Image

მას შემდეგ, რაც ევროვიზიაზე გაურკვეველი გენდერის მქონე ადამიანი გამოვიდა და სრულიად მსოფლიო საგონებელში ჩააგდო, და სანამ ჩვენ, უბრალო მოკვდავნი იმას ვმსჯელობდით მისთვის ქალი გვეწოდებინა თუ კაცი, გაგიკვირდებათ და ჩვენმა კონჩიტამ გამარჯვებულის – “ევროვიზია 2014”-ის  ტიტულის მოპოვებაც მოასწრო და ევროპის სახედ ქცევაც.  არ ვიცი შედარებით “ცივილიზებულ”  ქვეყნებში ამას რა შეფასება მოყვა, აი,” ველურ და გაუნათლებელ” საქართველოში კი დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. დღეს ამაზე საუბრობს ყველა, რა თქმა უნდა, ქართველთა უმეტესობისათვის კაბიანი და წვერებიანი მომღერალი მიუღებელი აღმოჩნდა, თუმცა, გამონაკლისები ჩვენთანაც არსებობს და აი ისიც: “დღეს მეც კონჩიტა ვარ”- ასეთი ფრაზა წავიკითხე ერთი-ერთი ჩემი ფეისბუქ-მეგობრის სტატუსზე. მიუხედავად იმისა რომ ამ ადამიანს პატივს ვცემ, მისი ასეთი განცხადება რბილად რომ ვთქვა არაგონივრული მომეჩვენა. მე თუ მკითხავთ, ასეთ საკითხებთან მეტი სიფრთხილეა საჭირო რომ ჩვენ თვითონ უნებლიე ნათქვამით რაიმე არ დავაშავოთ,  ჯობს საერთოდ არაფერი ვთქვათ, ვიდრე დავიწყოთ ამაზე საუბარი და მერე აღელვებულ ხალხს ვუთხრათ კონჩიტას წვერებზე მეტი საჭირბოროტო თემა ვერ ნახეთო. ასეთი თავგამოდებაც არაა საჭირო იმ ადამიანის დასაცავად, რომელიც ისედაც მშვენიერ მდგომარეობაშია უფრო უკეთესის პერსპექტივით. მას უნდა დავუდგეთ გვერდით, ვისაც მართლა სჭირდება – და არა კონჩიტას, რომელიც ბევრ ადამიანზე უკეთეს მდგომარეობაშია – ვგულისხმობ არა ფინანსურ მდგომარეობას, არამედ სწორედ აზრის გამოხატვისა და თვითგამოვლენის უფლებას და საკუთარი თავის სოციუმში დამკვიდრებას, რაზეც ყურადღებას ამახვილებენ ხოლმე ასეთი ადამიანების უფლებათა დამცველნი. კი, გასაგებია, 21-ე საუკუნეა, ყველა ისე იქცევა როგორც უნდა,  ზოგი კაბას ანიჭებს უპირატესობას, ზოგი შარვალს, მაგრამ აბა სცადეთ და ქუჩაში სრულიად შიშველმა გაიარეთ, არამგონია დიდხანს გაგრძელდეს თქვენი სეირნობა, წესრიგის დაამცველები აუცილებლად მოგიწოდებენ ჩაცმისკენ, ე.ი. რა გამოდის? ჯერ კიდევ ყოფილა რაღაც ზღვარი, რისი გადაკვეთაც არ შეიძლება, რაც მიღებული არაა. ასეთი წესები და კანონები რომ არ არსებობდეს სამყაროში, თავისუფლება კი არა ქაოსი იქნებოდა. არის პერიოდები როცა დრო ითხოვს წესების ცვლილებას, თუმცა ეს ბუნებრივად უნდა მოხდეს და კარგად უნდა დავფიქრდეთ ამის შემდეგ როგორ საზოგადოებაში მოგვიწევს ცხოვრება, რაკი ადამიანები ვართ და დედამიწის ბატონ-პატრონებად მოგვაქვს თავი, მოდი უკეთესობისკენ შევცვალოთ ყველაფერი და ნუ ვახდენთ პროპაგანდას იმისა, რისი შედეგებიც ჩვენც კი არ გვაქვს გააზრებული.

საზოგადო აზრია რომ სამყარო უფრო ცივილიზებული გახდა, მეტი შესაძლებლობაა, მეტი თავისუფლება, მაგრამ რა ცივილიზაციაზე მესაუბრებით, როდესაც ზოგიერთ ქვეყანაში ხალხს სასმელი წყალიც კი არ აქვს,  რომელიმე ამერიკელი მილიონერი კი თავის კატას უტოვებს მთელს ქონებას,როცა ჩვენს თვალწინ ხდება ომები, უაზროდ იღუპება ხალხის ერთი ნაწილი  და ამაზე მეორე ნაწილი მხოლოდ შეშფოთდება, ისიც ფორმალურად, ჩვენ კი პური თუ არა სანახაობა ხომ მაინც გვაქვს და ასე ბრბოს ფსიქოლოგიით ხან ვის გავიხდით ხოლმე აღტაცების ობიექტად და ხან ვის. ახლა თურმე კონჩიტას უნდა დავუდგეთ გვერდით, რომელიც არღვევს სტერეოტიპებს და ალბათ მომავლის ადამიანია, რა ვუყო ჩემს აზრის გამოხატვის თავისუფლებას, ჩემს შინაგან მეს, რომელიც სულაც არ თანაუგრძნობს კონკრეტულად ამ ადამიანს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ ქუჩაში უკან გამოვეკიდები, სადარბაზოსთან დავხვდები ან რაიმე სახის შეურაცხყოფას მივაყენებ, მაგრამ მის მომხრეებს ვთხოვ, ნუ ცდილობთ აგვიხსნათ და დაგვაჯეროთ რომ ეს კარგია, იმიტომ რომ კარგის და ცუდის იმდენივე განმარტება არსებობს, რამდენი ადამიანიცაა ამქვეყნად, ჭეშმარიტება კი ერთია და ხშირად შედარებით გვიან გახდება ხოლმე ცხადი.

ასე რომ ნუ დავემსგავსებით ქვევრებს, რომ რასაც ტელევიზორიდან ჩაგვძახებენ იგივე ამოვძახოთ, ვიფიქროთ საკუთარი ჭკუით, ფიქრი საერთოდ კარგი რამეა. 

P.S.

ეს ჩემი პირადი აზრია, არ ვიცი, გინდ ჰომოფობი მიწოდეთ, გინდ ბნელი და გაუნათლებელი.

 თქვენი ქეთო ❤