში, ნაწვიმარ ქუჩებში სიარულისას გუბეებზე გადახტომას ახლაც ვცდილობ..

როგორც ვთქვი, ბედნიერება წვრილმანებშია, ამიტომ მაპატიეთ თუ ხანდახან ბორდიურზე ჩამოჯდომა და ლუდის დალევა მეც მინდება, მერე რა რომ გოგო ვარ(თან „კარგი გოგო“).
ხო, მომწონს საუბრები ფილოსოფიაზე ფინჯანი ყავის თანხლებით, მაგრამ ხანდახან ინტელექტუალური მზერის სიცარიელე გულზე ისე მწარედ მხვდება, რომ ჩემი უბნის ქუჩური ჟარგონით მოსაუბრე „ბირჟავიკების“ აზრი ბევრად უფრო ღირებულია ჩემთვის… და ადამიანური თვალებით დანახული მათი სამყარო, სადაც მხოლოდ თეორიების ცოდნა არ არის საკმარისი, თუნდაც ის ყველაზე დიდ მოაზროვნეს ეკუთვნოდეს.

მე ხომ მხოლოდ 25 წლის ვარ… ამიტომ მაპატიეთ რომ სამსახურიდან პირდაპირ სახლში არ მივდივარ, როგორც ყველა ‘წესიერი’ გოგო უნდა იქცეოდეს და ხანდახან ღამის სამ საათზე შევდივარ სახლში, იმიტომ რომ უბრალოდ მეგობრებთან ერთად გავერთე, იქ სადაც მუსიკა ისე ხმამაღლა უკრავს რომ ალბათ ბებიაჩემიც მოინდომებდა ცეკვას… 🙂 იმასაც ნუ მომთხოვთ ღიმილი ვაკონტროლო მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენ, უკვე გაზრდილმა ადამიანებმა რამე ‘ისე’ არ გაიგოთ…

მე ვიცი რომ ცხოვრება თამაშია და ყველა იმ როლს ირგებს რაც უნდა… ან შეუძლია, ამიტომ მაპატიეთ თუ მე მხოლოდ ერთი როლი არ მაკმაყოფილებს და ხშირად ვიცვლი(ხასიათის ბრალია;))
ისიც მაპატიეთ, რომ მიუხედავად ჩემი მუდმივი მტკიცებისა, რომ უკვე გავიზარდე და „დიდი გოგო“ ვარ, ახლა საპირისპიროს ვამტკიცებ…
მე 25 წლის ვარ, მალე 26-საც გავხდები…
ამ დროს უკვე მექნება ორი დიპლომი… ალბათ კიდევ უფრო მეტი გაურკვეველი სახის სერთიფიკატი,
ოჯახი, მეგობრები, სამსახური…იმედია ტელეფონიც 😀
ბლოგი აუცილებლად!
კიდევ ბევრი რამ შეიცვლება…
თუმცა…
მე კარგად ვიცი რომ ბავშვი მოხუცშიც კი ცოცოხლობს, ამიტომ ნუ ეცდებით ჩემში ის გააქროთ, იმიტომ რომ წვრილმანებშია ბედნიერება და კიდევ იმიტომაც რომ სწორედ ეს ბავშვი ღმერთია ჩვენს გულებში..
image

image

image

tumblr_luzlkv6uMf1qzcemao1_1280

თურმე შემოდგომაც მოსულა, ამიტომ მომინდა განვლილი ზაფხულისთვის გადამევლო თვალი. როგორც ყოველთვის ემოციურად დატვირთული აღმოჩნდა, კოფეინით სავსე და ისევ ახალი სამსახურის მომტანი, რის გამოც შვებულებაში ისევ ვერ გავედი, ამიტომ weekend-ებზე ხან თელავში გავრბოდი, ხან ქობულეთში და ხან ქარელში.  ამდენი გადარბენა-გადმორბენით ისე დავიღალე რომ ყველა მუზა გამექცა და ისეთი პირი უჩანს, რომ არც აპირებენ დაბრუნებას. ახალმა შეგრძნებებმა დამღალა და გამომფიტა სულიერადაც და ფიზიკურადაც, თუმცა საწუწუნო არაფერი მაქვს, ეს ხომ ჩემი სტილია, ბევრი საინტერესო ადამიანი, ფინჯანი ყავა(უშაქრო:)), კარგი წიგნი და გემოვნებიანი მუსიკა. სხვათაშორის რამდენიმე საჩემო შემსრულებელი აღმოვაჩინე, წიგნებს რაც შეეხება ძირითადად ელექტრონულ ვერსიებს ვკითხულობდი სამსახურში, რის გამოც წიგნის სურნელის შეგრძნება დამაკლდა და თითქოს კარგადაც ვერ განვიცადე წაკითხული, ვერ ვიგრძენი ავტორი ჩემს გვერდით. იძულებით კოელიოს რამდენიმე ნაშრომსაც გავეცანი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ საჩემო არაა ეგ აბდაუბდა, მისტიურობა მიტაცებს, მაგრამ არც ამდენად, არც რომანტიული ვარ და არც შეყვარებული, ასე რომ კიდევ ერთხელ არა!

