Image

არადა, რა გინდა რომ თქვა, მართალია! როგორც გლდანის მაცხოვრებელი(შეგახსენებთ, უკვე ერთი წლის მანძილზე) თამამად ვაცხადებ რომ მე გლდანში კაფე არ მინახავს, არა, ერთი კი ვიცი, მაგრამ თავმოყვარე ადამიანი, ვისაც ოდნავი წარმოდგენა მაინც აქვს მსგავსი დაწესებულების შესახებ, იქ არ დაჯდება. სამაგიეროდ გლდანი თქვენც ხომ იცით რითია განთქმული? გაგახსენდათ ხო?  მართალია, შაურმით. გლდანის შაურმა თუ არ გიჭამიათ, ე.ი. შაურმის აზრზე არ ხართ საერთოდ. მოკლედ, გლდანს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ “შაურმათუბანი” ან ” საშაურმე”, ამ, ჩემი აზრით, სრულიად გაუგებარი, ერთგვარი თურქული ვითომ ბუტერბროდის მოყვარულები, ალბათ წინააღმდეგები არ იქნებიან გლდანის ერთ დიდ საშაურმედ გადაქცევისა, ჩემსავით კოფეინზე გაგიჟებულებს კი მოგვიწევს ვაკეში და რუსთაველზე სირბილი. ახლა თუ ფიქრობთ “აუ ეს გოგო რას სვეცკობს”, “ეს ვინაა, მარიაჟი”, ან რაღაც მსგავსი, დამერწმუნეთ იმ ადამიანთა კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომლებიც ყოველდღე კაფეებში ყავას წრუპავენ და ტირამისუს აყოლებენ, ამ ჯადოსნურ სასმელის მიღება ძირითადად სახლში მიყვარს ჩემი უზარმაზარი ფინჯნით. უბრალოდ, ხანდახან ადამიანს ხო შეიძლება მოგინდეს მეგობართან ერთად დაჯდომა და ჭორაობა ყავის თანხლებით, აბა წარმოიდგინეთ ჭორაობა შაურმის ჭამისას, ცოტა უხერხულია ხო? 🙂

 ჰოდა რას ვამბობდი, გლდანი რომ სხვა პლანეტაა მაშინვე მიხვდებით როგორც კი ახმეტელის მეტროდან გამოხვალთ, თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ აქ, მაშინ ვერასოდეს დაივიწყებთ გაურკვეველი წარმომავლობის გარემოვაჭრეებს(ალბათ უფრო ციგნები და ახლა უკვე ინდოელები) რომლებიც მიმავალს გიყვირიან “მოდი გოგო, ნასკი არ გინდა? ლარად მოგცემ, აჰა, ცაიღე, ცაიღე” ან “ტუფლი, ტუფლიიიიი”, “ლიკრა კალგოტკა, ლიკრა, ლიკრააა” და ა.შ. ვთქვათ და, რაღაცის ყიდვა გადაწყვიტეთ, მაგალითად ე.წ. კალგოტკის (სხვათაშორის ცუდი არ არის, თან იაფია:), მაშინ პირველ რიგში აქეთ-იქით უნდა გაიხედოთ პოლიციელი ხომ არაა სადმე თორემ შესაძლოა სწორედ ფულის მიცემის პროცესში მოაწყონ რეიდი, რომელზეც თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ და დარჩეთ კალგოტკის და ფულის გარეშე, რადგან თქვენგან განსხვავებით, პატივცემულმა გარემოვაჭრემ მშვენივრად იცის რომ ამ ადგილას ვაჭრობა აკრძალულია და ისიც მოეხსენება რომ პოლიციის რეიდებს უნდა ელოდოს. სწორედ ამიტომ, ჰყავთ საკუთარი მზვერავები რომლებიც სამართალდამცავის მსგავსი ფორმის დანახვისთანავე თავპირისმტვრევითა და გაუგებარი ყვირილით გამორბის. აი თქვენთვის გაუგებარი ყვირილი კი სრულიად გასაგებია გარემოვაჭრეებისთვის, და როცა თქვენ, ბოლოს და ბოლოს, აზრზე მოხვალთ, ალბათ იმასღა დაინახავთ როგორ უჩინარდებიან, კაცმა არ იცის სად, ვეებერთელა ჩანთამოკიდებული ციგნები, მეტროს მიმდებარე ტერიტორია კი სავსეა პარკებით, ქაღალდებით, ერთჯერადი ჭიქებით და ყველანაირი ნაგვით.
ჰოდა, რა მინდოდა საერთოდ, კაფედან დავიწყე და ციგნებით ვამთავრებ, რა ვიცი, ეხლა რომ ვფიქრობ, მოთხოვნა-მიწოდების პრინციპიდან გამომდინარე, შესაძლოა გლდანში კაფემ ვერც გაამართლოს.
და მაინც, რა არის გლდანი?.. 😉