25 წლის ვარ!
არ ვარ გათხოვილი და ჯერჯერობით არც ვგეგმავ!!!
მაქვს ერთი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი( მეორე გზაშია 🙂 )
რამდენიმე სერთიფიკატი, მათ შორის, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს( ჩემთვისაც კი), IT ინჟინერია 😀
სამსახური, რომელიც ხანდახან მომწონს კიდეც,
ოჯახი, რომელიც ძალიან მიყვარს მიუხედავად მათი „აუტანლობისა“ 😀
მეგობრები – ჩემი ყველაზე დიდი შენაძენი,
ტელეფონი, რომელზეც ვგიჟდები 🙂
ბლოგი, რომელიც ამ ბოლო დროს დღიურს უფრო გავს…
და კიდევ რამდენიმე ანგარიშგასაწევი ადამიანი, რომლებიც რაღა დაგიმალოთ და ხანდახან თავს მაბეზრებენ.

ხო, მე უკვე დიდი გოგო ვარ და ხანდახან ოცნებაც მავიწყდება, მაგრამ კარგად ვიცი რომ ბავშვი მოხუცშიც კი ცოცხლობს, ამიტომ მაპატიეთ თუ ხანდახან ბავშვივით ვიქცევი ან როგორც დედაჩემი იტყოდა უპასუხისმგებლოდ.. ნუ მომთხოვთ ყოველთვის ვიყო „დიდი გოგო“ , ნუ მომთხოვთ ვიტვირთო პასუხისმგებლობები, რომლებიც თავისი სიმძიმით იმდენად მიჯაჭვულს მხდის მიწაზე რომ ცაში ახედვის სურვილიც კი აღარ მიჩნდება.
ბედნიერება ყოველდღიურ წვრილმანებშია, ამიტომ არაუშავს თუ დღეს ჩემი კარადა დასალაგებელია, საფულე ცარიელი… მერე რა თუ „გრაფი მონტე კრისტო“ დღემდე ჩემი საყვარელი წიგნია… სულელურ მელოდიებზე ცეკვაც მიყვარს სარკის წინ :D:D და როგორც ბავშვობაში, ნაწვიმარ ქუჩებში სიარულისას გუბეებზე გადახტომას ახლაც ვცდილობ..

როგორც ვთქვი, ბედნიერება წვრილმანებშია, ამიტომ მაპატიეთ თუ ხანდახან ბორდიურზე ჩამოჯდომა და ლუდის დალევა მეც მინდება, მერე რა რომ გოგო ვარ(თან „კარგი გოგო“).
ხო, მომწონს საუბრები ფილოსოფიაზე ფინჯანი ყავის თანხლებით, მაგრამ ხანდახან ინტელექტუალური მზერის სიცარიელე გულზე ისე მწარედ მხვდება, რომ ჩემი უბნის ქუჩური ჟარგონით მოსაუბრე „ბირჟავიკების“ აზრი ბევრად უფრო ღირებულია ჩემთვის… და ადამიანური თვალებით დანახული მათი სამყარო, სადაც მხოლოდ თეორიების ცოდნა არ არის საკმარისი, თუნდაც ის ყველაზე დიდ მოაზროვნეს ეკუთვნოდეს.

მე ხომ მხოლოდ 25 წლის ვარ… ამიტომ მაპატიეთ რომ სამსახურიდან პირდაპირ სახლში არ მივდივარ, როგორც ყველა ‘წესიერი’ გოგო უნდა იქცეოდეს და ხანდახან ღამის სამ საათზე შევდივარ სახლში, იმიტომ რომ უბრალოდ მეგობრებთან ერთად გავერთე, იქ სადაც მუსიკა ისე ხმამაღლა უკრავს რომ ალბათ ბებიაჩემიც მოინდომებდა ცეკვას… 🙂 იმასაც ნუ მომთხოვთ ღიმილი ვაკონტროლო მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენ, უკვე გაზრდილმა ადამიანებმა რამე ‘ისე’ არ გაიგოთ…

მე ვიცი რომ ცხოვრება თამაშია და ყველა იმ როლს ირგებს რაც უნდა… ან შეუძლია, ამიტომ მაპატიეთ თუ მე მხოლოდ ერთი როლი არ მაკმაყოფილებს და ხშირად ვიცვლი(ხასიათის ბრალია;))
ისიც მაპატიეთ, რომ მიუხედავად ჩემი მუდმივი მტკიცებისა, რომ უკვე გავიზარდე და „დიდი გოგო“ ვარ, ახლა საპირისპიროს ვამტკიცებ…
მე 25 წლის ვარ, მალე 26-საც გავხდები…
ამ დროს უკვე მექნება ორი დიპლომი… ალბათ კიდევ უფრო მეტი გაურკვეველი სახის სერთიფიკატი,
ოჯახი, მეგობრები, სამსახური…იმედია ტელეფონიც 😀
ბლოგი აუცილებლად!
კიდევ ბევრი რამ შეიცვლება…
თუმცა…
მე კარგად ვიცი რომ ბავშვი მოხუცშიც კი ცოცოხლობს, ამიტომ ნუ ეცდებით ჩემში ის გააქროთ, იმიტომ რომ წვრილმანებშია ბედნიერება და კიდევ იმიტომაც რომ სწორედ ეს ბავშვი ღმერთია ჩვენს გულებში..
image

image

image