ძიება

ქეთოს ბლოგი

ამერიკანო წიწაკით please…

ყველაფერი ცვალებადია!ყველაფერი მოკვდავია! 

​- ღმერთო, არ მჯერა, როგორც იქნა დავჯექი. რამდენი ხალხია დღეს, – წუწუნით ჩაეხეთქა ლილი ბუხართან მდგარ სავარძელში, თან წელზე იკიდებდა ხელს და ხვნეშოდა, – ვაიმე დედა, წელი მტკივა კატო, რა უბედურებაა ყველას წიგნის ყიდვა მოუნდა  საახალწლოდ?

-ნუ წუწუნებ ლილი, ძალიან მიხარია რომ ამდენი სტუმარი გვყავს. ხომ იცი, კაფეს გაფართოებაზე ვფიქრობ,  თან ერთი კუთხე სამეცნიერო ლიტერატურასაც მინდა დავუთმო, არიან ადამიანები რომელთაც მხატვრული ლიტერატურა საერთოდ არ აინტერესებთ. მინდა ჩემი ლიტერატურული კაფე იყოს განსხვავებული, ორიგინალური და ყველასთვის საყვარელი ადგილი ქალაქში, – დაამთავრა გამოსვლა კატომ და ყავის ფინჯნითა და ლეპტოპით მოკალათდა ბართან. 

-კატოოო, მგონი ჩვენი დაკეტვის დროა, – ლილიმ ჯერ კატოს გახედა შემპარავად შემდეგ კი კედელზე ჩამოკიდებულ ანტიკვარულ საათს.

-მიდი ჰო, დაკეტე კარი ზარმაცუნა – გაეღიმა კატოს, -მოგაკითხავს შენი პრინცი?

-ჰო, მოვა ცოტა ხანში, – გაუბრწყინდა თვალები ლილის და წამოდგა, თუმცა კარის დაკეტვა არ დასცალდა, რადგან პირდაპირ შეეჩეხა დაგვიანებულ სტუმარს.

– გამარჯობა.

-გამარჯობა, იცით ჩვენ ვიკეტებით უკვე.

-დიახ ვიცი, რამდენიმე წუთს წაგართმევთ, -უხერხულად შეიშმუშნა გოგონა. მწვანე ბერეტიდან ჩამოყრილი კულულები უკან გადაიყარა, ზედ შერჩენილი თოვლი ჩამოიფერთხა და დიდი ნაცრისფერი თვალები მავედრებლად შეანათა ლილის.

-მობრძანდით, რით შეგვიძლია დაგეხმაროთ? – გამამხნევებლად გაუღიმა ბარის დახლთან მჯდომარე კატომ.

-იცით, მართლა მჭირდება თქვენი დახმარება, ცოტა უცნაური სათხოვარი მაქვს, – სიცივისგან გაწითლებულ თითებს აწვალებდა უცნობი გოგონა. – მე მინდა ერთ ადამიანს საჩუქარი დავუტოვო თქვენთან და თუ შეიძლება რომ გადასცეთ.

-რა მაგარია, სეკრეტ სანტა ხართ? რა საჩუქარია? – ტაში შემოჰკრა ლილიმ.

-ჰო, სეკრეტ სანტა ვარ, – ნაღვლიანად გაიღიმა გოგონამ, – შეიძლება ხომ?

-კი, რა თქმა უნდა შეიძლება, -გულწრფელად გაიღიმა კატომ.

– აი ეს არის, – ზურგჩანთა გახსნა უცნობმა და თოკით გაბანტული ლამაზ ქაღალდში შეფუთული ნივთი ამოიღო, –  აი ეს რომ გადასცეთ და თქვენი ყავა, ამერიკანო უშაქრო. ფულს წინასწარ გადავიხდი.  არასოდეს ყოფილა აქ და მინდა ის ყავა გასინჯოს, რომელიც მე ძალიან მიყვარს. და კიდევ, იქნებ თქვენ დარეკოთ და გააფრთხილოთ რომ საჩუქარი ელოდება აქ, მე დავურეკავდი მაგრამ გესმით ალბათ, არ უნდა იცოდეს ვინ არის გამომგზავნი და…

– კი რა თქმა უნდა, არაა პრობლემა, მითხარით ნომერი, რა ქვია თქვენი საჩუქრის ადრესატს?

– თორნიკე. აი ნომერი- ტელეფონი მიაწოდა უცნობმა კატოს.

ყურმილის მეორე მხარეს სასიამოვნო ბარიტონმა უპასუხა კატოს.

-გისმენთ

-ალო, გამარჯობა, თორნიკეს ვესაუბრები?

-დიახ, რით დაგეხმაროთ?

-თორნიკე, მე ლიტერატურული კაფე „კანუდოსიდან“ გირეკავთ. თქვენთვის საჩუქარი დატოვეს ჩვენთან და თუ შეიძლება ხვალ რომ მობრძანდეთ და წაიღოთ.

-საჩუქარი? ვინ დატოვა?

-იცით, ეს საიდუმლოა. ალბათ როცა საჩუქარს ნახავთ მიხვდებით გამომგზავნის ვინაობას. მისამართს ესემესით გამოგიგზავნით თუ არ იცით.

-დიახ, თუ შეიძლება.

-კარგით, ანუ ხვალ მოხვალთ ხომ?

-ჰო, ალბათ მოვალ.

-კარგით, გელოდებით,  – ტელეფონი გათიშა კატომ და უცნობ გოგონას გადახედა, რომელიც ნერვიულად ისწორებდა ბერეტს.

-რაო?

-ალბათ მოვალო.

-ჰო, ალბათ მოვა, – ნაძალადევად გაიღიმა გოგონამ და ხუთლარიანი გაუწოდა კატოს, -აი ეს ყავის ფული ინებეთ.

-მადლობა, თქვენი სახელი?

-სესილია, სესი. მეგობრები ასე მეძახიან.

-ძალიან კარგი სესი, მე კატო ვარ, ეს ლილი. შენ არ ინერვიულო, შენი საჩუქარი საიმედო ხელშია და აუცილებლად მიიღებს შენი ადრესატი.

-ჰო, გადავცემთ აბა რას ვიზამთ. რა საყვარელი გოგო ხარ შენ, მეც მინდა ასეთი სანტა, –  საწყალი თვალებით შეხედა ლილიმ კატოს.

-მადლობა დიდი, –  გაიღიმა სესილიამ, – წავალ ახლა მე, ისედაც შეგაყოვნეთ. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და  დამდეგს გილოცავთ. – ზურგჩანთა ცალ მხარზე მოიგდო სესილიამ, ბერეტი შეისწორა და კართან მისული მოულოდნელად კატოს მიუბრუნდა:

-კატო, ზეგ საღამომდე თუ არ მოვიდა… უბრალოდ გადააგდე ეს საჩუქარი, დაწვი, არ ვიცი, რაც გინდა ის უქენი… მადლობა. ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა გოგონებს სესილიამ, ხელი დაუქნია და კარი გაიხურა.

ბუხარში დანთებული შეშის ტკაცუნი არღვევდა კაფეში გამეფებულ სიჩუმეს. კატო და ლილი ჯერ ისევ მისჩერებოდნენ კარს, სადაც ორიოდე წამის წინ მათი მოულოდნელი სტუმარი გაუჩინარდა.

-რაღაც საინტერესო ამბავი ჩანს კატო არა? როგორ მაინტერესებს ის თორნიკე როგორი ტიპია, ან ეს ალბათ რაღა იყო, პირველად გავიგე საჩუქრის აღება არ გინდოდეს ადამიანს. ისე რა საყვარელი გოგო იყო არა? თან რაღაცნაირი, აი როგორ გითხრა სხვანაირი. ეს საჩუქარი რომ არ იდოს აქ, ვიფიქრებდი რომ მომელანდა, – არ წყვეტდა ლაქლაქს ლილი.

-ჰო, გაზაფხულს ჰგავდა.- ჩაფიქრებული ჩანდა კატო.

-ჰო, გაზაფხული მოგვადგა კარზე შუა ზამთარში, – აკისკისდა ლილი, – წავედი მე ახლა, ცოდოა ის ბიჭი, ნაჩქარევად გადაკოცნა კატო და შურდულივით გავარდა კაფედან.

