ძიება

ქეთოს ბლოგი

ამერიკანო წიწაკით please…

ჭდე

ადამიანური ურთიერთობები

ხანდახან ისე მეცოდება ეს ჩემი შტერი თავი რომ მიტირია კიდეც.    მერე შემრცხვება და  ეზოს ძაღლივით მიწის თხრას ვიწყებ და ამ ჩემს სენტიმენტალობებს დაღრღნილი ძვალივით ვმარხავ გულდასმით,  ოღონდ იმასაც კარგად ვიმახსოვრებ სად დავფალი,  ვერ ვიმეტებ დასავიწყებლად, ჰოდა ასე მშვიდად  დავდივარ, თითქოს უფრო თავისუფლად ვსუნთქავ,  ახლდგამოჩეკილი წიწილასავით დავჩერჩეტობ ლაღად და რაღაცნაირად საშიში სიამოვნებით სულმოუთქმელად ველოდები  როდის მომშივდება ზუსტად ისევ ის ძვალი. ‘ღრმა გრძნობების მოჩვენებითობას’ ვეძახი ხოლმე ხუმრობით ამ ჩემს ვითომ განცდებს  და მერე ჩემივე ნათქვამზე ვიცინი, ისე  ვიცინი რომ მაშინებს საკუთარი მე და სასწრაფოდ ვჩუმდები. არა, თქვენ ნუ იფიქრებთ რომ  დეპრესიული და სენტიმენტალური ვარ, არა.. ამბობენ რომ დეპრესია მოდაშია და მკურნალობენ ტაბლეტებით, რომელიც ალბათ იმ ფერადი სათვალეების ფუნქციას ასრულებს მე რომ სათითაოდ გადავყარე ჩემი ბავშვობისდროინდელი ხურჯინიდან. ჰო, დიდი ხნის წინ იყო.. იყო და არა იყო რა.. ჰოდა იმას ვამბობდი, რომ უხასიათობას არ ვუჩივი ძირითადად,  თუ დავიწყე ქაქანი თავსაც ვაბეზრებ ხალხს. საერთოდ ცუდი მგონია ეს საკუთარი თავის შეცოდება, სისუსტეს ნიშნავს და მე კიდევ არ მიყვარს ჩემში ეს პატარ-პატარა სისუსტეები, იმდენად არ მიყვარს რომ სამუდამოდ ჩავფლავდი იმ ქეთოს თავის სენტიმენტებიანად სადმე )))

P.S ჰოდა დღეს მთელი დღე ვფიქრობდი როგორ ხარ ნეტავ უჩემსიტყვაოდ? შენც გეცოდება იქნებ საკუთარი თავი…

დილაა…

ჩემს ოთახში უეცრად შემოვარდნილ ნიავს ვცდილობ გავატანო ღამის ნარჩენები…

მზე ჩემი საწოლის წინ მდგარი სარკიდან მიპაჭუნებს თვალს…

თავი დამანებე!!! ვბურტყუნებ და გვერდს ვიცვლი…

გაქრობა მინდება. ისე ძლიერად რომ მეშინია…

მე….

რამხელა სიღრმეს იტევს ეს პატარა სიტყვა და რა ცარიელია ხანდახან.

როგორც შემოდგომის ამ ერთ ჩვეულებრივ დილას…

მიზნები

გადაწყვეტილებები (ხშირად მცდარი)

მოქმედებები (ხანდახან გაუმართლებელი)

ადამიანები… შემთხვევითი გამვლელები თუ გამიზნულად დამრჩენები…

ზოგჯერ ყველა ისე ირევა ერთმანეთში რომ მიჭირს გარჩევა როლების, რომლებსაც მე თვითონ ვანაწილებ…

…………………………..

ვეძებ უცნაურობებეს

ვსაუბრობ პრაგმატულად

ვიქცევი ჩვეულებრივად(?)… ხანდახან თითქოს ცხოვრებას ვეჯიბრები…

ვწერ ურითმოდ და აბდაუბდად 🙂

…………………………..

სარეცხის თოკზე გასაშრობად გამოვფინე ფიქრები და წვიმამ დაასველა ისევ…

………………………

შეგიმჩნევიათ რა უცნაური სილამაზე აქვს შემოდგომას, ძალით საკურთხეველთან მიყვანილ პატარძალს მაგონებს რატომღაც.

P.S.

