როცა მაღაზიაში გავრბივარ და ბევრ, ძალიან ბევრ შოკოლადს ვყიდულობ, როცა  Diana Krall-ს ვუსმენ ბოლო ხმაზე, როცა ღამის სამ საათზე არ მეძინება და ბლოგს მოვაკითხე, ესე იგი ძალიან ცუდად ვარ.

“იცი, აღარ მინდა სიცოცხლე გაგიჟებით” – ფრაზა ვიღაცის ლექსიდან… ამეკვიატა… კიდევ უკან მოხედვა დამჩემდა, სულ მგონია რომ ვიღაც მომყვება ჩუმი ნაბიჯებით…

შენი  ხასიათივით გაუგებარი თვალის ფერი გაქვსო….

იცი, ერთი ნიღაბი დავკარგე, ვეძებ, ვეძებ და სულ ტყუილად, ალბათ გავაჩუქე და არ მახსოვს.

ხანდახან ისე გატაცებით ვთამაშობ ჩემს როლს, რომ აპლოდისმენტების ხმაც კი მესმის.

იცი, ყველა მოწყვეტილი ვარსკვლავი ერთ კალათში მაქვს შეგროვებული, მათხოვრებს დავურიგებ, ცა მაინც აღარ მიიღებს.

ყოველდღიურობა წამწამებზე მექაჩება.

ხვალ ისევ შვიდზე გავიღვიძებ, რვაზე სახლიდან გავალ, მარშუტკაში მესამე რიგში დავჯდები, მძღოლის მხარეს,  ფანჯარასთან, ისევ მოვირგებ სათვალეს და არავის შევთავაზებ ჩანთის დაჭერას, მე ხომ არ მიყვარს ნახევრად გაკეთებული სიკეთე.  ცხრა საათზე სამსახურში ყავას დავლევ და ჩემთვის ვიმღერებ რაღაც სისულელეებს რომ არ ვიტირო, ისევ მხიარული და ღიმილიანი ვიქნები  მთელი დღე  და საღამოს ისევ ბევრ, ძალიან ბევრ შოკოლადს ვიყიდი.

ამბობენ ზღვა კოვზით დაილიაო…