-გადარეული, – ჩაიბურტყუნა კატომ, საჩუქარი ბარის თაროზე შემოდო და ლეპტოპს მიუბრუნდა.

****

-ერთ საათში ახალი წელია კატოო, როგორ მიხარია იცი? აი დედას გეფიცები პატარა ბავშვივით ვარ, მჯერა რომ სასწაულები ხდება და რასაც ჩავიფიქრებ ყველაფერი ამისრულდება.

– მართლა პატარა ბავშვი ხარ – ეცინებოდა კატოს ლილის აჟიტირებული სახის დანახვაზე, რომელიც კაფის ერთი კუთხიდან მეორეში დაჰქროდა ნაძვის ხის ფერადი წვიმებით.- კარგი ლილი, გეყოფა, თავბრუ ნუ დამახვიე, დაჯექი, – შეუბღვირა ბოლოს.

– რა უხასიათო გოგო ხარ რა, – ცხვირი აიბზუა კატომ, – მაგრამ მაინც მიყვარხარ ხო იცი?

-ხო, ვიცი ლი. მეც რომ მიყვარხარ შენც ხომ იცი?

-კი, – კმაყოფილმა დაუქნია თავი ლილიმ და ორივე ლოყა დაუკოცნა კატოს.

-ის არ მოსულა?

-ვინ? ის თორნიკე? არა. რა უჟმური ყოფილა, – უკმაყოფილოდ აბზიკა ტუჩები ლილიმ, – აწი არ მგონია მოვიდეს, თან უკვე დავიკეტეთ. რა უნდა უყო მაგ საჩუქარს კატო? ან არ გაინტერესებს რა არის შიგნით? ხომ არ ვნახოთ?

-არ ვიცი, მოვიფიქრებ ლილი. წადი შენ სახლში.

-კარგი, შენ არ მოდიხარ?

-მეც წავალ ცოტა ხანში, ნუ ნერვიულობ შენ.

-კარგი მაშინ, წავედი მე ჩემო სიხარულო, გილოცავ წინასწარ და ყველაფერს კარგს გისურვებ ამ ახალ წელს, ბედნიერებას, ჯანმრთელობას, სიხარულს, სიყვარულს და ერთ კარგ ბიჭს კიდევ.

-ვაიმე ლილიიი, გეყოფა ჩემი დალოცვა და კეთილი სურვილები. ვსიო, წადი, მეც გკოცნი და გილოცავ, – ცხვირწინ მიუკეტა კარი აკისკისებულ ლილის და ღრმად ამოისუნთქა. 

 თაროდან მიტოვებული საჩუქარი შემოსცქეროდა კატოს, ერთი სული ჰქონდა, კვდებოდა ინტერესით გაეგო რა იმალებოდა ლამაზი სასაჩუქრე ქაღალდის უკან. აშკარად მნიშვნელოვანი რაღაც უნდა ყოფილიყო, სესილიასთვის განსაკუთრებით. რაც გინდა ის უქენიო. ხომ არ უთქვამს არ ნახოო, ხოდა ნახავს, რა დაშავდება, ჩუმად ნახავს, თან საჩუქრის გადაცემის ვადაც იწურება, მაღაზიაც დაკეტილია. 

 ნახევრად მშრალი წითელი ღვინო გადმოიღო ბარის თაროდან კატომ, მაღალფეხიან ჭიქაში ჩამოისხა, ბუხართან მოკალათდა და გულაჩქარებულმა შემოაცალა ქაღალდი სესილიას საჩუქარს.

 ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული მწვანე ბლოკნოტი შერჩა ხელში, რბილი ყდით. გადაშალა. პირველივე გვერდზე ლამაზი მრგვალი ასოებით მიწერილი ტექსტი დახვდა:

  დღევანდელი სამყარო ცივია და პრაგმატული,  გრძნობები ადამიანის სუსტი წერტილი გახდა, იმდენად სუსტი რომ დაღუპვაც კი შეუძლია. ასე მგონია მთელი ცხოვრება ბეწვის ხიდზე გავდივარ და დიდი ძალისხმევის ფასად ვიკავებ წონასწორობას, ერთი მცდარი ნაბიჯი, ერთი გულწრფელი მზერა, ერთხელ გახსნილი გული და მე უკვე უფსკრულში ვარ.

                                                                                                                      სესილია

საათს დახედა კატომ, თორმეტის ათი წუთი იყო. ფეხები სავარძელზე აიკეცა, ღვინო მოსვა და სესილიას დღიურის კითხვა განაგრძო.

3 დეკემბერი. 2016 წ.

ყვითელი როლინგი მაცვია და შავი ბერეტი მახურავს. მიხდება. შენ მოგეწონებოდა. 

ალბათ ახლა რომელიმე ბარში ზიხარ, სვამ ცივ ლუდს, ეწევი შენს საყვარელ სიგარეტს და საერთოდ არ ფიქრობ ჩემზე. მე კი შენზე  ვწერ. დილის ყავასავით აუცილებელი გახდა ჩემთვის წერა ბიჭზე რომელსაც აქვს ყველაზე თბილი ღიმილი მთელი დედამიწის ზურგზე. ბევრი ხარ, შენ ზედმეტად ბევრი ხარ ჩემთვის. ამის შეგრძნება მაშინებს. არ ვიმჩნევ! სულ ვფიქრობ ხოლმე შენზე და იმაზე, რომ ესეც გაივლის.

 ეს მამხნევებს. 

არ მინდა ზამთარი ვიყო შენთვის.



4 დეკემბერი. 2016 წ.

მითხარი რომ ვერასოდეს მივხვდები როგორ შევცვალე შენი ცხოვრება.  მე ვიფიქრე რომ ვერც შენ მიხვდები რამდენი რამ მომიტანე და იმაზე უფრო მეტი წამართვი. 

მიყვარს როცა  მიყურებ და ჩემს სახეს სწავლობ. თითებით სახის კონტურებს მიხაზავ და ალბათ ისევ არ ფიქრობ ჩემზე. ჩემი გონება კი დაუსრულებლად ახვევს კადრს: „ არ შეგიყვარდე! არ შეგიყვარდე! არ შეგიყვარდე!…“ თვალებს ისე ძლიერად ვხუჭავ რომ წამწამები ამტკივდება მგონია.

 დღეს უჩვეულოდ ნაცრისფერი ხარ!


7 დეკემბერი. 2016 წ.

უკვე ზამთრის მეშვიდე დღეა. უცნაურია, დილიდან შვიდჯერ დარეკეს ეკლესიის ზარებმა.

მე ვგრძნობ შენი გულის ფეთქვას!

შენს სურნელს ვისუნთქავ ხმაურით, ფილტვები მევსება და კმაყოფილი გეხუტები. მარცხენა ხელი შენს გულზე მიდევს და ვცდილობ ასე გაგინაწილო ემოცია. ვგრძნობ როგორ იძაბები და ფიქრობ მითხრა თუ არა.

გისმენ..

ღრმად ამოისუნთქე. ისევ ყოყმანობ. ჯანდაბა!!! ხომ იცი როგორ ვერ ვიტან ამას.

-მითხარი!- ამჯერად უკვე მოვითხოვ.

-სეეს, ხომ იცი…ხომ იცი რომ არ უნდა შეგიყვარდე…

ისტერიულად ვხარხარებ.

-და ვის უყვარხარ მერე? – არ ვწყვეტ სიცილს. დაეჭვებით მიყურებ თვალებში რამდენიმე წამის განმავლობაში. ვიგრძენი როგორ მოგეშვა გულზე. მე კი სადღაც მარცხნივ რაღაც მეტკინა ძალიან.

ერთი მსახიობის თეატრი. 

აპლოდისმენტების ხმაც კი მესმის.


10 დეკემბერი.2016 წ.

„ჩვენ“ არ ვარსებობთ.!

ერთად მივდივართ ქუჩაში როგორც ორი უბრალო ნაცნობი. რაღაცას მელაპარაკები. არ გისმენ. იმ სივრცეზე ვფიქრობ ჩვენ რომ გვაშორებს. 

მძულს!

