გამჭვირვალე კარიკატურა შემომცქერის სარკიდან.
უკვე აღარც კი მახსოვს
მისი ნამდვილი მე,
მხოლოდ ყავის სურნელით ერთნაირად გალეშილი დღეები.
მალე გაზაფხულიც მოვა
გახლეჩილი ბროწეულივით მადისაღმძვრელი.
თუმცა იმისთვის სარკიდან რომ შემომცქერის ესეც სულერთია,
დღითიდღე ხომ ისეთი გამჭვირვალე ხდება რომ
ფერებსაც ვეღარ ირეკლავს,
ხოდა გაზაფხულიც რაღად უნდა,
ჰაერი კი ზამთარშიც უფეროა.
მისთვის, სარკიდან რომ შემომცქერის სიკვდილიც უაზროა,
იმიტომ რომ ის უკვე მოკვდა.
ისე შეუმჩნევლად, რომ თვითონაც ვერ მიხვდა.
უბრალოდ ერთ დღესაც სარკეში საკუთარი ანარეკლის ნაცვლად გამჭვირვალე კარიკატურა დახვდა ცინიკური მზერით.
ჯერ შეეშინდა,
უსულობის, უგულობის, უყველაფრობის…
მერე ნელ-ნელა შეეჩვია,
ისე ძალიან აღარ აფრთხობდა
ის მეორე, სარკიდან რომ თავხედურად მიშტერებოდა.
ბოლოს საერთოდაც მოეწონა გამჭვირვალე არსება სხვა სამყაროდან.
ის არავის ელოდება, არავინ სჭირდება და ხურდა ფულივით დაუნანებლად არიგებს უემოციო ღიმილს .
მას არავინ ენატრება.
ის ხომ უბრალოდ კარიკატურაა
გამჭვირვალე ჰაერივით.
ის მე მგავს.
#
დღითიდღე ისე მიმრავლდებიან ტკივილები, როგორც ‘ლაიქები’ პროფილის სურათზე.
##
ბედნიერების შეგრძნება მალე მცილდება, უხარისხო მაკიაჟივით..
###
არ მიყვარს ქარი, წარსულის ნაგლეჯებს მიფრიალებს ცხვირწინ პოლიეთილენის პარკებივით.
####
უცხო ქალაქში მომინდა წასვლა საკუთარი თავის აღმოსაჩენად.
—————-
25 წლის ვარ!
არ ვარ გათხოვილი და ჯერჯერობით არც ვგეგმავ!!!
მაქვს ერთი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი( მეორე გზაშია 🙂 )
რამდენიმე სერთიფიკატი, მათ შორის, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს( ჩემთვისაც კი), IT ინჟინერია 😀
სამსახური, რომელიც ხანდახან მომწონს კიდეც,
ოჯახი, რომელიც ძალიან მიყვარს მიუხედავად მათი „აუტანლობისა“ 😀
მეგობრები – ჩემი ყველაზე დიდი შენაძენი,
ტელეფონი, რომელზეც ვგიჟდები 🙂
ბლოგი, რომელიც ამ ბოლო დროს დღიურს უფრო გავს…
და კიდევ რამდენიმე ანგარიშგასაწევი ადამიანი, რომლებიც რაღა დაგიმალოთ და ხანდახან თავს მაბეზრებენ.
ხო, მე უკვე დიდი გოგო ვარ და ხანდახან ოცნებაც მავიწყდება, მაგრამ კარგად ვიცი რომ ბავშვი მოხუცშიც კი ცოცხლობს, ამიტომ მაპატიეთ თუ ხანდახან ბავშვივით ვიქცევი ან როგორც დედაჩემი იტყოდა უპასუხისმგებლოდ.. ნუ მომთხოვთ ყოველთვის ვიყო „დიდი გოგო“ , ნუ მომთხოვთ ვიტვირთო პასუხისმგებლობები, რომლებიც თავისი სიმძიმით იმდენად მიჯაჭვულს მხდის მიწაზე რომ ცაში ახედვის სურვილიც კი აღარ მიჩნდება.
