ძიება

ქეთოს ბლოგი

ამერიკანო წიწაკით please…

თვე

აპრილი 2014

Image

დღეები გადის…

ზოგი დღე ერთმანეთს წყლის წვეთებივით გავს, ზოგი სავსეა სიხარულით, ზოგი სევდით, ჩვეულებრივი წვრილმანებით და უჩვეულო ამბებით. ზოგი აკაციის ყვავილივით სურნელოვანია, მარტივით არეული, შავი კატასავით თარსი ან თაფლივით ტკბილი, ზოგი ღვინით შემთვრალ-შემსუბუქებული ან სინდისით დამძიმებული…

დღეები გადის… ზოგი სიყვარულისაა, ზოგი ქალების, მთავრობის, ბავშვების , ზოგი ამის, ზოგი იმის, ზოგიც არავის… ზოგი მზით მათბობს ან ქარით ცდილობს ყველაფრის არევას, ზოგი წვიმით მასველ-მადარდიანებს, ზოგი თოვლით მათეთრებს და სუნთქვას მიყინავს…

დღეები გადის… იცვლება შეხედულებები ცხოვრებაზე, ნელ-ნელა ვიხსნი ფერად სათვალეებს, მაგრამ გადასაგდებად მენანება და ვინახავ… იცვლება გარემო – ნაკლები მწვანეა, ბევრი ნაცრისფერი…ბევრი ღალატი, ცოტა სიყვარულიც…

დღეები გადის…გუშინდელ “ტრაგედიებზე” დღეს მეღიმება, დღეს მნიშვნელოვანი ადამიანი ხვალ უმნიშვნელო ხდება, დროდადრო ვირგებ ფერად სათვალეს რომ გავუძლო…დღეებს ხანდახან მოაქვთ აკაციის ტკბილი სურნელი… მერე ისევ ვივსები უარაფრობით, დაღლილობით მთვრალი ნაბახუსევზე გამოსვლას პოეზიით ვცდილობ, მიამიტად მჯერა რომ შემდეგი დღე უკეთესი იქნება…და მაინც, დღეები გადის… ზოგჯერ მზით, ხშირად უმზეოდ… მე კვლავ ვირგებ ფერად სათვალეს…

უჰ, ისე წვიმს აი რომ ამბობენ “ცა ფეხად ჩამოდისო”, თან უკვე ღამის პირველი საათია და მე კიდევ ვერ ვიძინებ, გრანელი მახსენდება რატომღაც, არ დაგიმალავთ და მიყვარს ძალიან გრანელიც და წვიმაც♥ მახსოვს რაღაც დავწერე კიდეც ერთ-ერთი ჩანაწერის წაკითხვის შემდეგ, მოიცა, მივაკითხო ჩემს ჯადოსნურ ” ბლოკნოტს” 🙂  აი, ისიც 🙂  2007 წლიდან იტანჯება ჩემს ხელში, იტანს რა ჩემი ემოციების გადმოფრქვევას, მერე თვეობით უყურადღებობას და ბევრ ყავის ლაქას, ცოდვა გამხელილი ჯობს და ხანდახან ცხელი თმის უთოს დასადებადაც ვიყენებ 🙂   რამდენიმეწუთიანი ძებნის შემდეგ ვიპოვე ის, რასაც ვეძებდი, ორგვერდიანი ჩანაწერი სათაურით “სევდისფერი წვიმა”. ვკითხულობ, აჰაააა, როგორც ჩანს ჩემი შთაგონების წყარო გამხდარა “გულიდან: სისხლის წვეთები”, გრანელისგან განსხვავებით, ჩემთან არაფერი საინტერესო, ვწერ წვიმიან ქალაქზე, გრანელისეულ მესამე გზაზე, და როგორც ჩანს, მინდოდა აორთქლება და მერე წვიმად მოსვლა 😀 აშკარად ვაჟას გავლენაცაა 🙂  მოკლედ, ამ ყველაფერს რომანტიულ-მელანქოლიური იერი დაჰკრავს. თუმცა მეპატიება პატარა ვიყავი ძალიან 🙂
ახლა რომ მკოთხოთ, ადამიანად დავრჩებოდი ისევ, თუ მაინცდამაინც, თოვლად მოვიდოდი, ბავშვებს გაუხარდებოდათ. 🙂

Image

აღდგომაც გავიდა.

