ძიება

ქეთოს ბლოგი

ამერიკანო წიწაკით please…

კატეგორია

U-მისამართო

igifoto

ცხოვრება ყოველთვის კარგია, რადგან შეიძლება უარესი იყოს.

ჯანდაბა!!! ეს მეტისმეტად მწარე რეალობა  ევკალიპტის საღეჭი რეზინივითაა ჩემთვის, თუ ფსიქოლოგიურად მომზადებული არ ვარ მისი დაღეჭვისას ყოველ ჯერზე ამოსუნთქვის ნაცვლად ვიგუდები.

ამ ბოლო დროს ყოველდღიურ წვრილმანებში გამოხატულ ადამიანების კოლექტიური ქმედებებისაკენ მისწრაფებებზე დაკვირვებამ გამიტაცა, რომელიც ზოგიერთ შთხვევაში შესაძლოა ინდივიდის თვითწარმოჩენის შიშადაც მოგვევლინოს. უფრო გასაგებად: მაგალითად, ვზივართ ჩვენი საყვარელი ქალაქის რომელიმე უფრო საყვარელ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ვზივართ რა, სადღაც კუთხეში ვართ მიჭეჭყილი, თავზე გვაყრია სრულიად უცნობი ადამიანების ჩანთები, მხარზეც ვიღაც გვაზის, საშინლად ცხელა, კონდიციონერი რა თქმა უნდა “გაფუჭებულია”, ისღა დაგვრჩენია ფანჯარაში გავყოთ თავი და ნაპირზე ამოგდებული თევზივით გადმოკარკლული თვალებით შევისუნთქოთ მტვრითა და გამონაბოლქვით სავსე ჰაერი(ისიც თუ გაგვიმართლა და ფანჯარასთან მოვხვდით), და აი ამ დროს სადღაც ბოლო რიგიდან ისმის დაახლოებით 40-ს გადაცილებული, მოსკოვებმოვლილი, სამმთავრობაგამოცვლილი, ყველაჭირვარამგამოვლილი კაცის ბარიტონი: ისაა… აქ გაგვიჩერეთ.  მძღოლს რა თქმა უნდა არ ესმის მისი უწყინარი სურვილის ვერბალური გამოხატულება, იმიტომ რომ ხომ გახსოვთ ეს ყვითელი მარშუტკაა 🙂 ასე რომ ჩვენი გმირი მოარღვევს გაღიზიანებული, დასიცხული და გასავათებული ხალხის ნაკადს( სავარაუდოდ გულში ერთი-ორ ტკბილ სიტყავასაც იმეტებენ მისთვის.) და თან ყვირის:  გაგვიჩერეთ, გაგვიჩერეთ. ბოლოს კი მთელი მარშუტკა მოთმინებადაკარგული ერთხმად გაჰყვირის – გაუჩერეთ, გაუჩერეთ!!! ყვითელი ტრანსპორტიც ერთს ამოიქშენს, ჩერდება დააააა……. რამდენიმე წუთის წვალების შემდეგ ჩამოდის მხოლოდ ის! აი ხომ გახსოვთ მოსკოვებმოვლილი, სამმთავრობაგამოცვლილი და მრავალჭირვარამგამოვლილი 40-ს გადაცილებული სიმელოტისკენ მიდრეკილი და რა თქმა უნდა ღიპიანი ქართული საზოგადოების ღირსეული წარმომადგენელი. ჰოდა, აი რატომ? რატომ გაგვიჩერე? რა შუაშია აქ “თ”??? გაჩერება გინდა შენ, ჰოდა თქვი გამიჩერე, თითქოს მრავლობითი ფორმით უფრო მეტ დამაჯერებლობას შესძენ საკუთარ ნათქვამს? იმით რომ მარტო არ ხარ და სხვაც არის შენნაირი? დარწმუნებული ვარ შენ ის ხარ სამივე მთავრობის მიტინგზე რომ იდექი სადღაც ბოლო რიგებში, არა იმიტომ რომ რეალურად გესმოდა რისთვის იბრძოდი, არამედ იმიტომ რომ შენც იქ არჩიე ყოფნა, სადაც უმრავლესობა იყო, სწორედ ამიტომ იქნები ყოველთვის უკანა რიგებში! მაგრამ რას ვიზამთ, არაუსავს, იქაც ხომ ვიღაც უნდა იდგეს.

არ ვიცი ღამის ოთხის ნახევარზე რატომ მომინდა ამის განხილვა, მაგრამ ფიქრი ზოგადად ცუდი არა არის, ავითარებს ტვინის უჯრედებს, გვიღვიძებს ინტერესს მნიშვნელოვანი საგნებისადმი, გვიყალიბებს ფასეულობებს, მიზნებსა და ლოგიკური აზროვნების უნარს. გვერდითი მოვლენები არ გააჩნია!!!  🙂

49589-Be-Yourself

P.S.