ადამიანები კი…. ადამიანებთან უფრო რთულადაა საქმე, სულ რაღაც სამ თვეში რამდენიმე დავკარგე… ერთ გამოხედვაში ჩატეული ორთვენახევრის მონატრება და უმოქმედობა, უფრო სწორად, მოქმედების უაზრობა….ჰოდა, ჯერ გზაჯვარედინზე მდგომი პატარა ბავშვივით ვეღარ გავიგე საით წავსულიყავი, დავიბენი და უფრო მეტად მეტკინა რაღაც შიგნით სულში ვიდრე ველოდი, თუმცა მერე  მათი აღარყოფნით ავივსე…  და კოფეინით… ჩემს აივანზე გატარებული საღამოები შემიყვარდა, თქვენ წარმოიდგინეთ ხედიც კი, რომელიც გულისხმობს სამშენებლო მასალებს და უსიცოცხლო ბეტონის კედლებს, და ის სავარძელიც აღარ მემეტება გადასაგდებად 🙂

whatever….

ხომ იცით, არ ვარ პესიმისტი 🙂

P.S. მთავარია მუზები დამიბრუნდნენ … 🙂

სიყვარულით

თქვენი ქეთო

როცა ვიღლები საკუთარი თავის თამაშით და სხვადასხვა როლის მორგებით, როცა სიმწრის ცრემლები ყელში მაწვება და ერთი აღრიალება ქვეყანას მირჩევნია, როცა მორიგი სულელური საქციელით გამოწვეულ შედეგებს ვიმკი და  საკუთარი თავის მეთხუთმეტე სართულიდან გადმოგდებაზეც კი არ ვიტყოდი უარს( მხოლოდ იმიტომ ვიკავებ თავს რომ ლამაზად მინდა სიკვდილი), როცა უკვე იმაზე ვიწყებ ფიქრს ზებრა რა ფერია და საკუთარი აბსურდული აზროვნება მაოცებს, როცა შოკოლადის უზომო რაოდენობაც კი არ მშველის და იმედგაცრუება წერის სურვილსაც კი მაკარგვინებს, როცა ნიღბებს ვეღარ ვირგებ და ყველა ფერადი სათვალეც უკვე  გატეხილია, როცა მგონია რომ სადაცაა  უარაფრობისგან დავიხრჩობი… უბრალოდ ვიღებ ტელეფონს და გირეკავთ:  “ბავშვებო, წავედით სადმე ყავა დავლიოთ” და ამით ყველაფერია ნათქვამი 🙂 ვიცით რომ ყავა მხოლოდ მიზეზია ერთმანეთისა, მიზეზია უაზროდ ბევრი სიცილისა, მერე რა რომ ხანდახან გვეტირება კიდეც, მიზეზია ერთად სისულელეების ჩადენისა, რომელსაც ალბათ ვინანებთ ან არ ვინანებთ, მიზეზია ჭორაობისა თუნდაც ე.წ “კურილკაში” ან ეკას ჯერ უკურთხებელ აივანზე 🙂  მიზეზია რომ კიდევ ერთხელ შევიგრძნოთ ის პოზიტივი, რასაც ერთმანეთს გადავცემთ, და ამ დროს მე უზომოდ ბედნიერი ვარ რომ თქვენ მყავხართ “მეგობრები”, ყველაზე თბილები, ყველაზე კარგები, ყველაზე საყვარლები, ყველაზე ჩემები!  მე ვიცი რომ თქვენ, ადამიანებს, რომლებსაც  მეგობრები გიწოდეთ შემიძლია ჩემი სულიც კი ვანდო დაუფიქრებლად, თქვენ მე მაცოცხლებთ, თქვენ ხართ ჩემი სიმდიდრე, თქვენ რომ არა, ვინ ამიტანდა ასეთ აუტანელს, თქვენ ისმენთ მოთმინებით ჩემს დაუსრულებელ თავგადასავლებს, ზოგიერთი თქვენგანი მამართლებს(ნაწკა მიყვარხარ :* ) თქვენ მტუქსავთ და თქვენ მაძლევთ რჩევებს, თქვენ მამშვიდებთ და რომ დამჭირდეს ცრემლებსაც შემიმშრალებთ(გაგიმართლათ რომ მტირალა არ ვარ 🙂 თათია 🙂 ) ჰოდა, რატომ მომინდა ასე გრძნობების გამომზეურება არ ვიცი, ეს უფრო მარიკას სტილშია, თუმცა ღამის ორი საათია, მეცადინეობის მიზეზით უკვე რამდენიმე საათია კომპიუტერს ვუზივარ და იცით, უცბად მივხვდი როგორ მიყვარხართ 🙂 თიკა, არ გეგონოს დამავიწყდი, გინახულებ მალე და ნუ მებუტები 🙂 ისე, დიდწილად შენი დამსახურებაა რომ რატომღაც მომინდა თქვენი არსებობით გამოწვეული ჩემი ბედნიერება თქვენთვისვე გამენაწილებინა. მარიკა, ალბათ გახსოვს ჩვენი საუბარი ბედნიერების შესახებ, ვისთვის რა არის ბედნიერება  ჰოდა, ჩემი ბედნიერება თქვენ ხართ, ჩემი მეგობრები, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე შეძენილი ჩემი გულის ნაწილები, ადამიანები, რომლებმაც შემქმნეს ისეთი, როგოროიც ვარ, ადამიანები, რომელთათვის  ისიც კი შემიძლია მანქანის საბარგულით ვიმგზავრო რამდენიმე საათი 🙂  რომლებთანაც არც მაგარი გოგო ვარ, არც ჭკვიანი და არაორდინალური, არც “ძერსკი”, არც “სვეცკი” არც “სწერვა”, უბრალოდ მე მე  ვარ და თქვენ ისეთი გიყვარვართ როგორიც ვარ – ყოველთვის უამრავი პრობლემით დატვირთული, ცოტა მეტიჩარა, ძალლიან წუწუნა და მაინც აუტანლად საყვარელი 🙂

