362123804e9c0d22fcbd372045ec450b

 ვერასოდეს წარმოვიდგენდი ლექსის წერა თუ შემეძლო, თუმცა, ჩემს ბლოგს რომ გადავხედე სულ ლექსებით გამივსია, ხანდახან მინდა ძველებურად გიამბოთ რამე, თუმცა, როცა წერას ვიწყებ ვგრძნობ რომ სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, თითქოს ბევრი მაქვს სათქმელი და ამავე დროს არაფერი, უცნაური გრძნობაა… წერა ჩემთვის რაღაცის თავიდან მოშორებასავითაა, ემოციების, შეგრძნებების, დავწერ და ვიცლები, ვმსუბუქდები, ალბათ ბოლოდროინდელი განცდები მეტისმეტად ძვირფასი აღმოჩნდა იმისათვის რომ გამეშვა ჩემგან, ამიტომ ვერ შევძელი მათი თქვენთვის განდობა, რაც ყველაზე მეტად მიყვარს ის ხომ არავისთვის არ მემეტება ხოლმე. 

 ვდარდობ რომ თანდათან უფრო ნაკლები დრო მრჩება ბლოგისთვის, ფიქრისთვის, ვდარდობ იმასაც, რომ თანდათან ადამიანების ნდობას ვკარგავ და უფრო და უფრო ხშირად მინდა დავრჩე მარტო, ნელ-ნელა ვკარგავ ჩემთვის ძვირფას ადამიანებს და მათთან ერთად მეც ვიშლები ნაწილებად, ისინი მოდიან ჩემს ცხოვრებაში, მცვლიან, იცვლებიან და მიდიან, მათ ადგილას კი სიცარიელე რჩება, და ასე დაუსრულებლად. ვგრძნობ როგორ ხდება ერთნაირი ჩემი ყოველი დღე – ერთი დიდი რუტინა, მე კი ძალაც აღარ მაქვს იმის, რომ რაღაც შევცვალო.

  დავიღალე ადამიანებით, მათი გამოცანებით, მათი გამოცნობით, ამდენი პრაგმატიზმითა და სიცივით, სიმსუბუქით თვალებში და ირონიით სიტყვებში, სითბოს გაცემით და სიცივის მიღებით, დაუსრულებელი ყინულის კედლებით მათ ირგვლივ, დავიღალე გაურკვეველი საუბრებით ფინჯანი ყავის თანხლებით, ამდენი გულისტკენითა და იმედგაცრუებით…

  ზღვა მომენატრა, სველი ქვიშა და თოლიები…