ახლა მინდა რამე ჭკვიანური დავწერო და ისე დაგემშვიდობოთ 🙂   თუმცა არაფერი არ მაგონდება, ამიტომ ძილი ნებისა :* თუ უკვე დილა მშვიდობისა 🙂 როგორც არის… 🙂

Groove Armada “Think Twice

love you

ქეთო…

tumblr_luzlkv6uMf1qzcemao1_1280

თურმე შემოდგომაც მოსულა, ამიტომ მომინდა განვლილი ზაფხულისთვის გადამევლო თვალი. როგორც ყოველთვის ემოციურად დატვირთული აღმოჩნდა, კოფეინით სავსე და ისევ ახალი სამსახურის მომტანი, რის გამოც შვებულებაში ისევ ვერ გავედი, ამიტომ weekend-ებზე ხან თელავში გავრბოდი, ხან ქობულეთში და ხან ქარელში.  ამდენი გადარბენა-გადმორბენით ისე დავიღალე რომ ყველა მუზა გამექცა და ისეთი პირი უჩანს, რომ არც აპირებენ დაბრუნებას. ახალმა შეგრძნებებმა დამღალა და გამომფიტა სულიერადაც და ფიზიკურადაც, თუმცა საწუწუნო არაფერი მაქვს, ეს ხომ ჩემი სტილია, ბევრი საინტერესო ადამიანი, ფინჯანი ყავა(უშაქრო:)), კარგი წიგნი და გემოვნებიანი მუსიკა. სხვათაშორის რამდენიმე საჩემო შემსრულებელი აღმოვაჩინე, წიგნებს რაც შეეხება ძირითადად ელექტრონულ ვერსიებს ვკითხულობდი სამსახურში, რის გამოც წიგნის სურნელის შეგრძნება დამაკლდა და თითქოს კარგადაც ვერ განვიცადე წაკითხული, ვერ ვიგრძენი ავტორი ჩემს გვერდით. იძულებით კოელიოს რამდენიმე ნაშრომსაც გავეცანი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ საჩემო არაა ეგ აბდაუბდა, მისტიურობა მიტაცებს, მაგრამ არც ამდენად, არც რომანტიული ვარ და არც შეყვარებული, ასე რომ კიდევ ერთხელ არა!

ადამიანები კი…. ადამიანებთან უფრო რთულადაა საქმე, სულ რაღაც სამ თვეში რამდენიმე დავკარგე… ერთ გამოხედვაში ჩატეული ორთვენახევრის მონატრება და უმოქმედობა, უფრო სწორად, მოქმედების უაზრობა….ჰოდა, ჯერ გზაჯვარედინზე მდგომი პატარა ბავშვივით ვეღარ გავიგე საით წავსულიყავი, დავიბენი და უფრო მეტად მეტკინა რაღაც შიგნით სულში ვიდრე ველოდი, თუმცა მერე  მათი აღარყოფნით ავივსე…  და კოფეინით… ჩემს აივანზე გატარებული საღამოები შემიყვარდა, თქვენ წარმოიდგინეთ ხედიც კი, რომელიც გულისხმობს სამშენებლო მასალებს და უსიცოცხლო ბეტონის კედლებს, და ის სავარძელიც აღარ მემეტება გადასაგდებად 🙂

whatever….

ხომ იცით, არ ვარ პესიმისტი 🙂

P.S. მთავარია მუზები დამიბრუნდნენ … 🙂

სიყვარულით

თქვენი ქეთო

man-woman-tree-desert-birds-art

ახალი სამსახური.ახალი გარემო. ახალი ხალხი.

თუმცა…

ისევ…

ნაცნობი სიტუაციები ახალი მოთამაშეებით.

მე ისევ პაიკის როლს ვირჩევ, პაიკის რომელიც დედოფალს აცოცხლებს.

ჩემი აივნიდან დანახული ასანთის კოლოფებივით ჩალაგებული ადამიანთა ყოფის ცივილიზებული გამოვლენა სუნთქვას მიყინავს.

ისევე როგორც ყველა, მეც მუდმივად ახალ-ახალ ჩარჩოებში ვჯდები და თან ვამოწმებ სადმე ბზარი ხომ არ აქვს.ზაფხულში გამომშრალი მიწასავით ვარ, ერთი სასარგებლო აზრიც კი არ მომდის თავში. მოუთმენლად ველოდები  თვის ბოლოს, მანამდე კი ვცდილობ დარჩენილი მოთმინება სწორად გადავანაწილო. პრაგმატულად მოაზროვნე ჰომოსაპიენსებმა დამღალეს, გულწრფელი და უდარდელი ჭორაობა მენატრება და სითბო, რომელიც უთხოვნელად მოდის.

წარსულის ჩრდილები მოულოდნელად მეცხადებიან და ხასიათს მიფუჭებენ, თუმცა მხოლოდ რამდენიმე წუთით.

არაპროგნოზირებადი გავხდი, ხასიათი მარტის ამინდივით სწრაფად მეცვლება.

ამ ბოლო დროს დამჩემდა რომ ძირითადად თავს ვისულელებ, მომწონს ჩემი თანამოსაუბრის თვალებში გამომკრთალი კმაყოფილების ნაპერწკალი როცა აღმოაჩენს საკუთარ უპირატესობას. ხანდახან მიკვირს როგორ სიხარულს განვიცდით როცა სხვის ფონზე საკუთარ უპირატესობას ვხედავთ. რა არის ეს, შეგრძნება იმისა რომ ვიღაც ჩვენზე უბედურია, სულელია. ყველაზე უარესები რომ არ ვართ ამისი სიხარულია თუ უბრალოდ შური და ბოღმა იმისა რომ სხვამ ჩვენზე მეტს არ მიაღწიოს.

არ მესმის ადამიანების, რომლებიც თავაუღებლად მიყვებიან ცხოვრებას კვალდაკვალ.

