სულ მინდა ხოლმე წიგნის წაკითხვის შემდეგ ჩემი “ემოციური რეცენზია” თქვენც გაგიზიაროთ, თან იცით როგორი ემოციური? ენის წვერზე რომ გადგას სათქმელი და ისეთი შეგრძნება რომ გაქვს თუ არ თქვი მოკვდები ან მინიმუმ ღამე ვერ დაიძინებ, ახლა ალბათ ფიქრობთ დაწერე მერე ვინ გიშლისო 🙂  ჩემო კარგებო და საყვარლებო, ყველაფერს ხო თავისი მიზეზი აქვს…

მიზეზი N 1: დრო! ალბათ გახსოვთ წავიწუწუნე უსაქმურად ვარ მეთქი, ჰოდა, აღარ ვარ, მოკლედ, არ გაცდიან ადამიანს ცოტა დასვენებას, გინდა თუ არა წამოდი იმუშავეო 🙂 ეს ხუმრობით 🙂 ისე, მიხარია ჩემი ცხოვრების ახალი ფურცელი, იმედია საინტერესო რამეებს ჩავწერ და წაკითხვა თუ არა თვალის გადავლება მაინც მომინდება ხოლმე ხშირ-ხშირად 🙂  ჰოდა, რას ვამბობდი, ამდენ გადარბენა-გადმორბენაში ორი კვირა ვკითხულობდი ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო წიგნს, თან ისეთს ხშირად რომ უბრუნდები, ბულგაკოვის “ოსტატი და მარგარიტა”, თან იცით სად ვკითხულობდი? ძირითადად მეტროში და მარშუტკებში და ამ უკანასკნელით მგზავრობის დროს ბოლოს უკვე ცუდად ვხდებოდი. მოკლედ,  რომ შევაჯამოთ, პირველი მიზეზი არის დროის უქონლობა.

მიზეზი N 2:  სხვა რაღაცეებზე ლაქლაქის სურვილი. რას ვგულისხმობ იცით? პოსტის დასაწერად რომ ვიცლი ძირითადად უკვე ღამის 11-12 საათია და ამ დროს ძირითადად იმაზე მინდა ვიბოდიალო, რაც დღის განმავლობაში მოხდა საინტერესო, განვიხილო, ჩემი აზრი გამოვთქვა მეკითხება თუ არა 🙂  უბრალოდ განვიტვირთო სიტყვების კორიანტელში. 

მიზეზი N 3: გაინტერესებთ? უკვე იმდენ განხილვას ვკითხულობ ყველა წიგნზე რომ მერე ვფიქრობ მეტისმეტი ხომ არაა, ეს ჩემი “ემოციური რეცენზიები” ვიღას სჭირდება მეთქი…

ძირითადად ესაა მიზეზები, კიდევ პატარ-პატარა რაღაცეებს თუ არ ჩავთვლით რისი დაწერაც მეზარება, იმიტომ რომ მეძინება.

თუმცა, იცით რა, ამ მიზეზებს რომ გადავხედე…მე მაინც დავწერ! თქვენ რას იტყვით? 

მე თქვენთან ერთად შევქმნი ჩემი წიგნების ქალაქს, ემოციური რეცენზიებით მობინადრეებს, იერარქია თქვენთვის მომინდვია. და რაც მთავარია დავარქმევ კანუდოსს ♥

♥სიყვარულით♥

თქვენი ქეთო ♥