STROMAE

igifoto

ცხოვრება ყოველთვის კარგია, რადგან შეიძლება უარესი იყოს.

ჯანდაბა!!! ეს მეტისმეტად მწარე რეალობა  ევკალიპტის საღეჭი რეზინივითაა ჩემთვის, თუ ფსიქოლოგიურად მომზადებული არ ვარ მისი დაღეჭვისას ყოველ ჯერზე ამოსუნთქვის ნაცვლად ვიგუდები.

ამ ბოლო დროს ყოველდღიურ წვრილმანებში გამოხატულ ადამიანების კოლექტიური ქმედებებისაკენ მისწრაფებებზე დაკვირვებამ გამიტაცა, რომელიც ზოგიერთ შთხვევაში შესაძლოა ინდივიდის თვითწარმოჩენის შიშადაც მოგვევლინოს. უფრო გასაგებად: მაგალითად, ვზივართ ჩვენი საყვარელი ქალაქის რომელიმე უფრო საყვარელ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ვზივართ რა, სადღაც კუთხეში ვართ მიჭეჭყილი, თავზე გვაყრია სრულიად უცნობი ადამიანების ჩანთები, მხარზეც ვიღაც გვაზის, საშინლად ცხელა, კონდიციონერი რა თქმა უნდა “გაფუჭებულია”, ისღა დაგვრჩენია ფანჯარაში გავყოთ თავი და ნაპირზე ამოგდებული თევზივით გადმოკარკლული თვალებით შევისუნთქოთ მტვრითა და გამონაბოლქვით სავსე ჰაერი(ისიც თუ გაგვიმართლა და ფანჯარასთან მოვხვდით), და აი ამ დროს სადღაც ბოლო რიგიდან ისმის დაახლოებით 40-ს გადაცილებული, მოსკოვებმოვლილი, სამმთავრობაგამოცვლილი, ყველაჭირვარამგამოვლილი კაცის ბარიტონი: ისაა… აქ გაგვიჩერეთ.  მძღოლს რა თქმა უნდა არ ესმის მისი უწყინარი სურვილის ვერბალური გამოხატულება, იმიტომ რომ ხომ გახსოვთ ეს ყვითელი მარშუტკაა 🙂 ასე რომ ჩვენი გმირი მოარღვევს გაღიზიანებული, დასიცხული და გასავათებული ხალხის ნაკადს( სავარაუდოდ გულში ერთი-ორ ტკბილ სიტყავასაც იმეტებენ მისთვის.) და თან ყვირის:  გაგვიჩერეთ, გაგვიჩერეთ. ბოლოს კი მთელი მარშუტკა მოთმინებადაკარგული ერთხმად გაჰყვირის – გაუჩერეთ, გაუჩერეთ!!! ყვითელი ტრანსპორტიც ერთს ამოიქშენს, ჩერდება დააააა……. რამდენიმე წუთის წვალების შემდეგ ჩამოდის მხოლოდ ის! აი ხომ გახსოვთ მოსკოვებმოვლილი, სამმთავრობაგამოცვლილი და მრავალჭირვარამგამოვლილი 40-ს გადაცილებული სიმელოტისკენ მიდრეკილი და რა თქმა უნდა ღიპიანი ქართული საზოგადოების ღირსეული წარმომადგენელი. ჰოდა, აი რატომ? რატომ გაგვიჩერე? რა შუაშია აქ “თ”??? გაჩერება გინდა შენ, ჰოდა თქვი გამიჩერე, თითქოს მრავლობითი ფორმით უფრო მეტ დამაჯერებლობას შესძენ საკუთარ ნათქვამს? იმით რომ მარტო არ ხარ და სხვაც არის შენნაირი? დარწმუნებული ვარ შენ ის ხარ სამივე მთავრობის მიტინგზე რომ იდექი სადღაც ბოლო რიგებში, არა იმიტომ რომ რეალურად გესმოდა რისთვის იბრძოდი, არამედ იმიტომ რომ შენც იქ არჩიე ყოფნა, სადაც უმრავლესობა იყო, სწორედ ამიტომ იქნები ყოველთვის უკანა რიგებში! მაგრამ რას ვიზამთ, არაუსავს, იქაც ხომ ვიღაც უნდა იდგეს.

არ ვიცი ღამის ოთხის ნახევარზე რატომ მომინდა ამის განხილვა, მაგრამ ფიქრი ზოგადად ცუდი არა არის, ავითარებს ტვინის უჯრედებს, გვიღვიძებს ინტერესს მნიშვნელოვანი საგნებისადმი, გვიყალიბებს ფასეულობებს, მიზნებსა და ლოგიკური აზროვნების უნარს. გვერდითი მოვლენები არ გააჩნია!!!  🙂

49589-Be-Yourself

P.S.

ახლა მინდა რამე ჭკვიანური დავწერო და ისე დაგემშვიდობოთ 🙂   თუმცა არაფერი არ მაგონდება, ამიტომ ძილი ნებისა :* თუ უკვე დილა მშვიდობისა 🙂 როგორც არის… 🙂

Groove Armada “Think Twice

love you

ქეთო…

tumblr_luzlkv6uMf1qzcemao1_1280

თურმე შემოდგომაც მოსულა, ამიტომ მომინდა განვლილი ზაფხულისთვის გადამევლო თვალი. როგორც ყოველთვის ემოციურად დატვირთული აღმოჩნდა, კოფეინით სავსე და ისევ ახალი სამსახურის მომტანი, რის გამოც შვებულებაში ისევ ვერ გავედი, ამიტომ weekend-ებზე ხან თელავში გავრბოდი, ხან ქობულეთში და ხან ქარელში.  ამდენი გადარბენა-გადმორბენით ისე დავიღალე რომ ყველა მუზა გამექცა და ისეთი პირი უჩანს, რომ არც აპირებენ დაბრუნებას. ახალმა შეგრძნებებმა დამღალა და გამომფიტა სულიერადაც და ფიზიკურადაც, თუმცა საწუწუნო არაფერი მაქვს, ეს ხომ ჩემი სტილია, ბევრი საინტერესო ადამიანი, ფინჯანი ყავა(უშაქრო:)), კარგი წიგნი და გემოვნებიანი მუსიკა. სხვათაშორის რამდენიმე საჩემო შემსრულებელი აღმოვაჩინე, წიგნებს რაც შეეხება ძირითადად ელექტრონულ ვერსიებს ვკითხულობდი სამსახურში, რის გამოც წიგნის სურნელის შეგრძნება დამაკლდა და თითქოს კარგადაც ვერ განვიცადე წაკითხული, ვერ ვიგრძენი ავტორი ჩემს გვერდით. იძულებით კოელიოს რამდენიმე ნაშრომსაც გავეცანი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ საჩემო არაა ეგ აბდაუბდა, მისტიურობა მიტაცებს, მაგრამ არც ამდენად, არც რომანტიული ვარ და არც შეყვარებული, ასე რომ კიდევ ერთხელ არა!

ადამიანები კი…. ადამიანებთან უფრო რთულადაა საქმე, სულ რაღაც სამ თვეში რამდენიმე დავკარგე… ერთ გამოხედვაში ჩატეული ორთვენახევრის მონატრება და უმოქმედობა, უფრო სწორად, მოქმედების უაზრობა….ჰოდა, ჯერ გზაჯვარედინზე მდგომი პატარა ბავშვივით ვეღარ გავიგე საით წავსულიყავი, დავიბენი და უფრო მეტად მეტკინა რაღაც შიგნით სულში ვიდრე ველოდი, თუმცა მერე  მათი აღარყოფნით ავივსე…  და კოფეინით… ჩემს აივანზე გატარებული საღამოები შემიყვარდა, თქვენ წარმოიდგინეთ ხედიც კი, რომელიც გულისხმობს სამშენებლო მასალებს და უსიცოცხლო ბეტონის კედლებს, და ის სავარძელიც აღარ მემეტება გადასაგდებად 🙂

whatever….

