ალბათ გახსოვთ,ერთ-ერთ პოსტში შეგპირდით ლიფტის შესახებ დავწერ მეთქი, ჰოოდა, აი ვასრულებ კიდეც პირობას. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ (გარკვევის პროცესში ვარ), უკვე 2 კვირის განმავლობაში ყოველდღე მიწევს ერთ-ერთი ორგანიზაციის ლიფტით, ჩემს ენაზე კი, ვერტიკალურად მოძრავი კატაფალკით გადაადგილება, რასაც პირადად მე, მწარე გამოცდილებიდან გომდინარე, სულ ვერიდებოდი. თუ ახლა წარმოიდგინეთ ტრადიციული, საბჭოთა საქართველოს ლიფტები, რომლებიც მხოლოდ კარის შეფერილობით და სარგებლობის ღირებულებით განსხვავდება ერთმანეთისგან, ძალიან ცდებით. აქ შესვლისას არც სუნთქვის შეკავება მოგიწევთ, არც მშრალი ადგილის ძებნა, არც ხურდის მოძიება ჯიბეში ან გახვრეტილი ხუთთეთრიანით მოძრაობა, არც იმას უნდა ელოდო რომ სართულებს შორის გაიჭედები და თუ გაგიმართლა ვიღაც მაინც გაიგებს და ამოგიყვანს, კითხვის მოყვარულებსაც უნდა გაგიცრუოთ იმედი, windows-ის გადაყენება, ტაქსის გამოძახება, პიცა ადგილზე მიტანით, გასაღებით ამოკაწრული სასიყვარულო ისტორიები,სახელებით ჩანაცვლებული მათემატიკური მაგალითები, ხანდახან ერთუცნობიანი განტოლებები, ვიღაც ჯუმბერას დედის მოკითხვა ან ლამზირას ღირსშესანიშნაობების ხოტბის შესხმა და მსგავსი სიბრძნე სანთლით რომ ეძებოთ ვერ ნახავთ. ბევრი ჩემნაირისათვის, ვისაც საკმაო გამოცდილება აქვს ტრადიციული ლიფტების ყველა “სიკეთისა”, პირიქით, ამ ახალ ლიფტს ბევრი პლიუსი აქვს, მაგალითად, საკმაოდ ფართოა, ჩემი დაკვირვებით დაახლოებით 8-10ადამიანი ეტევა (გააჩნია იდივიდის სხეულში ცხიმების რაოდენობას),მდედრობითი სქესის და განსაკუთრებით, მოწოდებით ფუფალების გულის გასახარად კედლებში სარკეებია ჩადგმული, ასე რომ თუ ასანთის მარცვალივით არ ხართ ჩაკვეხებული ამ ლითონის ყუთში და თუ რომელიმე შენი თანამგზავრი ბუს თვალებით არ გიყურებს, შეგიძლია მაკიაჟიც შეისწორო. გადაადგილება ხდება საშვების მეშვეობით, რაც თავისთავად ამცირებს შემთხვევითი ადამიანების მოხვედრის შანსს რომელიმე სართულზე. მისი მონათესავე, უფრო სწორად წინამორბედებისგან განსხვავებით, არც დამახასიათებელი ხმით გამოირჩევა – ნაზად და თითქმის შეუმჩნევლად ზუზუნებს თავისთვის. სამაგიეროდ, მისი დაძვრისას ასე მგონია კოსმოსურ სადგურზე ვარ და მეც კოსმონავტივით ჰაერში დავიწყებ ფრენას ჩემი ჩანთიან-ფეხსაცმლიანად( ზუსტად 8 სმ-იანი ქუსლით 🙂 ცოტა უხერხული იქნება). თან თუ გავითვალისწინებ იმას, რომ ჩემი ჩანთა ილუზიონისტის ქუდივითაა და კაცმა არ იცის იქიდან რა გადმოვარდება – კალამი, პარფიუმერია, წიგნი და საფულე მესმის, მაგრამ კიდევ ერთი ფეხსაცმელი, მაისური, ხანდახან თმის უთო, ყავა, ტელეფონის დამტენი, შარფი, ათასნაირი ფლაერი, ქვითრები და ავტობუსის ბილეთები და შესაძლოა ტანსაცმლის საკიდიც კი?.. სულაც არ გამიკვირდება ერთხელ კურდღელიც ამოვიყვანო ყურებით. კაი, დავუბრუნდები თემას, ვაი და ზედმეტი შევიდა ვინმე, ისე კივის ეს ჩვენი ლიფტი, როგორც მშობიარე ქალი და სანამ ვინმე არ გამოვა არის ასე გაჯორებული და კივის და კივის. მერე, შესაბამისი ზომების მიღების შემდეგ, როგორც იქნა მიაღწევს დანიშნულების ადგილს და გაჩერებისასაც იგივე კოსმონავტის გრძნობა… ყველაზე მთავარი რაცაა, ველოდები იმაზე დიდხანს ვიდრე ნებისმიერ მარშუტკას ან ავტობუსს და ბოლოს უკვე რომ მომბეზრდება და მზად ვარ 10 სართულის კიბეები ფეხით ავიარო, მობრძანდება, თუ გამიმართლა და ქვემოთ ე.წ. მინუსში არ მიდის,ასევე თუ გამიმართლა და ჩემი ადგილია, ჩემს ბედნიერ სახეს კი ვხედავ ხოლმე ლიფტის სარკეებში.
ერთხელ გაფუჭდა ჩვენი ერთი რაში(სულ ორია) და ისეთი რიგი იდგა რომ მეგონა ან პენსიების დარიგების დღე იყო ან აქციას აწყობდნენ ლეიბორისტები. მეორედ კატეგორიული უარი განაცხადა მე-15 სართულზე ავეყვანე, ვნახოთ მომავალში რა სიურპრიზს ამზადებს. ისე, იმ ადამიანებისთვის ვისაც საკუთარი უკეთესობის აღნიშვნა უყვარს და სხვისთვის ჭკუის სწავლება,შეგონებები და ა.შ. ეს ლიფტი მთლად სახარბიელო არაა, შენიშვნების გაკეთების ნაკლებ შესაძლებლობას აძლევს უკიდურესად აღშფოთებულებსაც კი. ეს ხომ ისეთი მულტი სურნელოვანი და “ინფორმაციული” არაა როგორც საბჭოეთის გადმონაშთები, რითაც უკვე ორჯერ გავიჭედე სართულებს შორის, ერთხელ ღრმა ბავშვობაში, მეორედ დაახლოებით ერთი წლის წინ რუსთავში, მაღაზიაში ჩავედი და დავრჩი საეჭვო სისქის მავთულებზე ჩამოკიდებულ ხის ყუთში ჩემი ფანტით ხელში, ფრიად მნიშვნელოვანი წარწერებით გარსშემორტყმული, სადღაც კუთხეში მბჟუტავი ყვითელი ნათურით და არც ისე მყარ იატაკზე მდგარი. ხომ არის კარგი დასაწყისი საშინელებათა ფილმისთვის? თან თუ გავითვალისწინებთ რომ ღამე იყო, საბედნიეროდ შემთხვევით წაღებულმა ტელეფონმა მიშველა და ჩემმა მეზობელმა. ამიტომ ალბათ გასაგებია ჩემი არც ისე კარგი დამოკიდებულება ლიფტების მიმართ. არ გეგონოთ, არ ვაფასებ ტექნიკურ განვითარებას და ვწუწუნებ, უბრალოდ ბავშვობაში გადატანილი სტრესის შედეგია 🙂

P.S.
ლიფტის მსგავსი მექანიზმის შექმნას ჩვ.წღ-მდე მესამე საუკუნეში არქიმედეს მიაწერენ, ჩვენთან, საქართველოში შევარდნაძის დროს გაკეთებულა, შემდეგ კი, ეს მაშინდელი ინოვაცია, ჩვენი ცხოვრების ბნელ და სურნელოვან კუთხედ გადაიქცა…