Image

ისე მომინდა წერა, როგორც ყავა უზმოზე,
დავბორიალობ ფიქრის კიდეებზე,
თავს ვერ ვიმაგრებ დიდხანს…
ვეჭიდები ნაცნობ მეტაფორებს,
ბანალურ, გაცვეთილ ფრაზებს,
ოდესღაც წაკითხულს,
გაგონილს,
მოგონილს…
გარეთ კი თურმე ტყემლის ხეს ბატიბუტები გამოუსხამს კვირტებად,
ჰოდა, წარსულად შევინახე ფოტოზე,
მერე ლამპიონების სიყალბემ მომჭრა თვალი,
როგორც ყოველთვის ვცდილობ გავზომო მანძილი ჩემიდან მთვარემდე,
“ციური მოგვი” რატომღაც ჰგავს ბურთს და არა ყველის ნაჭერს,
თქვენ ხომ არ იცით რატომაა ოქტომბერი მელოტი?
და ისევ
უმისამართოდ
ნაბიჯ-ნაბიჯ
ისე მივყვები დროს,
როგორც ჯაჭვშებმული ძაღლი პატრონს…