სამშაბათი. 18:05.
არც ისე დაღლილი გამოვდივარ სამსახურიდან, ჭავჭავაძეზე მოვსეირნობ, თან მუსიკის რითმს ვაყოლებ ნაბიჯებს, უცბად პატარა ბიჭი გაჩნდა არსაიდან, ჩემს წინ დგას, სასკოლო ზურგჩანთა მოუგდია, ხელში ფურცლები აქვს ჩაბღუჯული და რაღაცას მეუბნება. ყურსასმენები მოვიხსენი და გაოცებული ვუყურებ:
-უფ, ძლივს არ მოიხსენი, ეხლა მოისმინე, ნახატებს ვყიდი და არ გინდა? – მეკითხება დიდი კაცივით და საქმიანი გამომეტყველებით მაჩვენებს ხელში ჩაბღუჯულ ფურცლებს.
მეღიმება მის სერიოზულობაზე და მეც საქმიანად ვეკითხები:
-აბა რა ნახატები გაქვს?
არ ეზარება, ყველას სათითაოდ მაჩვენებს იქვე კიბესთან ჩამუხლულს და თან მიხსნის – ეს ვარდია, ეს ჯვარი, ეს პალმა, ეს მზეა და ცისარტყელა. აბა შენ თუ იცი რამდენი ფერია ცისარტყელაში? -ეშმაკურად უბრწყინავს თვალები.
-მმმმ, არაა, -ვამბობ სინანულით.
-ეგ როგორ არ იცი? შვიდი. -იწყებს ფერების ჩამოთვლას.
-ყოჩაღ, საიდან იცი ამდენი რამე?
-დედამ მასწავლა, – მპასუხობს ამაყად, – იცი, მე მამა აღარ მყავს, – უმუქდება თბილი თაფლისფერი თვალები.
გული ჩამწყდა… ვცდილობ სიტყვები მოვძებნო, რამე ვთქვა სანუგეშებლად, თუმცა ვხვდები რომ აზრი არ აქვს, როგორ უნდა უთანაგრძნო 5-6 წლის ბავშვს, რომელსაც იმაზე მეტი ტკივილი უნახავს, ვიდრე შენ 26 წლის მანძილზე . ამიტომ უბრალოდ ლოყაზე ვკოცნი.
– ძალიან კარგი ბიჭი ხარ შენ!
-მადლობა.
-არაფრის, რა გქვია?
-სიმონა
-სიმონა, სასიამოვნო შენი გაცნობა, ძალიან გიყვარს ხატვა?
-კი. დიდი რომ გავიზრდები ძალიან ბევრ ნახატებს დავხატავ, -ამბობს დარწმუნებით.
-ხოდა, მეც აუცილებლად ვიყიდი შენს ნახატებს.- თვალებზე ეტყობა რომ უხარია და კმაყოფილი მიღიმის.
სენდვიჩებზე დავპატიჟე სიმონა და 2 ნახატიც ვიყიდე, არაფრით არ აიღო ზედმეტი. ერთი ნახატი 1 ლარი ღირდა…
P.S. სიმონას ნახატები:
შენი აზრი