ძიება

ქეთოს ბლოგი

ამერიკანო წიწაკით please…

კატეგორია

U-მისამართო

მე – ეგოისტი

ჩემი ოჯახის წევრები ფიქრობენ რომ ეგოისტი ვარ, მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ ვცდილობ გავაკეთო ის, რაც მინდა. მიყვარს როცა კომფორტულად ვარ მოკალათებული ჩემს საწოლზე, გვერდით ტუმბოზე ჩემი საყვარელი ყავა დგას, მე კი ან რაიმეს ვკითხულობ, ან ინტერნეტში დავძრომიალობ, ან რაიმე ფილმს ვუყურებ – ეს ჩემი განტვირთვაა,ასეთია ჩემი საღამოები როცა მეგობრებთან ერთად არ ვერთობი. მერე რა რომ ხანდახან(ხშირად) სოფოს ვთხოვ ყავის მომზადებას. საერთოდ არ ვარ მზრუნველი და რატისთვის კი არა ჩემთვისაც მეზარება კარტოფილის შეწვა, ძალიან იშვიათად ვალაგებ სახლს და დედაჩემის კითხვაზე -რა ხდებოდა დღეს სამსახურში, თითქმის ყოველთვის ვპასუხობ რომ არაფერი. დედა მეუბნება რომ სახლში უფრო და უფრო ცოტა დროს ვატარებ, ცოტას ვლაპარაკობ და საერთოდ ნაკლებად ვურთიერთობ მათთან. აბა თქვენ როგორ მოიქცეოდით ჩემს ადგილას როცა დილა იწყება მაღვიძარის ზარით, რომელიც მინიმუმ ნახევარი საათი გრძელდება, შემდეგ ვცდილობ სამგორიდან ავლაბრამდე გაწელილ საცობს რეის, ტონის და რა თქმა უნდა,ჩემი ყურსასმენების დახმარებით გავუმკლავდე, მერე მთელი დღის განმავლობაში ვიღიმი გაუთავებლად, იმიტომ რომ თურმე ასეა საჭირო და კიდევ, განსაკუთრებული ფრაზა: “კიდევ რით შემიძლია დაგეხმაროთ?” აი ამის შემდეგ კი მიწევს იმის ახსნა რომ არც “ოდნოები” მაქვს, არც კონტაქტი და არც ფეისბუქი და არც ნომრის მიცემას არ ვაპირებ, ოღონდ ესეც ღიმილით რა თქმა უნდა. “სერვის +” მარად და მარად!!! გარდა ამისა, ვისმენ უამრავ ჭორს და მართალს, უამრავ უსარგებლო ინფორმაციას, მაგალითად გუშინ დალის გადასარევი ჩაქაფული გაუკეთებია, ისეთი გემრიელი ყოფილა რომ ემოციები დღემდე გამოყვა და ჩვენც თუ არ მოვიკრებთ მოთმინებას და არ შევიგრძნობთ(რა თქმა უნდა თეორიულად) მისი შემოქმედების ნაზ გემოსა და მადისაღმძვრელ არომატს ალბათ კლიენტებს მოუყვება:) ეს კი ნამდვილად არ გვაწყობს. მერე როცა დალი თავის კულინარიულ ფანტაზიებს ამოწურავს, რომელიმე თანამშრომლის ან კლიენტის გაჭორვის დრო დგება, ზოგს ფეხი არ უვარგა, ზოგს ტანი, ზოგს შუბლი, ზოგს კიდევ გემოვნება. აქვე გეტყვით რომ არც მე ვარ მამა აბრამის ბატკანი და მსგავს საუბრებში მეც ვერთობი ხოლმე, ხანდახან:) დაახლოებით ასეთი ამბების მოყოლაში მოდის 6 საათი და მეც ერთი სული მაქვს როდის გამოვალ ჩემი სამუშაო სივრციდან, რაც ზოგიერთი ჩემი მეგობრისთვის აკვარიუმთან ასოცირდება, ზოგისთვის ბუნაგთან და ხშირად მთავაზობენ ჟანგბადის ბალონის გამოყენებას:) ხო, დამავიწყდა მეთქვა, რომ ალბათ უკვე ტრადიციად გვექცა სამსახურის მერე ნახევარი საათი მაინც ჭორაობაში და ყავის სმაში გავატაროთ. შეკრების ადგილი ე.წ. ” კურილკა” რაც გამოიყენება როგორც პირდაპირი მნიშვნელობით, ასევე გადატანითი ანუ სასადილოს ფუნქციას ითავსებს. შეკრების უცვლელი მონაწილეები მე, ნათია, მარი, თიკო და რა თქმა უნდა ბაქარი, რომელიც მოთმინებით გვიტანს ოთხ და ხანდახან მეტ გოგოს და გულუხვად გვამარაგებს ყავით ყოველ საღამოს. მერე ლიკა შემოირბენს, ხადახან ზურა გვესტუმრება და თავისი ‘სტრანნი’ იუმორით გვართობს, ღმერთო, რას არ იტანს ეს კედლები, ტატოს ფეხის ნაკვალევსაც კი. ამასობაში ჩემი წასვლის დროც მოდის, ან უნივერსიტეტში გავრბივარ ცინიზმის მამასთან შესახვედრად(ჯგერენაიას ვგულისხმობ) ან ბუღალტერიაზე, სადაც ნინო ისე ხტება ამოცანიდან ამოცანაზე თითქოს კალია იყოს და ჩვენ ბადით მივდევდეთ დასაჭერად. ბოლოს კი, როცა ჩემთვის უკვე სულერთია 2*2 ოთხია თუ თექვსმეტი ვამთავრებთ ლექციას და ვიწერ დავალებებს, და მეც რა თქმა უნდა გულწრფელად მჯერა რომ სახლში ვიმეცადინებ 🙂 წამოსვლისას მომენტალურად მეხსნება ტვინი თიკოს შოკოლადების დახმარებით თან როგორც ჩანს ანის დადებითი აურა მოქმედებს, ახლა კი მხოლოდ ერთი დაბრკოლება მრჩება გადასალახი-მეტრო. ამ დროს ისევ ჩემი ყურსასმენები მშველის, დაახლოებით ერთი საათის შემდეგ კი უკვე სახლის კარზე ვაკაკუნებ და ერთი სული მაქვს როდის მოვკალათდები საწოლზე ყავით ხელში. აი ამ დროს კი სოფო აღშფოთებული მიყვება თავის თავხედ ნატურაზე, რომელსაც ხატავს, რატი სიყვარულს თავში წამორტყმით გამოხატავს დედაჩემს კი უნდა გაიგოს როგორ ჩაიარა ჩემმა დღემ. მე კი, მე უბრალოდ ძალიან დავიღალე. ლაპარაკი კი არა, ფიქრიც კი არ მინდა. არც იმაზე როგორ გავზარდო ჩემი შემოსავალი, არც იმაზე რატომ ხდება რომ ჩვენი ფიქრები განსხვავდება ჩვენი საქციელისგან, არც იმაზე რას იტყვის ვინმე მეზობელი ლაურა(რომელსაც არც კი ვიცნობ) როცა დამინახავს რომ მანქანით მომიყვანეს სახლში,არც იმაზე რომ ასე გაუფასურდა ლარი, არც სოციალური სივრცის ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად დაყოფის პრიორიტეტებსა თუ განსხვავებებზე. რა იქნებოდა თითის ერთი დატკაცუნებით ნირვანაში გადავდიოდე, მაგრამ რას ვიზამ, wake up, it’s a real world !!!
ასე რომ დეე, უბრალოდ გადაღლილი ვარ… ცოტა ეგოისტიც… 🙂

