tumblr_luzlkv6uMf1qzcemao1_1280

თურმე შემოდგომაც მოსულა, ამიტომ მომინდა განვლილი ზაფხულისთვის გადამევლო თვალი. როგორც ყოველთვის ემოციურად დატვირთული აღმოჩნდა, კოფეინით სავსე და ისევ ახალი სამსახურის მომტანი, რის გამოც შვებულებაში ისევ ვერ გავედი, ამიტომ weekend-ებზე ხან თელავში გავრბოდი, ხან ქობულეთში და ხან ქარელში.  ამდენი გადარბენა-გადმორბენით ისე დავიღალე რომ ყველა მუზა გამექცა და ისეთი პირი უჩანს, რომ არც აპირებენ დაბრუნებას. ახალმა შეგრძნებებმა დამღალა და გამომფიტა სულიერადაც და ფიზიკურადაც, თუმცა საწუწუნო არაფერი მაქვს, ეს ხომ ჩემი სტილია, ბევრი საინტერესო ადამიანი, ფინჯანი ყავა(უშაქრო:)), კარგი წიგნი და გემოვნებიანი მუსიკა. სხვათაშორის რამდენიმე საჩემო შემსრულებელი აღმოვაჩინე, წიგნებს რაც შეეხება ძირითადად ელექტრონულ ვერსიებს ვკითხულობდი სამსახურში, რის გამოც წიგნის სურნელის შეგრძნება დამაკლდა და თითქოს კარგადაც ვერ განვიცადე წაკითხული, ვერ ვიგრძენი ავტორი ჩემს გვერდით. იძულებით კოელიოს რამდენიმე ნაშრომსაც გავეცანი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ საჩემო არაა ეგ აბდაუბდა, მისტიურობა მიტაცებს, მაგრამ არც ამდენად, არც რომანტიული ვარ და არც შეყვარებული, ასე რომ კიდევ ერთხელ არა!

ადამიანები კი…. ადამიანებთან უფრო რთულადაა საქმე, სულ რაღაც სამ თვეში რამდენიმე დავკარგე… ერთ გამოხედვაში ჩატეული ორთვენახევრის მონატრება და უმოქმედობა, უფრო სწორად, მოქმედების უაზრობა….ჰოდა, ჯერ გზაჯვარედინზე მდგომი პატარა ბავშვივით ვეღარ გავიგე საით წავსულიყავი, დავიბენი და უფრო მეტად მეტკინა რაღაც შიგნით სულში ვიდრე ველოდი, თუმცა მერე  მათი აღარყოფნით ავივსე…  და კოფეინით… ჩემს აივანზე გატარებული საღამოები შემიყვარდა, თქვენ წარმოიდგინეთ ხედიც კი, რომელიც გულისხმობს სამშენებლო მასალებს და უსიცოცხლო ბეტონის კედლებს, და ის სავარძელიც აღარ მემეტება გადასაგდებად 🙂

whatever….

ხომ იცით, არ ვარ პესიმისტი 🙂

P.S. მთავარია მუზები დამიბრუნდნენ … 🙂

სიყვარულით

თქვენი ქეთო