Image

მზე ისეთი ცხელია რომ სუნთქვას მიყინავს…
გულაღმა ვწევარ და ჰაერის თითოეულ უჯრედს ვხედავ, ვგრძნობ…
მეშინია სუნთქვის…
ჩემი გულისცემა მატარებლის ხმას მაგონებს ღამით…
ცხელა…
მე კი ცხოვრებაში პირველად გული მეთოშება, ხელები კი თბილი მაქვს.

გულგრილობით დაღლილი სული გარუჯულ სხეულში მიკვდება…

ბლანტმა ჰაერმა ტვინის უჯრედები ამომივსო, ასე მგონია, რომ წამოვდგე თვალებიდან გადმომივა ცრემლებად…
თავი მტკივა…
მზე ისე ახლოსაა რომ მოვინდომო ხელით მივწვდები…

……………………………………………………………………………………………

უცბად მომინდა ჩემივე სიკეთით დავთვრე, სულგრძელობით გავილეშო და პატიებით დაგტანჯოთ ადამიანებო…

მინდა გაპატიოთ სიცივე თვალებში, სიცრუე ნაკვთებში, ყალბი თანაგრძნობა, ფუჭი სიტყვები, ნასესხები ღიმილი და პატენტი სიყვარული.

მინდა გაპატიოთ ვითომ მეგობრობა, დამალული გრძნობა, დანისლული მზერა, უსიტყვოდ წასვლა…უადამიანობა…

მინდა გაპატიოთ! ჰო, მინდა და გპატიობთ! მე დღეს მთვრალი ვარ, უგონოდ მთვრალი სიკეთითა და სევდით, ამიტომ გპატიობთ ადამიანებო…

თქვენც მაპატიეთ…

P.S. უბრალოდ ვითხოვ სულ იმდენ სითბოს,  

      რომ არ შემცივდეს ზაფხულის ღამეს…