DREAMS

სუნთქვა მიჭირს, ყელი მტკივა და თვალის გახელაც კი არ მინდა. სიზმრიდან გამოყოლილი აბსტრაქტული ნარჩენები და რეალობა ჯერ კიდევ ერთმანეთში მერევა და ისევ ეს დანაშაულის გრძნობა, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა ჩემთან ერთად იღვიძებს. ახლა არ მკითხოთ რა დააშავეო, არ ვიცი 😦 არა, იმას კი არ ვამბობ რომ არაფერს ვაშავებ, უბრალოდ ასე მგონია სულ რაღაცას ვაშავებ, მგონი დაგაბნიეთ… რა ვქნა, მეც დაბნეული ვარ და ვინმეს ხომ მაინც უნდა გავუზიარო ჩემი ქვეცნობიერის ეშმაკობები, რომლებიც უაზრო და უთავბოლო სიზმრებში გამოიხატება. აი თუნდაც ორი დღის წინ სიზმარში მე, ჩემი ერთი ნაცნობი (რომელის ცხადში დანახვა არც ისე კარგ გრძნობებს იწვევს ჩემში) და ერთი მოხუცი რომელიც სტალინი და ჩემი ლექტორი იყო ერთდროულად სადღაც კლდეზე მივცოცავდით, მე კი ამ დროს იმაზე ვფიქრობდი რომ თმის ფენი უნდა წამომეღო თან :))))) ისე სტალინთან გასაუბრება სულაც არ იქნებოდა ცუდი, ძალიან მაინტერესებს რამოდენიმე ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან.

რაც შეეხება სიზმარს,  მოდი ვიკიპედიას მივაკითხავ: ”  სიზმარი — ძილის მდგომარეობაში სრულიად უნებლიე აღმოცენება და მიმდინარეობა ფსიქიკური შინაარსებისა, უმთავრესად თვალსაჩინო წარმომადგენებისა, რაც ძირითადად უნებლიე ფანტაზიის ობიექტური სინამდვილით შეუზღუდავი გამოვლინებაა” -არ ვიცი თქვენ რას ფიქრობთ, მაგრამ ჩემთვის ახლადგაღვიძებულზე ცოტა რთულია ამ წინადადების აღქმა, მითუმეტეს რომ ჩემი ტვინი ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა იმ ნერვული სტრესიდან რაც სიზმარში განვიცადე ფენის არ წაღებით. ფროიდს თუ დავუჯერებთ, სიზმარში გამოვლინდება ადამიანის ქვეცნობიერში დამალული სურვილები და მისწრაფებები და სიზმრის მონაწილე ყველა “ელემენტს” თავისი მნიშვნელობა აქვს. არამგონია კლდეზე სტალინთან ერთად ცოცვა ჩემი მისწრაფება იყოს, რა ვიცი, ყოველშემთხვევაში ამაზე არ მიფიქრია, ამიტომ ჩემი დიდი სურვილიდან გამომდინარე გავერკვე ჩემს სიზმრებში, მოდი ჩავწეროთ google-ში “სიზმრების ახსნა”, ოჰოოოო, არ ველოდი, საკმაოდ ბევრი საიტი ყოფილა ჩემნაირი უსაქმური ცნობისმოყვარე და სიზმრებით გაწამებულთათვის 🙂 შევდივართ პირველივე საიტზე ანბანის მიხედვით ვეძებ სიზმრის თითოეულ ელემენტს: “კლდე– სიზმარში ნანახი კლდე საქმეში წარუმატებლობასა და ადამიანებთან ურთიერთობაში გაურკვევლობას მოასწავებს. თუ კლდეზე მიცოცავთ, ეს არსებული მდგომარეობიდან თავდაღწევის დიდ სურვილზე მიუთითებს”,- ვერაფერს ვიტყვი, არის სიმართლის მარცვალი 🙂 ვაგრძელებთ. იქიდან გამომდინარე რომ დარწმუნებული ვარ სტალინს ამ ჩამონათვალში ვერ ვიპოვი ამიტომ გადავდივარ ასობგერა ფ-ზე და ვეძებ ფენს 🙂 ალბათ არც ის გაგიკვირდებათ რომ ვერც ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეს საგანი ვიპოვე, სამაგიეროდ აღმოვაჩინე, რომ თურმე ფანრის ბოძის ნახვა სიზმარში კარგი ყოფილა, ცხადში მძიმე პერიოდში სრულიად უცნობი ადამიანები დაგიდგებიან გვერდში და დაგეხმარებიანო, მაგრამ ღმერთმა არ ქნას და თუ სიზმარში ბოძიდან გადმოვარდით, იმედგაცრუება და მოტყუება გელოდებათო, მაგრამ აქაც არსებობს გამოსავალი მისგან თავის დაღწევა იმ შემთხვევაში შეგიძლიათ, თუ თავად ვინმეს მოატყუებთ. ეს კიდევ არაფერი, თუ სიზმარში ფანარის ბოძს დაეჯახეთ, აი მაშინ უსიამოვნებები მართლა არ აგცდებათო 🙂 პირდაპირ გაოცებული ვარ ადამიანის ფანტაზიას საზღვარი მართლა არ აქვს, თურმე როგორი მნიშვნელოვანი ყოფილა ფანრის ბოძი. სიზმრის ახსნისა რა გითხრათ, მაგრამ ამ სიას თუ ჩაუყვებით კიდევ ბევრ თავშესაქცევს ნახავთ და შეიძლება ზოგჯერ უცხო სიტყვათა ლექსიკონადაც მოგეჩვენოთ, რადგან როგორც ჩანს მის განახლებასა და თანამედროვეობაზე მორგებას არავინ ცდილობს და რატომღაც თვლიან რომ თანამედროვე ადამიანს კომპიუტერისა და თუნდაც ფენის ნაცვლად შეიძლება დაესიზმროს ფაკირი ან ფურისულა, რაზეც ნახევარ საქართველოს წარმოდგენაც კი არ აქვს. ასეა თუ ისე სიზმარი მართლაც იდუმალებით მოცული და საინტერესო თემა იყო ყოველთვის და ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის ახლაც ასეა 🙂  აი თუნდაც, იცოდით რომ სიზმრებს ბრმებიც ნახულობენ? ხოლო ადამიანთა 12%-ის სიზმრები შავთეთრია. სიზმრები გვიცავს ფსიქოზისგან და გაღვიძებისთანავე თუ არ ჩაიწერთ დაგავიწყდებათ 🙂 ხოდა ამიტომ გადავწყვიტე სიზმრები ჩავიწერო, იქნებ ასე მაინც მივხვდე რა ხდება ჩემს თავში მაშინ, როცა მძინავს.

მოკლედ, ტკბილ სიზმრებს გისურვებთ ჩემო კარგებო ❤

სიყვარულით

თქვენი ქეთო