Image

აღდგომაც გავიდა.

ჩემს მოწყენილობასთან ერთად იზრდება წერის სურვილი.

სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო უკვე დაახლოებით ოთხი თვეა უსაქმურად ვარ, არ მაქვს სამსახური და ჩემი ძირითადი საქმე (და უკვე  გასართობიც) დასაქმების საიტების მონახულება და CV-ების გაგზავნა გახდა. უსაქმურობა – ამაზე დიდ სასჯელს ჩემთვის ვერც მოიფიქრებდნენ, თუმცა ბედს არ ვურიგდები და ვცდილობ ჩემი თავი გავამხნევო, ამიტომ დროდადრო ვიგონებ გაგონილ თუ წაკითხულ ფრაზებს სულის გასამხნევებლად, მაგალითად:

1) “ესეც გაივლის” -რა მრავლისმთქმელია:)უბრალოდ, როცა ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა, მაშინ რატომღაც არ მახსენდება.

2)”ყველაფერი ცუდი ხდება კარგისთვის”- ამაზე კამათი შეიძლება, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ ოპტიმისტი ვარ, მინდა რომ მჯეროდეს, ამიტომ ვიჯერებ.

3) “აღმართს ყოველთვის დაღმართი მოსდევს” და პირიქით 🙂 -ვერაფერს ვიტყვი.

რა თქმა უნდა, ეს სრული ჩამონათვალი არ არის და მისი სიმრავლე, როგორც წესი, იმაზეა დამოკიდებული რამდენად ბევრი ასეთი შეგონება მესაჭიროება იმ დროს.

“მედალს ორი მხარე აქვსო” უთქვამთ, ამიტომ ვთვლი, რომ უსამსახურობა ხანდახან ცუდი არა არის და ამასაც შეიძლება ჰქონდეს დადებითი მხარე, მაგალითად, ძილი – სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია იმისა, როგორ მიყვარს დილით ძილი, რაშიც ახლა ხელს არავინ და არაფერი მიშლის. ის კი არა, მგონი ეს საზიზღარი მაღვიძარაც შემიყვარდა, ადრინდელივით დილის 7 საათზე აღარ რეკავს და მეც არ მიწევს ჩემი საყვარელი მუსიკის ring tone-ად დაყენება იმ იმედით იქნებ უფრო სასიამოვნოდ გამეღვიძოს და ტელეფონის გადაგდების სურვილიც აღარ გამიჩნდეს მეთქი. მეორე დადებითი მხარე უმუშევრობისა ისაა, რომ ზოგადად უფრო მეტი დრო მაქვს ფიქრისთვის, საკუთარი თავის შეცნობისთვის(არ გაგეცინოთ:)) და საერთოდ ისეთი რაღაცების დანახვისთვის რასაც შესაძლოა მანამდე ვერც ვამჩნევდი, ამაში კი, რა თქმა უნდა, წიგნები მეხმარებიან. მოვიცალე ჩემი ახლობელ-მეგობრებისთვისაც (თუმცა, როგორც ჩანს, ახლა უკვე მათ აღარ აქვთ ჩემთვის დრო, რა ვიცი, ყველა ეხლა დასაქმდა :)). აი, ხომ ხედავთ რამდენი პლიუსი ჰქონია უსაქმურობას,  ბოლოს და ბოლოს უმუშევრობამ დამაწყებინა წერა(ხლაფორთი :)) და ბლოგიც კი შემაქმნევინა, მანამდე კი დამიწერია დღიურები, მაგრამ ეს სულ სხვაა, არ ვამბობ რომ რაღაც განსაკუთრებულს ვწერ, უბრალოდ ასე ჩემი ფიქრების მოსმენას ვსწავლობ, ვცდილობ ემოცია სიტყვაში ჩავტიო და რაღაცის შექმნით საკუთარი არსებობა გავამართლო 🙂

მოკლედ, ამით იმის თქმა მინდოდა, რომ ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე. შეეცადეთ იყოთ ოპტიმისტები და ყველაფერს კარგი კუთხიდან და ცოტა იუმორით შეხედოთ, თუნდაც ძალიან გიჭირდეთ, გაამხნევეთ საკუთარი თავი და არ დაკარგოთ იმედი უკეთესი მომავლისა.

P.S.

დამოძღვრასავით გამომივიდა. არ მიწყინოთ, ალბათ მიხვდით, ეს პირველ რიგში საკუთარი თავის გამხნევება იყო:)

ახლა კი წავედი jobs.ge-ს უნდა ვესტუმრო:)

დროებით :*

თქვენი ქეთო