ბედნიერება ყოველდღიურ წვრილმანებშია, ამიტომ არაუშავს თუ დღეს ჩემი კარადა დასალაგებელია, საფულე ცარიელი… მერე რა თუ „გრაფი მონტე კრისტო“ დღემდე ჩემი საყვარელი წიგნია… სულელურ მელოდიებზე ცეკვაც მიყვარს სარკის წინ :D:D და როგორც ბავშვობაში, ნაწვიმარ ქუჩებში სიარულისას გუბეებზე გადახტომას ახლაც ვცდილობ..
როგორც ვთქვი, ბედნიერება წვრილმანებშია, ამიტომ მაპატიეთ თუ ხანდახან ბორდიურზე ჩამოჯდომა და ლუდის დალევა მეც მინდება, მერე რა რომ გოგო ვარ(თან „კარგი გოგო“).
ხო, მომწონს საუბრები ფილოსოფიაზე ფინჯანი ყავის თანხლებით, მაგრამ ხანდახან ინტელექტუალური მზერის სიცარიელე გულზე ისე მწარედ მხვდება, რომ ჩემი უბნის ქუჩური ჟარგონით მოსაუბრე „ბირჟავიკების“ აზრი ბევრად უფრო ღირებულია ჩემთვის… და ადამიანური თვალებით დანახული მათი სამყარო, სადაც მხოლოდ თეორიების ცოდნა არ არის საკმარისი, თუნდაც ის ყველაზე დიდ მოაზროვნეს ეკუთვნოდეს.
მე ხომ მხოლოდ 25 წლის ვარ… ამიტომ მაპატიეთ რომ სამსახურიდან პირდაპირ სახლში არ მივდივარ, როგორც ყველა ‘წესიერი’ გოგო უნდა იქცეოდეს და ხანდახან ღამის სამ საათზე შევდივარ სახლში, იმიტომ რომ უბრალოდ მეგობრებთან ერთად გავერთე, იქ სადაც მუსიკა ისე ხმამაღლა უკრავს რომ ალბათ ბებიაჩემიც მოინდომებდა ცეკვას… 🙂 იმასაც ნუ მომთხოვთ ღიმილი ვაკონტროლო მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენ, უკვე გაზრდილმა ადამიანებმა რამე ‘ისე’ არ გაიგოთ…
მე ვიცი რომ ცხოვრება თამაშია და ყველა იმ როლს ირგებს რაც უნდა… ან შეუძლია, ამიტომ მაპატიეთ თუ მე მხოლოდ ერთი როლი არ მაკმაყოფილებს და ხშირად ვიცვლი(ხასიათის ბრალია;))
ისიც მაპატიეთ, რომ მიუხედავად ჩემი მუდმივი მტკიცებისა, რომ უკვე გავიზარდე და „დიდი გოგო“ ვარ, ახლა საპირისპიროს ვამტკიცებ…
მე 25 წლის ვარ, მალე 26-საც გავხდები…
ამ დროს უკვე მექნება ორი დიპლომი… ალბათ კიდევ უფრო მეტი გაურკვეველი სახის სერთიფიკატი,
ოჯახი, მეგობრები, სამსახური…იმედია ტელეფონიც 😀
ბლოგი აუცილებლად!
კიდევ ბევრი რამ შეიცვლება…
თუმცა…
მე კარგად ვიცი რომ ბავშვი მოხუცშიც კი ცოცოხლობს, ამიტომ ნუ ეცდებით ჩემში ის გააქროთ, იმიტომ რომ წვრილმანებშია ბედნიერება და კიდევ იმიტომაც რომ სწორედ ეს ბავშვი ღმერთია ჩვენს გულებში..
დილაა…
ჩემს ოთახში უეცრად შემოვარდნილ ნიავს ვცდილობ გავატანო ღამის ნარჩენები…
მზე ჩემი საწოლის წინ მდგარი სარკიდან მიპაჭუნებს თვალს…
თავი დამანებე!!! ვბურტყუნებ და გვერდს ვიცვლი…
გაქრობა მინდება. ისე ძლიერად რომ მეშინია…
მე….
