ხის ძირას ვიჯექი შუაგულ თბილისში…  ჩიტების ჭიკჭიკი მესმოდა, მანქანების ხმა და ადამიანების ლაპარაკი, ვიგრძენი რომ ჩემს წინ ვიღაცამ ჩაიარა, დაჟინებულმა მზერამ შუბლი ამიწვა, გვერდით ბავშვი ატიტინდა, ღრმად შევისუნთქე ფიჭვის სურნელით გაჟღენთილი ჰაერი და ნელ-ნელა გავახილე თვალი, თითქოს მთელს სხეულში  გაფენილი სიმყუდროვის გაფანტვის შემეშინდა,  აუზის გარშემო  მწვანე მდელო მოფენილი იყო ხალხით-  თუმცა ერთმანეთს არავინ აწუხებდა, უმეტესობა ფესტივალზე ნაყიდი წიგნების კითხვით იყო გართული, მათ შორის მეც,  მიხაროდა რომ მწირი ფინანსების მიუხედავად ორი წიგნის ყიდვა მოვახერხე, ჩემი ნადავლით ხელში გამოვედი  წიგნის ბაზრობიდან ლილოს რომ მაგონებდა ხალხის სიმრავლით, გავიძრე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და გავიფიქრე – ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველამ არ გავიარე რაა მამული 🙂 ჰოდა, გავიარე, ახლა კი ვიჯექი, ლია სტურუას პარიზულ გრძნობათა აბსურდში ვიძირებოდი და თან თვალს აქეთ-იქით ვაპარებდი ჩოხელის მსგავსად ცოცხალი მოთხრობების აღმოჩენის იმედით. რამდენიმე აღმოვაჩინე, ერთი კეპიანი იყო, მეორე – ნაბახუსევი, მესამე – მხატვარს გავდა. მე კი ვიჯექი ფიჭვის ძირას და ვფიქრობდი, რომ ადამიანების მსგავსად, ბედნიერებაც სხვადასხვანაირი არსებობს, საერთოდ, ყველაფერი შედარებითია – სიხარული, სიყვარული, ტკივილი – ყველა გრძნობა, ყველაფერი შედარებითია და არაფერია სრულყოფილი, მათ შორის არც ბედნიერება, ხანდახან ვერც აღვიქვამთ რომ სწორედ ესაა ბედნიერება, ეს მომენტი – წამის მეათასედი, რომელსაც ხანდახან ჩვენს თავსაც არ ვაგრძნობინებთ, ან ვუკრძალავთ ვგრძნობდეთ, შედეგების გვეშინია ალბათ, ისე გამოდის, რომ აქაც, ისევ ჩვენს თავს ვუფრთხილდებით, თუმცა ყველა ბედნიერებისკენ ისე გამწარებულები მივრბივართ როგორც ხარი წითელი ნაჭრისკენ, ხშირად კი ბედისწერა ცხვირწინ გაგვიქრობს ხოლმე ჩვენს ბედნიერების პერსპექტივას. ან საერთოდ,ვისთვის რა არის ბედნიერება? ვინ იცის…
ნაბახუსევმა მოთხრობამ თვალი გამოაპარა ჩემსკენ და მიღიმის 🙂 ალბათ, ახლა მისი ბედნიერება ერთი ბოთლი ლუდია, თვალი ავარიდე, არ მომინდა ჩემი სივრცის გარღვევა ფერადი ალკოჰოლური ფიქრებით.
P.S
ფიჭვის ხის ძირას ვიჯექი, ვუყურებდი წიწვები როგორ ეცემოდა წყალში და წრეებს ქმნიდა… მე ბედნიერი ვიყავი… მშვიდად ბედნიერი…
2014-06-01-00-19-03_deco
ესეც ჩემი კეპიანი მოთხრობა 🙂 საინტერესოდ იკითხებოდა.
2014-06-01-00-20-18_deco

2014-06-01-00-21-31_deco