ხომ იცით, არ ვარ პესიმისტი 🙂

P.S. მთავარია მუზები დამიბრუნდნენ … 🙂

სიყვარულით

თქვენი ქეთო

ნიღბები

შევმსუბუქდი რაღაცნაირად, ალბათ იმიტომ რომ მივხვდი არავის სჭირდება ჩემი მთელი ღამის ნაფიქრიდან გამომდნარი  ჩემივე  ჭეშმარიტება, ამიტომ  ღამეს ძილს ვუთმობ, ეს უფრო ადამიანურია. იცით, ერთი სამკაული მაქვს, რომელიც უხვად მოიპოვება ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ალბათ ყველა სამკაულის დახლთან და ნებისმიერ მსურველს შეუძლია იყიდოს, ეს არის გულსაკიდი – ორი ნიღაბი, ერთი მხიარულია, მეორე სევდიანი. მას რომ ვუყურებ ყოველთვის ვფიქრობ რომ ეს ორი საკმარისი არაა, სინამდვილეში იმდენი ნიღაბი გვაქვს, რომ  შეუძლებელია მათი დათვლა. თუ ხანდახან, ძალიან იშვიათად მაინც, დაკვირვებიხართ საკუთარ თავსა და საქციელს, თქვენც შეამჩნევდით თქვენს ნიღბებს. ჩვენ ვთამაშობთ გამუდმებით, სხვა ადამიანებითა და საკუთარი გრძნობებით. ჩვენ არ გვიყვარს როცა გვატყუებენ. როცა გვიყენებენ, ვითხოვთ გულწრფელობას, სამართლიანობას, თუმცა სასაცილო ისაა, რომ ეს ყველაფერი ერთი დიდი თამაშია, სადაც ყველა თავდაუზოგავად მხოლოდ იმას ცდილობს ამ ბრბოში ყველაზე მაღლა აცოცდეს, თუნდაც ამისათვის ვიღაცის ძვლებზე მოუწიოს დგომამ. გაოცებული ვარ რამდენად აბსურდულია ხანდახან ჩვენი საქციელი, მას შემდეგ რაც გამოქვაბულიდან გამოვედით და წესების შექმნა დავიწყეთ, ისე ვიქცევით, რომ ეჭვი მაქვს მალე ისევ იქ აღმოვჩნდებით. გამოდის, რომ არაფრით ვართ ცხოველებზე ნაკლები, უბრალოდ მათ ინსტინქტები ამოძრავებთ, რაც ჩვენ უფრო დახვეწილი გვაქვს და უფრო ლამაზად შეფუთული. შეიძლება ისინი გვჯობდნენ კიდეც, ამაზე ერთი ლექსი გამახსენდა, ბესიკ ხარანაულის “ხეები”, იქ ერთი ამონარიდია ასეთი : “რაც კი ვიცხოვრე, იმდენ ხანს რომ მგლებში მეცხოვრა, ხომ ძმად ჩამთვლიდნენ, ხომ აღარასოდეს მიმტყუნებდნენ, არ გამწირავდნენ.”  ალბათ ამით ყველაფერია ნათქვამი. თუმცა, მე იმას არ ვამბობ რომ ვაჟასავით წვიმად მოსვლას ვინატრებდი, ან მგლად გადაქცევას, მიუხედავად იმისა რომ მაქციები მოდაშია და სრულიად ჰოლივუდი აჭრელებულია მსგავსი შინაარსის ფილმებითა და სერიალებით 🙂 არა, მე ისევ მირჩევნია ის ადამიანი ვიყო, რომელიც ცნობისმოყვარეობამ გამოქვაბულიდან გამოიყვანა, ადამიანი, რომელმაც შექმნა სახელმწიფო, ადამიანი რომელიც მუდმივად ბრძოლობს, თუნდაც მეორე ადამიანთან, მერე რა, ჩვენ უამრავ შეცდომას ვუშვებთ, მთავარი შეგვეძლოს ამ შეცდომების დანახვა, თორემ ჩვენი ცხოვრება ხომ ერთი დიდი თამაშია, თამაში საკუთარი თავის 🙂 მხოლოდ ხანდახან, როცა მაკიაჟს ვიშორებთ სარკეში ვიყურებით და საკუთარ ანარეკლს თვალებში ჩავხედავთ, ვხვდებით რომ საკმარისია, რომ აღარ გვინდა კიდევ ერთი ნიღბის მორგება, იმიტომ რომ ჩვენს თვალებში დანახული სიცარიელის შეგრძნება გვაშინებს, გვაფრთხობს, იქნებ ჩვენს თავსაც ვეღარ ვცნობთ… აი ამ დროს ღამეს თეთრად ვათენებთ და ვეძებთ, ვეძებთ, ვეძებთ…. მერე ერთი სული გვაქვს სხვებსაც მოვუყვეთ, გავაგებინოთ, თუმცა ეს არც ისე ადვილია, სწორედ ამიტომ… მერე ისევ ვეძებთ, ამჯერად ახალ ნიღბებს, ბევრად უფრო უდარდელსა და გამძლეს.