რამხელა სიღრმეს იტევს ეს პატარა სიტყვა და რა ცარიელია ხანდახან.
როგორც შემოდგომის ამ ერთ ჩვეულებრივ დილას…
მიზნები
გადაწყვეტილებები (ხშირად მცდარი)
მოქმედებები (ხანდახან გაუმართლებელი)
ადამიანები… შემთხვევითი გამვლელები თუ გამიზნულად დამრჩენები…
ზოგჯერ ყველა ისე ირევა ერთმანეთში რომ მიჭირს გარჩევა როლების, რომლებსაც მე თვითონ ვანაწილებ…
…………………………..
ვეძებ უცნაურობებეს
ვსაუბრობ პრაგმატულად
ვიქცევი ჩვეულებრივად(?)… ხანდახან თითქოს ცხოვრებას ვეჯიბრები…
ვწერ ურითმოდ და აბდაუბდად 🙂
…………………………..
სარეცხის თოკზე გასაშრობად გამოვფინე ფიქრები და წვიმამ დაასველა ისევ…
………………………
შეგიმჩნევიათ რა უცნაური სილამაზე აქვს შემოდგომას, ძალით საკურთხეველთან მიყვანილ პატარძალს მაგონებს რატომღაც.
P.S.
როცა ვიღლები საკუთარი თავის თამაშით და სხვადასხვა როლის მორგებით, როცა სიმწრის ცრემლები ყელში მაწვება და ერთი აღრიალება ქვეყანას მირჩევნია, როცა მორიგი სულელური საქციელით გამოწვეულ შედეგებს ვიმკი და საკუთარი თავის მეთხუთმეტე სართულიდან გადმოგდებაზეც კი არ ვიტყოდი უარს( მხოლოდ იმიტომ ვიკავებ თავს რომ ლამაზად მინდა სიკვდილი), როცა უკვე იმაზე ვიწყებ ფიქრს ზებრა რა ფერია და საკუთარი აბსურდული აზროვნება მაოცებს, როცა შოკოლადის უზომო რაოდენობაც კი არ მშველის და იმედგაცრუება წერის სურვილსაც კი მაკარგვინებს, როცა ნიღბებს ვეღარ ვირგებ და ყველა ფერადი სათვალეც უკვე გატეხილია, როცა მგონია რომ სადაცაა უარაფრობისგან დავიხრჩობი… უბრალოდ ვიღებ ტელეფონს და გირეკავთ: “ბავშვებო, წავედით სადმე ყავა დავლიოთ” და ამით ყველაფერია ნათქვამი 🙂 ვიცით რომ ყავა მხოლოდ მიზეზია ერთმანეთისა, მიზეზია უაზროდ ბევრი სიცილისა, მერე რა რომ ხანდახან გვეტირება კიდეც, მიზეზია ერთად სისულელეების ჩადენისა, რომელსაც ალბათ ვინანებთ ან არ ვინანებთ, მიზეზია ჭორაობისა თუნდაც ე.წ “კურილკაში” ან ეკას ჯერ უკურთხებელ აივანზე 🙂 მიზეზია რომ კიდევ ერთხელ შევიგრძნოთ ის პოზიტივი, რასაც ერთმანეთს გადავცემთ, და ამ დროს მე უზომოდ ბედნიერი ვარ რომ თქვენ მყავხართ “მეგობრები”, ყველაზე თბილები, ყველაზე კარგები, ყველაზე საყვარლები, ყველაზე ჩემები! მე ვიცი რომ თქვენ, ადამიანებს, რომლებსაც მეგობრები გიწოდეთ შემიძლია ჩემი სულიც კი ვანდო დაუფიქრებლად, თქვენ მე მაცოცხლებთ, თქვენ ხართ ჩემი სიმდიდრე, თქვენ რომ არა, ვინ ამიტანდა ასეთ აუტანელს, თქვენ ისმენთ მოთმინებით ჩემს დაუსრულებელ თავგადასავლებს, ზოგიერთი თქვენგანი მამართლებს(ნაწკა მიყვარხარ :* ) თქვენ მტუქსავთ და თქვენ მაძლევთ რჩევებს, თქვენ მამშვიდებთ და რომ დამჭირდეს ცრემლებსაც შემიმშრალებთ(გაგიმართლათ რომ მტირალა არ ვარ 🙂 თათია 🙂 ) ჰოდა, რატომ მომინდა ასე გრძნობების გამომზეურება არ ვიცი, ეს უფრო მარიკას სტილშია, თუმცა ღამის ორი საათია, მეცადინეობის მიზეზით უკვე რამდენიმე საათია კომპიუტერს ვუზივარ და იცით, უცბად მივხვდი როგორ მიყვარხართ 🙂 თიკა, არ გეგონოს დამავიწყდი, გინახულებ მალე და ნუ მებუტები 🙂 ისე, დიდწილად შენი დამსახურებაა რომ რატომღაც მომინდა თქვენი არსებობით გამოწვეული ჩემი ბედნიერება თქვენთვისვე გამენაწილებინა. მარიკა, ალბათ გახსოვს ჩვენი საუბარი ბედნიერების შესახებ, ვისთვის რა არის ბედნიერება ჰოდა, ჩემი ბედნიერება თქვენ ხართ, ჩემი მეგობრები, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე შეძენილი ჩემი გულის ნაწილები, ადამიანები, რომლებმაც შემქმნეს ისეთი, როგოროიც ვარ, ადამიანები, რომელთათვის ისიც კი შემიძლია მანქანის საბარგულით ვიმგზავრო რამდენიმე საათი 🙂 რომლებთანაც არც მაგარი გოგო ვარ, არც ჭკვიანი და არაორდინალური, არც “ძერსკი”, არც “სვეცკი” არც “სწერვა”, უბრალოდ მე მე ვარ და თქვენ ისეთი გიყვარვართ როგორიც ვარ – ყოველთვის უამრავი პრობლემით დატვირთული, ცოტა მეტიჩარა, ძალლიან წუწუნა და მაინც აუტანლად საყვარელი 🙂
მე მიყვარხართ ❤
თქვენი ქეთო
❤
შევმსუბუქდი რაღაცნაირად, ალბათ იმიტომ რომ მივხვდი არავის სჭირდება ჩემი მთელი ღამის ნაფიქრიდან გამომდნარი ჩემივე ჭეშმარიტება, ამიტომ ღამეს ძილს ვუთმობ, ეს უფრო ადამიანურია. იცით, ერთი სამკაული მაქვს, რომელიც უხვად მოიპოვება ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ალბათ ყველა სამკაულის დახლთან და ნებისმიერ მსურველს შეუძლია იყიდოს, ეს არის გულსაკიდი – ორი ნიღაბი, ერთი მხიარულია, მეორე სევდიანი. მას რომ ვუყურებ ყოველთვის ვფიქრობ რომ ეს ორი საკმარისი არაა, სინამდვილეში იმდენი ნიღაბი გვაქვს, რომ შეუძლებელია მათი დათვლა. თუ ხანდახან, ძალიან იშვიათად მაინც, დაკვირვებიხართ საკუთარ თავსა და საქციელს, თქვენც შეამჩნევდით თქვენს ნიღბებს. ჩვენ ვთამაშობთ გამუდმებით, სხვა ადამიანებითა და საკუთარი გრძნობებით. ჩვენ არ გვიყვარს როცა გვატყუებენ. როცა გვიყენებენ, ვითხოვთ გულწრფელობას, სამართლიანობას, თუმცა სასაცილო ისაა, რომ ეს ყველაფერი ერთი დიდი თამაშია, სადაც ყველა თავდაუზოგავად მხოლოდ იმას ცდილობს ამ ბრბოში ყველაზე მაღლა აცოცდეს, თუნდაც ამისათვის ვიღაცის ძვლებზე მოუწიოს დგომამ. გაოცებული ვარ რამდენად აბსურდულია