P.S. მოუსმინე 

როცა ვიღლები საკუთარი თავის თამაშით და სხვადასხვა როლის მორგებით, როცა სიმწრის ცრემლები ყელში მაწვება და ერთი აღრიალება ქვეყანას მირჩევნია, როცა მორიგი სულელური საქციელით გამოწვეულ შედეგებს ვიმკი და  საკუთარი თავის მეთხუთმეტე სართულიდან გადმოგდებაზეც კი არ ვიტყოდი უარს( მხოლოდ იმიტომ ვიკავებ თავს რომ ლამაზად მინდა სიკვდილი), როცა უკვე იმაზე ვიწყებ ფიქრს ზებრა რა ფერია და საკუთარი აბსურდული აზროვნება მაოცებს, როცა შოკოლადის უზომო რაოდენობაც კი არ მშველის და იმედგაცრუება წერის სურვილსაც კი მაკარგვინებს, როცა ნიღბებს ვეღარ ვირგებ და ყველა ფერადი სათვალეც უკვე  გატეხილია, როცა მგონია რომ სადაცაა  უარაფრობისგან დავიხრჩობი… უბრალოდ ვიღებ ტელეფონს და გირეკავთ:  “ბავშვებო, წავედით სადმე ყავა დავლიოთ” და ამით ყველაფერია ნათქვამი 🙂 ვიცით რომ ყავა მხოლოდ მიზეზია ერთმანეთისა, მიზეზია უაზროდ ბევრი სიცილისა, მერე რა რომ ხანდახან გვეტირება კიდეც, მიზეზია ერთად სისულელეების ჩადენისა, რომელსაც ალბათ ვინანებთ ან არ ვინანებთ, მიზეზია ჭორაობისა თუნდაც ე.წ “კურილკაში” ან ეკას ჯერ უკურთხებელ აივანზე 🙂  მიზეზია რომ კიდევ ერთხელ შევიგრძნოთ ის პოზიტივი, რასაც ერთმანეთს გადავცემთ, და ამ დროს მე უზომოდ ბედნიერი ვარ რომ თქვენ მყავხართ “მეგობრები”, ყველაზე თბილები, ყველაზე კარგები, ყველაზე საყვარლები, ყველაზე ჩემები!  მე ვიცი რომ თქვენ, ადამიანებს, რომლებსაც  მეგობრები გიწოდეთ შემიძლია ჩემი სულიც კი ვანდო დაუფიქრებლად, თქვენ მე მაცოცხლებთ, თქვენ ხართ ჩემი სიმდიდრე, თქვენ რომ არა, ვინ ამიტანდა ასეთ აუტანელს, თქვენ ისმენთ მოთმინებით ჩემს დაუსრულებელ თავგადასავლებს, ზოგიერთი თქვენგანი მამართლებს(ნაწკა მიყვარხარ :* ) თქვენ მტუქსავთ და თქვენ მაძლევთ რჩევებს, თქვენ მამშვიდებთ და რომ დამჭირდეს ცრემლებსაც შემიმშრალებთ(გაგიმართლათ რომ მტირალა არ ვარ 🙂 თათია 🙂 ) ჰოდა, რატომ მომინდა ასე გრძნობების გამომზეურება არ ვიცი, ეს უფრო მარიკას სტილშია, თუმცა ღამის ორი საათია, მეცადინეობის მიზეზით უკვე რამდენიმე საათია კომპიუტერს ვუზივარ და იცით, უცბად მივხვდი როგორ მიყვარხართ 🙂 თიკა, არ გეგონოს დამავიწყდი, გინახულებ მალე და ნუ მებუტები 🙂 ისე, დიდწილად შენი დამსახურებაა რომ რატომღაც მომინდა თქვენი არსებობით გამოწვეული ჩემი ბედნიერება თქვენთვისვე გამენაწილებინა. მარიკა, ალბათ გახსოვს ჩვენი საუბარი ბედნიერების შესახებ, ვისთვის რა არის ბედნიერება  ჰოდა, ჩემი ბედნიერება თქვენ ხართ, ჩემი მეგობრები, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე შეძენილი ჩემი გულის ნაწილები, ადამიანები, რომლებმაც შემქმნეს ისეთი, როგოროიც ვარ, ადამიანები, რომელთათვის  ისიც კი შემიძლია მანქანის საბარგულით ვიმგზავრო რამდენიმე საათი 🙂  რომლებთანაც არც მაგარი გოგო ვარ, არც ჭკვიანი და არაორდინალური, არც “ძერსკი”, არც “სვეცკი” არც “სწერვა”, უბრალოდ მე მე  ვარ და თქვენ ისეთი გიყვარვართ როგორიც ვარ – ყოველთვის უამრავი პრობლემით დატვირთული, ცოტა მეტიჩარა, ძალლიან წუწუნა და მაინც აუტანლად საყვარელი 🙂

მე მიყვარხართ ❤

თქვენი ქეთო

როცა მაღაზიაში გავრბივარ და ბევრ, ძალიან ბევრ შოკოლადს ვყიდულობ, როცა  Diana Krall-ს ვუსმენ ბოლო ხმაზე, როცა ღამის სამ საათზე არ მეძინება და ბლოგს მოვაკითხე, ესე იგი ძალიან ცუდად ვარ.