ჩემს მოწყენილობასთან ერთად იზრდება წერის სურვილი.

სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო უკვე დაახლოებით ოთხი თვეა უსაქმურად ვარ, არ მაქვს სამსახური და ჩემი ძირითადი საქმე (და უკვე  გასართობიც) დასაქმების საიტების მონახულება და CV-ების გაგზავნა გახდა. უსაქმურობა – ამაზე დიდ სასჯელს ჩემთვის ვერც მოიფიქრებდნენ, თუმცა ბედს არ ვურიგდები და ვცდილობ ჩემი თავი გავამხნევო, ამიტომ დროდადრო ვიგონებ გაგონილ თუ წაკითხულ ფრაზებს სულის გასამხნევებლად, მაგალითად:

1) “ესეც გაივლის” -რა მრავლისმთქმელია:)უბრალოდ, როცა ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა, მაშინ რატომღაც არ მახსენდება.

2)”ყველაფერი ცუდი ხდება კარგისთვის”- ამაზე კამათი შეიძლება, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ ოპტიმისტი ვარ, მინდა რომ მჯეროდეს, ამიტომ ვიჯერებ.

3) “აღმართს ყოველთვის დაღმართი მოსდევს” და პირიქით 🙂 -ვერაფერს ვიტყვი.

რა თქმა უნდა, ეს სრული ჩამონათვალი არ არის და მისი სიმრავლე, როგორც წესი, იმაზეა დამოკიდებული რამდენად ბევრი ასეთი შეგონება მესაჭიროება იმ დროს.

“მედალს ორი მხარე აქვსო” უთქვამთ, ამიტომ ვთვლი, რომ უსამსახურობა ხანდახან ცუდი არა არის და ამასაც შეიძლება ჰქონდეს დადებითი მხარე, მაგალითად, ძილი – სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია იმისა, როგორ მიყვარს დილით ძილი, რაშიც ახლა ხელს არავინ და არაფერი მიშლის. ის კი არა, მგონი ეს საზიზღარი მაღვიძარაც შემიყვარდა, ადრინდელივით დილის 7 საათზე აღარ რეკავს და მეც არ მიწევს ჩემი საყვარელი მუსიკის ring tone-ად დაყენება იმ იმედით იქნებ უფრო სასიამოვნოდ გამეღვიძოს და ტელეფონის გადაგდების სურვილიც აღარ გამიჩნდეს მეთქი. მეორე დადებითი მხარე უმუშევრობისა ისაა, რომ ზოგადად უფრო მეტი დრო მაქვს ფიქრისთვის, საკუთარი თავის შეცნობისთვის(არ გაგეცინოთ:)) და საერთოდ ისეთი რაღაცების დანახვისთვის რასაც შესაძლოა მანამდე ვერც ვამჩნევდი, ამაში კი, რა თქმა უნდა, წიგნები მეხმარებიან. მოვიცალე ჩემი ახლობელ-მეგობრებისთვისაც (თუმცა, როგორც ჩანს, ახლა უკვე მათ აღარ აქვთ ჩემთვის დრო, რა ვიცი, ყველა ეხლა დასაქმდა :)). აი, ხომ ხედავთ რამდენი პლიუსი ჰქონია უსაქმურობას,  ბოლოს და ბოლოს უმუშევრობამ დამაწყებინა წერა(ხლაფორთი :)) და ბლოგიც კი შემაქმნევინა, მანამდე კი დამიწერია დღიურები, მაგრამ ეს სულ სხვაა, არ ვამბობ რომ რაღაც განსაკუთრებულს ვწერ, უბრალოდ ასე ჩემი ფიქრების მოსმენას ვსწავლობ, ვცდილობ ემოცია სიტყვაში ჩავტიო და რაღაცის შექმნით საკუთარი არსებობა გავამართლო 🙂

მოკლედ, ამით იმის თქმა მინდოდა, რომ ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე. შეეცადეთ იყოთ ოპტიმისტები და ყველაფერს კარგი კუთხიდან და ცოტა იუმორით შეხედოთ, თუნდაც ძალიან გიჭირდეთ, გაამხნევეთ საკუთარი თავი და არ დაკარგოთ იმედი უკეთესი მომავლისა.

P.S.