ხანდახან ჩვენი საქციელი, მას შემდეგ რაც გამოქვაბულიდან გამოვედით და წესების შექმნა დავიწყეთ, ისე ვიქცევით, რომ ეჭვი მაქვს მალე ისევ იქ აღმოვჩნდებით. გამოდის, რომ არაფრით ვართ ცხოველებზე ნაკლები, უბრალოდ მათ ინსტინქტები ამოძრავებთ, რაც ჩვენ უფრო დახვეწილი გვაქვს და უფრო ლამაზად შეფუთული. შეიძლება ისინი გვჯობდნენ კიდეც, ამაზე ერთი ლექსი გამახსენდა, ბესიკ ხარანაულის “ხეები”, იქ ერთი ამონარიდია ასეთი : “რაც კი ვიცხოვრე, იმდენ ხანს რომ მგლებში მეცხოვრა, ხომ ძმად ჩამთვლიდნენ, ხომ აღარასოდეს მიმტყუნებდნენ, არ გამწირავდნენ.” ალბათ ამით ყველაფერია ნათქვამი. თუმცა, მე იმას არ ვამბობ რომ ვაჟასავით წვიმად მოსვლას ვინატრებდი, ან მგლად გადაქცევას, მიუხედავად იმისა რომ მაქციები მოდაშია და სრულიად ჰოლივუდი აჭრელებულია მსგავსი შინაარსის ფილმებითა და სერიალებით 🙂 არა, მე ისევ მირჩევნია ის ადამიანი ვიყო, რომელიც ცნობისმოყვარეობამ გამოქვაბულიდან გამოიყვანა, ადამიანი, რომელმაც შექმნა სახელმწიფო, ადამიანი რომელიც მუდმივად ბრძოლობს, თუნდაც მეორე ადამიანთან, მერე რა, ჩვენ უამრავ შეცდომას ვუშვებთ, მთავარი შეგვეძლოს ამ შეცდომების დანახვა, თორემ ჩვენი ცხოვრება ხომ ერთი დიდი თამაშია, თამაში საკუთარი თავის 🙂 მხოლოდ ხანდახან, როცა მაკიაჟს ვიშორებთ სარკეში ვიყურებით და საკუთარ ანარეკლს თვალებში ჩავხედავთ, ვხვდებით რომ საკმარისია, რომ აღარ გვინდა კიდევ ერთი ნიღბის მორგება, იმიტომ რომ ჩვენს თვალებში დანახული სიცარიელის შეგრძნება გვაშინებს, გვაფრთხობს, იქნებ ჩვენს თავსაც ვეღარ ვცნობთ… აი ამ დროს ღამეს თეთრად ვათენებთ და ვეძებთ, ვეძებთ, ვეძებთ…. მერე ერთი სული გვაქვს სხვებსაც მოვუყვეთ, გავაგებინოთ, თუმცა ეს არც ისე ადვილია, სწორედ ამიტომ… მერე ისევ ვეძებთ, ამჯერად ახალ ნიღბებს, ბევრად უფრო უდარდელსა და გამძლეს.
P.S. მაპატიეთ, ჩემი ხასიათივით აბურდული ჩანაწერი გამომივიდა 🙂 ცოტა პესიმისტური და ნაღვლიანიც 😦 საერთოდ, ცხოვრება ცუდი რამე არაა, გააჩნია როგორ ხასიათზე ხარ და ფული რამდენი გაქვს ანგარიშზე 🙂 ასე რომ, გისურვებთ კარგ შემოსავალს და ბევრ საინტერესო მოთამაშეს თქვენს სცენაზე.
სიყვარულის ნიღბით
თქვენი ქეთო
❤
გრძნობებს, შენ რომ მაპარებ
სიტყვებში გავაბნევ რითმებად,
დავიმეგობრებ წვიმას და
წვეთებში გაგადნობ ფიქრებად.
სითბოს, შენ რომ გამატან
გზაზე დავტოვებ ღიმილად,
ნაომარ ცაზე გიპოვი
ცისარტყელების ფერებად.
ეჭვებს, შენ რომ მიტოვებ
მე ავაშენებ ლექსებად
და ყველა სტრიქონს დაგამჩნევ
ფიქრების ანაბეჭდებად.
შენი აზრი