P.S. მაპატიეთ, ჩემი ხასიათივით აბურდული ჩანაწერი გამომივიდა 🙂 ცოტა პესიმისტური და ნაღვლიანიც 😦 საერთოდ, ცხოვრება ცუდი რამე არაა, გააჩნია როგორ ხასიათზე ხარ და ფული რამდენი გაქვს ანგარიშზე 🙂 ასე რომ, გისურვებთ  კარგ შემოსავალს და ბევრ საინტერესო მოთამაშეს თქვენს სცენაზე.

სიყვარულის ნიღბით

თქვენი ქეთო

და  ვიწყებ წერას!!! დილაა, თუმცა სრულიად ჩაბნელებულ ოთახში ვზივარ, მხოლოდ კომპიუტერის ეკრანისგან განათებულ ჩემს თავს ვხედავ სარკეში.  სასურველ განწყობას  მე თვითონ ვიქმნი ყავისა და ჩემი საყვარელი მუსიკის დახმარებით, თან რა თქმა უნდა, თავში აფუთფუთებულ ფიქრებსაც გასაქანს ვაძლევ. უამრავი პირადი თუ საზოგადო კითხვა მიტრიალებს, თუ გინდათ რამდენიმე მათგანს გაგანდობთ …

White clock with words Time for Questions on its face

1) რატომ ვცდილობთ სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენას? ამაზე ნიკა გამახსენდა, ერთი უჩვეულო და არც ისე კარგი მზარეული, რომელიც ამავე დროს ფსიქოლოგიცაა(ყოველ შემთხვევაში თვითონ ასე თქვა) და რომელიც ფიქრობს რომ ადამიანების გამოცნობა შეუძლია. განსაკუთრებით საინტერესო იყო ერთი ფრაზა: ” ქუჩაში რომ მივდივარ ადამიანებს ვუყურებ და ვიცი ვინცაა, მერე ამ ყველაფრისგან ისე ვიღლები, ხშირად მიფიქრია ნეტავ მეც სხვებისნაირი ვიყო მეთქი”- ცოტაარიყოს ცუდად ჟღერს, ნიკას ალბათ განსაკუთრებულობის სინდრომი უფრო აწუხებს, (ისევე როგორც ნახევარ საქართველოს) ვიდრე  ის, რომ ემოციებისგან იღლება. არა, განსხვავებული უდაოდ არის, ჯერ მარტო კისერზე დახატული მორიელი რად ღირს, რომელიც იმიტომ გაიკეთა რომ თურმე მისი შეყვარებული იყო მორიელი ზოდიაქოთი, რას ვიზამთ, ყველა ჩვენებურად გამოვხატავთ სიყვარულს. ჰოდა, ეს ჩვენი ნიკა ისე გაერთო ჩვენი დახასიათებით, რომ ერთი საათი ენა არ გაუჩერებია, რითაც აშკარად გაანაწყენა ნათია, რომელსაც თურმე დიასახლისის როლში ხედავდა, აქვე გეტყვით რომ აქ დაუშვა ყველაზე დიდი შეცდომა. ნათიას კი ისე შეეტყო უკმაყოფილება სახეზე, რომ ჩვენმა ნიკუშამ სასწრაფოდ დაამატა რთული ხასიათი გაქვს და ყველა ურთიერთობა შენი გაწყვეტილიაო(ბიჭებს გულისხმობდა) ალბათ იფიქრა ამით დიასახლისობის შესახებ ნათქვამს გამოასწორებდა, თუმცა ნათია მის ანკესს აშკარად არ წამოეგო. ჩვენი ენაწყლიანი მზარეული მაინც არ გაჩერდა და ახლა მარიკასთან გამართა ფსიქოლოგიური ხასიათის პოლემიკა, მერე ანისაც უთხრა რამდენიმე მისი აზრით საინტერესო დასკვნა და მარიკას თუ დავუჯერებთ ჩემთან ფლირტაობა სცადა:)  ჩვენ კი ამ დროის განმავლობაში კარგად გავერთეთ, ვიჭორავეთ და განტვირთვის საღამოც მოვაწყვეთ.  love u girls ❤