მე მიყვარხართ ❤

თქვენი ქეთო

ნიღბები

შევმსუბუქდი რაღაცნაირად, ალბათ იმიტომ რომ მივხვდი არავის სჭირდება ჩემი მთელი ღამის ნაფიქრიდან გამომდნარი  ჩემივე  ჭეშმარიტება, ამიტომ  ღამეს ძილს ვუთმობ, ეს უფრო ადამიანურია. იცით, ერთი სამკაული მაქვს, რომელიც უხვად მოიპოვება ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ალბათ ყველა სამკაულის დახლთან და ნებისმიერ მსურველს შეუძლია იყიდოს, ეს არის გულსაკიდი – ორი ნიღაბი, ერთი მხიარულია, მეორე სევდიანი. მას რომ ვუყურებ ყოველთვის ვფიქრობ რომ ეს ორი საკმარისი არაა, სინამდვილეში იმდენი ნიღაბი გვაქვს, რომ  შეუძლებელია მათი დათვლა. თუ ხანდახან, ძალიან იშვიათად მაინც, დაკვირვებიხართ საკუთარ თავსა და საქციელს, თქვენც შეამჩნევდით თქვენს ნიღბებს. ჩვენ ვთამაშობთ გამუდმებით, სხვა ადამიანებითა და საკუთარი გრძნობებით. ჩვენ არ გვიყვარს როცა გვატყუებენ. როცა გვიყენებენ, ვითხოვთ გულწრფელობას, სამართლიანობას, თუმცა სასაცილო ისაა, რომ ეს ყველაფერი ერთი დიდი თამაშია, სადაც ყველა თავდაუზოგავად მხოლოდ იმას ცდილობს ამ ბრბოში ყველაზე მაღლა აცოცდეს, თუნდაც ამისათვის ვიღაცის ძვლებზე მოუწიოს დგომამ. გაოცებული ვარ რამდენად აბსურდულია ხანდახან ჩვენი საქციელი, მას შემდეგ რაც გამოქვაბულიდან გამოვედით და წესების შექმნა დავიწყეთ, ისე ვიქცევით, რომ ეჭვი მაქვს მალე ისევ იქ აღმოვჩნდებით. გამოდის, რომ არაფრით ვართ ცხოველებზე ნაკლები, უბრალოდ მათ ინსტინქტები ამოძრავებთ, რაც ჩვენ უფრო დახვეწილი გვაქვს და უფრო ლამაზად შეფუთული. შეიძლება ისინი გვჯობდნენ კიდეც, ამაზე ერთი ლექსი გამახსენდა, ბესიკ ხარანაულის “ხეები”, იქ ერთი ამონარიდია ასეთი : “რაც კი ვიცხოვრე, იმდენ ხანს რომ მგლებში მეცხოვრა, ხომ ძმად ჩამთვლიდნენ, ხომ აღარასოდეს მიმტყუნებდნენ, არ გამწირავდნენ.”  ალბათ ამით ყველაფერია ნათქვამი. თუმცა, მე იმას არ ვამბობ რომ ვაჟასავით წვიმად მოსვლას ვინატრებდი, ან მგლად გადაქცევას, მიუხედავად იმისა რომ მაქციები მოდაშია და სრულიად ჰოლივუდი აჭრელებულია მსგავსი შინაარსის ფილმებითა და სერიალებით 🙂 არა, მე ისევ მირჩევნია ის ადამიანი ვიყო, რომელიც ცნობისმოყვარეობამ გამოქვაბულიდან გამოიყვანა, ადამიანი, რომელმაც შექმნა სახელმწიფო, ადამიანი რომელიც მუდმივად ბრძოლობს, თუნდაც მეორე ადამიანთან, მერე რა, ჩვენ უამრავ შეცდომას ვუშვებთ, მთავარი შეგვეძლოს ამ შეცდომების დანახვა, თორემ ჩვენი ცხოვრება ხომ ერთი დიდი თამაშია, თამაში საკუთარი თავის 🙂 მხოლოდ ხანდახან, როცა მაკიაჟს ვიშორებთ სარკეში ვიყურებით და საკუთარ ანარეკლს თვალებში ჩავხედავთ, ვხვდებით რომ საკმარისია, რომ აღარ გვინდა კიდევ ერთი ნიღბის მორგება, იმიტომ რომ ჩვენს თვალებში დანახული სიცარიელის შეგრძნება გვაშინებს, გვაფრთხობს, იქნებ ჩვენს თავსაც ვეღარ ვცნობთ… აი ამ დროს ღამეს თეთრად ვათენებთ და ვეძებთ, ვეძებთ, ვეძებთ…. მერე ერთი სული გვაქვს სხვებსაც მოვუყვეთ, გავაგებინოთ, თუმცა ეს არც ისე ადვილია, სწორედ ამიტომ… მერე ისევ ვეძებთ, ამჯერად ახალ ნიღბებს, ბევრად უფრო უდარდელსა და გამძლეს.

P.S. მაპატიეთ, ჩემი ხასიათივით აბურდული ჩანაწერი გამომივიდა 🙂 ცოტა პესიმისტური და ნაღვლიანიც 😦 საერთოდ, ცხოვრება ცუდი რამე არაა, გააჩნია როგორ ხასიათზე ხარ და ფული რამდენი გაქვს ანგარიშზე 🙂 ასე რომ, გისურვებთ  კარგ შემოსავალს და ბევრ საინტერესო მოთამაშეს თქვენს სცენაზე.

სიყვარულის ნიღბით

თქვენი ქეთო

და  ვიწყებ წერას!!! დილაა, თუმცა სრულიად ჩაბნელებულ ოთახში ვზივარ, მხოლოდ კომპიუტერის ეკრანისგან განათებულ ჩემს თავს ვხედავ სარკეში.  სასურველ განწყობას  მე თვითონ ვიქმნი ყავისა და ჩემი საყვარელი მუსიკის დახმარებით, თან რა თქმა უნდა, თავში აფუთფუთებულ ფიქრებსაც გასაქანს ვაძლევ. უამრავი პირადი თუ საზოგადო კითხვა მიტრიალებს, თუ გინდათ რამდენიმე მათგანს გაგანდობთ …

