Image

მთხრობელი: – “არ შეიძლება, კაცმა ფიქრით ყვირილი გაიგონოს? ანდა ისე იგრძნოს რაიმე, დაუნახავად და მოუსმენლად?”
მკითხველი: – იცი, სანამ შენი ამბავის კითხვას დავიწყებდი, მანამდეც მიფიქრია ამაზე, რომ თუ გრძნობ ადამიანს, მაშინ მისი სულის ყვირილსაც გაიგებ. ან იქნებ ვგრძნობთ, ვიცით, მაგრამ საკუთარ თავს არ ვუტყდებით, ვატყუებთ და მერე, როცა სიტყვით გაცხადდება აღმოვაჩენთ რომ თურმე გულის გულში  ყველაფერი გვცოდნია, მაგრამ ალბათ ასე უფრო იოლია ცხოვრება, ზედმეტი ფიქრისა და ვალდებულებების გარეშე, ზედმეტი ემოციით, ზედმეტი ცრემლით. შენც ხომ ამჩნევ, რომ  ფიქრიც კი სერიალებივით უაზრო და ხელოვნური გაგვიხდა? როგორც კი ფიქრისას შემთხვევით “საფიქრალს” წამოვედებით, მაშინვე სხვა ფიქრთა ნაკადს ვუერთდებით, (ბოდიში ამდენი ტავტოლოგიისთვის). ჰო, არადა ვცხოვრობთ, თითქოს კარგად, “არაფერი არ გვაკლია” იდასნაირების თვალში, თუმცა მხოლოდ ერთი შეხედვით, იქნებ სწორედ ის მთავარი გვაკლია, იქნებ მთელი ჩვენი ცხოვრების სიტკბო სწორედ ჩვენი ჯვრის ტარების სიმძიმეშია, იმ ცრემლში, რისი მიზეზიც, შენს შემთხვევაში, საყვარელი ქალის დაღუპვით და საკუთარი თავის აღმოჩენით გამოწვეული გრძნობაა. ან იქნებ სიკვდილი ალამაზებს, აღრმავებს და თავისი ტრაგიზმით მეტ მნიშვნელობას სძენს მოვლენებს და ადამიანებს?

მთხრობელი: -“ეჭვი მეც მიღრღნიდა გულს: ახლა როცა მთელს ქვეყანას ზურგი შევაქციე და მხოლოდ  მერცია მინდოდა, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის მოკვდა, აღარ იყო, შეუძლებელი და მიუწვდომელი გახდა, მაგრამ ცოცხალი რომ დარჩენილიყო და კარგად ვყოფილიყავით, ალბათ, ბოლოს მაინც მთელ ქვეყანას გავუწევდი ანგარიშს და ყველაზე ადვილად ისევ მერციას გავიმეტებდი, როგორც რაღაც უკანონოს, საშიშსა და ზედმეტს… მერცია რომ მოკვდა, ჩემი ცოლის მიმართ ყოვლად აუტანელმა გაღიზიანებამ და ბრაზმა შემიპყრო, მაგრამ ჩემი ცოლი რომ მომკვდარიყო…ასე არა, მაგრამ ალბათ, მაინც მერციას დავადანაშაულებდი და ახლა მის მიმართ გავღიზიანდებოდი… ან ეგებ ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდა მოხდეს?…”