სიყვარულით
ქეთო

და  ვიწყებ წერას!!! დილაა, თუმცა სრულიად ჩაბნელებულ ოთახში ვზივარ, მხოლოდ კომპიუტერის ეკრანისგან განათებულ ჩემს თავს ვხედავ სარკეში.  სასურველ განწყობას  მე თვითონ ვიქმნი ყავისა და ჩემი საყვარელი მუსიკის დახმარებით, თან რა თქმა უნდა, თავში აფუთფუთებულ ფიქრებსაც გასაქანს ვაძლევ. უამრავი პირადი თუ საზოგადო კითხვა მიტრიალებს, თუ გინდათ რამდენიმე მათგანს გაგანდობთ …

White clock with words Time for Questions on its face

1) რატომ ვცდილობთ სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენას? ამაზე ნიკა გამახსენდა, ერთი უჩვეულო და არც ისე კარგი მზარეული, რომელიც ამავე დროს ფსიქოლოგიცაა(ყოველ შემთხვევაში თვითონ ასე თქვა) და რომელიც ფიქრობს რომ ადამიანების გამოცნობა შეუძლია. განსაკუთრებით საინტერესო იყო ერთი ფრაზა: ” ქუჩაში რომ მივდივარ ადამიანებს ვუყურებ და ვიცი ვინცაა, მერე ამ ყველაფრისგან ისე ვიღლები, ხშირად მიფიქრია ნეტავ მეც სხვებისნაირი ვიყო მეთქი”- ცოტაარიყოს ცუდად ჟღერს, ნიკას ალბათ განსაკუთრებულობის სინდრომი უფრო აწუხებს, (ისევე როგორც ნახევარ საქართველოს) ვიდრე  ის, რომ ემოციებისგან იღლება. არა, განსხვავებული უდაოდ არის, ჯერ მარტო კისერზე დახატული მორიელი რად ღირს, რომელიც იმიტომ გაიკეთა რომ თურმე მისი შეყვარებული იყო მორიელი ზოდიაქოთი, რას ვიზამთ, ყველა ჩვენებურად გამოვხატავთ სიყვარულს. ჰოდა, ეს ჩვენი ნიკა ისე გაერთო ჩვენი დახასიათებით, რომ ერთი საათი ენა არ გაუჩერებია, რითაც აშკარად გაანაწყენა ნათია, რომელსაც თურმე დიასახლისის როლში ხედავდა, აქვე გეტყვით რომ აქ დაუშვა ყველაზე დიდი შეცდომა. ნათიას კი ისე შეეტყო უკმაყოფილება სახეზე, რომ ჩვენმა ნიკუშამ სასწრაფოდ დაამატა რთული ხასიათი გაქვს და ყველა ურთიერთობა შენი გაწყვეტილიაო(ბიჭებს გულისხმობდა) ალბათ იფიქრა ამით დიასახლისობის შესახებ ნათქვამს გამოასწორებდა, თუმცა ნათია მის ანკესს აშკარად არ წამოეგო. ჩვენი ენაწყლიანი მზარეული მაინც არ გაჩერდა და ახლა მარიკასთან გამართა ფსიქოლოგიური ხასიათის პოლემიკა, მერე ანისაც უთხრა რამდენიმე მისი აზრით საინტერესო დასკვნა და მარიკას თუ დავუჯერებთ ჩემთან ფლირტაობა სცადა:)  ჩვენ კი ამ დროის განმავლობაში კარგად გავერთეთ, ვიჭორავეთ და განტვირთვის საღამოც მოვაწყვეთ.  love u girls ❤

