
ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ბიჭია, სხვებისგან არაფრით გამორჩეული, უბრალოდ ყოველთვის ჩქარობს, ერთ ადგილას უმოძრაოდ ყოფნა უჭირს, როცა ზის მაშინაც კი ან მობილურს ათამაშებს ხელში ან რაიმე გასართობს აუცილებლად გამონახავს, მოძრავი ცისფერი თვალები აქვს, რომელსაც თუ კარგად დააკვირდებით აუცილებლად დაინახავთ პატრონის მოუსვენარ ბუნებას. უყვარს ჩაი, ჯაზი, წიგნები და გოგონები 🙂 საოცრად აზარტულია როგორც საქმეში, ასევე ადამიანებთან ურთიერთობაში. გულახდილად ლაპარაკობს ყველაფერზე, თვლის რომ მისთვის ტაბუდადებული თემები არ არსებობს. მას რომ კითხოთ, ადამიანებს ორ კატეგორიად ყოფს, ისინი, ვინც მასისაგან გამორჩეულია (საბედნიეროდ, მეც ამ კატეგორიაში მოვხვდი 🙂 ) და ხალხი, რომელთა „ერთ ქვაბში მოხარშვა“ შეიძლება, აქვე გეტყვით რომ ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები, მე მაინც მჯერა ადამიანის ინდივიდუალიზმის და ვფიქრობ რომ ვიღაცისთვის მე შეიძლება ვიყო რიგითი ადამიანი, ვიღაცისთვის კი განსაკუთრებული, ასე რომ ერთმანეთის შეფასება იმაზეა დამოკიდებული ჩვენ როგორ აღვიქვამთ სამყაროს, მე კი, როგორც აღვნიშნე, ადამიანების კატეგორიებად დაყოფას არ ვემხრობი. რაც შეეხება სამყაროს მისეულ აღქმას, ეს კიდევ ცალკე თემაა, მასთან საუბრისას ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მისთვის ცხოვრება ერთი დიდი სპექტაკლია, თამაში სადაც უნდა რომ მთავარი როლი სწორედ მას ჰქონდეს, შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრებით კაიფობს. თავმდაბლობით არ გამოირჩევა, ამბიციურია და თვლის რომ განსხვავებული ადამიანია, უფრო მეტიც, მას სჯერა რომ სამყაროს შეცვლა შუძლია, თუმცა ამისათვის მასავით მოაზროვნე კიდევ ერთი ადამიანი სჭირდება (რა თქმა უნდა, საპირისპირო სქესის წარმომადგენელი). როგორც თვითონ ამბობს ცხოვრებისგან ყველაფრის მიღებას ცდილობს, იყენებს ყველა შანსს, რაც ეძლევა და თუ რაიმეს გაკეთების სურვილი უჩნდება აუცილებლად აკეთებს კიდეც. ერთი შეხედვით, ამაში ცუდი არაფერია, ადამიანი იქცევა ისე, როგორც უნდა, არ აინტერესებს საზოგადოების აზრი და ცხოვრობს საკუთარი სიამოვნებისათვის, თუმცა, მე რომ მკითხოთ ყველა სურვილის რეალიზება არც ისე კარგი უნდა იყოს, პირიქით, სიძლიერე ის უფროა როცა საკუთარ სურვილებს გონებას უმორჩილებ და არა ის, როცა შენი გონება ემორჩილება სურვილებს. მიუხედავად ბევ რამეში აზრთა სხვადასხვაობისა, ვთვლი, რომ საინტერესო მოსაუბრეა, იშვიათად შემხვედრია ადამიანი, რომელიც ასე გატაცებით საუბრობს ლიტერატურაზე, აკეთებს სწორ აქცენტებს და რაც მთავარია, აქვს საკუთარი აზრი, არ საუბრობს შაბლონურად, ალბათ მისგან კარგი კრიტიკოსი დადგებოდა, შემიძლია ვთქვა რომ გემოვნებიანი მკითხველია, პატივს სცემს ქართველ მწერლებს, განსაკუთრებით კი ჩემს საყვარელ გოდერძი ჩოხელს, გამსახურდიას და ვაჟას, მას რომ კითხოთ, ვაჟას ქართველი ერი ვერ აფასებს და დღემდე ბუნების მწერლად არის მიჩნეული, მაშინ როცა ვაჟა უნიკალურია და მისნაირი მწერალი არამხოლოდ ქართულ, უცხოურ ლიტერატურაშიც კი არ არის, მე ვეთანხმები. გამოვტყდები, რომ მისმა სიტყვებმა ვაჟას მიმართ უფრო მეტი პატივისცემა გამიჩინა.
ამ ადამიანის პორტრეტის მოხაზვა შეუძლებელია, თუ რამდენიმე სიტყვას არ ვიტყვი მუსიკაზე, კერძოდ კი ჯაზზე, მისი საყვარელი შემსრულებელი ხომ ჯარეტია 🙂 ამით ალბათ უკვე ბევრია ნათქვამი.
და ბოლოს, დასკვნის სახით შემიძლია ვთქვა რომ საინტერესო პერსონაჟია ჩემი რეალობიდან, რომელიღაც წიგნის გმირს მაგონებს, თუმცა ჯერ ვერ ვხვდები რომელს 🙂 ძლიერი ხასიათი აქვს და ჯიუტი ადამიანი ჩანს, ამიტომ სულაც არ მიმაჩნია უსაფუძვლოდ მისი ამბიცია სამყაროს შეცვლასთან დაკავშირებით, ასე რომ ისღა დამრჩენია წარმატებები ვუსურვო 🙂
P.S.
ალბათ როცა ამ პოსტს წაიკითხავს გაეცინება, იფიქრებს რომ მის ბუნებას ბოლომდე ვერ ჩავწვდი,შეიძლება ასეცაა, ალბათ რაღაც შტრიხები დამაკლდა და პორტრეტიც ისეთი სრულყოფილი არ გამოვიდა, თუმცა მაინც მინდა ერთი რჩევა მივცე თუ მიიღებს, – მუდმივად რაღაც ახლის ძებნა ცუდი არაა, თუმცა, იმედია ამდენ ძებნაში არ დაკარგავ ყველაზე ძვირფასს და მთავარს – საკუთარ თავს.
შენი აზრი