White clock with words Time for Questions on its face

1) რატომ ვცდილობთ სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენას? ამაზე ნიკა გამახსენდა, ერთი უჩვეულო და არც ისე კარგი მზარეული, რომელიც ამავე დროს ფსიქოლოგიცაა(ყოველ შემთხვევაში თვითონ ასე თქვა) და რომელიც ფიქრობს რომ ადამიანების გამოცნობა შეუძლია. განსაკუთრებით საინტერესო იყო ერთი ფრაზა: ” ქუჩაში რომ მივდივარ ადამიანებს ვუყურებ და ვიცი ვინცაა, მერე ამ ყველაფრისგან ისე ვიღლები, ხშირად მიფიქრია ნეტავ მეც სხვებისნაირი ვიყო მეთქი”- ცოტაარიყოს ცუდად ჟღერს, ნიკას ალბათ განსაკუთრებულობის სინდრომი უფრო აწუხებს, (ისევე როგორც ნახევარ საქართველოს) ვიდრე  ის, რომ ემოციებისგან იღლება. არა, განსხვავებული უდაოდ არის, ჯერ მარტო კისერზე დახატული მორიელი რად ღირს, რომელიც იმიტომ გაიკეთა რომ თურმე მისი შეყვარებული იყო მორიელი ზოდიაქოთი, რას ვიზამთ, ყველა ჩვენებურად გამოვხატავთ სიყვარულს. ჰოდა, ეს ჩვენი ნიკა ისე გაერთო ჩვენი დახასიათებით, რომ ერთი საათი ენა არ გაუჩერებია, რითაც აშკარად გაანაწყენა ნათია, რომელსაც თურმე დიასახლისის როლში ხედავდა, აქვე გეტყვით რომ აქ დაუშვა ყველაზე დიდი შეცდომა. ნათიას კი ისე შეეტყო უკმაყოფილება სახეზე, რომ ჩვენმა ნიკუშამ სასწრაფოდ დაამატა რთული ხასიათი გაქვს და ყველა ურთიერთობა შენი გაწყვეტილიაო(ბიჭებს გულისხმობდა) ალბათ იფიქრა ამით დიასახლისობის შესახებ ნათქვამს გამოასწორებდა, თუმცა ნათია მის ანკესს აშკარად არ წამოეგო. ჩვენი ენაწყლიანი მზარეული მაინც არ გაჩერდა და ახლა მარიკასთან გამართა ფსიქოლოგიური ხასიათის პოლემიკა, მერე ანისაც უთხრა რამდენიმე მისი აზრით საინტერესო დასკვნა და მარიკას თუ დავუჯერებთ ჩემთან ფლირტაობა სცადა:)  ჩვენ კი ამ დროის განმავლობაში კარგად გავერთეთ, ვიჭორავეთ და განტვირთვის საღამოც მოვაწყვეთ.  love u girls ❤

ხო, დავუბრუნდეთ ჩემს კითხვებს…

2) რატომაა ზოგიერთი ადამიანი ასეთი დებილი??? (მაპატიეთ…) ძირითადად ასე მაშინ ვარ, როდესაც fb-ზე შევდივარ და ათასგვარ სიბრძნეს ვკითხულობ სტატუსების სახით: “სიყვარული იცით რა არის? …… ბლა ბლა ბლა….”     ” უშენოდ ვერ ვსუნთქავ…”,  და ა.შ. ცალკე აღსანიშნავია პაულო კოელიოს გაუგებარი ფილოსოფია, რომელზეც შემჯდარია ქართველი ახალგაზრდობა  და  დიდი სიამაყით აზიარებენ მის გამონათქვამებს. ამას რომ თავი დავანებოთ, ფოტოები… selfie everywhere…. თან სურათსაც ხო გააჩნია არა? ხალხო, არ შეიძლება ყოველი მეორე ფოტო ტუალეტში გადაღებული იყოს, მერე რა რომ რომელიმე fashion რესტორნის ტუალეტია!!!