ხელები მეყინება. შენი ჩახუტება მინდა.

 ჩვენი საუბარი მახსენდება: „სეს, არასოდეს არაფერი გააკეთო ჩემი ან ვიმეს ხათრით თუ შენც არ გინდა ეს. მიჰყევი შენს სურვილებს, ინსტინქტებს. ესაა ყველაზე ნამდვილი, დანარჩენი სხვა დაგეგმილია, გააზრებული და შესაბამისად ყალბი.

-ხომ იცი რომ არ გეთანხმები მაგაში. ცხოველები მოქმედებენ ინსტინქტებით. ადამიანს კი ფიქრი შეუძლია. ფიქრი კარგია. საჭიროა. და ალბათ ასე მიღებული გადაწყვეტილებები უფრო სწორია და მყარი.

-სწორი, მყარი… და ყალბი. ვისთვისაა სწორი? შენთვის? ჩემთვის? თუ ხალხისთვის? საკუთარი სურვილების პატივისცემა უნდა ისწავლო სეს, ხალხი მასაა, რომელიც დღეს ქვას გესვრის და ხვალ ტახტრევანზე დაგსვამს.“

ჰაჰ, სურვილები. ჩემი სურვილები, რომელიც შენსას არ ემთხვევა.

შენს დუმილს ფიქრებიდან გამოვყავარ. ვგრძნობ როგორ მიყურებ. არ მინდა საკუთარი თავი გავცე. ჯიუტად ვიყურები წინ და საკუთარ ნაბიჯებს ვითვლი. კაფეს ალბათ კიდევ ოცი ნაბიჯი გვაშორებს. მოულოდნელად შენს ხელს ვგრძნობ მარცხენა მხარზე. ძლიერად მიხუტებ და თავზე მკოცნი. 

მაკანკალებს.

-გავიყინე. – ვამბობ და ცხვირს პალტოს საყელოში ვმალავ.

– არაუშავს, გათბები ეხლა, მოვედით. 

ჰო მოვედით.

მხოლოდ ოცი ნაბიჯი ვიყავით „ჩვენ“.


12 დეკემბერი.2016 წ.

ათასჯერ გავბრაზდი შენზე და არცერთხელ გითხარი.

ხანდახან მინდა ყველა ემოცია გამოვუშვა.  მოგიყვე ყველა  ვერთქმული გრძნობა, ყველა არგადადგმული ნაბიჯი შენსკენ. ყველა დავიწყებული წყენა და შენგან  ვერშემჩნეული მე.

იქნებ შენც იგრძნო როგორ ვიხრჩობი. იქნებ შენც იგრძნო რა ცოტაა ჰაერი. 

ხანდახან მინდა დაგტანჯო. 

ყინულის დედოფალი გალღვა. სასცილოა არა?

წვიმს. ალბათ არ გიყვარს წვიმა.

ალბათ…

ჩვენს ურთიერთობაში იმდენია „ალბათ“.

აღარ მინდა!


13 დეკემბერი. 2016 წ.

ერთი ქალი შემხვდა დღეს.  ბებიაჩემის ნაფტალინის სუნით გაჟღენთილ ძველ პალტოს ჰგავდა.  მომეჩვენა რომ მთელი თავისი დარდი დიდი სქელშუშებიანი სათვალით დაჰქონდა.

ჩემი ყველა დარდი ჩემს ნაწერებში ეტევა.

შენი – თვალებში.


15 დეკემბერი. 2016 წ.

ხანდახან მინდა გაქრე, როგორც ჩემი ყველა სიზმარი გაღვიძებისას.

ჩემს მოგონებებს სუნი აქვთ და ფერი.  ზოგჯერ რომელიმე გზააბნეული სურნელი შემომეყრება ხოლმე ჩემთვის მიმავალს, გამაღიმებს, ამაფორიაქებს, იქნებ ხანდახან მატიროს კიდეც. ამეკიდება  უმოწყალოდ  და მიცოცხლებს საღათას ძილით მძინარე მოგონებებს

…………………

პირველად რომ დაგინახე ვერაფერი ვიგრძენი. საერთოდ ვერაფერი.

შუშის თვალებით მიყურებდი.

მერე სულ გაკვირდებოდი ხოლმე ჩუმად, ჩემთვის. 

ბევრს ეწეოდი. ბევრ ყავას სვამდი. ცოტას ლაპარაკობდი. 

არასოდეს მინახავს ადამიანი ასეთი ცივი და ასეთი თბილი ხანდახან. ჩემი მყარი გადაწყვეტილება, რომ შენ ხარ ყველაზე უხასიათო ადამიანი მთელი დედამიწის ზურგზე, მეორე წუთს ეჭვქვეშ დგებოდა. 

სულ მიკვირდა როგორ შეეძლო ღიმილს  შენი კანდაკებასავით უემოციო სახის შეცვლა. მეც მეღიმებოდა მერე გაუცნობიერებლად.


ჰო, სულ გაკვირდებოდი ხოლმე ჩუმად, ჩემთვის. მაინტერესებდი. ამოცანასავით იყავი რომელიც აუცილებლად უნდა ამომეხსნა. 

ნელ-ნელა გკითხულობდი. ნაბიჯ-ნაბიჯ. 

მე მინახავს ზამთარი შენს თვალებში. მინახავს უძილო ღამეები და ქუთუთოებზე ჩამოკიდებული ფიქრები.

მე მინახავს მზე შენს თვალებში და გეფიცები ეს იყო ყველაზე საუკეთესო რამ რაც შეიძლებოდა დამენახა.

არასოდეს მინდოდა შენთან ერთად ყოფნა, საოცარია არა?

არასოდეს წარმომიდგენიხარ ჩემს გვერდით.

არასოდეს მინახიხარ სიზმარში და მაშინვე მავიწყდებოდი როგორც კი მიდიოდი.

მერე წახვედი. მე დამავიწყდი.

ორი თვის მერე გნახე. ისევ ისეთი საქმიანი იყავი. ნაჩქარევად მომიკითხე. თვალები ცარიელი გქონდა, საშინლად ცარიელი. და მე შემეშინდა რომ აღარ იყავი. 

მერე შენ შემამაჩნიე. მე  რაღაც ვიგრძენი. იმაზე მეტი „რაღაც“ ვიდრე ამოუხსნელი ამოცანისადმი ინტერესია.

ყველაფერი ცვალებადია! ყველაფერი მოკვდავია!!!


19 დეკემბერი. 2016 წ.

გუშინ თოვდა თბილისში.

 ტროტუარს მივუყვებოდი და  ფაფუკ თოვლს ვგრძნობდი ფეხსაცმლის ლანჩებით. მომეჩვენა რომ მეძახდი. მოვიხედე.  თოვლზე აღბეჭდილი საკუთარი ნაკვალევი შემრჩა მხოლოდ. 

ჩვენ გვგავდნენ რაღაცნაირად. გვერდიგვერდ და მაინც ცალ-ცალკე, საკუთარი არსებობით და ცხოვრებით გართულნი. თითქოს ერთი გზით, მაგრამ არა ერთნი. თითქოს მისჯილი აქვთო რომ ერთად, ასე გვერდიგვერდ მიმავალმა გალიონ ცხოვრება. თითქოს მიჯაჭვულნი არიანო ერთიმეორეს. თითქოს უნდათ, ან ჰგონიათ რომ უნდათო ასე სიარული. 

არა, არ შეიძლება ასე, –  გავიფიქრე და გაყინული თითებით შენი ნომერი ავკრიფე: „არ მცალია, გადმოგირეკავ“- მომესმა შორიდან ზამთრის ჰაერივით გაყინული შენი ხმა და შემდეგ ტელეფონის წყვეტილი ზარი. 

რომ არ მეტირა ღრმად ჩავისუნთქე. 

ერთხელაც შევავლე თვალი ჩემი ნაბიჯებით დაწერილ ისტორიას და  ვალმოხდილმა გზა გავაგრძელე.

ვერ ვიტან საკუთარ თავს როდესაც მენატრები, შენ კი ჩემს გვერდით არ ხარ.


22 დეკემბერი. 2016 წ.