დამოძღვრასავით გამომივიდა. არ მიწყინოთ, ალბათ მიხვდით, ეს პირველ რიგში საკუთარი თავის გამხნევება იყო:)

ახლა კი წავედი jobs.ge-ს უნდა ვესტუმრო:)

დროებით :*

თქვენი ქეთო

Image

მე მივდივარ…

სახსოვრად გიტოვებ არდაბადებული გრძნობის ნაფლეთებს,

მთვარეს მივადგამ კიბეს რომ გავიდე ღრუბლებში,

თუ დაგაკლდები ცისარტყელაში მომძებნე ფერებად,

თუ მომინატრებ გვირილას კითხე ჩემზე.

ნუ გამომყვები,

ზღვის ქაფივით ჩუმად გაგიქრები თითებში,

გპირდები,

თუ მოვიწყინე დილის ნამად დავბრუნდები დედამიწაზე,

წასვლამდე კი, ეგოისტურად,

მაინც მინდა გიყვარდე…

 Image

დილიდან წერის სურვილმა გამაღვიძა, ალბათ ეს გუშინდელი საშინელი დღის შედეგი იყო, არ ვიცი. ფაქტია რომ ხანდახან არის დღეები როცა არავის დანახვა არ მინდა, უფრო სწორად, საერთოდ ვერ ვიგებ რა მინდა, ვერც კითხვას ვუდებ გულს, ვერც ფილმს ვუყურებ, დალაპარაკების სურვილიც კი არ მაქვს და უაზროდ მეტირება და რომ მკითხოთ რატომ ვერც გიპასუხებთ იმ უბრალო მიზეზის გამო რომ არ ვიცი. მოკლედ, დაგღალეთ ჩემს განცდებზე ლაპარაკით, მე კი მინდოდა რაღაც კარგი, საინტერესო დამეწერა, მაგრამ ეს არც ისე ადვილია, რადგან ჩემი აივნის წინ გამართული “ბირჟა” ყურადღებას მიფანტავს. როგორც წესი ეს მთელი ეზოს შეკრების ადგილია – დილით ბავშვიანი დედები ჩამოსხდებიან ხოლმე და განიხილავენ ვისმა პატარამ რამდენი მოიმატა, რას აჭმევენ და ა.შ, მერე მოხუცები ლაპარაკობენ ძირითადად პოლიტიკაზე, რაც ხშირად უთანხმოების მიზეზია, ზოგი მიშას აგინებს, ზოგი ბიძინას და ასე დაუსრულებლად, ბოლოს კი უსაქმური თინეიჯერების(ძირითადად ბიჭების) დრო დგება, რომლებიც ჩემდა გასაკვირად ამ ეზოში საკმაოდ ბევრნი არიან, მათი ძირითადი გასართობი კარტის თამაშია ან გამვლელი გოგოების თვალიერება, ამ დროს აივანზე გასვლაზე ფიქრიც კი ზედმეტია, თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ მეორე სართულზე ვცხოვრობ და საკმარისია კარი გავაღო და რატომღაც ყველა ჩემსკენ იყურება. სიმართლე გითხრათ თავიდან როცა აქ გადმოვედი(დაახლოებით ერთი წლის წინ) ცოტა მართობდა ეს ყველაფერი მაგრამ ახლა უკვე მაღიზიანებს და ჩემი მუდმივი უკმაყოფილებისა და წუწუნის მიზეზია, რასაც ჩემს ოჯახში ღიმილით ხვდებიან რატომღაც.  ამ ყველაფერს დავუმატოთ ყვავი რომელიც ყოველ დილით თავზე დამჩხავის. ვიცი, სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მე სულ არ მეცინება როცა დილის შვიდ საათზე მისი ჩხავილი მესმის და მიუხედავად იმისა რომ ვამტკიცებ ცრუმორწმუნე არ ვარ მეთქი, მაინც ცუდ ასოციაციას მიჩენს. მე კი, როგორც ერთ-ერთ ფილმში(სახელი არ მახსოვს) რომლის გმირსაც დაახლოებით იგივე პრობლემა აქვს, ვიწყებ იმაზე ფიქრს როგორ მოვიშორო თავიდან ეს აბეზარა ფრინველი. ხო, უნდა აღვნიშნო ისიც რომ ამ ბინის მაცხოვრებლები გიჟდებიან კატებზე, მათ შორის შავ კატებზეც და ეჭვი მაქვს რომ შავი კატების რიცხვის ზრდის პირდაპირპროპორციულად იზრდება ჩემი საშინელი დღეების რიცხვიც. აი ხედავთ ამ კატებმა, ყვავებმა და “ბირჟავიკებმა” სულ გადამიყვანეს ჭკუიდან, იმის ნაცვლად რომ გესაუბროთ უფრო საინტერესო თემებზე, მაგალითად ფრანც კაფკას ” მეტამორფოზა”,(ახლა წავიკითხე,სიტვები არ მყოფნის, დღეიდან სულ სხვა თვალით ვუყურებ ხოჭოებს:)))) რაღაც უაზრობებზე გეწუწუნებით. 