მკითხველი: -არ ვიცი, იქნებ ეს ყველაფერი შვებაა შენი სულისათვის, შვება და ტკივილი. და მაინც, ყველაფერი ასე უნდა მომხდარიყო, შენ უნდა შეგყვარებოდა მერცია, მას კი შენ… მერე რა, რომ შენ  ორი შვილი  და ცოლი გყავს რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ღალატობ და ეს არც გაწუხებს, მერე რა, რომ თქვენს შორის სხვაობა 15 წელი იყო, მერე რა, რომ შენ ფიქრობდი მერცია შენი მადლობელი უნდა ყოფილიყო იმისათვის რომ მასთან, უკანონო შვილის დედასთან, ასეთ ცოდვილთან იყავი… შენ უნდა შეგყვარებოდა მერცია მთელი სულით, შემდეგ უარი გეთქვა მასზე, სწორედ იმიტომ რომ შემდეგ მისით გეცხოვრა მთელი შენი დარჩენილი წლები და შეხვედროდი ძილის ქვეყანაში მას და ლაზარეს, რომ ისევ გენახა ბავშვობის მთვარე, ისევ შეგეგრძნო ემოციის სიმძიმე, შეგეწყვიტა გულგარეთ ცხოვრება და სულ გეფიქრა: “ნუთუ იცოდა მაშინ?…” უნდა შეგეგრძნო მისი მეგობრის მიერ ნათქვამი საყვედურის სიმძიმე და გულში დათანხმებოდი: ” მე მძულს ის ცხოვრება სადაც სწორედ მერციაა ზედმეტი… ბოლო დღეებში სულ თქვენზე ლაპარაკობდა… მისი თვალები რომ მახსენდება, ღმერთო ჩემო, ბოლოს მაინც სულ თვალებად იქცა, სულ კარს იყო მიშტერებული, ყოველ გაღებაზე, ვიცი გული უსკდებოდა-რაღაც მინდოდა მეთქვაო” – უნდა მოგესმინა ეს და  მერე კი, მთელი ცხოვრება ამ ერთ კითხვაზე გეძებნა პასუხი…

მთხრობელი: – “არ იცოდა, მაინც ჯიუტად ვებღაუჭებოდი ამ აზრს, არ შემეძლო დამეშვა რომ იცოდა და არაფერი მაგრძნობინა…რა უბრალოდ ხდება ყველაფერი: ყველაფერს ხალისი სჭირდება და ყველაფრის ხალისი შეიძლება დაკარგოს კაცმა. ყველას მიმართ გულგრილი ვიყავი, სერიოზულად არავინ მაინტერესებდა, ჰო, რაღაც გულგარეთ ვცხოვრობდი, მაგრამ იმასაც ვგრძნობდი, რომ გულისხმმიერებაც შემეძლო… თუკი ამის ხალისი გამიჩნდებოდა… აბა ვინ დაიჯერებდა რომ მის საოცარ სიახლოვეს ვგრძნობდი ხოლმე, განსაკუთრებით – საღამოობით… რა უნდა ეთქვა, ღმერთო ჩემო, რა უნდა ეთქვა?’

მკითხველი: -რა უნდა ეთქვა? ნუთუ ვერ ხვდები? უბრალოდ უნდოდა ეთქვა “მიყვარხარ”…

P.S.

ვკითხულობდი და ვფიქრობდი რამდენი ადამიანის ემოცია, აღელვება, დაფიქრება შეძლო ამ პატარა წიგნმა. ვკითხულობდი და ყელში ბურთი მეჩხირებოდა არა მერციასა და მისი ტრაგიკული სიყვარულის გამო, არა მოღალატე ცოლებისა და ქმრების გამო, არამედ იმიტომ რომ ვერ ვამჩნევთ როგორ კვდება ადამიანი ჩვენს გვერდით, იქნებ ფიზიკურად არა, მაგრამ სულიერად… ვერ ვამჩნევთ ან არ ვიმჩნევთ… ვკითხულობდი და ვცდილობდი თვალებში მოწოლილი ემოცია შემეჩერებინა, თუმცა მერციას სიტყვები გამახსენდა: ” ამბობენ, ვინც ვერ ტირის, მალე ბერდებაო…”

და ბოლოს ” ამბრნი, უმბრნი და არაბნი” – წაიკითხეთ ვისაც გჯერათ სიყვარულის, ვისაც არ გჯერათ სიყვარულის, ვინც ფიქრის შიშით ცხოვრობთ, ვინც ეძებთ სინამდვილეს, ვისაც გიტირიათ “ნაჩუქარი ცრემლებით”, ეს წიგნი ყველასთვისაა, მათთვისაც კი, ვისაც “სიზმარიც კი არ აქვს…”

სიყვარულით

თქვენი ქეთო ❤