images

ყოველთვის მეგონა რომ საკუთარი თავისა და ცხოვრების შემქმნელები ჩვენ თვითონვე ვართ, მაგრამ თურმე მთლად ასე მარტივადაც არ ყოფილა საქმე, ჩვენს გენებს რომ თავი დავანებოთ,  რაც მემკვიდრეობით გადმოგვეცემა და ჩვენი წინაპრების დამსახურებაა, მაგალითად გრძელი ცხვირი – მერე რამდენიმე წელი ოპერაციის ფულის შეგროვებისთვის რომ ვშრომობთ, ან მოკლე ჭკუა, რასაც ოპერაციაც ვერ უშველის, მაინც, ჩვენს ცხოვრებას მეტწილად ის გარემო განსაზღვრავს სადაც ბავშვობას ვატარებთ და პიროვნებებად ვყალიბდებით, ამიტომ შეიძლება ითქვას რომ გარკვეულწილად ინერციით მივექანებით უკვე სხვის მიერ გაკვალულ კალაპოტში და ალბათ ჩვენ სხვისი ცხოვრების გაგრძელებები ვართ, რაც ხანდახან გზას გვიკვალავს და ხან კი პირიქით, ბევრ დაბრკოლებას გვიქმნის. ასე რომ ილუზიები თავისუფლებასა და საკუთარი თავის ბატონ-პატრონობაზე აღარ მაწუხებს. რეალურად არცერთი ადამიანი საკუთარ ცხოვრებას  არ ფლობს, ჩვენ ხომ ისიც კი არ ვიცით მეორე წუთს რას უნდა ველოდოთ, ერთი რეკლამის არ იყოს, სახლიდან რომ გამოვალთ არ ვიცით თავში აგური დაგვეცემა თუ ყვავილის ქოთანი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უარვყოფ  თავისუფალ ნებას. პირიქით, მგონია, რომ ადამიანის მიზანი ამქვეყნად სწორედ საკუთარი თავის დაბრუნება ან თუნდაც შექმნაა და საკუთარი გზის გაკვალვა. ხოდა, აგერ უკვე ოცდამეხუთე წელია საკუთარ თავს ვქმნი, ძირითადად ვცდილობ არჩევანის უფლება გამოვიყენო, ხანდახან კი, როგორც ყველას ჩვევია მეც ინერციით მივდივარ წინ და მკვდარი თევზივით დინებას მივყვები ეს კი დამეთანხმებით, რომ არც ისე კარგია, თუმცა დინების საწინააღმდეგოდ ცურვასაც დიდი გამბედაობა სჭირდება და ყველას არ გამოსდის, ასე ხომ ჩვენიანების საწინააღმდეგო მხარეს მივდივართ, ხალხს კი განსხვავებულები არ უყვარს, ხოდა კი ვართ ასე ყველა „სილიოტკა“ თევზებივით ერთნაირები, ერთნაირად ჩაცმულ-დახურული, ერთნაირად ყალბად მომღიმარი და ერთნაირი სურვილებით გამოტენილი თავებით თან ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობთ თავს, ასე უფრო რთული შესამჩნევები ვართ, ასე უფრო შეგვიძლია ჩვენი ხმა სხვისას ავაყოლოთ და რაც მთავარია, ასე უფრო ნაკლები მოგვხვდება. ასეა თუ ისე, დღესაც, ყბადაღებულ 21-ე საუკუნეშიც ყველა თვითგადარჩენისთვის ვბრძოლობთ, მიუხედავად იმისა თუ  რომელი მიმართულებით მივდივართ.

ხოდა, რისთვის მოვყევი ამხელა ამბავი? ხოო, ხვალ ჩემი დაბადების დღეა. ამ დღეს როგორც ყოველთვის თვალს გადავავლებ ხოლმე ჩემს ცხოვრებას, განსაკუთრებით კი განვლილ წელს და ვაჯამებ რა მომიტანა ამ წელმა, უფრო მეტი ცუდი თუ კარგი, სიხარული უფრო მეტი იყო თუ სევდა, თუმცა გამოცდილებიდან გამომდინარე ცუდი ამბებით სავსე წელი საერთოდ უფრო მეტ ჭკუას მმატებს ხოლმე ვიდრე სიცილ-კისკისში გატარებული 12 თვე.

რა გავიგე წელს ახალი?

წელს გავიგე რომ შეიძლება ერთხელ გაუხსენო ახლობლები პატრულს კამერის წინ და  ცოტა ხანში სრულიად საქართველო გაგიცნობს, მოკლედ, „ სუ თელავია, სუ გულავია“ … კიდევ გავიგე რომ შეიძლება საკუთარი თავი დაკარგო და მერე ისევ იპოვო, შეიძლება ცოტა გაგიჭირდეს მისი ცნობა და ერთი-ორჯერ შემოლაწუნებაც დაგჭირდეს, მაგრამ სულ არაფერს ჯობია. კიდევ მივხვდი რომ ხშირი ღიმილი ბედნიერებას სულაც არ ნიშნავს და მის უკან უფრო ხშირად სევდა იმალება, ვიდრე სიხარული. აღმოვაჩინე, რომ გლდანი და ვარკეთილი ძალიან გავს ერთმანეთს არამარტო ხალხის სიმრავლით, არამედ საშაურმეების რაოდენობითაც. სამწუხაროა, მაგრამ თურმე ადამიანი ცოდნითა და პატიოსნებით კი არა ახლობლებით ფასობს ზედა ეშელონებში. კარგი ისაა, რომ ამ წელმა შემძინა კიდევ ორი მეგობარი 🙂 მიყვარხართ ბავშვებო :*  რაც მთავარია, მივხვდი რომ ყველა ღია კარში არ უნდა შეხვიდე რომ მერე ფანჯრიდან არ მოგიწიოს ძრომიალი, რადგან დიდი შანსია, რომ ისიც დახურული აღმოჩნდეს.

P.S. anyway … happy birthday to me  ❤