ხო, დავუბრუნდეთ ჩემს კითხვებს…

2) რატომაა ზოგიერთი ადამიანი ასეთი დებილი??? (მაპატიეთ…) ძირითადად ასე მაშინ ვარ, როდესაც fb-ზე შევდივარ და ათასგვარ სიბრძნეს ვკითხულობ სტატუსების სახით: “სიყვარული იცით რა არის? …… ბლა ბლა ბლა….”     ” უშენოდ ვერ ვსუნთქავ…”,  და ა.შ. ცალკე აღსანიშნავია პაულო კოელიოს გაუგებარი ფილოსოფია, რომელზეც შემჯდარია ქართველი ახალგაზრდობა  და  დიდი სიამაყით აზიარებენ მის გამონათქვამებს. ამას რომ თავი დავანებოთ, ფოტოები… selfie everywhere…. თან სურათსაც ხო გააჩნია არა? ხალხო, არ შეიძლება ყოველი მეორე ფოტო ტუალეტში გადაღებული იყოს, მერე რა რომ რომელიმე fashion რესტორნის ტუალეტია!!!

3) როდის მომიმატებენ ხელფასს? :))))) ამ კითხვაზე პასუხი ვიცი – არასოდეს!!! 😦

4) შევხვდე???????????   ალბათ არ ღირს…

კიდევ ბევრი კითხვა მაქვს, ძირითადად საკუთარ თავთან , თუმცა თქვენთვისვე ჯობს რომ აღარ გავაგრძელო 🙂

ბედნიერ კვირა დღეს გისურვებთ

სიყვარულით

ქეთო ❤

DREAMS

სუნთქვა მიჭირს, ყელი მტკივა და თვალის გახელაც კი არ მინდა. სიზმრიდან გამოყოლილი აბსტრაქტული ნარჩენები და რეალობა ჯერ კიდევ ერთმანეთში მერევა და ისევ ეს დანაშაულის გრძნობა, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა ჩემთან ერთად იღვიძებს. ახლა არ მკითხოთ რა დააშავეო, არ ვიცი 😦 არა, იმას კი არ ვამბობ რომ არაფერს ვაშავებ, უბრალოდ ასე მგონია სულ რაღაცას ვაშავებ, მგონი დაგაბნიეთ… რა ვქნა, მეც დაბნეული ვარ და ვინმეს ხომ მაინც უნდა გავუზიარო ჩემი ქვეცნობიერის ეშმაკობები, რომლებიც უაზრო და უთავბოლო სიზმრებში გამოიხატება. აი თუნდაც ორი დღის წინ სიზმარში მე, ჩემი ერთი ნაცნობი (რომელის ცხადში დანახვა არც ისე კარგ გრძნობებს იწვევს ჩემში) და ერთი მოხუცი რომელიც სტალინი და ჩემი ლექტორი იყო ერთდროულად სადღაც კლდეზე მივცოცავდით, მე კი ამ დროს იმაზე ვფიქრობდი რომ თმის ფენი უნდა წამომეღო თან :))))) ისე სტალინთან გასაუბრება სულაც არ იქნებოდა ცუდი, ძალიან მაინტერესებს რამოდენიმე ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან.