”ადამიანური ინტერაქცია დამოკიდებულია სიფრთხილეზე და ფაქტზე, რომ ჩვენ ხშირად ვიგებთ იმაზე მეტს ვიდრე უნდა ვიცოდეთ.“ /გეორგ ზიმელი/

საინტერესო მიდგომაა არა?

მე ვიცი რომ ყველა ადამიანი ეგოისტია. 

მე ვიცი რომ ჩვენს ურთიერთობაში შენ უფრო ხარ ჩემთვის მნიშვნელოვანი, ვიდრე მე შენთვის.

ეს ფაქტებია. სრულიად უწყინარი ფაქტები, რომელიც ორივემ ვიცით და არცერთი არ აღვიქვამთ ტრაგედიად.

მე ვიცი რომ „ჩვენ“ არ არსებობს და არც იარსებებს. თუმცა არ ვიცი რას ელი ჩემგან, ან ვიცი და თავს ვიტყუებ. გახსოვს გითხარი რომ შენ ის იშვიათი გამონაკლისი ხარ ბიჭებს შორის, ვისთანაც ლაპარაკი მიყვარს. შენ გაიღიმე და მითხარი რომ სხვაგვარად წარმოუდგენელია შენთვის ურთიერთობა გოგოსთან, რომელიც მოგწონს.

ჰო, მე ვიცი რომ შენ მე მოგწონვარ, თუმცა ისევ არ ფიქრობ ჩემზე.


23 დეკემბერი. 2016 წ.

გადაწყვეტილების მიღება – პროცესი, რომელიც ახლა იმდენად რთულია რომ მფიტავს. სასიცოცხლო ენერგიას მართმევს. ჩემს შინაგან სამყაროში ქაოსსა და არეულობას იწვევს.  თითქოს ვცდილობ პრიორიტეტები განვსაზღვრო, ვუყურებ მოსალოდნელ შედეგებს სხვადასხვა მხრიდან. წარმოვიდგენ ყველაზე უკეთეს და უარეს ფინალს და ვაანალიზებ შესაძლებებლია თუ არა შევეგუო ასეთ საკუთარ თავს შემდგომ. ფურცელსა და კალამსაც კი ვიღებ რომ უფრო ნათლად დავინახო შესაძლებელი სარგებელი და დანაკარგი. 

მერე მახსენდება რომ ეს ყველაფერი თუ გრძნობებს ეხება  ყველა ზემოთჩამოთვლილი პროცესი უშედეგოა. ნებისმიერი ფინანსური თუ სხვა გათვლა ბევრად უფრო ზუსტი შეიძლება აღმოჩნდეს ვიდრე მე ჩემი გრძნობებით. ისიც კი არ ვიცი ჩემთვის  ამ ეტაპზე სასურველი შედეგი ისეთივე სასურველი იქნება თუ არა ერთი კვირის, თვის ან სულაც ერთი წლის შემდეგ. 

ყველაზე დიდი შეცდომა კი იცი რა არის? როდესაც ვცდილობ პრაგმატულად მივუდგე საკითხს, რომელიც თავისი არსით იმდენად აბსტრაქტული და არაპროგნოზირებადია რომ შეუძლებელია გავთვალო. 

ერთმა პატარა დეტალმა შეიძლება სრულიად შეცვალოს ყველაფერი. 

შემცვალოს მე. შეიძლება შენც.

ახლა ალბათ მეტყოდი რომ არ არის საჭირო ამდენი ფიქრი და ისე უნდა მოვიქცე როგორც ამ წუთში მინდა.

ახლა მე შენთან მინდა.

ყოველთვის ისე ვერ მოიქცევი როგორც გინდა.

ვიცი რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მივიღო მაინც ვინანებ – ან ახლა ან ჩემი ცხოვრების რომელიღაც პერიოდში. ისღა დამრჩენია დავადგინო რომელი სინანული უფრო მისაღებია ჩემთვის – შენთან თუ შენს გარეშე.


24 დეკემბერი. 2016წ.

სითბო, რომელიც უთხოვნელად მოდის.

მე მჭირდება შენი სითბო. თუმცა ახლა აი ასე მარტივად ვდგები,  მივდივარ და სხვაგან ვეძებ ჩემს წილს და დამიჯერე რომ ყოველთვის მოიძებნება ადამიანი, ვინც ჩემთვის მას გაიმეტებს. 

ხომ იცი, არ მიყვარს როცა მავალდებულებენ, მეც არ ვტვირთავ სხვა ადამიანებს ზედმეტი მოთხოვნებით.

გახსოვს ერთხელ გითხარი, ჩემს მიმართ გამოჩენილი ყურადღება – ეს უბრალოდ შენი სურვილი უნდა იყოს და არა ჩემი კაპრიზითქო. თუ მე მოვალეობა ვხდები შენთვის და არა სურვილი, მაშინ მირჩევნია არცერთი არ ვიყო.

იცი, მგონია რომ  გაიხლართე მოვალეობებსა და სურვილებს შორის და გგონია რომ ზედმეტად ბევრი ან არასასურველი ვალდებულება „აიკიდე“, თუ ეს ასეა, სულ ტყუილად, ნუ დარდობ, როგორც გითხარი მე არასოდეს ვიქნები  ვინმესთვის მოვალეობა და ზედმეტი ტვირთი. ჩემგან გასათავისუფლებლად მხოლოდ ერთი სიტყვაა საკმარისი, ან ისიც აღარ.

უსიტყვოდაც შეიძლება მიხვედრა რომ წასვლის დრო მოვიდა.  

უბრალოდ, დავიღალე სითბოს გაცემით და სანაცვლოდ არაფრის მიღებით.



25 დეკემბერი. 2016 წ

დღეს შევეცადე ჩემი გადაწყვეტილება გამეცნო შენთვის.  ვერ შევძელი.

სხვა იყავი. 

სითბო. სიმშვიდე. სიყვარული. მზე.

გუშინ „ჩვენ“ ვიყავით.

შენ არ გეჩქარებოდა იქ, სადაც არ გელიან. 

მე კი სუნთქვა მიჭირდა.

მე ვიცოდი რომ გტოვებდი. მე გტოვებდი შენ და მაინც მე უფრო მიჭირდა ვიდრე შენ.

დღითიდღე ისე მიმრავლდებიან ტკივილები, როგორც ლაიქები პროფილის სურათზე.

ბედნიერების შეგრძნებაც მალე მცილდება, უხარისხო მაკიაჟივით.


26 დეკემბერი. 2016წ

სარეცხის თოკზე გასაშრობად გამოვფინე ფიქრები და წვიმამ დამისველა ისევ.

მენატრები.


27 დეკემბერი. 2016 წ.

დღეს შორიდან გიყურებდი. შენ ვერ დამინახე. 

მოსვლა მინდოდა. დალაპარაკება. დამშვიდობება.

მერე შემეშინდა რომ ჩემი მთელი ღამის ნაფიქრი მონოლოგი გაქრებოდა როგორც კი თვალებში შემოგხედავდი.

აღარ მოვედი.

რომ იცოდე როგორ მიჭირს ეს ყველაფერი.

 

28 დეკემბერი. 2016წ.

გამარჯობა თორნიკე. 

გადავწყვიტე ამ დღიურის ბოლო ჩანაწერით დაგემშვიდობო. აქ სულ შენ ხარ. ჩემი თვალით დანახული შენ. 

იცი, მე მივდივარ. 

ახლა როცა ამ წერილს კითხულობ ალბათ უკვე თვითმფრინავში ვზივარ და უშენოდ ცხოვრებას ვსწავლობ.  

რა თქმა უნდა მე ისევ შენზე ვფიქრობ. ამჯერად შენც.  

შენ ალბათ ვერასოდეს გაიგებ როგორ მტკივა ახლა როცა წერილს გწერ და როგორ მტკიოდა, მაშინაც, როცა წრე შემოხაზე შენს გარშემო და სრულიად გარკვევით მითხარი რომ ამ ხაზის იქით არაფერი მესაქმებოდა. 

მე მოვკვდი მაშინ და შენ ეს ვერ შეამჩნიე. და მაინც გავმოგყევი. გავრისკე. ჰო, შენ ალბათ არ იცი რომ ჩემნაირები მუდამ რისკავენ. ყველაფრით რისკავენ,  საკუთარი თავით ყველაზე უფრო.  