“იცი, აღარ მინდა სიცოცხლე გაგიჟებით” – ფრაზა ვიღაცის ლექსიდან… ამეკვიატა… კიდევ უკან მოხედვა დამჩემდა, სულ მგონია რომ ვიღაც მომყვება ჩუმი ნაბიჯებით…

შენი  ხასიათივით გაუგებარი თვალის ფერი გაქვსო….

იცი, ერთი ნიღაბი დავკარგე, ვეძებ, ვეძებ და სულ ტყუილად, ალბათ გავაჩუქე და არ მახსოვს.

ხანდახან ისე გატაცებით ვთამაშობ ჩემს როლს, რომ აპლოდისმენტების ხმაც კი მესმის.

იცი, ყველა მოწყვეტილი ვარსკვლავი ერთ კალათში მაქვს შეგროვებული, მათხოვრებს დავურიგებ, ცა მაინც აღარ მიიღებს.

ყოველდღიურობა წამწამებზე მექაჩება.

ხვალ ისევ შვიდზე გავიღვიძებ, რვაზე სახლიდან გავალ, მარშუტკაში მესამე რიგში დავჯდები, მძღოლის მხარეს,  ფანჯარასთან, ისევ მოვირგებ სათვალეს და არავის შევთავაზებ ჩანთის დაჭერას, მე ხომ არ მიყვარს ნახევრად გაკეთებული სიკეთე.  ცხრა საათზე სამსახურში ყავას დავლევ და ჩემთვის ვიმღერებ რაღაც სისულელეებს რომ არ ვიტირო, ისევ მხიარული და ღიმილიანი ვიქნები  მთელი დღე  და საღამოს ისევ ბევრ, ძალიან ბევრ შოკოლადს ვიყიდი.

ამბობენ ზღვა კოვზით დაილიაო…

14:15 /სამშაბათი/ 07 ივლისი/2015 წ –  გუშინ არც ისე კარგი დღე მქონდა, უფრო სწორად საღამო 😦 ჩემი დილა დაიწყო დილის შვიდის ნახევარზე მაღვიძარის ზარით გაგიკვირდებათ და თელავში 🙂  მერე გზა თბილისამდე და  მაშინ გამოვფხიზლდი საშვის ძებნა რომ დავიწყე ჩანთაში  LIBERTY TOWER-ის წინ, მერე ბუნდოვნად მახსოვს მთელი დღე და ბევრი ყავა 🙂  მერე საღამოს ისევ გოგოები და თელავური ამბების განხილვა, აღსანიშნავია ტაქსისტი გიორგი გაბუნია(ამ ისტორიასაც მოგიყვებით ოდესმე, ეხლა მეზარება მაპატიეთ 🙂  ) ხოოო, გუშინ ვწერდი თელავურ შთაბეჭდილებებზე, ვიფიქრე სანამ ცხელ-ცხელია შეგრძნებები დავწერთქო და აი ისიც: იმედია დაგაინტერესებთ:

