მინდა გაზაფხულის ამოსუნთქვასავით ნათელი დღეები…
მინდა ფილტვების გამჭვირვალე ჰაერით ავსება, სიცოცხლის მძაფრი შეგრძნება, წამის დაფასება, საკუთარი თავის გაცნობა, სიამაყის დავიწყება, ფიქრების მოსმენა, სინანულის შეგრძნება, თუნდაც ერთი ოცნების ახდენა, კრედიტის განულება, დებეტის მომატება, ცხენით განავარდება, მწვანე მინდორზე დაძინება, პარაშუტით გადმოხტომა, მანქანის მართვა გიჟივით… თავისუფლების გრძნობა მინდა, ხალხის სიყვარული, საკუთარი თავის პატიება, რწმენის არგაქრობა, ბევრი ცრემლი მინდა ბედნიერების… თოვლიანი ზამთარი მინდა, თბილი გული, სიჯიუტის დავიწყება, ჩემი ცხოვრების აზრის გაგება, მოლოდინის გამართლება, შეცდომების გამოსწორება… ბევრი კარგი წიგნი მინდა, ემოციური მუსიკა, საინტერესო ადამიანები, ყოველი დღე მიყვარდეს მინდა, დილით კი ყავა და შოკოლადი 🙂 წვიმაში რომ გარეთ დავდიოდე, მზეს ვუცინოდე, ზღვას ვეთამაშებოდე, შემოდგომის სევდიანად გახუნებული სილამაზის, ზამთრის დინჯი სიდიადის, ზაფხულის ხვატის და ჩემი გაზაფხულის სიცელქის დანახვა მინდა… გვერდით ნამდვილი მეგობრები და პატარა სასწაული მინდა, შენი რომ მჯეროდეს, შენც რომ გჯეროდეს… ჩემი ხანმოკლე სიცოცხლის დასასრულს ნაკვალევს ვხედავდე მინდა…
ტკივილითა და ბედნიერებით სავსე სიცოცხლე მინდა…