შენ ალბათ არც ის იცი რომ ჩემნაირები ზღაპრებს ჩუმად კითხულობენ. ფერად-ფერად სიზმრებს ხედავენ და  ჭრელ-ჭრელი ამბებით აქვთ სავსე თავი.  

პრაგმატულები ჩანან და კვდებიან სურვილით რომ ასეც იყოს, ალბათ ამიტომაც ყველას არ უყურებენ თვალებში რომ ვინმე შემთხვევით არ მიხვდეს მათ საიდუმლოს.. და მაინც, მე შენ სულ თვალებში გიყურებდი. შენ ვერ მიხვდი რომ მე სინამდვილეში ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ, და როგორც ყველა, მეც ვოცნებობ ხანდახან.

ჰო, ჩემნაირები ცხოვრებას ლამაზ ფერებში იხატავენ, მაგრამ რატომღაც თითქმის ყოველთვის შავ-თეთრი გამოსდით… 

მე მივდივარ.

იმიტომ რომ  შენ ზედმეტად ბევრი ხარ ჩემთვის.

მე კი ისეთი მნიშვნელოვანი არა, როგორსაც ვისურვებდი. 

არ შემიძლია ასე.

ეს ხომ  მე ვარ, სესილია. გოგო, რომელსაც  უნდა უყვარდეს მთელი სულით, უნდა გასცემდეს ყველაფერს რაც გააჩნია და იღებდეს ათასჯერ იმაზე უფრო მეტს.

უნდა ვიცინოდე თავდავიწყებით, უნდა ვტიროდე მთელი გრძნობით. 

მე უნდა გიყვარდე. შენ უნდა გიყვარდე, რომ გავუძლო ყოველდღიურობას.

……………

გამარჯობა თორნიკე.

ეს მე ვარ, სესილია.

მე შენ მიყვარხარ.

მშვიდობით.

ბარში გამეფებულ მდუმარებას მუსიკის წყნარი ჰანგები არღვევდა. ტირილისაგან ჩაწითლებული თვალებით სავარძელში ფეხებაკეცილი იჯდა კატო, შეჰყურებდა თითქმის ჩამქრალ ბუხარს, მესამე ჭიქა ღვინოს წრუპავდა  და  ფიქრობდა  ცხოვრების უცნაურობაზე, ვერგამხელილ გრძნობაზე, ბიჭზე, რომელიც ასე უყვარდათ, გაზაფხულივით გოგოზე, რომლის შეყვარებაც ვერ შეძლეს და იმაზე რა დიდია ძალა სიჩუმის. „დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს“ – გონებაში ამოუტივტივდა ბევრჯერგაგონილი ფრაზა. – ტყულია ეგ,-  ჩაიჩურჩულა კატომ.  იმიტომ რომ როგორც სესეილია წერდა: „ ყველაფერი ცვალებადია. ყველაფერი მოკვდავია“.

 ფიქრებში წასული ხმაურმა გამოაფხიზლა კატო, ვიღაც შეუჩერებლად რეკავდა ზარს. კართან ის  იდგა, შავგვრემანი ბიჭი სასიამოვნო სახის ნაკვთებით და ლამაზი ნუშის ფორმის თაფლისფერი თვალებით. იცნო კატომ. ის იყო. სესილიას თორნიკე.

-მობრძანდით –  შეიპატიჟა და სტუმარიც ხმისამოუღებლად გაჰყვა უკან.

-ალბათ ამისთვის მოხვედით, – მწვანეყდიანი ბლოკნოტი გაუწოდა კატომ, – იცით, აღარ გელოდით უკვე. იმ ადამიანმა ვინც საჩუქარი დაგიტოვათ მითხრა რომ თუ დღესაც არ მოხვიდოდით გადამეგდო. სულმა წამძლია და წავიკითხე. მაპატიეთ.

-სესი? სესილია იყო? – ჩამწყდარი ხმით იკითხა თორნიკემ ისე რომ მწვანეყდიანი ბლოკნოტისთვის თვალი არ მოუცილებია. 

-ჰო, სესილია, გაზაფხულივით გოგო, – გაეღიმა კატოს.

ბართან მდგარ სკამზე ჩამოჯდა თორნიკე და დღიური გადაშალა. უყურებდა კატო ბიჭს, რომელიც სესილიას ფიქრებს კითხულობდა და ხედავდა სითბოს, რომელსაც ასე ითხოვდა სესი, სინანულს, რომელიც ალბათ აღარ სჭირდებოდა, ტანჯვას, რომელიც მას არ გაახარებდა და დაიფიცებდა კატო,  რომ მზეს ხედავდა, რომელიც ალბათ თვითონ სესილია იყო თორნიკეს თვალებში.

ფეიერვერკების გრუხუნმა მუსიკის ხმა გადაფარა. თორმეტი საათი ხდებოდა. 

დიდი ხანია დაამთავრა კითხვა თორნიკემ, თუმცა თვალს ვერ აშორებდა დღიურს. 

-წახვედი…  – ჩაწყვეტილი ხმით ჩაილაპარაკა ბოლოს. დღიური აიღო, სინანულით სავსე თვალები შეანათა კატოს, თავი დაუკრა  და დამძიმებული ნაბიჯებით წავიდა კარისკენ.

-ერთი წუთით, ესეც თქვენია. სესილიასგან. – უშაქრო ამერიკანო გაუწოდა კატომ თორნიკეს.

„ყველაფერი ცვალებადია“ – ლამაზი მრგვალი კალიგრაფიით ეწერა მუყაოს ჭიქაზე.

სიმონა

სამშაბათი. 18:05.

არც ისე დაღლილი გამოვდივარ სამსახურიდან, ჭავჭავაძეზე მოვსეირნობ, თან მუსიკის რითმს ვაყოლებ ნაბიჯებს, უცბად პატარა  ბიჭი გაჩნდა არსაიდან, ჩემს წინ დგას, სასკოლო ზურგჩანთა მოუგდია,  ხელში ფურცლები აქვს ჩაბღუჯული და რაღაცას მეუბნება. ყურსასმენები მოვიხსენი და გაოცებული ვუყურებ:

-უფ, ძლივს არ მოიხსენი, ეხლა მოისმინე,  ნახატებს ვყიდი და არ გინდა?    – მეკითხება დიდი კაცივით და საქმიანი გამომეტყველებით მაჩვენებს ხელში ჩაბღუჯულ ფურცლებს.

მეღიმება მის სერიოზულობაზე და მეც საქმიანად ვეკითხები:

 -აბა რა ნახატები გაქვს?

 არ ეზარება,  ყველას სათითაოდ მაჩვენებს იქვე კიბესთან ჩამუხლულს და თან მიხსნის  – ეს ვარდია,  ეს ჯვარი, ეს პალმა, ეს მზეა და ცისარტყელა. აბა შენ თუ იცი რამდენი ფერია ცისარტყელაში? -ეშმაკურად უბრწყინავს თვალები.

-მმმმ,  არაა, -ვამბობ სინანულით.

-ეგ როგორ არ იცი? შვიდი. -იწყებს ფერების ჩამოთვლას. 

-ყოჩაღ, საიდან იცი ამდენი რამე?

-დედამ მასწავლა, – მპასუხობს ამაყად, – იცი, მე მამა აღარ მყავს, – უმუქდება თბილი თაფლისფერი თვალები.

გული ჩამწყდა… ვცდილობ სიტყვები მოვძებნო, რამე ვთქვა სანუგეშებლად, თუმცა ვხვდები რომ აზრი არ აქვს, როგორ უნდა უთანაგრძნო 5-6 წლის ბავშვს, რომელსაც იმაზე მეტი ტკივილი უნახავს, ვიდრე შენ 26 წლის მანძილზე . ამიტომ უბრალოდ ლოყაზე ვკოცნი.

– ძალიან კარგი ბიჭი ხარ შენ! 

-მადლობა.

-არაფრის, რა გქვია?

-სიმონა

-სიმონა,  სასიამოვნო შენი გაცნობა, ძალიან გიყვარს ხატვა?