რაც შეეხება სიზმარს,  მოდი ვიკიპედიას მივაკითხავ: ”  სიზმარი — ძილის მდგომარეობაში სრულიად უნებლიე აღმოცენება და მიმდინარეობა ფსიქიკური შინაარსებისა, უმთავრესად თვალსაჩინო წარმომადგენებისა, რაც ძირითადად უნებლიე ფანტაზიის ობიექტური სინამდვილით შეუზღუდავი გამოვლინებაა” -არ ვიცი თქვენ რას ფიქრობთ, მაგრამ ჩემთვის ახლადგაღვიძებულზე ცოტა რთულია ამ წინადადების აღქმა, მითუმეტეს რომ ჩემი ტვინი ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა იმ ნერვული სტრესიდან რაც სიზმარში განვიცადე ფენის არ წაღებით. ფროიდს თუ დავუჯერებთ, სიზმარში გამოვლინდება ადამიანის ქვეცნობიერში დამალული სურვილები და მისწრაფებები და სიზმრის მონაწილე ყველა “ელემენტს” თავისი მნიშვნელობა აქვს. არამგონია კლდეზე სტალინთან ერთად ცოცვა ჩემი მისწრაფება იყოს, რა ვიცი, ყოველშემთხვევაში ამაზე არ მიფიქრია, ამიტომ ჩემი დიდი სურვილიდან გამომდინარე გავერკვე ჩემს სიზმრებში, მოდი ჩავწეროთ google-ში “სიზმრების ახსნა”, ოჰოოოო, არ ველოდი, საკმაოდ ბევრი საიტი ყოფილა ჩემნაირი უსაქმური ცნობისმოყვარე და სიზმრებით გაწამებულთათვის 🙂 შევდივართ პირველივე საიტზე ანბანის მიხედვით ვეძებ სიზმრის თითოეულ ელემენტს: “კლდე– სიზმარში ნანახი კლდე საქმეში წარუმატებლობასა და ადამიანებთან ურთიერთობაში გაურკვევლობას მოასწავებს. თუ კლდეზე მიცოცავთ, ეს არსებული მდგომარეობიდან თავდაღწევის დიდ სურვილზე მიუთითებს”,- ვერაფერს ვიტყვი, არის სიმართლის მარცვალი 🙂 ვაგრძელებთ. იქიდან გამომდინარე რომ დარწმუნებული ვარ სტალინს ამ ჩამონათვალში ვერ ვიპოვი ამიტომ გადავდივარ ასობგერა ფ-ზე და ვეძებ ფენს 🙂 ალბათ არც ის გაგიკვირდებათ რომ ვერც ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეს საგანი ვიპოვე, სამაგიეროდ აღმოვაჩინე, რომ თურმე ფანრის ბოძის ნახვა სიზმარში კარგი ყოფილა, ცხადში მძიმე პერიოდში სრულიად უცნობი ადამიანები დაგიდგებიან გვერდში და დაგეხმარებიანო, მაგრამ ღმერთმა არ ქნას და თუ სიზმარში ბოძიდან გადმოვარდით, იმედგაცრუება და მოტყუება გელოდებათო, მაგრამ აქაც არსებობს გამოსავალი მისგან თავის დაღწევა იმ შემთხვევაში შეგიძლიათ, თუ თავად ვინმეს მოატყუებთ. ეს კიდევ არაფერი, თუ სიზმარში ფანარის ბოძს დაეჯახეთ, აი მაშინ უსიამოვნებები მართლა არ აგცდებათო 🙂 პირდაპირ გაოცებული ვარ ადამიანის ფანტაზიას საზღვარი მართლა არ აქვს, თურმე როგორი მნიშვნელოვანი ყოფილა ფანრის ბოძი. სიზმრის ახსნისა რა გითხრათ, მაგრამ ამ სიას თუ ჩაუყვებით კიდევ ბევრ თავშესაქცევს ნახავთ და შეიძლება ზოგჯერ უცხო სიტყვათა ლექსიკონადაც მოგეჩვენოთ, რადგან როგორც ჩანს მის განახლებასა და თანამედროვეობაზე მორგებას არავინ ცდილობს და რატომღაც თვლიან რომ თანამედროვე ადამიანს კომპიუტერისა და თუნდაც ფენის ნაცვლად შეიძლება დაესიზმროს ფაკირი ან ფურისულა, რაზეც ნახევარ საქართველოს წარმოდგენაც კი არ აქვს. ასეა თუ ისე სიზმარი მართლაც იდუმალებით მოცული და საინტერესო თემა იყო ყოველთვის და ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის ახლაც ასეა 🙂  აი თუნდაც, იცოდით რომ სიზმრებს ბრმებიც ნახულობენ? ხოლო ადამიანთა 12%-ის სიზმრები შავთეთრია. სიზმრები გვიცავს ფსიქოზისგან და გაღვიძებისთანავე თუ არ ჩაიწერთ დაგავიწყდებათ 🙂 ხოდა ამიტომ გადავწყვიტე სიზმრები ჩავიწერო, იქნებ ასე მაინც მივხვდე რა ხდება ჩემს თავში მაშინ, როცა მძინავს.

