ეს პოსტი ერთ ჩემთვის ძალიან საყვარელ ადამიანს ეძღვნება გასამხნევებლად ❤

Image

საერთოდ ვფიქრობ რომ ადამიანის ცხოვრება შედგება ფაქტებისაგან რომლის თავიდან აცილება შეუძლებელია და ასევე ფაქტებისაგან რომელიც შეიძლებოდა რომ არ მომხდარიყო. განვმარტავ:იქიდან გამომდინარე რომ ვარ ცოცხალი სუბიექტი, ე.ი. ვარსებობ, მე რომ გავჩნდი ამქვეყნად ამას ვთვლი ჩემს ცხოვრებაში მოვლენად, რაც აუცილებლად უნდა მომხდარიყო, იგივე შემიძლია ვთქვა სიკვდილზეც – რაკი დავიბადე, შესაბამისად აუცილებლად მოვკვდები. რაც შეეხება მოვლენებს რომლის თავიდან აცილება შესაძლებელია – ეს ჩვენი ყოველდღიურობაა, ჩვენი უფლება წავიდეთ იმ გზით, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია სწორად.  ალბათ დამეთანხმებით რომ  ყოველი ქმედება განაპირობებს შემდგომ ქმედებას, ადამიანს კი ყოველთვის აქვს არჩევანის საშუალება. ნებისმიერი არჩევანის შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ცხოვრება გარკვეულ ქმედებათა ჯაჭვია, არ არსებობს მდგომარეობა, რომელიც მუდმივია და მისი შეცვლა არ შეიძლება. თუ ამ მსჯელობას გავყვებით გამოდის რომ ყველაფერი ცვალებადია, ალბათ მეთანხმებით ხო? ისევე როგორც დღეს ღამე მოსდევს, აღმართს დაღმართი, ჩვენს ცხოვრებაშიც არის კარგი და ცუდი პერიოდები, შესაძლოა ცუდი უფრო მეტია, ხანგრძლივი, ან უბრალოდ ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე ასე გვეჩვენება, მერე რა, ვისწავლოთ პატარ-პატარა ბედნიერებებით ტკბობა. ესეც რომ არ იყოს, ხომ გახსოვთ, სამყაროში ყველაფერი ცვალებადია, კლიმატიც კი იცვლება და შესაბამისად მცენარეები, ცხოველები და მათ შორის ადამიანი, თუმცა არა ადამიანური ბუნება, რაც არ უნდა ვამტკიცოთ რომ უფრო პრაგმატულები და ცივილიზებულები გავხდით, მაინც შეგვიძლია ერთ ადამიანურ ემოციას გადავაყოლოთ მთელი ჩვენი პრაგმატიზმი. ამაში მე ცუდს ვერფერს ვხედავ, ჩვენ ადამიანები ვართ! უფრო მეტად რთულები, ვიდრე უახლესი კომპიუტერული ალგორითმი, უფრო მეტად ამოუხსნელნი ვიდრე ნებისმიერი მისტიური სამკუთხედი, ამ საუკუნის ადამიანებსაც ისევე გვტკივა და გვიხარია როგორც წინა საუკუნეში მცხოვრებთ. თუ  ისევ ჩვენივე ბუნებიდან გამომდინარე სწორედ იმ ცუდი პერიოდის გამო უიმედობა შეგვიპყრობს ხოლმე, ხანდახან მაინც, გვეჩვენება რომ ხელმოცარულები ვართ და ყველა ჩვენზე უკეთესი გვგონია, დავფიქრდეთ, და თუ გნებავთ 21-ე საუკუნისათვის დამახასიათებელი პრაგმატიზმით მივუდგეთ ამ საკითხს –  მივხვდებით რომ ისევ და ისევ სამყაროს ცვალებადობიდან გამომდინარე ცხოვრება სავსეა ახალი შესაძლებლობებით, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია სხვა კარი შევაღოთ. შეგვეშალა?  მერე რა, ჩვენ მუდმივად რაღაც გვეშლება, მთავარია შეგვეძლოს ამ შეცდომის დანახვა და აღიარება. 

 და რაც მთავარია, არ დავუჯეროთ ბანალურ და გაცვეთილ ფრაზებს რომ მხოლოდ წინ უნდა ვიყუროთ. არა, ვიაროთ მხოლოდ წინ, მაგრამ ხანდახან მოვიხედოთ უკან, რომ კიდევ ერთხელ გადავხედოთ შეცდომებს და დავრწმუნდეთ არჩეული გზის სისწორეში, მოვიხედოთ, რომ ვიცოდეთ რა დავკარგეთ, რა შევიძინეთ და როგორ კვალს ვტოვებთ.

სიყვარულით 

ქეთო ❤