დღეს დილით ნახევრად მძინარემ ჯერ ცალი თვალი გავახილე, მერე მეორე (ლოგიკურად) და საათს რომ შევხედე მივხვდი რომ მაღვიძარამ არ დარეკა, საერთოდ ყოველ დილით როცა მაღვიძარის ზარს ველოდები მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს
თუმცა ამჯერად გონებაში მომენტალურად შევაფასე ჩემი ტრენინგზე დაგვიანებით გამოწვეული სავარაუდო შედეგები, რამაც გამოიწვია საწოლიდან რეაქტიული სიჩქარით წამოფრენა და ხასიათის გაფუჭების თავიდან ასაცილებლად საკუთარი თავის იგნორირება სარკეში. დარწმუნებული ვარ თქვენც ყოფილხართ აი ისეთ სიტუაციაში პიჯაკს რომ გასვლისას აითრევ, შარვლის ტოტს გზაში რომ ისწორებ და რაც მთავარია სახლის გასაღები რომ გავიწყდება, რასაც მოგვიანებით მოჰყვება ხოლმე კართან ყურყუტი და ოჯახის წევრებთან ზარის გაშვება (რა თქმა უნდა დასარეკი არ მაქვს) იმ იმედით რომ ბოლოს და ბოლოს საყვარელ საწოლზე დაეგდები და დაისვენებ, თუმცა დაისვენებ თუ არა ეგ კიდევ საკითხავია. ამაზე მოგვიანებით, ახლა კი, სად გავჩერდი… ხო, გზაში რომ იცვამ… მოდი, ყვითელ ტრანსპორტს გამოვტოვებ და პირდაპირ ტრენინგზე გადავალ, თორემ დღეს ვერ დავამთავრებ და ყველა ცუდ ხასიათზე დავდგებით. ტრენინგს რაც შეეხება, არ დამიგვიანია, მაგრამ ორი საათი ვიჯექი გაუნძრევლად, თან ცხელოდა საშინლად და კონცენტრირება მიჭირდა, იმის ნაცვლად რომ ყურადღებით მომესმინა ვფიქრობდი ალბერ კამიუს “უცხოზე”, რომლის მთავარ გმირსაც სწორედ აუტანელმა სიცხემ და მზის სხივებმა უნებლიე მკვლელობაც კი ჩაადენინა. ამ ფიქრების ფონზე ალბათ მიხვდებით ასე რატომ გამიხარდა ტრენინგის დასრულება და იმ თხუთმეტსართულიანი შენობიდან გამოღწევა (ოდესმე ამ შენობის ლიფტზეც მოგიყვებით). თავი გარეთ რომ დავიგულე გადავწყვიტე ხასიათის გამოკეთების მიზნით ფეხით გამევლო, მაგრამ უფრო ცუდ ხასიათზე დავდექი. მიზეზი? ახლავე – საარჩევნო კანდიდატების სახეებს დაკვირვებიხართ პლაკატებზე? მარტო მე მეჩვენება ასე არაბუნებრივად თუ თქვენც გგონიათ რომ ყურებამდე მოღებული პირი და 32 ცალი გადმოყრილი კბილი სულაც არ ნიშნავს გულწრფელ ღიმილს და არ იძლევა დაპირებების შესრულების გარანტიას, პირიქით, ამიტომ ჩემი რეკომენდაცია ასეთ ადამიანებს: აიყვანეთ კარგი პიარ-მენეჯერი, ან საერთოდ გაქრით მაგ თქვენი ღიმილიანად!
დამავიწყდა მეთქვა, რომ დღეს ჩემი მოძრაობის არეალი თბილისის ერთ-ერთი პრესტიჟული უბანი იყო, შესაბამისად, მომიწია ჩამევლო საკმაოდ ცნობილი სოლარიუმის გვერდით. ჰოდა იქიდან გოგო გამოვიდააა “super-fashion”. ისეთი “ჩაცმული” იყო ბიჭები კი არა მეც აი ასე ვუყურებდი
ამით იმის თქმა მინდა რომ ქართველები ვითომ სხვებს ხომ დავცინით ჩაცმა არ იციანო, პალმებიანი პერანგი როგორ ჩაიცვაო, დეეედა, იმ ბიჭს ვარდისფერი აცვიაო და ა.შ. მაგრამ რეალურად ჩვენც არ ვიცით, რომ აუცილებელი არაა უნივერსიტეტში 12 სმ-იანი ქუსლებით სიარული და საღამოს კაბის ჩაცმა ყოველდღიურად. აი მაგალითად, ზემოთ ხსენებულ გოგონას ეცვა თეთრი უმკლავო და უზურგო(!) კომბინეზონი და…ჩექმები, ზამთრის…აი ისეთი გარედანაც რომ ეტყობა რა კარგადაა დაბამბული. ჰოდა ამ გოგოს ყურებაში თვალებგადიდებული და წარბაწეული რომ მივდიოდი, უცბად ისეთი მძაფრი ალკოჰოლის სუნი მეცა, რომ სუნთქვა შემეკრა, გავიხედე და ჩემდა გასაკვირად დავინახე 15-16 წლის ერთიანად აწითლებული ბიჭი ხელში ლიტრიანი ლუდის ბოთლით(აქ შესაძლოა ყოფილიყო შენი რეკლამა:)). კარგით რაა, დღისით, მზისით და რაც მთავარია მარტო! ერთ კაცს ვიცნობდი, დალევით იწყებდა დღეს და ისიც კი, თუ ვინმე არ ყავდა ჭიქის მიმჭახუნებელი, სარკეს იდგამდა ხოლმე წინ და ისე სვამდა “მარტო კაცი ჭამაშიაც ცოდოაო” იტყოდა ხოლმე თან ცხონებული.
მოკლედ, ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო, თბილისის ქუჩებში რომ გაივლით ხალხს დააკვირდით, ბევრ საინტერესოს და სახალისოს გადააწყდებით, დამიჯერეთ, თუმცა, მთავარია მხოლოდ სხვის თვალში არ დავინახოთ დირე.
Best wishes
თქვენი ქეთო
შენი აზრი