ხო, დავუბრუნდეთ ჩემს კითხვებს…

2) რატომაა ზოგიერთი ადამიანი ასეთი დებილი??? (მაპატიეთ…) ძირითადად ასე მაშინ ვარ, როდესაც fb-ზე შევდივარ და ათასგვარ სიბრძნეს ვკითხულობ სტატუსების სახით: “სიყვარული იცით რა არის? …… ბლა ბლა ბლა….”     ” უშენოდ ვერ ვსუნთქავ…”,  და ა.შ. ცალკე აღსანიშნავია პაულო კოელიოს გაუგებარი ფილოსოფია, რომელზეც შემჯდარია ქართველი ახალგაზრდობა  და  დიდი სიამაყით აზიარებენ მის გამონათქვამებს. ამას რომ თავი დავანებოთ, ფოტოები… selfie everywhere…. თან სურათსაც ხო გააჩნია არა? ხალხო, არ შეიძლება ყოველი მეორე ფოტო ტუალეტში გადაღებული იყოს, მერე რა რომ რომელიმე fashion რესტორნის ტუალეტია!!!

3) როდის მომიმატებენ ხელფასს? :))))) ამ კითხვაზე პასუხი ვიცი – არასოდეს!!! 😦

4) შევხვდე???????????   ალბათ არ ღირს…

კიდევ ბევრი კითხვა მაქვს, ძირითადად საკუთარ თავთან , თუმცა თქვენთვისვე ჯობს რომ აღარ გავაგრძელო 🙂

ბედნიერ კვირა დღეს გისურვებთ

სიყვარულით

ქეთო ❤

362123804e9c0d22fcbd372045ec450b

 ვერასოდეს წარმოვიდგენდი ლექსის წერა თუ შემეძლო, თუმცა, ჩემს ბლოგს რომ გადავხედე სულ ლექსებით გამივსია, ხანდახან მინდა ძველებურად გიამბოთ რამე, თუმცა, როცა წერას ვიწყებ ვგრძნობ რომ სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, თითქოს ბევრი მაქვს სათქმელი და ამავე დროს არაფერი, უცნაური გრძნობაა… წერა ჩემთვის რაღაცის თავიდან მოშორებასავითაა, ემოციების, შეგრძნებების, დავწერ და ვიცლები, ვმსუბუქდები, ალბათ ბოლოდროინდელი განცდები მეტისმეტად ძვირფასი აღმოჩნდა იმისათვის რომ გამეშვა ჩემგან, ამიტომ ვერ შევძელი მათი თქვენთვის განდობა, რაც ყველაზე მეტად მიყვარს ის ხომ არავისთვის არ მემეტება ხოლმე. 

 ვდარდობ რომ თანდათან უფრო ნაკლები დრო მრჩება ბლოგისთვის, ფიქრისთვის, ვდარდობ იმასაც, რომ თანდათან ადამიანების ნდობას ვკარგავ და უფრო და უფრო ხშირად მინდა დავრჩე მარტო, ნელ-ნელა ვკარგავ ჩემთვის ძვირფას ადამიანებს და მათთან ერთად მეც ვიშლები ნაწილებად, ისინი მოდიან ჩემს ცხოვრებაში, მცვლიან, იცვლებიან და მიდიან, მათ ადგილას კი სიცარიელე რჩება, და ასე დაუსრულებლად. ვგრძნობ როგორ ხდება ერთნაირი ჩემი ყოველი დღე – ერთი დიდი რუტინა, მე კი ძალაც აღარ მაქვს იმის, რომ რაღაც შევცვალო.

  დავიღალე ადამიანებით, მათი გამოცანებით, მათი გამოცნობით, ამდენი პრაგმატიზმითა და სიცივით, სიმსუბუქით თვალებში და ირონიით სიტყვებში, სითბოს გაცემით და სიცივის მიღებით, დაუსრულებელი ყინულის კედლებით მათ ირგვლივ, დავიღალე გაურკვეველი საუბრებით ფინჯანი ყავის თანხლებით, ამდენი გულისტკენითა და იმედგაცრუებით…

  ზღვა მომენატრა, სველი ქვიშა და თოლიები…

 

 

Image

ისევ დამძიმდა გული რითმებით,

შენზე ლექსებით უგონოდ დათვრა,

დარდის სიმებზე აცეკვებული

დამღალა ფიქრთა უსიტყვოდ განცდამ.

