გამჭვირვალე კარიკატურა შემომცქერის სარკიდან.
უკვე აღარც კი მახსოვს
მისი ნამდვილი მე,
მხოლოდ ყავის სურნელით ერთნაირად გალეშილი დღეები.
მალე გაზაფხულიც მოვა
გახლეჩილი ბროწეულივით მადისაღმძვრელი.
თუმცა იმისთვის სარკიდან რომ შემომცქერის ესეც სულერთია,
დღითიდღე ხომ ისეთი გამჭვირვალე ხდება რომ
ფერებსაც ვეღარ ირეკლავს,
ხოდა გაზაფხულიც რაღად უნდა,
ჰაერი კი ზამთარშიც უფეროა.
მისთვის, სარკიდან რომ შემომცქერის სიკვდილიც უაზროა,
იმიტომ რომ ის უკვე მოკვდა.
ისე შეუმჩნევლად, რომ თვითონაც ვერ მიხვდა.
უბრალოდ ერთ დღესაც სარკეში საკუთარი ანარეკლის ნაცვლად გამჭვირვალე კარიკატურა დახვდა ცინიკური მზერით.
ჯერ შეეშინდა,
უსულობის, უგულობის, უყველაფრობის…
მერე ნელ-ნელა შეეჩვია,
ისე ძალიან აღარ აფრთხობდა
ის მეორე, სარკიდან რომ თავხედურად მიშტერებოდა.
ბოლოს საერთოდაც მოეწონა გამჭვირვალე არსება სხვა სამყაროდან.
ის არავის ელოდება, არავინ სჭირდება და ხურდა ფულივით დაუნანებლად არიგებს უემოციო ღიმილს .
მას არავინ ენატრება.
ის ხომ უბრალოდ კარიკატურაა
გამჭვირვალე ჰაერივით.
ის მე მგავს.
ჩემი ცხოვრება – ერთი დიდი ქაოსი. Facebook სტატუსებით, საიტები და ჯგუფები, რომლებიც დაჟინებით მამატებენ მათ რიგებში. ტესტები, უამრავი ტესტები, რომლებიც ხან მილიონერობას მპირდებიან, ხან საკუთარი ხასიათის ამოცნობას და აუცილებლად ზუსტი 100%იანი შედეგებით: „ აირჩიე ამ ნამცხვრებიდან ერთ-ერთი და გაიგებ რა გელის მომავალში“ „გადადი ლინკზე და გეტყვით როგორი ხასიათი გაქვს“; – „დაელოდეთ, რეკლამა გაქრება 6 წამში“ 6-5-4-3-2-1-…. „სწორად გამოიყენე დრო, არც ჩამორჩე და არც გაუსწრო“- ვიღაცამ მითხრა ერთხელ, „კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა“, – მიყვარს ანდაზები. ფოტოები, სელფები მეგობრებთან ერთად ან მათ გარეშე, „მე ეს პროფილი მაქვს კარგი, აქედან გადამიღე, აბა ყველანი ვიღიმებით“, ვთამაშობთ ბედნიერებას, არაუშავს, სულ რამდენიმე წამით. მერე ლაიქები, ბევრი like, მერე რა თუ სულაც არ მოსწონს ვიღაცას დღეში ხუთჯერ ჩემი სელფის დალაიქება, თითქოს ყველა ვალდებულება აქ ინაცვლებს. ჩემი ბლოგი – სადაც თითქოს საკუთარი აზრების გაგებასა და გადმოცემას ვცდილობ, თუმცა ვხვდები რომ ეს ისევ სხვისთვის დაწერილი ამბავია, შეიძლება არც ისე კარგად, მაგრამ ვითომ განსხვავებულად და ჩემებურად, არადა ესეც საკუთარი თავის პიარია: „ნახე რა კარგი ვარ“ ან „შემომხედეთ, ეს მე ვარ, გამიცანით“. და ყველაზე მთავარი – ადამიანები, ადამიანები თავისი პრობლემებით, მოთხოვნებით, ვალდებულებებით, ჩვევებითა და რჩევებით. ერთნაირები და განსხვავებულები, სვეცკები და გოიმები, ჩემიანები, სხვისიანები, უამრავი კლიშე და სხვაზე მიწებებული იარლიყი, განათლებული იდიოტები გულუბრყვილო სულელები, ვიღაცა ჩემნაირია? არა, რას ამბობ მე ერთადერთი ვარ და განუმეორებელი… დამოუკიდებლობა – „რასაც მინდა იმას გავაკეთებ“ (?) „უკვე დიდი გოგო ვარ!“ დაწყებული და არდამთავრებული ან გადადებული საქმეები. რიტმი, ცხოვრების რიტმს უნდა აყვე, მერე რა თუ ნელ-ნელა საკუთარ თავს კარგავ, მერე რა…