მოკლედ, ტკბილ სიზმრებს გისურვებთ ჩემო კარგებო ❤

სიყვარულით

თქვენი ქეთო

02.11.2014

მინდა რომ ეს დღე მალე დასრულდეს, ვისაც გამოუცდია ბინის შეცვლა რას ნიშნავს ალბათ ადვილად გამიგებს, სახლში საშინელი არეულობაა, ირგვლივ მხოლოდ შავი პარკების გროვაა და კიდევ უამრავი რამ დამრჩა ჩასალაგებელი, მე კიდევ ამ დროს რას ვაკეთებ? ვწერ 🙂 ეს ახლა ჩემი განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა, ყავაზეც არ ვიტყოდი უარს, თუმცა მე მეზარება გაკეთება, სოფო კი სახლში დადის და ქოთქოთებს რომ შია, ასე რომ არ ღირს ვთხოვო ყავის მომზადება. ცოტა ხნით რუსთავში მომიწევს გადასვლა, თათიამ მითხრა რომ შემიძლია მასთან დავრჩე ხოლმე, ალბათ ვისარგებლებ ამ შემოთავაზებით. მგონი თავი მოგაბეზრეთ ჩემი პრობლემებით, აბა რაზე გელაპარაკოთ? იმაზე რომ ეს რამდენიმე დღეა საშინელი განწყობით დავდივარ და ყველაფერი სისულელედ მეჩვენება? თუ იმაზე რომ ორშაბათს თათბირი მაქვს რაც საშინლად არ მომწონს, არამგონია კარგი ამბების მოსმენა მომიწიოს.

ახლა ისეთი განწყობა მაქვს თითქოს “პახმელიაზე” ვიყო, აშკარად დამიზამთრდა სულში, არ მომწონს, მე ხომ გაზაფხული მიყვარს, წვიმის სურნელი და რაღაც ახლის მოლოდინის გრძნობა, ახლა კი არაფერს არ ველი, ხელფასს თუ არ ჩავთვლით თვის ბოლოს 🙂 რაღაცის ძებნითაც დავიღალე, მითუმეტეს რომ არც ვიცი რას ვეძებ, ასე კი რთულია, ძალიან რთული. ფიქრიც კი მეძნელება და სუნთქვა მიჭირს, მიუხედავად ამისა ხშირად ვიღიმი, ცოტას ვწერ და ბევრ, ძალიან ბევრ ყავას ვსვამ (მადლობა ირაკლის 🙂 )

როგორც ყოველთვის ჩემს ცხოვრებაში საშინელი ქაოსია, რაც უკვე იმდენად აუტანელი ხდება რომ…

არ არიან სიტყვები გრძნობებისთვის…

P.S. ესეეც ბლოგის წერისას გადაღებული ფოტო 🙂 პაპარაცი შემომეპარა სახლში 🙂 მადლობა სოფი :*
2014-11-02-15-54-34_deco

ჩაი, ვახში და გურჯიევი ანუ უსაქმურობისგან დაწერილი პოსტი :)

