Image

დღეები გადის…

ზოგი დღე ერთმანეთს წყლის წვეთებივით გავს, ზოგი სავსეა სიხარულით, ზოგი სევდით, ჩვეულებრივი წვრილმანებით და უჩვეულო ამბებით. ზოგი აკაციის ყვავილივით სურნელოვანია, მარტივით არეული, შავი კატასავით თარსი ან თაფლივით ტკბილი, ზოგი ღვინით შემთვრალ-შემსუბუქებული ან სინდისით დამძიმებული…

დღეები გადის… ზოგი სიყვარულისაა, ზოგი ქალების, მთავრობის, ბავშვების , ზოგი ამის, ზოგი იმის, ზოგიც არავის… ზოგი მზით მათბობს ან ქარით ცდილობს ყველაფრის არევას, ზოგი წვიმით მასველ-მადარდიანებს, ზოგი თოვლით მათეთრებს და სუნთქვას მიყინავს…

დღეები გადის… იცვლება შეხედულებები ცხოვრებაზე, ნელ-ნელა ვიხსნი ფერად სათვალეებს, მაგრამ გადასაგდებად მენანება და ვინახავ… იცვლება გარემო – ნაკლები მწვანეა, ბევრი ნაცრისფერი…ბევრი ღალატი, ცოტა სიყვარულიც…

დღეები გადის…გუშინდელ “ტრაგედიებზე” დღეს მეღიმება, დღეს მნიშვნელოვანი ადამიანი ხვალ უმნიშვნელო ხდება, დროდადრო ვირგებ ფერად სათვალეს რომ გავუძლო…დღეებს ხანდახან მოაქვთ აკაციის ტკბილი სურნელი… მერე ისევ ვივსები უარაფრობით, დაღლილობით მთვრალი ნაბახუსევზე გამოსვლას პოეზიით ვცდილობ, მიამიტად მჯერა რომ შემდეგი დღე უკეთესი იქნება…და მაინც, დღეები გადის… ზოგჯერ მზით, ხშირად უმზეოდ… მე კვლავ ვირგებ ფერად სათვალეს…