უკვე საკმაოდ დიდი ხანია არაფერი დამიწერია, ვფიქრობდი რომ ამაში განსაკუთრებული არაფერია და არც არავის დავაკლდებოდი ჩემი ნაჯღაბნით, თუმცა, ბოლო ორი დღის განმავლობაში სამმა ადამიანმა შემახსენა ჩემი ბლოგი და იმის მიზეზითაც დაინტერესდა რატომ დავივიწყე ჩემი მკითხველები. მეც ცალი თვალით შევიხედე ბლოგზე და მივხვდი რომ მომენატრა ჩემი შგრძნებების თქვენთვის განდობა, გაზიარება. უბრალოდ ხანდახან ასეც ხდება, როცა კარგავ სურვილს, ყველანაირ ინტერესს და ამ დროს შიში გიპყრობს, შიში იმისა რომ სრულიად ინდიფერენტული ხდები საყვარელი საქმიანობის მიმართ, საყვარელი ადამიანებისა და ზოგადად ცხოვრების მიმართ, დღეები უბრალოდ გადის, დროს მიყვები და სურვილის გაქრობასთან ერთად შენც ნელ-ნელა შუმჩნეველი ხდები, ბოლოს მხოლოდ შიშის გრძნობა გრჩება რომ შენც გაქრები, თან ისე რომ ვერაფერს დატოვებ, და სულ ფიქრობ, გეშინია რომ მერე არც კი გაგიხსენებენ და ეს უკვე ის იშვიათი შემთხვევაა როცა შიში გაძლევს სტიმულს იმისა რომ გამოფხიზლდე, დაინახო რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა, ბედნიერება იქვეა, შენს გვერდით, შენ კი თურმე სხვაგან ეძებდი და ვერც კი ხვდები რომ თუნდაც უკვე მობეზრებულ სამსახურში ყოველ დილით ყავის დალევაც კი შეიძლება ბედნიერება იყოს, სახლში გვიან მისულს დედა რომ გებუზღუნება და თქვენ წარმოიდგინეთ საღამოს მთვრალი მეზობლები რომ არ გაძინებენ ესეც კი 🙂 ამ დროს ხვდები რომ სწორედ ესაა ცხოვრება, ზოგჯერ კარგი, სიხარულითა და სიყვარულით გაჟღენთილი, ზოგჯერ კი სევდითა და სიცარიელით სავსე. ჩვენ კი უნდა ვისწავლოთ ფიქრების მოსმენა, ერთმანეთის გაფრთხილება და უფრო მსუბუქად ცხოვრება. გუშინ ერთმა ძალიან საინტერესო ადამიანმა მითხრა რომ არ ღირს ყველაფრის გულთან ახლოს მიტანა, ყველა სიტუაციიდან არსებობს სულ მცირე ერთი გამოსავალი, უბრალოდ ლოგიკურად უნდა იმსჯელო, არც წარსულის გახსენებაა კარგი, ცუდის გახსენების სურვილი თავისთავად არ გიჩნდება, კარგის გახსენებაც არ გინდა, გული გწყდება რომ დღეს იმ სიტუაციაში აღარ ხარ, წარსულის დაბრუნებასაც არ უნდა ეცადო, რადგან ის რაც იყო აღარ განმეორდებაო. ალბათ ასეცაა, თუმცა ყველაფერი ხომ ასე იოლი არ არის, ვერც იქნება, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ადამიანები ვართ რთულები.
P.S. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ძალიან მომენატრეთ და დაგიბრუნდით ჩემო კარგებო :*
შენი აზრი