თვალებს შიგნით ვტირი სულში… 

გაურკვევლობის აუტანელი სარჩული სულს მიწიწკნის, ხელები ისე გამეყინა როგორც ბავშვობისას მაშინ… დამღალა იმან, რომ ყველა რაღაცას ითხოვს ჩემგან, ამდენმა ვალდებულებამ, უემოციო ადამიანებმა, უსასრულო სიტყვათა ნაკადმა, უარაფრობით სავსე დღეებმა, თვალების სიმარტივემ და წინადადებების სირთულემ…  ხომ იცი, ასეთ დროს  გრანელი მახსენდება: “მე მინდა გაფრენა…” კარგი იქნებოდა მერცხალი ვყოფილიყავი, გავფრინდებოდი თბილ ქვეყნებში, არ შევეჩვეოდი ადვილად სხვებს, ნაკლებს ვიდარდებდი ალბათ… ვიფრენდი უსასრულოდ, უმისამართოდ…

ბავშვური სიმარტივე მომენატრა… გადატყავებული მუხლები, წრეში ბურთი, გაზაფხულზე პირველად მოსული წვიმის სუნი, მინდორში ოცნებების საპოვნელად წასვლა, გვირილებისგან დაწნული გვირგვინი, ყვითელი ერბოქილები…  და გულწრფელობა…როცა არ მჭირდებოდა სიტყვების შერჩევა…

…არადა გავიზარდე… გვირილები ისევ მიყვარს, მაგრამ… გულის ხმამ მიმტყუნა?.. თუ ადამიანები მატყუებენ უემოციოდ? რამდენჯერაც ხელი გავუწოდე იმდენჯერ თვალი ამარიდეს,  რამდენჯერაც გავუღიმე იმდენჯერ მომპარეს ღიმილი, რამდენჯერაც ვენდე იმდენჯერ გამცეს, მერე კი ონკანის წყლით ხელები დაიბანეს… მუდმივად რაღაცას მეუბნებიან, მიმტკიცებენ, მე კი არ შემიძლია დავიჯერო, იმიტომ რომ ვერ ვგრძნობ… ჩემი პრაგმატიზმი კი  სადღაც ილექება…
მედარდიანები… 

Image

სიყვარულით 

 შენი ქეთო ❤