3) როდის მომიმატებენ ხელფასს? :))))) ამ კითხვაზე პასუხი ვიცი – არასოდეს!!! 😦

4) შევხვდე???????????   ალბათ არ ღირს…

კიდევ ბევრი კითხვა მაქვს, ძირითადად საკუთარ თავთან , თუმცა თქვენთვისვე ჯობს რომ აღარ გავაგრძელო 🙂

ბედნიერ კვირა დღეს გისურვებთ

სიყვარულით

ქეთო ❤

DREAMS

სუნთქვა მიჭირს, ყელი მტკივა და თვალის გახელაც კი არ მინდა. სიზმრიდან გამოყოლილი აბსტრაქტული ნარჩენები და რეალობა ჯერ კიდევ ერთმანეთში მერევა და ისევ ეს დანაშაულის გრძნობა, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა ჩემთან ერთად იღვიძებს. ახლა არ მკითხოთ რა დააშავეო, არ ვიცი 😦 არა, იმას კი არ ვამბობ რომ არაფერს ვაშავებ, უბრალოდ ასე მგონია სულ რაღაცას ვაშავებ, მგონი დაგაბნიეთ… რა ვქნა, მეც დაბნეული ვარ და ვინმეს ხომ მაინც უნდა გავუზიარო ჩემი ქვეცნობიერის ეშმაკობები, რომლებიც უაზრო და უთავბოლო სიზმრებში გამოიხატება. აი თუნდაც ორი დღის წინ სიზმარში მე, ჩემი ერთი ნაცნობი (რომელის ცხადში დანახვა არც ისე კარგ გრძნობებს იწვევს ჩემში) და ერთი მოხუცი რომელიც სტალინი და ჩემი ლექტორი იყო ერთდროულად სადღაც კლდეზე მივცოცავდით, მე კი ამ დროს იმაზე ვფიქრობდი რომ თმის ფენი უნდა წამომეღო თან :))))) ისე სტალინთან გასაუბრება სულაც არ იქნებოდა ცუდი, ძალიან მაინტერესებს რამოდენიმე ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან.

რაც შეეხება სიზმარს,  მოდი ვიკიპედიას მივაკითხავ: ”  სიზმარი — ძილის მდგომარეობაში სრულიად უნებლიე აღმოცენება და მიმდინარეობა ფსიქიკური შინაარსებისა, უმთავრესად თვალსაჩინო წარმომადგენებისა, რაც ძირითადად უნებლიე ფანტაზიის ობიექტური სინამდვილით შეუზღუდავი გამოვლინებაა” -არ ვიცი თქვენ რას ფიქრობთ, მაგრამ ჩემთვის ახლადგაღვიძებულზე ცოტა რთულია ამ წინადადების აღქმა, მითუმეტეს რომ ჩემი ტვინი ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა იმ ნერვული სტრესიდან რაც სიზმარში განვიცადე ფენის არ წაღებით. ფროიდს თუ დავუჯერებთ, სიზმარში გამოვლინდება ადამიანის ქვეცნობიერში დამალული სურვილები და მისწრაფებები და სიზმრის მონაწილე ყველა “ელემენტს” თავისი მნიშვნელობა აქვს. არამგონია კლდეზე სტალინთან ერთად ცოცვა ჩემი მისწრაფება იყოს, რა ვიცი, ყოველშემთხვევაში ამაზე არ მიფიქრია, ამიტომ ჩემი დიდი სურვილიდან გამომდინარე გავერკვე ჩემს სიზმრებში, მოდი ჩავწეროთ google-ში “სიზმრების ახსნა”, ოჰოოოო, არ ველოდი, საკმაოდ ბევრი საიტი ყოფილა ჩემნაირი უსაქმური ცნობისმოყვარე და სიზმრებით გაწამებულთათვის 🙂 შევდივართ პირველივე საიტზე ანბანის მიხედვით ვეძებ სიზმრის თითოეულ ელემენტს: “კლდე– სიზმარში ნანახი კლდე საქმეში წარუმატებლობასა და ადამიანებთან ურთიერთობაში გაურკვევლობას მოასწავებს. თუ კლდეზე მიცოცავთ, ეს არსებული მდგომარეობიდან თავდაღწევის დიდ სურვილზე მიუთითებს”,- ვერაფერს ვიტყვი, არის სიმართლის მარცვალი 🙂 ვაგრძელებთ. იქიდან გამომდინარე რომ დარწმუნებული ვარ სტალინს ამ ჩამონათვალში ვერ ვიპოვი ამიტომ გადავდივარ ასობგერა ფ-ზე და ვეძებ ფენს 🙂 ალბათ არც ის გაგიკვირდებათ რომ ვერც ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეს საგანი ვიპოვე, სამაგიეროდ აღმოვაჩინე, რომ თურმე ფანრის ბოძის ნახვა სიზმარში კარგი ყოფილა, ცხადში მძიმე პერიოდში სრულიად უცნობი ადამიანები დაგიდგებიან გვერდში და დაგეხმარებიანო, მაგრამ ღმერთმა არ ქნას და თუ სიზმარში ბოძიდან გადმოვარდით, იმედგაცრუება და მოტყუება გელოდებათო, მაგრამ აქაც არსებობს გამოსავალი მისგან თავის დაღწევა იმ შემთხვევაში შეგიძლიათ, თუ თავად ვინმეს მოატყუებთ. ეს კიდევ არაფერი, თუ სიზმარში ფანარის ბოძს დაეჯახეთ, აი მაშინ უსიამოვნებები მართლა არ აგცდებათო 🙂 პირდაპირ გაოცებული ვარ ადამიანის ფანტაზიას საზღვარი მართლა არ აქვს, თურმე როგორი მნიშვნელოვანი ყოფილა ფანრის ბოძი. სიზმრის ახსნისა რა გითხრათ, მაგრამ ამ სიას თუ ჩაუყვებით კიდევ ბევრ თავშესაქცევს ნახავთ და შეიძლება ზოგჯერ უცხო სიტყვათა ლექსიკონადაც მოგეჩვენოთ, რადგან როგორც ჩანს მის განახლებასა და თანამედროვეობაზე მორგებას არავინ ცდილობს და რატომღაც თვლიან რომ თანამედროვე ადამიანს კომპიუტერისა და თუნდაც ფენის ნაცვლად შეიძლება დაესიზმროს ფაკირი ან ფურისულა, რაზეც ნახევარ საქართველოს წარმოდგენაც კი არ აქვს. ასეა თუ ისე სიზმარი მართლაც იდუმალებით მოცული და საინტერესო თემა იყო ყოველთვის და ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის ახლაც ასეა 🙂  აი თუნდაც, იცოდით რომ სიზმრებს ბრმებიც ნახულობენ? ხოლო ადამიანთა 12%-ის სიზმრები შავთეთრია. სიზმრები გვიცავს ფსიქოზისგან და გაღვიძებისთანავე თუ არ ჩაიწერთ დაგავიწყდებათ 🙂 ხოდა ამიტომ გადავწყვიტე სიზმრები ჩავიწერო, იქნებ ასე მაინც მივხვდე რა ხდება ჩემს თავში მაშინ, როცა მძინავს.