-კი.  დიდი რომ გავიზრდები ძალიან ბევრ ნახატებს დავხატავ, -ამბობს დარწმუნებით. 

-ხოდა, მეც აუცილებლად ვიყიდი შენს ნახატებს.- თვალებზე ეტყობა რომ უხარია და კმაყოფილი მიღიმის.

სენდვიჩებზე დავპატიჟე სიმონა და  2 ნახატიც ვიყიდე, არაფრით არ აიღო ზედმეტი. ერთი ნახატი 1 ლარი ღირდა… 

P.S.  სიმონას ნახატები:

თბილისური აგვისტო

​თბილისი… კარგია თბილისი აგვისტოში, ამბობენ ჩამოსულებისგან ცარიელდება და მხოლოდ “ნაღდი” თბილისელები რჩებიანო, რატომღაც მე შემოვრჩი თბილისურ ქუჩებს და სიცხეს, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ზემოთხსენებულ კატეგორიას მივეკუთვნები 😄 იმასაც ამბობენ ამ დროს თბილისში ისეთი გოგოები დადიან მთელი წელი რომ სახლში იმალებიან, კანი აქვთ სულ თეთრი, თეთრი, მზერა კი არაამქვეყნიური, ფერიებივით ქუჩებში დაფარფატებენ და მზეს ირეკლავენო,..  რა გითხრათ აბა, მე ჯერ ასეთი არავინ შემხვედრია, მხოლოდ სიცხით გათანგულ ჩვეულებრივ მოკვდავებს ვაწყდები, ჩემთან სამსახურში რომ შემოირბენენ ხოლმე, ამოისუნთქებენ, მერე ერთ ჭიქა წყალს დალევენ და თან აღნიშნავენ, რა გენაღვლებათ, ზაფხული თქვენთვის არ არის და ზამთარიო, მერე ცალყბად გაიღიმებენ და მიდიან. ხანდახან ისეთ ბიჭებსაც ვხედავ ახალგაზრდობა რომ უდუღთ ძარღვებში, მზეზე გარუჯული კანი ბრიჯაოსფრად უბზინავთ და ისე, უმიზეზოდ ებედნიერებათ ცხოვრება. კიდევ კატებს, ძალიან ბევრ კატებს, დადიან თავისთვის, დასუნსულობენ, ამაყად შემომანათებენ ეშმაკურ თვალებს და ტანის გრაციოზული რხევით მშორდებიან, მე კიდევ ჯიუტად ვცდილობ შევამოწმო ბავშვობის  „თარსი კატა, შავი კატა“ … ჰოდა, რას გეტყვით იცით? არ ყოფილა მართალი! ისევე როგორც ბავშვობის ბევრი ილუზია. გავიზარდე! გაიზარდე კი არა დაბერდიო მითხრეს გუშინ, 26 წელი უკვე ბევრიაო, ნუ კაი ჯანდაბას 30 წლამდე კიდევ გაქვს დრო და აბა შენ იციო, ამაში რაც იგულისხმება კი მიხვდებოდით თქვენც 🙂 რომ გითხრათ სერიოზულად მივიღეთქო მოგატყუებთ, კი მიცნობთ, მაგდენად მაინც. თან  მე რომ მკითხოთ არც რჩევის მომცემი იყო „მთლა“ კომპეტენტური მაგ საკითხში 😄 თვალებში ჭინკები დაუხტოდა და თან სულმოუთქმელად მიხსნიდა რა მშვენიერია ცხოვრება როცა გული სულ ახალგაზრდაა და შენც მთლად დალაგებული რომ არ ხარ 😄 მიყვარს ბედნიერი ადამინების ყურება:) თუნდაც შუბლზე ეწეროს „ფრთხილად, მე გიჟი ვარ“ 😄 მისი რა გითხრათ, აი ჩემი თბილისური აგვისტო კი სიმშვიდეა, ძალიან ბევრი წიგნი, ძალიან ბევრი ყავა და ამოჩემებული საქანელიდან დანახული თბილისის უვარსკვლავო ცა.

ჰოდა, რა ვიცი, წერა გააგრძელეო… მეც ვწერ,.. არაფერზე და სულ ყველაფერზე.

თბილისური აგვისტოს სიმშვიდეს გისურვებთ 

სიყვარულით,

 თქვენი ქეთო

P.S. #ესტრიპაჩობაფოტომომიტევეთ 😄😄😄❤❤❤😚😚😚🙈🙈🙈

ხანდახან ისე მეცოდება ეს ჩემი შტერი თავი რომ მიტირია კიდეც.    მერე შემრცხვება და  ეზოს ძაღლივით მიწის თხრას ვიწყებ და ამ ჩემს სენტიმენტალობებს დაღრღნილი ძვალივით ვმარხავ გულდასმით,  ოღონდ იმასაც კარგად ვიმახსოვრებ სად დავფალი,  ვერ ვიმეტებ დასავიწყებლად, ჰოდა ასე მშვიდად  დავდივარ, თითქოს უფრო თავისუფლად ვსუნთქავ,  ახლდგამოჩეკილი წიწილასავით დავჩერჩეტობ ლაღად და რაღაცნაირად საშიში სიამოვნებით სულმოუთქმელად ველოდები  როდის მომშივდება ზუსტად ისევ ის ძვალი. ‘ღრმა გრძნობების მოჩვენებითობას’ ვეძახი ხოლმე ხუმრობით ამ ჩემს ვითომ განცდებს  და მერე ჩემივე ნათქვამზე ვიცინი, ისე  ვიცინი რომ მაშინებს საკუთარი მე და სასწრაფოდ ვჩუმდები. არა, თქვენ ნუ იფიქრებთ რომ  დეპრესიული და სენტიმენტალური ვარ, არა.. ამბობენ რომ დეპრესია მოდაშია და მკურნალობენ ტაბლეტებით, რომელიც ალბათ იმ ფერადი სათვალეების ფუნქციას ასრულებს მე რომ სათითაოდ გადავყარე ჩემი ბავშვობისდროინდელი ხურჯინიდან. ჰო, დიდი ხნის წინ იყო.. იყო და არა იყო რა.. ჰოდა იმას ვამბობდი, რომ უხასიათობას არ ვუჩივი ძირითადად,  თუ დავიწყე ქაქანი თავსაც ვაბეზრებ ხალხს. საერთოდ ცუდი მგონია ეს საკუთარი თავის შეცოდება, სისუსტეს ნიშნავს და მე კიდევ არ მიყვარს ჩემში ეს პატარ-პატარა სისუსტეები, იმდენად არ მიყვარს რომ სამუდამოდ ჩავფლავდი იმ ქეთოს თავის სენტიმენტებიანად სადმე )))

P.S ჰოდა დღეს მთელი დღე ვფიქრობდი როგორ ხარ ნეტავ უჩემსიტყვაოდ? შენც გეცოდება იქნებ საკუთარი თავი…

image

გამჭვირვალე კარიკატურა შემომცქერის სარკიდან.
უკვე აღარც კი მახსოვს
მისი ნამდვილი მე,
მხოლოდ ყავის სურნელით ერთნაირად გალეშილი დღეები.
მალე გაზაფხულიც მოვა
გახლეჩილი ბროწეულივით მადისაღმძვრელი.
თუმცა იმისთვის სარკიდან რომ შემომცქერის ესეც სულერთია,
დღითიდღე ხომ ისეთი გამჭვირვალე ხდება რომ
ფერებსაც ვეღარ ირეკლავს,
ხოდა გაზაფხულიც რაღად უნდა,
ჰაერი კი ზამთარშიც უფეროა.
მისთვის, სარკიდან რომ შემომცქერის სიკვდილიც უაზროა,
იმიტომ რომ ის უკვე მოკვდა.
ისე შეუმჩნევლად, რომ თვითონაც ვერ მიხვდა.
უბრალოდ ერთ დღესაც სარკეში საკუთარი ანარეკლის ნაცვლად გამჭვირვალე კარიკატურა დახვდა ცინიკური მზერით.
ჯერ შეეშინდა,
უსულობის, უგულობის, უყველაფრობის…
მერე ნელ-ნელა შეეჩვია,
ისე ძალიან აღარ აფრთხობდა
ის მეორე, სარკიდან რომ თავხედურად მიშტერებოდა.
ბოლოს საერთოდაც მოეწონა გამჭვირვალე არსება სხვა სამყაროდან.
ის არავის ელოდება, არავინ სჭირდება და ხურდა ფულივით დაუნანებლად არიგებს უემოციო ღიმილს .
მას არავინ ენატრება.
ის ხომ უბრალოდ კარიკატურაა
გამჭვირვალე ჰაერივით.
ის მე მგავს.

