როგორც ყოველთვის არ ვიცი როგორ დავიწყო წერა, ამიტომ ვწერ იმას რასაც ვფიქრობ. და რას ვფიქრობ? ვფიქრობ რომ ახლა ძალიან მინდა თოვდეს, კიდევ მინდა წვიმიან ლონდონს ვესტუმრო და დავლიო ნამდვილი ინგლისური ჩაი, თუმცა ჩაის მოყვარული დიდად არ ვარ. ჩაიზე გამახსენდა, გუშინ ერთმა საინტერესო ადამიანმა მითხრა რომ აწარმოებს იოდით გამდიდრებულ ჩაის და თურმე ეს ჩაი თვით ბატონ ღარიბაშვილსაც დაულევია და აღფრთოვანებულიც დარჩენილა (ეს ინფორმაცია რამდენად სანდოა ან დალია თუ არა საერთოდ ღარიბაშვილმა ზემოთ ხსენებული იოდით გამდიდრებული ჩაი ეგ კიდევ საკითხავია 🙂 ) რაც შეეხება იმ საინტერესო ადამიანს საყვარელ და ენერგიულ მოხუცს უცნაური სახელით – ვახში კიდევ ბევრი საინტერესო ინფორმაცია ჰქონია შემონახული, თურმე ჩემი სწორი ცხვირი კეთილშობილების ნიშანი ყოფილა, მაღალი შუბლი კი ინტელექტუალიზმის მაჩვენებელი, ჭკვიანი გოგო ჩანხარ, მაგრამ გამოყენება უნდა მაგასო, ისე ფილოსოფიური აზროვნებაც გაქვსო, მერე მეუბნება აბა ყურები მაჩვენეო 🙂 მეც სასწრაფოდ გადავიწიე თმა:) ხოოო, ოპტიმისტი ხარ, მაგრამ შენი ნიკაპის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ჯიუტიცო, მაგრამ მთლიანობაში კარგი ხასიათი გაქვსო, მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო მშვენიერი გოგო ხარო ასე მომახსენა, რითიც აშკარად დააკმაყოფილა ჩემი ეგო, თუმცა სწორედ ამ ყველაფერმა გამოიწვია მისი წასვლის შემდეგ სარკეში საკუთარი თავით ტკბობა სამუშაო პერიოდში. ხუმრობა იქით იყოს და მეც ვფიქრობ რომ ადამიანის სახის ნაკვთების მიხედვით შეიძლება მიხვდე როგორი ხასიათი აქვს მას, აი მე მაგალითად ვიცი რომ ოდნავ წინ გამოწეული შუბლი ამბიციურობის მაჩვენებელია, ძალიან წვრილი ტუჩების მქონე ადამიანებს კი ჯობია არ ენდოთ. არ ვიცი, შეიძლება ეს ყველაფერი სისულელეა, თუმცა კარგი გასართობია 🙂 ისევე როგორც ჰოროსკოპი, თუმცა ვისთვის როგორ, აი მაგალითად, იცოდით რომ სტალინმა საკუთარი დაბადების წელი და თვე შეცვალა რომ მასზე ფსიქოლოგიური ან მსგავსი სახის ზემოქმედება შეუძლებელი ყოფილიყო, ეს ყველაფერი კი ცნობილი ეზოთერიკოსისა და მისტიკოსის გიორგი გურჯიევის რჩევით გააკეთა. თვითონ გიორგი გურჯიევი კი ჩემთვის ძალიან საინტერესო პიროვნებაა, ამბობენ რომ წარმოშობით სომეხია, თუ დედა ჰყავდა სომეხი, ზუსტად არ მახსოვს, თუმცა ფაქტია რომ მან კარგად იცოდა ქართული და მისი ჩანაწერების გაშიფვრა ქართული ანბანის დახმარებითაა შესაძლებელი, გურჯიევს თურმე შეეძლო დალაი ლამაზეც კი მოეხდინა გავლენა და ამის გამო ტიბეტელმა ლამებმა თეთრი ეშმაკი შეარქვეს. იმასაც ამბობენ რომ ჩემს უსაყვარლეს ბულგაკოვის რომანში “ოსტატი და მარგარიტა” სწორედ გურჯიევია ვოლანდის პროტოტიპი. უნდა აღვნიშნო რომ ჩემთვის ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა მისი მსჯელობა სიკვდილ-სიცოცხლის თემაზე, მისი თქმით, ისე უნდა იცოცხლო რომ ყოველდღე მზად იყო სიკვდილისთვის და შეგეძლოს თქვა – დღეს შემიძლია მოვკვდე. თუმცა მისი ფასეულობები ცოტა ბუნდოვანია ჩემთვის, ვერ მივხვდი ასე ცხოვრებაში რას გულისხმობს, მგონია რომ ისიც იზიარებდა სტალინისა და ჰიტლერის ფილოსოფიას და არაფრად მიაჩნდა ათასობით ადამიანის დაღუპვა რაღაც დიადი მიზნისათვის, ამ შემთხვევაში კი ახალი ადამიანების ჩამოყალიბებისთვის. ასეა თუ ისე, იმდენად ღრმაა ამ ადამიანის ფილოსოფია, შემიძლია ამ თემაზე დაუსრულებლად ვილაპარაკო, თუმცა არ მინდა თავი შეგაწყინოთ, უბრალოდ წერის სურვილმა შემაწუხა 🙂

P.S.

გარეთ ისეთი ქარია გახედვაც კი არ მინდა, არ მიყვარს ქარი, თმას მიწეწავს 😦 მაგრამ რას არ იზამ როცა მეგობრები გელიან 🙂

მოკლედ, მე წავედი, სასიამოვნო საღამოს გისურვებთ,  ხვალ კი მსუბუქ ორშაბათს  :*

სიყვარულით

თქვენი ქეთო ❤