ისევ გავრითმე შენი დუმილი,

გულის ფურცლებზე დავტიე ამბად,

შენ გისახსოვრე, თუმცა, ვინ იცის,

მაკულატურად აბარებ ალბათ.

თვალებს შიგნით ვტირი სულში… 

გაურკვევლობის აუტანელი სარჩული სულს მიწიწკნის, ხელები ისე გამეყინა როგორც ბავშვობისას მაშინ… დამღალა იმან, რომ ყველა რაღაცას ითხოვს ჩემგან, ამდენმა ვალდებულებამ, უემოციო ადამიანებმა, უსასრულო სიტყვათა ნაკადმა, უარაფრობით სავსე დღეებმა, თვალების სიმარტივემ და წინადადებების სირთულემ…  ხომ იცი, ასეთ დროს  გრანელი მახსენდება: “მე მინდა გაფრენა…” კარგი იქნებოდა მერცხალი ვყოფილიყავი, გავფრინდებოდი თბილ ქვეყნებში, არ შევეჩვეოდი ადვილად სხვებს, ნაკლებს ვიდარდებდი ალბათ… ვიფრენდი უსასრულოდ, უმისამართოდ…

ბავშვური სიმარტივე მომენატრა… გადატყავებული მუხლები, წრეში ბურთი, გაზაფხულზე პირველად მოსული წვიმის სუნი, მინდორში ოცნებების საპოვნელად წასვლა, გვირილებისგან დაწნული გვირგვინი, ყვითელი ერბოქილები…  და გულწრფელობა…როცა არ მჭირდებოდა სიტყვების შერჩევა…

…არადა გავიზარდე… გვირილები ისევ მიყვარს, მაგრამ… გულის ხმამ მიმტყუნა?.. თუ ადამიანები მატყუებენ უემოციოდ? რამდენჯერაც ხელი გავუწოდე იმდენჯერ თვალი ამარიდეს,  რამდენჯერაც გავუღიმე იმდენჯერ მომპარეს ღიმილი, რამდენჯერაც ვენდე იმდენჯერ გამცეს, მერე კი ონკანის წყლით ხელები დაიბანეს… მუდმივად რაღაცას მეუბნებიან, მიმტკიცებენ, მე კი არ შემიძლია დავიჯერო, იმიტომ რომ ვერ ვგრძნობ… ჩემი პრაგმატიზმი კი  სადღაც ილექება…
მედარდიანები… 

Image

სიყვარულით 

 შენი ქეთო ❤

Create a free website or blog at WordPress.com.

ზედა ↑

დო'ს ბლოგი

აქვს ფანტაზია ბავშვის, ცაში დაეძებს სოროს, სამსართულიან სახლში, მეცხე სართულზე ცხოვრობს....

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

ბაბოლიჩი's Blogg

Keep your coins... I wan't change!

Natalie’s

There’s nothing to talk about

ედიშერის ბლოგი

სიზუსტე და სამართლიანობა უფრო მეტად ფასობს ვიდრე უპირატესობა და სენსაცია

ქეთოს ბლოგი

ამერიკანო წიწაკით please...

Molly Bloom's Day™

ასტრიდ ლინდგრენი – 111

ბურუსი - BURUSI

თენგიზ ვერულავა - TENGIZ VERULAVA

სულელური თეორიის 9 წუთი

P.S გახსოვდეს ვინ ხარ.

კრაზანა

What do you read, my Lord? "Words, words, words"..

ეთოს ბლოგი

“ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი ვიდრე იყავი.”

Niksologia

აკრძალულია აკრძალვა!

სიყვარულოვნას ბლოგი

მე ვარ ნაწილი იმ დიადი ძალის, ვისაც ავი სურს და კეთილს სჩადის

Olley

როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას , შენი ცხოვრებაც ისე იქნება

ფაოს ბლოგი ^.^

The Girl Who Always Smiles, Even If She Feels Down.

Geo Blogmania Group

ჩვენ ვწერთ თქვენთვის

ბრე'ს ბლოგი

ჩემი ღამეები თქვენს დღეებზე უკეთესია

ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive...

ცხელი შოკოლადი

რაღაც დარიჩინიანი....

ჯეკის ჩანაწერები

https://www.facebook.com/Jacksnotes101

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Sometimes Y, and After C

I like breaking all of the rules

Kate's Universe

Everything In Its Right Place

გურამ შეროზიას ბლოგი

საინტერესო + სასარგებლო