როგორც ყოველთვის არ ვიცი როგორ დავიწყო წერა, ამიტომ ვწერ იმას რასაც ვფიქრობ. და რას ვფიქრობ? ვფიქრობ რომ ახლა ძალიან მინდა თოვდეს, კიდევ მინდა წვიმიან ლონდონს ვესტუმრო და დავლიო ნამდვილი ინგლისური ჩაი, თუმცა ჩაის მოყვარული დიდად არ ვარ. ჩაიზე გამახსენდა, გუშინ ერთმა საინტერესო ადამიანმა მითხრა რომ აწარმოებს იოდით გამდიდრებულ ჩაის და თურმე ეს ჩაი თვით ბატონ ღარიბაშვილსაც დაულევია და აღფრთოვანებულიც დარჩენილა (ეს ინფორმაცია რამდენად სანდოა ან დალია თუ არა საერთოდ ღარიბაშვილმა ზემოთ ხსენებული იოდით გამდიდრებული ჩაი ეგ კიდევ საკითხავია 🙂 ) რაც შეეხება იმ საინტერესო ადამიანს საყვარელ და ენერგიულ მოხუცს უცნაური სახელით – ვახში კიდევ ბევრი საინტერესო ინფორმაცია ჰქონია შემონახული, თურმე ჩემი სწორი ცხვირი კეთილშობილების ნიშანი ყოფილა, მაღალი შუბლი კი ინტელექტუალიზმის მაჩვენებელი, ჭკვიანი გოგო ჩანხარ, მაგრამ გამოყენება უნდა მაგასო, ისე ფილოსოფიური აზროვნებაც გაქვსო, მერე მეუბნება აბა ყურები მაჩვენეო 🙂 მეც სასწრაფოდ გადავიწიე თმა:) ხოოო, ოპტიმისტი ხარ, მაგრამ შენი ნიკაპის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ჯიუტიცო, მაგრამ მთლიანობაში კარგი ხასიათი გაქვსო, მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო მშვენიერი გოგო ხარო ასე მომახსენა, რითიც აშკარად დააკმაყოფილა ჩემი ეგო, თუმცა სწორედ ამ ყველაფერმა გამოიწვია მისი წასვლის შემდეგ სარკეში საკუთარი თავით ტკბობა სამუშაო პერიოდში. ხუმრობა იქით იყოს და მეც ვფიქრობ რომ ადამიანის სახის ნაკვთების მიხედვით შეიძლება მიხვდე როგორი ხასიათი აქვს მას, აი მე მაგალითად ვიცი რომ ოდნავ წინ გამოწეული შუბლი ამბიციურობის მაჩვენებელია, ძალიან წვრილი ტუჩების მქონე ადამიანებს კი ჯობია არ ენდოთ. არ ვიცი, შეიძლება ეს ყველაფერი სისულელეა, თუმცა კარგი გასართობია 🙂 ისევე როგორც ჰოროსკოპი, თუმცა ვისთვის როგორ, აი მაგალითად, იცოდით რომ სტალინმა საკუთარი დაბადების წელი და თვე შეცვალა რომ მასზე ფსიქოლოგიური ან მსგავსი სახის ზემოქმედება შეუძლებელი ყოფილიყო, ეს ყველაფერი კი ცნობილი ეზოთერიკოსისა და მისტიკოსის გიორგი გურჯიევის რჩევით გააკეთა. თვითონ გიორგი გურჯიევი კი ჩემთვის ძალიან საინტერესო პიროვნებაა, ამბობენ რომ წარმოშობით სომეხია, თუ დედა ჰყავდა სომეხი, ზუსტად არ მახსოვს, თუმცა ფაქტია რომ მან კარგად იცოდა ქართული და მისი ჩანაწერების გაშიფვრა ქართული ანბანის დახმარებითაა შესაძლებელი, გურჯიევს თურმე შეეძლო დალაი ლამაზეც კი მოეხდინა გავლენა და ამის გამო ტიბეტელმა ლამებმა თეთრი ეშმაკი შეარქვეს. იმასაც ამბობენ რომ ჩემს უსაყვარლეს ბულგაკოვის რომანში “ოსტატი და მარგარიტა” სწორედ გურჯიევია ვოლანდის პროტოტიპი. უნდა აღვნიშნო რომ ჩემთვის ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა მისი მსჯელობა სიკვდილ-სიცოცხლის თემაზე, მისი თქმით, ისე უნდა იცოცხლო რომ ყოველდღე მზად იყო სიკვდილისთვის და შეგეძლოს თქვა – დღეს შემიძლია მოვკვდე. თუმცა მისი ფასეულობები ცოტა ბუნდოვანია ჩემთვის, ვერ მივხვდი ასე ცხოვრებაში რას გულისხმობს, მგონია რომ ისიც იზიარებდა სტალინისა და ჰიტლერის ფილოსოფიას და არაფრად მიაჩნდა ათასობით ადამიანის დაღუპვა რაღაც დიადი მიზნისათვის, ამ შემთხვევაში კი ახალი ადამიანების ჩამოყალიბებისთვის. ასეა თუ ისე, იმდენად ღრმაა ამ ადამიანის ფილოსოფია, შემიძლია ამ თემაზე დაუსრულებლად ვილაპარაკო, თუმცა არ მინდა თავი შეგაწყინოთ, უბრალოდ წერის სურვილმა შემაწუხა 🙂

P.S.

გარეთ ისეთი ქარია გახედვაც კი არ მინდა, არ მიყვარს ქარი, თმას მიწეწავს 😦 მაგრამ რას არ იზამ როცა მეგობრები გელიან 🙂