უკეთესი დღეების მოლოდინში დროებით გემშვიდობებით ❤

თქვენი ქეთო ❤

Imageროგორც ყოველთვის ინტერნეტში დავძვრებოდი, ლინკიდან ლინკზე, გვერდიდან გვერდზე და ათასგვარი უსარგებლო ინფორმაციით ვივსებდი თავს, როდესაც საიდანღაც ეს ფოტო ამოხტა 🙂 და რა თქმა უნდა, მაშინვე ჩემი ყურადღება მიიპყრო. როგორც აღმოჩნდა მისი შემოქმედი არის სკულპტორი ჯეისონ დეკაირეს ტეილორი, ეს წყალქვეშა მუზეუმი კი მდებარეობს მექსიკაში. უნდა  აღინიშნოს რომ ქანდაკებების წყალქვეშ განთავსების იდეა სწორედ ავტორს ეკუთვნის. იგი ამბობს, რომ ამით სურდა ეჩვენებინა როგორ ჰარმონიულად შეიძლება ადამიანისა და ბუნების თანაცხოვრება და ეს არის ერთგვარი მოწოდება რომ გავუფრთხილდეთ იმ სამყაროს სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. ამ უნიკალური იდეის წყალობით ტეილორი მთელს მსოფლიოში ცნობილი ხელოვანი გახდა, მას ხშირად მოიხსენიებენ როგორც “Underwater Sculptor”. ამჟამად მუზეუმში 460 ფიგურაა განთავსებული, რომელსაც ვიზიტორები ნამდვილად არ აკლია, გასაკვირიც არაა, რომ ეს ჯადოსნური ადგილი ამდენი ადამიანის ინტერესს იწვევს, ჩვენ ხომ მუდმივად რაღაც ახალს ვეძებთ. თქვენი არ ვიცი და მე ფოტოების ნახვის შემდეგ ეს მუზეუმი ჩემს  ” აუცილებლად სანახავი ადგილებიი”-ს სიაში ჩავწერე:) ძალიან მომინდა თუნდაც რამდენიმე საათით მეც ვყოფილიყავი ამ “ჩუმი ევოლუციის” მაყურებელი. 

გიტოვებთ წყალქვეშა ქალაქის რამდენიმე ფოტოს ❤

ImageImageImageImageImageImage

 

დახეული ჯინსი და შავი ლაქი ფრჩხილებზე…

სხვებისთვის მოგონილი თავდაჯერებულობით შემოსილი დავდივარ ნაცნობ ქალაქში და მინდა არ გამომრჩეს არავის თვალები, ვეძებ ნიშანს სიცოცხლის… ციგნის ბავშვი ითხოვს მოწყალებას და ტირის წართმეულ სათამაშოს. გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა, სასწორის პინას ხურდა ფულით გაკეთებულ სიკეთეს ვამატებ. უცხო სახეზე ნაცნობ ცოდვებს ვხედავ და თვალს ვარიდებ. დილიდან აყოლოლ მოუსვენრობას მზეში ვადნობ.

ქუჩის მუსიკოსი აწვალებს ფანდურს გაუგებარი სიმღერით, სახლისკენ მიმავალ გზაზე ჩნდებიან ლანდები წარსულიდან, ქარს მოაქვს ახლადგამომცხვარი პურის სუნი და ნოსტალგია ბავშვობის.

ერთი, ორი, სამი, ოთხი,ხუთი, ექვსი, შვიდი – ვითვლი კიბეებს და ვფიქრობ მატყუარა გვირილებზე…

მე – ბლოგერი

გამარჯობა:)

დღეს მე პირველად ვწერ ჩემს ბლოგზე.

არააააააააა!!!

დღეს მე ბლოგერი ვხდები.

არც ეს!!!