10:50/ორშაბათი/06 ივლისი/2015წ – სამსახურში ვზივარ გამოუძინებელი, დაღლილი, ნახევრად დახუჭული თვალებით და ვფიქრობ იმაზე რა მცირე მანძილია სამოთხიდან ჯოჯოხეთამდე, სულ რაღაც საათნახევარი. დიდი სიამოვნებით დავლევდი მაიას გაკეთებულ ყავას მის ულამაზეს ეზოში, მაგრამ სამწუხაროდ სწორედ ის საათნახევარი მაშორებს ამ სიამოვნებას, თან შვებულებიდან გამოსული და კარგად დასვენებული მარიკა ჩემს მზრუნველობას ითხოვს. ემოციებით დატვირთული  თელავური weekend-ის შემდეგ სასახურში დაბრუნება უფრო რთული აღმოჩნდა ვიდრე ველოდი, სერვის პლიუსი კი არა ხმის ამოღების სურვილიც კი არ მაქვს, აი თელავში კი მართლაც ”ვიგულავეთ”, გასვლის ადგილი რა თქმა უნდა ისანი, დრო – წესით 14:00, თუმცა როგორც ყოველთვის მე და ნათიამ დავაგვიანეთ, არ დავაკონკრეტებ რამდენი წუთით 🙂  საბედნიეროდ, ჩვენი მძღოლი ლაშა,  და იმ კატეგორიას არ ეკუთვნის ”რუსულებსა და ჩქარებს” რომ უსმენს, ამიტომ მგზავრობა არ გაგვიჭირდა, თუმცა პატრულს რომ არ დავეჯარიმებინეთ უკეთესი იქნებოდა. გზაში შუამთის წყალი დავლიეთ, თუმცა სურვილის ჩაფიქრებაზე რომ მიდგა საქმე დავფიქრდი ჩემი მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი სურვილებიდან რომელი უფრო მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, მერე ვერცერთი რომ ვერ ამოვარჩიე ყველა ერთად ჩავიფიქრე 🙂  თელავში ჩასულებს ნათიას მეგობრები დაგვხვდნენ და სამი მეტიჩარა გოგოს მასპინძლობა საკუთარ თავზე აიღეს, ჯერ ნეკრესი მოვინახულეთ, უფრო სწორად ნახევრამდე ავედით ფეხით და რომ მივხვდით ნაბიჯსაც ვერ გადავდამდით წინ ყველაფერი თიკოს დაღლილობას და წუწუნს დავაბრალეთ და უკან გამოვბრუნდით. შემდეგი გაჩერება – ილიას ტბა, სადაც ჰამაკში ჩახტომაზე დასწრება გვქონდა, მერე თვითონ ბატონი ილია მოვინახულეთ და რატომღაც  მე მომეჩვენა რომ ულვაშებში იღიმებოდა, თიკო კი ამტკიცებდა რომ ერთ თვალზე უფრო გრძელი წამწამები ჰქონდა, აი ნათია კი ორივეს შემარცხვენელებს გვეძახდა და გვეხვეწებოდა გავჩუმებულიყვაით 🙂 დღის დასასრული ყველაზე უფრო მომეწონა –  კოცონი და შამფურზე შემწვარი ნამდვილი კახური მწვადი, არაჩვეულებრივი გარემო და რაც მთავარია სასიამოვნო ადამიანები. იმ ღამეს ისე ტკბილად მეძინა ჩემი ბალიშის გარეშე, როგორც არასოდეს  🙂  მეორე დილას კი ისევ თავგადასავლები დაიწყო, ყველაზე მეტად ემოციური ჩემთვის მოტოციკლით სეირნობა იყო, სისწრაფის შეგრძნება და ადრენალინი, შეიძლება ითქვას რომ ერთ-ერთი ოცნება ამისრულდა 🙂  ალაზნის ზაგარიც მოგვიხდა და შემდეგ ისევ ილიას ტბაზე გავაგრძელეთ ჭორაობა, ჰო, რაც მთავარია, თქვენთვის არ მომიყოლია თელავური ტრადიციები, რომელიც ნათიამ და მისმა მეგობრებმა გაგვაცნეს:  თელაველი მაშინ გამოდის სასეირნოდ როცა აგრილდება და შებინდდება, თუ მანამდე მოედანზე მოსეირნე ხალხი ნახეთ ე.ი. რომელიმე სოფლიდანაა გამოსული, თელაველების სეირნობა ”მოედნის დაკრუგვაა”, შემდეგ ერეკლეს ძეგლიდან გადმოხედვა აუცილებლად, მერე შეგიძლიათ  ჭადართანაც ჩახვიდეთ, სადაც არაჩვეულებრივ კერძებს ამზადებენ და  ცივ ყავას ნაყინით, აქვე მადლობა ამ რესტორნის პერსონალს დაპატიჟებისთვის, პირველად ვიყავი აქ და უკვე შემიყვარდა, თან ისე რომ კინაღამ თელავში სამუდამოდ დარჩენაზე დავფიქრდი 🙂  გულახდილად რომ გითხრათ ნამდვილად არ მეგონა თელავი ასეთი ლამაზი ქალაქი თუ იყო. მიუხედავად იმისა, რომ დილის შვიდ საათზე ავდექით და სამსახურებში  გამოვვარდით,  ეს ორდღიანი დასვენება და სასიამოვნო მოგონებები კიდევ დიდხანს გამყვება, ამისათვის კი დიდი მადლობა პირველ რიგში ნათიას და მის უსაყვარლეს დედიკოს და რა თქმა უნდა ჩვენს თელაველ მასპინძლებს, თუმცა შუამთაში და  ალავერდში წასვლა ვერ მოვასწარით, ამიტომ “თელავი-weekend” ისევ იგეგმება, ამჯერად უკვე სრული შემადგენლობით 🙂

00:01/ოთხშაბათი/ 08 ივლისი/2015 წ – უკვე დაღამდა, ჩემსოთახში ვზივარ და ვფიქრობ ხანდახან რა უცნაურია ცხოვრება, უფრო სწორად ადამიანები ვართ უცნაურები, ვფიქრობთ ერთს, ვაკეთებთ მეორეს  მერე ვნანობთ, მაგრამ პირიქითაც რომ მოვქცეულიყავი მაინც ვინანებდით, ხო, უცნაურობებზე  გამახსენდა, ისე, კი არ მინდოდა ამ თემაზე საჯაროდ რამე მეთქვა, მაგრამ ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი 🙂 ამ ბოლო დროს ჩემსკენ უცნაური ამბები ხდება, მგონი ჩემს სანტა-კალაუსს წელიწადის დრო შეეშალა, ან ფერია მყავს ნათლია არ ვიცი, მოკლედ  ჩემო საყვარელო, ვინც არ უნდა იყო, საჩუქრებიც მიყვარს და ცოტა ინტრიგაც, შოკოლადზე ხო ვგიჟდები, გეცოდინება ალბათ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ჩემი ბლოგის მკითხველი ხარ, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, გაურკვევლობას დიდხანს ვერ ვიტან, ამიტომ რომ გამოჩნდე არ გინდა? ან რამე საინტერესო მოიფიქრე, თორემ მოვიწყინე 🙂 ისე, დიდი მადლობა 🙂 წიგნისთვის განსაკუთრებით 😉

ახლა კი რამდენიმე ფოტო კახეთიდან:

Sight_2015_07_04_155628_272 (1)Sight_2015_07_05_202914_899WP_20150704_022

10995930_1089064517788115_7431566285626800357_nSight_2015_07_04_201922_310 (2)11665611_804257896354122_8494676091712144330_n

ძილის წინ ანუ წყვეტილი ფიქრები….