მოკლედ, მე წავედი, სასიამოვნო საღამოს გისურვებთ,  ხვალ კი მსუბუქ ორშაბათს  :*

სიყვარულით

თქვენი ქეთო ❤

უკვე საკმაოდ დიდი ხანია არაფერი დამიწერია, ვფიქრობდი რომ ამაში განსაკუთრებული არაფერია და არც არავის დავაკლდებოდი ჩემი ნაჯღაბნით, თუმცა, ბოლო ორი დღის განმავლობაში სამმა ადამიანმა შემახსენა ჩემი ბლოგი და იმის მიზეზითაც დაინტერესდა რატომ დავივიწყე ჩემი მკითხველები. მეც ცალი თვალით შევიხედე ბლოგზე და მივხვდი რომ მომენატრა ჩემი შგრძნებების თქვენთვის განდობა, გაზიარება.  უბრალოდ ხანდახან ასეც ხდება, როცა კარგავ სურვილს, ყველანაირ ინტერესს და ამ დროს შიში გიპყრობს, შიში იმისა რომ სრულიად ინდიფერენტული ხდები საყვარელი საქმიანობის მიმართ, საყვარელი ადამიანებისა და ზოგადად ცხოვრების მიმართ,  დღეები უბრალოდ გადის, დროს მიყვები და სურვილის გაქრობასთან ერთად შენც ნელ-ნელა შუმჩნეველი ხდები, ბოლოს მხოლოდ შიშის გრძნობა გრჩება რომ შენც გაქრები, თან ისე რომ ვერაფერს დატოვებ, და სულ ფიქრობ,  გეშინია რომ მერე არც კი გაგიხსენებენ და ეს უკვე ის იშვიათი შემთხვევაა როცა შიში გაძლევს სტიმულს იმისა რომ გამოფხიზლდე, დაინახო რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა, ბედნიერება იქვეა, შენს გვერდით, შენ კი თურმე სხვაგან ეძებდი და ვერც კი ხვდები რომ თუნდაც უკვე მობეზრებულ სამსახურში  ყოველ დილით ყავის დალევაც კი  შეიძლება ბედნიერება იყოს, სახლში გვიან მისულს დედა რომ გებუზღუნება და  თქვენ წარმოიდგინეთ საღამოს მთვრალი მეზობლები რომ არ გაძინებენ ესეც კი 🙂 ამ დროს ხვდები რომ სწორედ ესაა ცხოვრება, ზოგჯერ კარგი, სიხარულითა და სიყვარულით გაჟღენთილი, ზოგჯერ კი სევდითა და სიცარიელით სავსე. ჩვენ კი უნდა ვისწავლოთ ფიქრების მოსმენა, ერთმანეთის გაფრთხილება და უფრო მსუბუქად ცხოვრება. გუშინ ერთმა ძალიან საინტერესო ადამიანმა მითხრა რომ არ ღირს ყველაფრის გულთან ახლოს მიტანა, ყველა სიტუაციიდან არსებობს სულ მცირე ერთი გამოსავალი, უბრალოდ ლოგიკურად უნდა იმსჯელო,  არც წარსულის გახსენებაა კარგი, ცუდის  გახსენების სურვილი თავისთავად არ გიჩნდება, კარგის გახსენებაც არ გინდა, გული გწყდება რომ დღეს იმ სიტუაციაში აღარ ხარ, წარსულის დაბრუნებასაც არ უნდა ეცადო, რადგან ის რაც იყო აღარ განმეორდებაო.  ალბათ ასეცაა, თუმცა ყველაფერი ხომ ასე იოლი არ არის, ვერც იქნება, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ადამიანები ვართ რთულები.

P.S. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ძალიან მომენატრეთ და დაგიბრუნდით ჩემო კარგებო :*

362123804e9c0d22fcbd372045ec450b

 ვერასოდეს წარმოვიდგენდი ლექსის წერა თუ შემეძლო, თუმცა, ჩემს ბლოგს რომ გადავხედე სულ ლექსებით გამივსია, ხანდახან მინდა ძველებურად გიამბოთ რამე, თუმცა, როცა წერას ვიწყებ ვგრძნობ რომ სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, თითქოს ბევრი მაქვს სათქმელი და ამავე დროს არაფერი, უცნაური გრძნობაა… წერა ჩემთვის რაღაცის თავიდან მოშორებასავითაა, ემოციების, შეგრძნებების, დავწერ და ვიცლები, ვმსუბუქდები, ალბათ ბოლოდროინდელი განცდები მეტისმეტად ძვირფასი აღმოჩნდა იმისათვის რომ გამეშვა ჩემგან, ამიტომ ვერ შევძელი მათი თქვენთვის განდობა, რაც ყველაზე მეტად მიყვარს ის ხომ არავისთვის არ მემეტება ხოლმე. 

 ვდარდობ რომ თანდათან უფრო ნაკლები დრო მრჩება ბლოგისთვის, ფიქრისთვის, ვდარდობ იმასაც, რომ თანდათან ადამიანების ნდობას ვკარგავ და უფრო და უფრო ხშირად მინდა დავრჩე მარტო, ნელ-ნელა ვკარგავ ჩემთვის ძვირფას ადამიანებს და მათთან ერთად მეც ვიშლები ნაწილებად, ისინი მოდიან ჩემს ცხოვრებაში, მცვლიან, იცვლებიან და მიდიან, მათ ადგილას კი სიცარიელე რჩება, და ასე დაუსრულებლად. ვგრძნობ როგორ ხდება ერთნაირი ჩემი ყოველი დღე – ერთი დიდი რუტინა, მე კი ძალაც აღარ მაქვს იმის, რომ რაღაც შევცვალო.

  დავიღალე ადამიანებით, მათი გამოცანებით, მათი გამოცნობით, ამდენი პრაგმატიზმითა და სიცივით, სიმსუბუქით თვალებში და ირონიით სიტყვებში, სითბოს გაცემით და სიცივის მიღებით, დაუსრულებელი ყინულის კედლებით მათ ირგვლივ, დავიღალე გაურკვეველი საუბრებით ფინჯანი ყავის თანხლებით, ამდენი გულისტკენითა და იმედგაცრუებით…

  ზღვა მომენატრა, სველი ქვიშა და თოლიები…

 

 

მიყვარხარ

nzw0w

მიყვარხარ, როგორც გალაკტიონს უყვარდა მერი,

ან უფრო მეტად, როგორც ვან გოგს ყვითელი ფერი,

მიყვარხარ, როგორც ანადუღარ ღვინოს ქვევრი,

ძარღვებდახეთქილ ყურძნის მტევნებს რომ უგავს ფერი.