image

ჩემი ცხოვრება – ერთი დიდი ქაოსი. Facebook სტატუსებით, საიტები და ჯგუფები, რომლებიც  დაჟინებით მამატებენ მათ რიგებში. ტესტები, უამრავი ტესტები, რომლებიც ხან მილიონერობას მპირდებიან, ხან საკუთარი ხასიათის ამოცნობას და აუცილებლად  ზუსტი 100%იანი შედეგებით:  „ აირჩიე ამ ნამცხვრებიდან ერთ-ერთი და გაიგებ რა გელის მომავალში“ „გადადი ლინკზე და გეტყვით როგორი ხასიათი გაქვს“;  – „დაელოდეთ, რეკლამა გაქრება 6 წამში“  6-5-4-3-2-1-….   „სწორად გამოიყენე დრო, არც ჩამორჩე და არც გაუსწრო“-  ვიღაცამ  მითხრა ერთხელ,   „კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა“, – მიყვარს ანდაზები.  ფოტოები,  სელფები მეგობრებთან ერთად ან მათ გარეშე, „მე ეს პროფილი მაქვს კარგი, აქედან გადამიღე, აბა ყველანი ვიღიმებით“, ვთამაშობთ ბედნიერებას, არაუშავს, სულ რამდენიმე წამით.  მერე ლაიქები, ბევრი  like, მერე რა თუ სულაც არ მოსწონს ვიღაცას დღეში ხუთჯერ ჩემი სელფის დალაიქება, თითქოს ყველა ვალდებულება აქ ინაცვლებს. ჩემი ბლოგი –  სადაც თითქოს საკუთარი აზრების გაგებასა და გადმოცემას ვცდილობ, თუმცა ვხვდები რომ ეს ისევ სხვისთვის დაწერილი ამბავია, შეიძლება არც ისე კარგად, მაგრამ ვითომ განსხვავებულად და ჩემებურად, არადა ესეც საკუთარი თავის პიარია:  „ნახე რა კარგი ვარ“ ან „შემომხედეთ, ეს მე ვარ, გამიცანით“.  და ყველაზე მთავარი –  ადამიანები, ადამიანები თავისი პრობლემებით, მოთხოვნებით, ვალდებულებებით, ჩვევებითა და რჩევებით. ერთნაირები და განსხვავებულები, სვეცკები და გოიმები, ჩემიანები, სხვისიანები, უამრავი კლიშე და  სხვაზე მიწებებული იარლიყი, განათლებული იდიოტები გულუბრყვილო სულელები, ვიღაცა ჩემნაირია? არა, რას ამბობ მე ერთადერთი ვარ და განუმეორებელი… დამოუკიდებლობა – „რასაც მინდა იმას გავაკეთებ“ (?) „უკვე დიდი გოგო ვარ!“  დაწყებული და არდამთავრებული ან  გადადებული  საქმეები. რიტმი, ცხოვრების რიტმს უნდა აყვე, მერე რა თუ ნელ-ნელა საკუთარ თავს კარგავ, მერე რა…

#

დღითიდღე ისე მიმრავლდებიან ტკივილები, როგორც ‘ლაიქები’ პროფილის სურათზე.

##

ბედნიერების შეგრძნება მალე მცილდება,  უხარისხო მაკიაჟივით..

###

არ მიყვარს ქარი, წარსულის ნაგლეჯებს მიფრიალებს ცხვირწინ პოლიეთილენის პარკებივით.

####

უცხო ქალაქში მომინდა წასვლა საკუთარი თავის აღმოსაჩენად.

—————-

image

ბოლოს და ბოლოს,  როგორია თანამედროვე ქართული საზოგადოება?ეს კითხვა რამდენიმე დღეა ტვინს მიბურღავს, მითუმეტეს რომ ხშირად მიწევს მასზე დაფიქრება თუ გავითვალისწინებ იმას, რომ  ჯგერენაიას ლექციებზე გვინდა-არგვინდა საკუთარი სამშობლოს ბედ-იღბლის გულშემატკივარნი თუ უბრალოდ ლექციაზე თავის და ცოდნის  გამოჩენის მსურველნი ყველა არსებულ და არარსებულ თეორიაზე დაუზარელად ვიხსენებთ  ქართული რეალობის ამსახველ  მაგალითებს და პარალელებს ვავლებთ, ძირითადად ძალაუფლების ჭრილში. მოკლედ,  ამ გაგიჟებულ, facebook-სტატუსებისა და კაცის კვლით საიქიოს მაძიებელი ტერორისტების სამყაროში ყველა თავისებურად ცდილობს თავის დამკვიდრებას, ერთი სელფს იღებს, მეორე კიდევ პარიზის ქუჩებს ბომბავს. და  ჩვენ რას ვაკეთებთ ამ დროს? ჩვენ გულმოდგინედ, ბეჯითად ვუწყობთ ფეხს დასავლეთს.  ვიღაც მუსულმანმა საფრანგეთში თვალები აიხვია და ქუჩაში ჩახუტებას ითხოვს? ჩვენც გვყავს მუსულმანები რა პრობლემაა. Facebook-ზე ფონად საფრანგეთის დროშა დააყენეს? ჩვენც დავაყენებთ და მერე ბევრს ვიკამათებთ სწორად მოვიქეცით თუ არა.  ჩვენ ჩვენს თავს დემოკრატებს ვუწოდებთ, ევროკავშირისკენ მივისწრაფით და  ნატოსთანაც ვთანამშრომლობთ – ვთანამშრომლობთ რა, ნატომ  „შენ რომ ჩემთვის რკო არ მოგიტანიაო?“  ჰოოდა აჰა თქვენ  მაპიო, სამაგიეროდ ავღანეთში და ერაყში ჯარების გაგზავნა თქვენზეაო, მოკლედ ესაო, ისაო, თუ არა და მოვიდა პუტინიო.  ვოტ ტაკ! მერე ერთი-ორმა „სწავლულმა“ უი რა მაგარი რაღაც ყოფილა ეს მაპიო, ჩვენც სირაქლემას პოზები მოვირგეთ და „აბა, აბაა, რაც მაგრები ვართ ქართველები ვართო“. ჰოდა ასე ტექნიკურად დამუშავებულ და ასათიანი-ჯაჯნიძის შოუებით თავგამოტენილი  საზოგადოების ერთ ნაწილს საერთოდ არანაირი აზრი არ გააჩნია, სულაც ფეხებზე კიდია მაპიც, ევროკავშირიც და პუტინიც თავისი ორეულებით. მეორე ნაწილი ფიქრობს  რომ  ქართველი ადამიანი ბუნებით დემოკრატია, მოგვყავს მაგალითები წარსულიდან , ძირითადად ვიხსენებთ ილიას და მის თანამედროვეებს(აქედან ნახევარს მხოლოდ “კაცია ადამიანი?!”აქვს წაკითხული ), უფრო შორს თუ წავალთ დავით აღმაშენებელს და თამარ მეფესაც კი. ბოლო დროს აქტიური პროპაგანდა მიდის იმაზე რომ ე.წ. „ქართული მენტალიტეტი“, რომელშიც ძირითადად მოიაზრებენ პატრიარქატსა და ამავე დროს  “ქალის კულტს“ რაც თავისი მხრივ გამოიხატება სადღეგრძელოებში  „ნამდვილი ქართველი მანდილოსნების“ ქება-დიდებით( აუცილებლად ფეხზე წამოდგომით),  სულაც არაა ქართული და კომუნისტების შემოჩეჩებულიაო, უფროს თაობას რომ კითხო დასავლეთმა გარყვნა თანამედროვე ახალგაზრდობა და ფეისბუქმა კიდევ გამოაშტერა, ზუსტად იმიტომ აღარ ახსოვთ ქართული ღირებულებებიო, და საერთოდაც ეს დემოკრატია საჩვენო საქმე არა არისო, ეგ კიარა ზოგიერთმა მეფე გვინდაო(უუი, უი, უი!!! ( მეჯლისები და კარნავალები პარლამენტში არ გვეყოფა ცალკე მაგისთვის რომ არ ვხარჯოთ ფული ბიუჯეტიდან? მე შენ გეტყვი და მიგვიწვევენ 🙂 )  მოკლედ, როგორც მამაჩემი იტყოდა „ჩიორტ ივო ზნაეტ“ ვინ საით უბერავს.
P.S. აი  ესაა თანამედროვე ქართული საზოგადოება. დემოკრატიულის რა გითხრათ, მაგრამ სოციოლოგებისათვის საინტერესო საკვლევი კია.