მოკლედ, ტკბილ სიზმრებს გისურვებთ ჩემო კარგებო ❤

სიყვარულით

თქვენი ქეთო

Blog at WordPress.com.

ზედა ↑

დო'ს ბლოგი

აქვს ფანტაზია ბავშვის, ცაში დაეძებს სოროს, სამსართულიან სახლში, მეცხე სართულზე ცხოვრობს....

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

ბაბოლიჩი's Blogg

Keep your coins... I wan't change!

Natalie’s

There’s nothing to talk about

ედიშერის ბლოგი

სიზუსტე და სამართლიანობა უფრო მეტად ფასობს ვიდრე უპირატესობა და სენსაცია

ქეთოს ბლოგი

ამერიკანო წიწაკით please...

Molly Bloom's Day™

ასტრიდ ლინდგრენი – 111

ბურუსი - BURUSI

თენგიზ ვერულავა - TENGIZ VERULAVA

სულელური თეორიის 9 წუთი

P.S გახსოვდეს ვინ ხარ.

კრაზანა

What do you read, my Lord? "Words, words, words"..

ეთოს ბლოგი

“ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი ვიდრე იყავი.”

Niksologia

აკრძალულია აკრძალვა!

სიყვარულოვნას ბლოგი

მე ვარ ნაწილი იმ დიადი ძალის, ვისაც ავი სურს და კეთილს სჩადის

Olley

როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას , შენი ცხოვრებაც ისე იქნება

ფაოს ბლოგი ^.^

The Girl Who Always Smiles, Even If She Feels Down.

Geo Blogmania Group

ჩვენ ვწერთ თქვენთვის

ბრე'ს ბლოგი

ჩემი ღამეები თქვენს დღეებზე უკეთესია

ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive...

ცხელი შოკოლადი

რაღაც დარიჩინიანი....

ჯეკის ჩანაწერები

https://www.facebook.com/Jacksnotes101

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Sometimes Y, and After C

I like breaking all of the rules

Kate's Universe

Everything In Its Right Place

გურამ შეროზიას ბლოგი

საინტერესო + სასარგებლო