გამჭვირვალე კარიკატურა შემომცქერის სარკიდან.
უკვე აღარც კი მახსოვს
მისი ნამდვილი მე,
მხოლოდ ყავის სურნელით ერთნაირად გალეშილი დღეები.
მალე გაზაფხულიც მოვა
გახლეჩილი ბროწეულივით მადისაღმძვრელი.
თუმცა იმისთვის სარკიდან რომ შემომცქერის ესეც სულერთია,
დღითიდღე ხომ ისეთი გამჭვირვალე ხდება რომ
ფერებსაც ვეღარ ირეკლავს,
ხოდა გაზაფხულიც რაღად უნდა,
ჰაერი კი ზამთარშიც უფეროა.
მისთვის, სარკიდან რომ შემომცქერის სიკვდილიც უაზროა,
იმიტომ რომ ის უკვე მოკვდა.
ისე შეუმჩნევლად, რომ თვითონაც ვერ მიხვდა.
უბრალოდ ერთ დღესაც სარკეში საკუთარი ანარეკლის ნაცვლად გამჭვირვალე კარიკატურა დახვდა ცინიკური მზერით.
ჯერ შეეშინდა,
უსულობის, უგულობის, უყველაფრობის…
მერე ნელ-ნელა შეეჩვია,
ისე ძალიან აღარ აფრთხობდა
ის მეორე, სარკიდან რომ თავხედურად მიშტერებოდა.
ბოლოს საერთოდაც მოეწონა გამჭვირვალე არსება სხვა სამყაროდან.
ის არავის ელოდება, არავინ სჭირდება და ხურდა ფულივით დაუნანებლად არიგებს უემოციო ღიმილს .
მას არავინ ენატრება.
ის ხომ უბრალოდ კარიკატურაა
გამჭვირვალე ჰაერივით.
ის მე მგავს.
კომენტარის დატოვება