25 წლის ვარ!
არ ვარ გათხოვილი და ჯერჯერობით არც ვგეგმავ!!!
მაქვს ერთი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი( მეორე გზაშია 🙂 )
რამდენიმე სერთიფიკატი, მათ შორის, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს( ჩემთვისაც კი), IT ინჟინერია 😀
სამსახური, რომელიც ხანდახან მომწონს კიდეც,
ოჯახი, რომელიც ძალიან მიყვარს მიუხედავად მათი „აუტანლობისა“ 😀
მეგობრები – ჩემი ყველაზე დიდი შენაძენი,
ტელეფონი, რომელზეც ვგიჟდები 🙂
ბლოგი, რომელიც ამ ბოლო დროს დღიურს უფრო გავს…
და კიდევ რამდენიმე ანგარიშგასაწევი ადამიანი, რომლებიც რაღა დაგიმალოთ და ხანდახან თავს მაბეზრებენ.

ხო, მე უკვე დიდი გოგო ვარ და ხანდახან ოცნებაც მავიწყდება, მაგრამ კარგად ვიცი რომ ბავშვი მოხუცშიც კი ცოცხლობს, ამიტომ მაპატიეთ თუ ხანდახან ბავშვივით ვიქცევი ან როგორც დედაჩემი იტყოდა უპასუხისმგებლოდ.. ნუ მომთხოვთ ყოველთვის ვიყო „დიდი გოგო“ , ნუ მომთხოვთ ვიტვირთო პასუხისმგებლობები, რომლებიც თავისი სიმძიმით იმდენად მიჯაჭვულს მხდის მიწაზე რომ ცაში ახედვის სურვილიც კი აღარ მიჩნდება.
ბედნიერება ყოველდღიურ წვრილმანებშია, ამიტომ არაუშავს თუ დღეს ჩემი კარადა დასალაგებელია, საფულე ცარიელი… მერე რა თუ „გრაფი მონტე კრისტო“ დღემდე ჩემი საყვარელი წიგნია… სულელურ მელოდიებზე ცეკვაც მიყვარს სარკის წინ :D:D და როგორც ბავშვობაში, ნაწვიმარ ქუჩებში სიარულისას გუბეებზე გადახტომას ახლაც ვცდილობ..

როგორც ვთქვი, ბედნიერება წვრილმანებშია, ამიტომ მაპატიეთ თუ ხანდახან ბორდიურზე ჩამოჯდომა და ლუდის დალევა მეც მინდება, მერე რა რომ გოგო ვარ(თან „კარგი გოგო“).
ხო, მომწონს საუბრები ფილოსოფიაზე ფინჯანი ყავის თანხლებით, მაგრამ ხანდახან ინტელექტუალური მზერის სიცარიელე გულზე ისე მწარედ მხვდება, რომ ჩემი უბნის ქუჩური ჟარგონით მოსაუბრე „ბირჟავიკების“ აზრი ბევრად უფრო ღირებულია ჩემთვის… და ადამიანური თვალებით დანახული მათი სამყარო, სადაც მხოლოდ თეორიების ცოდნა არ არის საკმარისი, თუნდაც ის ყველაზე დიდ მოაზროვნეს ეკუთვნოდეს.

მე ხომ მხოლოდ 25 წლის ვარ… ამიტომ მაპატიეთ რომ სამსახურიდან პირდაპირ სახლში არ მივდივარ, როგორც ყველა ‘წესიერი’ გოგო უნდა იქცეოდეს და ხანდახან ღამის სამ საათზე შევდივარ სახლში, იმიტომ რომ უბრალოდ მეგობრებთან ერთად გავერთე, იქ სადაც მუსიკა ისე ხმამაღლა უკრავს რომ ალბათ ბებიაჩემიც მოინდომებდა ცეკვას… 🙂 იმასაც ნუ მომთხოვთ ღიმილი ვაკონტროლო მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენ, უკვე გაზრდილმა ადამიანებმა რამე ‘ისე’ არ გაიგოთ…

მე ვიცი რომ ცხოვრება თამაშია და ყველა იმ როლს ირგებს რაც უნდა… ან შეუძლია, ამიტომ მაპატიეთ თუ მე მხოლოდ ერთი როლი არ მაკმაყოფილებს და ხშირად ვიცვლი(ხასიათის ბრალია;))
ისიც მაპატიეთ, რომ მიუხედავად ჩემი მუდმივი მტკიცებისა, რომ უკვე გავიზარდე და „დიდი გოგო“ ვარ, ახლა საპირისპიროს ვამტკიცებ…
მე 25 წლის ვარ, მალე 26-საც გავხდები…
ამ დროს უკვე მექნება ორი დიპლომი… ალბათ კიდევ უფრო მეტი გაურკვეველი სახის სერთიფიკატი,
ოჯახი, მეგობრები, სამსახური…იმედია ტელეფონიც 😀
ბლოგი აუცილებლად!
კიდევ ბევრი რამ შეიცვლება…
თუმცა…
მე კარგად ვიცი რომ ბავშვი მოხუცშიც კი ცოცოხლობს, ამიტომ ნუ ეცდებით ჩემში ის გააქროთ, იმიტომ რომ წვრილმანებშია ბედნიერება და კიდევ იმიტომაც რომ სწორედ ეს ბავშვი ღმერთია ჩვენს გულებში..
image

image

image

Create a free website or blog at WordPress.com.

ზედა ↑

დო'ს ბლოგი

აქვს ფანტაზია ბავშვის, ცაში დაეძებს სოროს, სამსართულიან სახლში, მეცხე სართულზე ცხოვრობს....

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

ბაბოლიჩი's Blogg

Keep your coins... I wan't change!

Natalie’s

There’s nothing to talk about

ედიშერის ბლოგი

სიზუსტე და სამართლიანობა უფრო მეტად ფასობს ვიდრე უპირატესობა და სენსაცია

ქეთოს ბლოგი

ამერიკანო წიწაკით please...

Molly Bloom's Day™

ასტრიდ ლინდგრენი – 111

ბურუსი - BURUSI

თენგიზ ვერულავა - TENGIZ VERULAVA

სულელური თეორიის 9 წუთი

P.S გახსოვდეს ვინ ხარ.

კრაზანა

What do you read, my Lord? "Words, words, words"..

ეთოს ბლოგი

“ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი ვიდრე იყავი.”

Niksologia

აკრძალულია აკრძალვა!

სიყვარულოვნას ბლოგი

მე ვარ ნაწილი იმ დიადი ძალის, ვისაც ავი სურს და კეთილს სჩადის

Olley

როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას , შენი ცხოვრებაც ისე იქნება

ფაოს ბლოგი ^.^

The Girl Who Always Smiles, Even If She Feels Down.

Geo Blogmania Group

ჩვენ ვწერთ თქვენთვის

ბრე'ს ბლოგი

ჩემი ღამეები თქვენს დღეებზე უკეთესია

ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive...

ცხელი შოკოლადი

რაღაც დარიჩინიანი....

ჯეკის ჩანაწერები

https://www.facebook.com/Jacksnotes101

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Sometimes Y, and After C

I like breaking all of the rules

Kate's Universe

Everything In Its Right Place

გურამ შეროზიას ბლოგი

საინტერესო + სასარგებლო