ღმერთო, რა რთული ყოფილა პირველი წინადადების დაწერა, დაწყება, სწორი ფორმის შერჩევა. პირველი შთაბეჭდილება ხომ ძალიან მნიშვნელოვანია(ასე მასწავლეს). თავში უამრავი აზრი ირევა და კონცენტრირებას ვერ ვახერხებ, ვღელავ!!! ეს ხომ ჩემი ჩემი პირველი პოსტია:)

ახლა ძალიან მინდა წავშალო ის ყველაფერი რაც დავწერე, მაგრამ ამას არ გავაკეთებ, მინდა მაქსიმალურად გულწრფელი ვიყო, ყველანაირი კეკლუცობის გარეშე ვწერო იმაზე რაც მაწუხებს, მაინტერესებს. ამაზე შემდეგ, ახლა კი მინდა გაგაცნოთ ჩემს მიერ დანახული ჩემი თავი:

ქეთი, მეგობრებისთვის – ქეთო. მიყვარს ყავა, შოკოლადი და ცხენები, ვერ ვიტან თავხედ ადამიანებს, მაღიზიანებს როცა არ მისმენენ, ვთვლი რომ ლიბერალი ვარ, ვუსმენ ბევრნაირ მუსიკას, მაგრამ საყვარელ შემსრულებლად მაინც სტინგი რჩება. ჩემი ყველაზე დიდი გატაცება წიგნებია – ეს ნამდვილად ჩემი სამყაროა, რომელიც არასოდეს მბეზრდება. ხანდახან ძალიან მენატრება ის დრო როცა დენი ხშირად ქრებოდა:)  ლამპის შუქზე წაკითხული წიგნი და გულითადი საუბრები ოჯახის წევრებთან. ვაღიარებ, ცოტა რომანტიკოსი ვარ, ცოტა ეგოისტიც 🙂

კიდევ ბევრი რამ შემიძლია ვთქვა, ადამიანებს ხომ ასე ძალიან გვიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი და არასოდეს გვბეზრდება სარკეში ყურება:) თქვენი არ ვიცი და მე ასე ვარ:))))

მაგრამ ჯობია აქ დავამთავრო:)))

დღეს ხომ ბლოგერი ვხდები 🙂

წარმატებები მისურვეთ 🙂

 

 

Blog at WordPress.com.

ზედა ↑

დო'ს ბლოგი

აქვს ფანტაზია ბავშვის, ცაში დაეძებს სოროს, სამსართულიან სახლში, მეცხე სართულზე ცხოვრობს....

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

ბაბოლიჩი's Blogg

Keep your coins... I wan't change!

Natalie’s

There’s nothing to talk about

ედიშერის ბლოგი

სიზუსტე და სამართლიანობა უფრო მეტად ფასობს ვიდრე უპირატესობა და სენსაცია

ქეთოს ბლოგი

ამერიკანო წიწაკით please...

MaDaM FisuNiA

შენ ახლა გადმოაბიჯე ჩემი სამყაროს კარიბჭეს

Molly Bloom's Day™

ასტრიდ ლინდგრენი – 111

ბურუსი - BURUSI

თენგიზ ვერულავა - TENGIZ VERULAVA

სულელური თეორიის 9 წუთი

P.S გახსოვდეს ვინ ხარ.

კრაზანა

What do you read, my Lord? "Words, words, words"..

ეთოს ბლოგი

“ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი ვიდრე იყავი.”

Niksologia

აკრძალულია აკრძალვა!

სიყვარულოვნას ბლოგი

მე ვარ ნაწილი იმ დიადი ძალის, ვისაც ავი სურს და კეთილს სჩადის

Olley

როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას , შენი ცხოვრებაც ისე იქნება

ფაოს ბლოგი ^.^

The Girl Who Always Smiles, Even If She Feels Down.

Geo Blogmania Group

ჩვენ ვწერთ თქვენთვის

ბრე'ს ბლოგი

ჩემი ღამეები თქვენს დღეებზე უკეთესია

ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive...

ცხელი შოკოლადი

რაღაც დარიჩინიანი....

ჯეკის ჩანაწერები

https://www.facebook.com/Jacksnotes101

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Sometimes Y, and After C

I like breaking all of the rules

Kate's Universe

Everything In Its Right Place

გურამ შეროზიას ბლოგი

საინტერესო + სასარგებლო