……………………….
ყველაზე დიდ ტკივილშიც კი შეიძლება იყოს სიტკბო, მე მინახავს საკუთარი უბედურებით ამაყი ადამიანები, ღირსების გრძნობით რომ დაატარებენ სევდას და თითქოს კმაყოფილებასაც კი გრძნობენ რომ სწორედ ისინი გამოარჩია ბედმა, მერე რა, თუ ბედნიერება არ ხვდათ წილად,  ალბათ სწორედ ტკივილის დროს შევიგრძნობთ სიცოცხლეს ყველაზე მძაფრად. მეც მიყვარს ისტორიები ბედნიერი დასასრულით, მაგრამ დიდხანს არ მიმყვება არც ამბავი და არც მისგან დატოვილი ემოცია, აი ტრაგედიები კი სულ სხვაა, მერეც ხშირად მახსენებს ხოლმე თავს და მაფიქრებს. თუმცა,  ჩემს ცხოვრებაში მაინც Happy End -ის მომხრე ვარ😃😃😃
………………………….
ხანდახან ისეც ხდება ჩვენს ტრაგედიას ვერავინ ამჩნევს, უფრო სწორად ჩვენთვის ტრაგედია სხვისთვის კომედიაა, ჩვენც ხმას არ ვიღებთ რადგან გვირჩევნია ერთი მსახიობის თეატრში გვერგოს ტრაგედიის მთავარი გმირის როლი, ვიდრე დიდ კინოში ჯამბაზის.

…………………………….

მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება პატარ-პატარა წარმოდგენების ერთობლიობა მგონია, და მეც ვცდილობ მას შემოქმედებითად მივუდგე, ხანდახან მაინც  უადგილო ემოციების ამოფრქვევისას შეიძლება სრულიად უცნობ ადამიანს ისე დავუთმო ჩემი სულის ნაწილი, როგორც უბრალო სამკაული, მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ შეიძლება ის ვერც მიხვდეს საჩუქრის  ფასს,  ან ვერ გაუძლოს მისს სიმძიმეს და უბრალოდ გაასხვისოს…

……………….. ……..

ბოლო დღეებში თავს მარტოდ ვგრძნობ და ამიტომ ბევრს ვლაპარაკობ. დღეს ისე მომინდა ვინმეს ჩავხუტებოდი და ცოტა სითბო წამერთმია, მაგრამ ვერ გავბედე, შემეშინდა რას იფიქრებსთქო… არ მომინდა მოპარული სითბოს ახსნა-განმარტებებში გაფლანგვა.

…………………

ადამიანი მარტოობისათვის არ არის გაჩენილი, თუმცა მაინც ვფიქრობ რომ მე უნეკნოდ შემქმნა ღმერთმა😮😊😊😊

 

images

ყოველთვის მეგონა რომ საკუთარი თავისა და ცხოვრების შემქმნელები ჩვენ თვითონვე ვართ, მაგრამ თურმე მთლად ასე მარტივადაც არ ყოფილა საქმე, ჩვენს გენებს რომ თავი დავანებოთ,  რაც მემკვიდრეობით გადმოგვეცემა და ჩვენი წინაპრების დამსახურებაა, მაგალითად გრძელი ცხვირი – მერე რამდენიმე წელი ოპერაციის ფულის შეგროვებისთვის რომ ვშრომობთ, ან მოკლე ჭკუა, რასაც ოპერაციაც ვერ უშველის, მაინც, ჩვენს ცხოვრებას მეტწილად ის გარემო განსაზღვრავს სადაც ბავშვობას ვატარებთ და პიროვნებებად ვყალიბდებით, ამიტომ შეიძლება ითქვას რომ გარკვეულწილად ინერციით მივექანებით უკვე სხვის მიერ გაკვალულ კალაპოტში და ალბათ ჩვენ სხვისი ცხოვრების გაგრძელებები ვართ, რაც ხანდახან გზას გვიკვალავს და ხან კი პირიქით, ბევრ დაბრკოლებას გვიქმნის. ასე რომ ილუზიები თავისუფლებასა და საკუთარი თავის ბატონ-პატრონობაზე აღარ მაწუხებს. რეალურად არცერთი ადამიანი საკუთარ ცხოვრებას  არ ფლობს, ჩვენ ხომ ისიც კი არ ვიცით მეორე წუთს რას უნდა ველოდოთ, ერთი რეკლამის არ იყოს, სახლიდან რომ გამოვალთ არ ვიცით თავში აგური დაგვეცემა თუ ყვავილის ქოთანი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უარვყოფ  თავისუფალ ნებას. პირიქით, მგონია, რომ ადამიანის მიზანი ამქვეყნად სწორედ საკუთარი თავის დაბრუნება ან თუნდაც შექმნაა და საკუთარი გზის გაკვალვა. ხოდა, აგერ უკვე ოცდამეხუთე წელია საკუთარ თავს ვქმნი, ძირითადად ვცდილობ არჩევანის უფლება გამოვიყენო, ხანდახან კი, როგორც ყველას ჩვევია მეც ინერციით მივდივარ წინ და მკვდარი თევზივით დინებას მივყვები ეს კი დამეთანხმებით, რომ არც ისე კარგია, თუმცა დინების საწინააღმდეგოდ ცურვასაც დიდი გამბედაობა სჭირდება და ყველას არ გამოსდის, ასე ხომ ჩვენიანების საწინააღმდეგო მხარეს მივდივართ, ხალხს კი განსხვავებულები არ უყვარს, ხოდა კი ვართ ასე ყველა „სილიოტკა“ თევზებივით ერთნაირები, ერთნაირად ჩაცმულ-დახურული, ერთნაირად ყალბად მომღიმარი და ერთნაირი სურვილებით გამოტენილი თავებით თან ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობთ თავს, ასე უფრო რთული შესამჩნევები ვართ, ასე უფრო შეგვიძლია ჩვენი ხმა სხვისას ავაყოლოთ და რაც მთავარია, ასე უფრო ნაკლები მოგვხვდება. ასეა თუ ისე, დღესაც, ყბადაღებულ 21-ე საუკუნეშიც ყველა თვითგადარჩენისთვის ვბრძოლობთ, მიუხედავად იმისა თუ  რომელი მიმართულებით მივდივართ.

