Image

დილიდან წერის სურვილმა გამაღვიძა, ალბათ ეს გუშინდელი საშინელი დღის შედეგი იყო, არ ვიცი. ფაქტია რომ ხანდახან არის დღეები როცა არავის დანახვა არ მინდა, უფრო სწორად, საერთოდ ვერ ვიგებ რა მინდა, ვერც კითხვას ვუდებ გულს, ვერც ფილმს ვუყურებ, დალაპარაკების სურვილიც კი არ მაქვს და უაზროდ მეტირება და რომ მკითხოთ რატომ ვერც გიპასუხებთ იმ უბრალო მიზეზის გამო რომ არ ვიცი. მოკლედ, დაგღალეთ ჩემს განცდებზე ლაპარაკით, მე კი მინდოდა რაღაც კარგი, საინტერესო დამეწერა, მაგრამ ეს არც ისე ადვილია, რადგან ჩემი აივნის წინ გამართული “ბირჟა” ყურადღებას მიფანტავს. როგორც წესი ეს მთელი ეზოს შეკრების ადგილია – დილით ბავშვიანი დედები ჩამოსხდებიან ხოლმე და განიხილავენ ვისმა პატარამ რამდენი მოიმატა, რას აჭმევენ და ა.შ, მერე მოხუცები ლაპარაკობენ ძირითადად პოლიტიკაზე, რაც ხშირად უთანხმოების მიზეზია, ზოგი მიშას აგინებს, ზოგი ბიძინას და ასე დაუსრულებლად, ბოლოს კი უსაქმური თინეიჯერების(ძირითადად ბიჭების) დრო დგება, რომლებიც ჩემდა გასაკვირად ამ ეზოში საკმაოდ ბევრნი არიან, მათი ძირითადი გასართობი კარტის თამაშია ან გამვლელი გოგოების თვალიერება, ამ დროს აივანზე გასვლაზე ფიქრიც კი ზედმეტია, თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ მეორე სართულზე ვცხოვრობ და საკმარისია კარი გავაღო და რატომღაც ყველა ჩემსკენ იყურება. სიმართლე გითხრათ თავიდან როცა აქ გადმოვედი(დაახლოებით ერთი წლის წინ) ცოტა მართობდა ეს ყველაფერი მაგრამ ახლა უკვე მაღიზიანებს და ჩემი მუდმივი უკმაყოფილებისა და წუწუნის მიზეზია, რასაც ჩემს ოჯახში ღიმილით ხვდებიან რატომღაც.  ამ ყველაფერს დავუმატოთ ყვავი რომელიც ყოველ დილით თავზე დამჩხავის. ვიცი, სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მე სულ არ მეცინება როცა დილის შვიდ საათზე მისი ჩხავილი მესმის და მიუხედავად იმისა რომ ვამტკიცებ ცრუმორწმუნე არ ვარ მეთქი, მაინც ცუდ ასოციაციას მიჩენს. მე კი, როგორც ერთ-ერთ ფილმში(სახელი არ მახსოვს) რომლის გმირსაც დაახლოებით იგივე პრობლემა აქვს, ვიწყებ იმაზე ფიქრს როგორ მოვიშორო თავიდან ეს აბეზარა ფრინველი. ხო, უნდა აღვნიშნო ისიც რომ ამ ბინის მაცხოვრებლები გიჟდებიან კატებზე, მათ შორის შავ კატებზეც და ეჭვი მაქვს რომ შავი კატების რიცხვის ზრდის პირდაპირპროპორციულად იზრდება ჩემი საშინელი დღეების რიცხვიც. აი ხედავთ ამ კატებმა, ყვავებმა და “ბირჟავიკებმა” სულ გადამიყვანეს ჭკუიდან, იმის ნაცვლად რომ გესაუბროთ უფრო საინტერესო თემებზე, მაგალითად ფრანც კაფკას ” მეტამორფოზა”,(ახლა წავიკითხე,სიტვები არ მყოფნის, დღეიდან სულ სხვა თვალით ვუყურებ ხოჭოებს:)))) რაღაც უაზრობებზე გეწუწუნებით. 

უკეთესი დღეების მოლოდინში დროებით გემშვიდობებით ❤

თქვენი ქეთო ❤