 გადავწყვიტე ამ უქმეებზე თბილისურ ყოველდღიურობასა და სიცხეს სოფელში გავქცეოდი ბიძაჩემთან, ჰოდა წავედი, კარგად დავისვენე და დაგიბრუნდით ემოციებით სავსე და პოზიტივით დამუხტული. განწყობა ვერც იმან გამიფუჭა რომ საკმაოდ ბევრი რამის თრევა მომიწია სოფლიდან და ვერც ტაქსის მძღოლის წუწუნმა, პირიქით საბჭოთა კავშირის დროინდელმა ავტობუსმა გამახალისა კიდეც, თან შუა გზაზე აღმოვჩინე რომ თურმე კარი ქონია და უბრალოდ მძღოლს ეზარებოდა დაკეტვა 🙂 რაც შეეხება ამ ორ დღეს, თავი ასე კარგად დიდი ხანია არ მიგრძვნია, შემოვიარე ბაღის ყველა კუთხე-კუნჭული, ბავშვობა გავიხსენე და ხან ბლის ხეზე ვიყავი შემომჯდარი და ხან ვაშლის, მერე ე.წ. “პადვალსაც” მივაკითხე, რომელიც ბავშვობაში ჩემი საყვარელი ადგილი იყო, ერთმანეთში არეულმა ვაშლისა და ღვინის სუნმა  ბავშვური სიმსუბუქე და მავე დროს მისტიურობა გამახსენა (ყოველთვის მიყვარდა რაღაცეების გამოგონება 🙂 ) მერე ველოსიპედითაც ვისეირნე, მადლობა ღმერთს, მშვიდობიანად დასრულდა. საღამოს კი აივანზე მოკალათებული თხილს ვაკნაწუნებდი და დეიდაჩემს ვეჭორავებოდი, ცაზე კი იმხელა მთვარე იყო მუზები მოვიხმე და შევეცადე რითმებისთვის თავი მომეყარა, თუმცა, სიმართლე გითხრათ, არ გამომივიდა 😦 ცოტა ვიცუღლუტე კიდეც, შევეცადე ბიძაჩემის ძაღლი, ბროკო გამეგრილებინა და გავწუწე, მგონი ცოტა გამიბრაზდა 🙂 მერცხლების ბუდეც მოვინახულე – ხუთი საყვარელი პაწაწუნა ბარტყი  ❤

 მგონი სულ ეს იყო 🙂

 როგორც ყოველთვის სითბოთი სავსე წამოვედი თბილისში და შევეცდები ამ ემოციებით გავიფერადო ყოველდღიურობა…

P.S. ესეც ფოტოები ჩემი weekend-დან

IMAG26952014-07-13-18-29-57_deco2014-07-13-18-34-22_deco

Blog at WordPress.com.

ზედა ↑

დო'ს ბლოგი

აქვს ფანტაზია ბავშვის, ცაში დაეძებს სოროს, სამსართულიან სახლში, მეცხე სართულზე ცხოვრობს....

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

ბაბოლიჩი's Blogg

Keep your coins... I wan't change!

Natalie’s

There’s nothing to talk about

ედიშერის ბლოგი

სიზუსტე და სამართლიანობა უფრო მეტად ფასობს ვიდრე უპირატესობა და სენსაცია

ქეთოს ბლოგი

ამერიკანო წიწაკით please...

MaDaM FisuNiA

შენ ახლა გადმოაბიჯე ჩემი სამყაროს კარიბჭეს

Molly Bloom's Day™

ასტრიდ ლინდგრენი – 111

ბურუსი - BURUSI

თენგიზ ვერულავა - TENGIZ VERULAVA

სულელური თეორიის 9 წუთი

P.S გახსოვდეს ვინ ხარ.

კრაზანა

What do you read, my Lord? "Words, words, words"..

ეთოს ბლოგი

“ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი ვიდრე იყავი.”

Niksologia

აკრძალულია აკრძალვა!

სიყვარულოვნას ბლოგი

მე ვარ ნაწილი იმ დიადი ძალის, ვისაც ავი სურს და კეთილს სჩადის

Olley

როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას , შენი ცხოვრებაც ისე იქნება

ფაოს ბლოგი ^.^

The Girl Who Always Smiles, Even If She Feels Down.

Geo Blogmania Group

ჩვენ ვწერთ თქვენთვის

ბრე'ს ბლოგი

ჩემი ღამეები თქვენს დღეებზე უკეთესია

ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive...

ცხელი შოკოლადი

რაღაც დარიჩინიანი....

ჯეკის ჩანაწერები

https://www.facebook.com/Jacksnotes101

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Sometimes Y, and After C

I like breaking all of the rules

Kate's Universe

Everything In Its Right Place

გურამ შეროზიას ბლოგი

საინტერესო + სასარგებლო