ხოდა, რისთვის მოვყევი ამხელა ამბავი? ხოო, ხვალ ჩემი დაბადების დღეა. ამ დღეს როგორც ყოველთვის თვალს გადავავლებ ხოლმე ჩემს ცხოვრებას, განსაკუთრებით კი განვლილ წელს და ვაჯამებ რა მომიტანა ამ წელმა, უფრო მეტი ცუდი თუ კარგი, სიხარული უფრო მეტი იყო თუ სევდა, თუმცა გამოცდილებიდან გამომდინარე ცუდი ამბებით სავსე წელი საერთოდ უფრო მეტ ჭკუას მმატებს ხოლმე ვიდრე სიცილ-კისკისში გატარებული 12 თვე.

რა გავიგე წელს ახალი?

წელს გავიგე რომ შეიძლება ერთხელ გაუხსენო ახლობლები პატრულს კამერის წინ და  ცოტა ხანში სრულიად საქართველო გაგიცნობს, მოკლედ, „ სუ თელავია, სუ გულავია“ … კიდევ გავიგე რომ შეიძლება საკუთარი თავი დაკარგო და მერე ისევ იპოვო, შეიძლება ცოტა გაგიჭირდეს მისი ცნობა და ერთი-ორჯერ შემოლაწუნებაც დაგჭირდეს, მაგრამ სულ არაფერს ჯობია. კიდევ მივხვდი რომ ხშირი ღიმილი ბედნიერებას სულაც არ ნიშნავს და მის უკან უფრო ხშირად სევდა იმალება, ვიდრე სიხარული. აღმოვაჩინე, რომ გლდანი და ვარკეთილი ძალიან გავს ერთმანეთს არამარტო ხალხის სიმრავლით, არამედ საშაურმეების რაოდენობითაც. სამწუხაროა, მაგრამ თურმე ადამიანი ცოდნითა და პატიოსნებით კი არა ახლობლებით ფასობს ზედა ეშელონებში. კარგი ისაა, რომ ამ წელმა შემძინა კიდევ ორი მეგობარი 🙂 მიყვარხართ ბავშვებო :*  რაც მთავარია, მივხვდი რომ ყველა ღია კარში არ უნდა შეხვიდე რომ მერე ფანჯრიდან არ მოგიწიოს ძრომიალი, რადგან დიდი შანსია, რომ ისიც დახურული აღმოჩნდეს.

