ჩემი ოჯახის წევრები ფიქრობენ რომ ეგოისტი ვარ, მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ ვცდილობ გავაკეთო ის, რაც მინდა. მიყვარს როცა კომფორტულად ვარ მოკალათებული ჩემს საწოლზე, გვერდით ტუმბოზე ჩემი საყვარელი ყავა დგას, მე კი ან რაიმეს ვკითხულობ, ან ინტერნეტში დავძრომიალობ, ან რაიმე ფილმს ვუყურებ – ეს ჩემი განტვირთვაა,ასეთია ჩემი საღამოები როცა მეგობრებთან ერთად არ ვერთობი. მერე რა რომ ხანდახან(ხშირად) სოფოს ვთხოვ ყავის მომზადებას. საერთოდ არ ვარ მზრუნველი და რატისთვის კი არა ჩემთვისაც მეზარება კარტოფილის შეწვა, ძალიან იშვიათად ვალაგებ სახლს და დედაჩემის კითხვაზე -რა ხდებოდა დღეს სამსახურში, თითქმის ყოველთვის ვპასუხობ რომ არაფერი. დედა მეუბნება რომ სახლში უფრო და უფრო ცოტა დროს ვატარებ, ცოტას ვლაპარაკობ და საერთოდ ნაკლებად ვურთიერთობ მათთან. აბა თქვენ როგორ მოიქცეოდით ჩემს ადგილას როცა დილა იწყება მაღვიძარის ზარით, რომელიც მინიმუმ ნახევარი საათი გრძელდება, შემდეგ ვცდილობ სამგორიდან ავლაბრამდე გაწელილ საცობს რეის, ტონის და რა თქმა უნდა,ჩემი ყურსასმენების დახმარებით გავუმკლავდე, მერე მთელი დღის განმავლობაში ვიღიმი გაუთავებლად, იმიტომ რომ თურმე ასეა საჭირო და კიდევ, განსაკუთრებული ფრაზა: “კიდევ რით შემიძლია დაგეხმაროთ?” აი ამის შემდეგ კი მიწევს იმის ახსნა რომ არც “ოდნოები” მაქვს, არც კონტაქტი და არც ფეისბუქი და არც ნომრის მიცემას არ ვაპირებ, ოღონდ ესეც ღიმილით რა თქმა უნდა. “სერვის +” მარად და მარად!!! გარდა ამისა, ვისმენ უამრავ ჭორს და მართალს, უამრავ უსარგებლო ინფორმაციას, მაგალითად გუშინ დალის გადასარევი ჩაქაფული გაუკეთებია, ისეთი გემრიელი ყოფილა რომ ემოციები დღემდე გამოყვა და ჩვენც თუ არ მოვიკრებთ მოთმინებას და არ შევიგრძნობთ(რა თქმა უნდა თეორიულად) მისი შემოქმედების ნაზ გემოსა და მადისაღმძვრელ არომატს ალბათ კლიენტებს მოუყვება:) ეს კი ნამდვილად არ გვაწყობს. მერე როცა დალი თავის კულინარიულ ფანტაზიებს ამოწურავს, რომელიმე თანამშრომლის ან კლიენტის გაჭორვის დრო დგება, ზოგს ფეხი არ უვარგა, ზოგს ტანი, ზოგს შუბლი, ზოგს კიდევ გემოვნება. აქვე გეტყვით რომ არც მე ვარ მამა აბრამის ბატკანი და მსგავს საუბრებში მეც ვერთობი ხოლმე, ხანდახან:) დაახლოებით ასეთი ამბების მოყოლაში მოდის 6 საათი და მეც ერთი სული მაქვს როდის გამოვალ ჩემი სამუშაო სივრციდან, რაც ზოგიერთი ჩემი მეგობრისთვის აკვარიუმთან ასოცირდება, ზოგისთვის ბუნაგთან და ხშირად მთავაზობენ ჟანგბადის ბალონის გამოყენებას:) ხო, დამავიწყდა მეთქვა, რომ ალბათ უკვე ტრადიციად გვექცა სამსახურის მერე ნახევარი საათი მაინც ჭორაობაში და ყავის სმაში გავატაროთ. შეკრების ადგილი ე.წ. ” კურილკა” რაც გამოიყენება როგორც პირდაპირი მნიშვნელობით, ასევე გადატანითი ანუ სასადილოს ფუნქციას ითავსებს. შეკრების უცვლელი მონაწილეები მე, ნათია, მარი, თიკო და რა თქმა უნდა ბაქარი, რომელიც მოთმინებით გვიტანს ოთხ და ხანდახან მეტ გოგოს და გულუხვად გვამარაგებს ყავით ყოველ საღამოს. მერე ლიკა შემოირბენს, ხადახან ზურა გვესტუმრება და თავისი ‘სტრანნი’ იუმორით გვართობს, ღმერთო, რას არ იტანს ეს კედლები, ტატოს ფეხის ნაკვალევსაც კი. ამასობაში ჩემი წასვლის დროც მოდის, ან უნივერსიტეტში გავრბივარ ცინიზმის მამასთან შესახვედრად(ჯგერენაიას ვგულისხმობ) ან ბუღალტერიაზე, სადაც ნინო ისე ხტება ამოცანიდან ამოცანაზე თითქოს კალია იყოს და ჩვენ ბადით მივდევდეთ დასაჭერად. ბოლოს კი, როცა ჩემთვის უკვე სულერთია 2*2 ოთხია თუ თექვსმეტი ვამთავრებთ ლექციას და ვიწერ დავალებებს, და მეც რა თქმა უნდა გულწრფელად მჯერა რომ სახლში ვიმეცადინებ 🙂 წამოსვლისას მომენტალურად მეხსნება ტვინი თიკოს შოკოლადების დახმარებით თან როგორც ჩანს ანის დადებითი აურა მოქმედებს, ახლა კი მხოლოდ ერთი დაბრკოლება მრჩება გადასალახი-მეტრო. ამ დროს ისევ ჩემი ყურსასმენები მშველის, დაახლოებით ერთი საათის შემდეგ კი უკვე სახლის კარზე ვაკაკუნებ და ერთი სული მაქვს როდის მოვკალათდები საწოლზე ყავით ხელში. აი ამ დროს კი სოფო აღშფოთებული მიყვება თავის თავხედ ნატურაზე, რომელსაც ხატავს, რატი სიყვარულს თავში წამორტყმით გამოხატავს დედაჩემს კი უნდა გაიგოს როგორ ჩაიარა ჩემმა დღემ. მე კი, მე უბრალოდ ძალიან დავიღალე. ლაპარაკი კი არა, ფიქრიც კი არ მინდა. არც იმაზე როგორ გავზარდო ჩემი შემოსავალი, არც იმაზე რატომ ხდება რომ ჩვენი ფიქრები განსხვავდება ჩვენი საქციელისგან, არც იმაზე რას იტყვის ვინმე მეზობელი ლაურა(რომელსაც არც კი ვიცნობ) როცა დამინახავს რომ მანქანით მომიყვანეს სახლში,არც იმაზე რომ ასე გაუფასურდა ლარი, არც სოციალური სივრცის ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად დაყოფის პრიორიტეტებსა თუ განსხვავებებზე. რა იქნებოდა თითის ერთი დატკაცუნებით ნირვანაში გადავდიოდე, მაგრამ რას ვიზამ, wake up, it’s a real world !!!
ასე რომ დეე, უბრალოდ გადაღლილი ვარ… ცოტა ეგოისტიც… 🙂

სიყვარულით
ქეთო