უკვე საკმაოდ დიდი ხანია არაფერი დამიწერია, ვფიქრობდი რომ ამაში განსაკუთრებული არაფერია და არც არავის დავაკლდებოდი ჩემი ნაჯღაბნით, თუმცა, ბოლო ორი დღის განმავლობაში სამმა ადამიანმა შემახსენა ჩემი ბლოგი და იმის მიზეზითაც დაინტერესდა რატომ დავივიწყე ჩემი მკითხველები. მეც ცალი თვალით შევიხედე ბლოგზე და მივხვდი რომ მომენატრა ჩემი შგრძნებების თქვენთვის განდობა, გაზიარება.  უბრალოდ ხანდახან ასეც ხდება, როცა კარგავ სურვილს, ყველანაირ ინტერესს და ამ დროს შიში გიპყრობს, შიში იმისა რომ სრულიად ინდიფერენტული ხდები საყვარელი საქმიანობის მიმართ, საყვარელი ადამიანებისა და ზოგადად ცხოვრების მიმართ,  დღეები უბრალოდ გადის, დროს მიყვები და სურვილის გაქრობასთან ერთად შენც ნელ-ნელა შუმჩნეველი ხდები, ბოლოს მხოლოდ შიშის გრძნობა გრჩება რომ შენც გაქრები, თან ისე რომ ვერაფერს დატოვებ, და სულ ფიქრობ,  გეშინია რომ მერე არც კი გაგიხსენებენ და ეს უკვე ის იშვიათი შემთხვევაა როცა შიში გაძლევს სტიმულს იმისა რომ გამოფხიზლდე, დაინახო რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა, ბედნიერება იქვეა, შენს გვერდით, შენ კი თურმე სხვაგან ეძებდი და ვერც კი ხვდები რომ თუნდაც უკვე მობეზრებულ სამსახურში  ყოველ დილით ყავის დალევაც კი  შეიძლება ბედნიერება იყოს, სახლში გვიან მისულს დედა რომ გებუზღუნება და  თქვენ წარმოიდგინეთ საღამოს მთვრალი მეზობლები რომ არ გაძინებენ ესეც კი 🙂 ამ დროს ხვდები რომ სწორედ ესაა ცხოვრება, ზოგჯერ კარგი, სიხარულითა და სიყვარულით გაჟღენთილი, ზოგჯერ კი სევდითა და სიცარიელით სავსე. ჩვენ კი უნდა ვისწავლოთ ფიქრების მოსმენა, ერთმანეთის გაფრთხილება და უფრო მსუბუქად ცხოვრება. გუშინ ერთმა ძალიან საინტერესო ადამიანმა მითხრა რომ არ ღირს ყველაფრის გულთან ახლოს მიტანა, ყველა სიტუაციიდან არსებობს სულ მცირე ერთი გამოსავალი, უბრალოდ ლოგიკურად უნდა იმსჯელო,  არც წარსულის გახსენებაა კარგი, ცუდის  გახსენების სურვილი თავისთავად არ გიჩნდება, კარგის გახსენებაც არ გინდა, გული გწყდება რომ დღეს იმ სიტუაციაში აღარ ხარ, წარსულის დაბრუნებასაც არ უნდა ეცადო, რადგან ის რაც იყო აღარ განმეორდებაო.  ალბათ ასეცაა, თუმცა ყველაფერი ხომ ასე იოლი არ არის, ვერც იქნება, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ადამიანები ვართ რთულები.

P.S. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ძალიან მომენატრეთ და დაგიბრუნდით ჩემო კარგებო :*