P.S. anyway … happy birthday to me  ❤

ნიღბები

შევმსუბუქდი რაღაცნაირად, ალბათ იმიტომ რომ მივხვდი არავის სჭირდება ჩემი მთელი ღამის ნაფიქრიდან გამომდნარი  ჩემივე  ჭეშმარიტება, ამიტომ  ღამეს ძილს ვუთმობ, ეს უფრო ადამიანურია. იცით, ერთი სამკაული მაქვს, რომელიც უხვად მოიპოვება ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ალბათ ყველა სამკაულის დახლთან და ნებისმიერ მსურველს შეუძლია იყიდოს, ეს არის გულსაკიდი – ორი ნიღაბი, ერთი მხიარულია, მეორე სევდიანი. მას რომ ვუყურებ ყოველთვის ვფიქრობ რომ ეს ორი საკმარისი არაა, სინამდვილეში იმდენი ნიღაბი გვაქვს, რომ  შეუძლებელია მათი დათვლა. თუ ხანდახან, ძალიან იშვიათად მაინც, დაკვირვებიხართ საკუთარ თავსა და საქციელს, თქვენც შეამჩნევდით თქვენს ნიღბებს. ჩვენ ვთამაშობთ გამუდმებით, სხვა ადამიანებითა და საკუთარი გრძნობებით. ჩვენ არ გვიყვარს როცა გვატყუებენ. როცა გვიყენებენ, ვითხოვთ გულწრფელობას, სამართლიანობას, თუმცა სასაცილო ისაა, რომ ეს ყველაფერი ერთი დიდი თამაშია, სადაც ყველა თავდაუზოგავად მხოლოდ იმას ცდილობს ამ ბრბოში ყველაზე მაღლა აცოცდეს, თუნდაც ამისათვის ვიღაცის ძვლებზე მოუწიოს დგომამ. გაოცებული ვარ რამდენად აბსურდულია ხანდახან ჩვენი საქციელი, მას შემდეგ რაც გამოქვაბულიდან გამოვედით და წესების შექმნა დავიწყეთ, ისე ვიქცევით, რომ ეჭვი მაქვს მალე ისევ იქ აღმოვჩნდებით. გამოდის, რომ არაფრით ვართ ცხოველებზე ნაკლები, უბრალოდ მათ ინსტინქტები ამოძრავებთ, რაც ჩვენ უფრო დახვეწილი გვაქვს და უფრო ლამაზად შეფუთული. შეიძლება ისინი გვჯობდნენ კიდეც, ამაზე ერთი ლექსი გამახსენდა, ბესიკ ხარანაულის “ხეები”, იქ ერთი ამონარიდია ასეთი : “რაც კი ვიცხოვრე, იმდენ ხანს რომ მგლებში მეცხოვრა, ხომ ძმად ჩამთვლიდნენ, ხომ აღარასოდეს მიმტყუნებდნენ, არ გამწირავდნენ.”  ალბათ ამით ყველაფერია ნათქვამი. თუმცა, მე იმას არ ვამბობ რომ ვაჟასავით წვიმად მოსვლას ვინატრებდი, ან მგლად გადაქცევას, მიუხედავად იმისა რომ მაქციები მოდაშია და სრულიად ჰოლივუდი აჭრელებულია მსგავსი შინაარსის ფილმებითა და სერიალებით 🙂 არა, მე ისევ მირჩევნია ის ადამიანი ვიყო, რომელიც ცნობისმოყვარეობამ გამოქვაბულიდან გამოიყვანა, ადამიანი, რომელმაც შექმნა სახელმწიფო, ადამიანი რომელიც მუდმივად ბრძოლობს, თუნდაც მეორე ადამიანთან, მერე რა, ჩვენ უამრავ შეცდომას ვუშვებთ, მთავარი შეგვეძლოს ამ შეცდომების დანახვა, თორემ ჩვენი ცხოვრება ხომ ერთი დიდი თამაშია, თამაში საკუთარი თავის 🙂 მხოლოდ ხანდახან, როცა მაკიაჟს ვიშორებთ სარკეში ვიყურებით და საკუთარ ანარეკლს თვალებში ჩავხედავთ, ვხვდებით რომ საკმარისია, რომ აღარ გვინდა კიდევ ერთი ნიღბის მორგება, იმიტომ რომ ჩვენს თვალებში დანახული სიცარიელის შეგრძნება გვაშინებს, გვაფრთხობს, იქნებ ჩვენს თავსაც ვეღარ ვცნობთ… აი ამ დროს ღამეს თეთრად ვათენებთ და ვეძებთ, ვეძებთ, ვეძებთ…. მერე ერთი სული გვაქვს სხვებსაც მოვუყვეთ, გავაგებინოთ, თუმცა ეს არც ისე ადვილია, სწორედ ამიტომ… მერე ისევ ვეძებთ, ამჯერად ახალ ნიღბებს, ბევრად უფრო უდარდელსა და გამძლეს.

P.S. მაპატიეთ, ჩემი ხასიათივით აბურდული ჩანაწერი გამომივიდა 🙂 ცოტა პესიმისტური და ნაღვლიანიც 😦 საერთოდ, ცხოვრება ცუდი რამე არაა, გააჩნია როგორ ხასიათზე ხარ და ფული რამდენი გაქვს ანგარიშზე 🙂 ასე რომ, გისურვებთ  კარგ შემოსავალს და ბევრ საინტერესო მოთამაშეს თქვენს სცენაზე.

სიყვარულის ნიღბით

თქვენი ქეთო

Blog at WordPress.com.

ზედა ↑

დო'ს ბლოგი

აქვს ფანტაზია ბავშვის, ცაში დაეძებს სოროს, სამსართულიან სახლში, მეცხე სართულზე ცხოვრობს....

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

ბაბოლიჩი's Blogg

Keep your coins... I wan't change!

Natalie’s

There’s nothing to talk about

ედიშერის ბლოგი

სიზუსტე და სამართლიანობა უფრო მეტად ფასობს ვიდრე უპირატესობა და სენსაცია

ქეთოს ბლოგი

ამერიკანო წიწაკით please...

MaDaM FisuNiA

შენ ახლა გადმოაბიჯე ჩემი სამყაროს კარიბჭეს

Molly Bloom's Day™

ასტრიდ ლინდგრენი – 111

ბურუსი - BURUSI

თენგიზ ვერულავა - TENGIZ VERULAVA

სულელური თეორიის 9 წუთი

P.S გახსოვდეს ვინ ხარ.

კრაზანა

What do you read, my Lord? "Words, words, words"..

ეთოს ბლოგი

“ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი ვიდრე იყავი.”

Niksologia

აკრძალულია აკრძალვა!

სიყვარულოვნას ბლოგი

მე ვარ ნაწილი იმ დიადი ძალის, ვისაც ავი სურს და კეთილს სჩადის

Olley

როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას , შენი ცხოვრებაც ისე იქნება

ფაოს ბლოგი ^.^

The Girl Who Always Smiles, Even If She Feels Down.

Geo Blogmania Group

ჩვენ ვწერთ თქვენთვის

ბრე'ს ბლოგი

ჩემი ღამეები თქვენს დღეებზე უკეთესია

ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive...

ცხელი შოკოლადი

რაღაც დარიჩინიანი....

ჯეკის ჩანაწერები

https://www.facebook.com/Jacksnotes101

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

Sometimes Y, and After C

I like breaking all of the rules

Kate's Universe

Everything In Its Right Place

გურამ შეროზიას ბლოგი

საინტერესო + სასარგებლო